განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002158683
N 1/ბ-447-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 აგვისტო, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ა----–--- წ---------ს
მსჯავრდებულის - მ------- ხ-------ის,ადვოკატის - ჯ----– კ-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------- ი-----ის ძე ხ-------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.ბათუმი, ვ-–----–----–-ს ქ.N67
აღწერილობით ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით მ------- ხ-------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი მ------- ხ-------ე 2017 წლის 21 ივლისს დაახლოებით 14:50 საათზე ქ.ბათუმში, რუსთაველის ქN51 მდებარე შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის" ავტოსადგომზე გაჩერებული ხ------- მ----–--ის "OPEL SIGNUM" -ის ავტომანქანიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არაერთგზის დაეუფლა ხ------- მ----–--ის საფულეს, მასში არსებულ ფულად თანხას 1000 აშშ დოლარის, 600 ლარის, 100 თურქული ლირის ოდენობით და ოქროს სამკაულებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით მ------- ხ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ------- ხ-------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ მ------- ხუნდააძის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ჯ----– კ-----ის მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენის გაუქმებას და წარდგენილ ბრალდებაში მ.ხ-------ის გამართლება, ვინაიდან მ.ხ-------ის მიერ დანაშაულის აღიარება განპირობებული იყო იმით, რომ მ.ხ-------ეს სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რის გამოც დაიბრალა ისეთი დანაშაულის ჩადენა, რაც მას არ ჩაუდენია.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე პროკურორს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მ------- ხ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - ჯ----– კ-----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
პროკურორ ა----–--- წ---------ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------- ხ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
დაზარალებულ ხ------- მ--–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.ბათუმში, რუსთაველის ქ.N 51-ში მდებარე მაღაზიაში გამყიდველად, რომელიც მდებარეობს დელფინარიუმთან ახლოს. 2017 წლის 21 ივლისს 1100 საათზე მივიდა სამსახურში, ა/მანქანა დააყენა დელფინარიუმის მიმდებარედ. სახლიდან წამოღებული ჰქონდა საფულე, რომელშიც ედო 1000 ა.შ.შ. დოლარი, 600 ლარი და 100 თურქული ლირა, ასევე სამსახურში შესვლის დროს მოიხსნა ოქროს სამკაულები, კერძოდ: ოქროს ძეწკვი, ე.წ. კობრა ნაქსოვი, რომელზეც ჩამოკიდებული ჰქონდა კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით. ჯაჭვისებური ნაქსოვი, ოქროს ძეწკვი, კულონით, რომელზეც გამოსახული იყო თურქული ასოებით ,,ASKIM”. რგოლის ბეჭედი და ბეჭედი ცირკონის დიდი თვალი და მოათავსა აღნიშნულ საფულეში, რათა მუშაობის დროს ხელი არ შეშლოდა, ხოლო საფულე დატოვა თავის ა/მანქანაში. საღამოს 2330 საათზე დაასრულა მუშაობა და როდესაც მივიდა ა/მანქანასთან იგი დაკეტილი დახვდა, თუმცა საქარე მინა იყო ჩამოწეული და როდესაც გააღო ა/მანქანის კარი, ნახა, რომ აღარ იყო საფულე.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ა---- ქ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ მ------- ი-----ის ძე ხ-------ემ ჩაიდინა ქურდობა, კერძოდ 2017 წლის 21 ივნისს ხ------- მ----–--ის ავტომანქანიდან, რომელიც გაჩერებული იყო დელფინარიუმის გვერდით ავტოსადგომზე, მ.ხ-------ემ მოიპარა ხ.მ----–--ის კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული თანხით და ოქროს ნივთებით. აღნიშნულის შესახებ აცნობა პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსს.
ა-–--- კ--–-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს მძღოლად სამარშრუტო მიკროავტობუსზე და ტურისტები გადაჰყავს სხვადასხვა ტერიტორიაზე. მიკროავტობუსი არის გ--–- ო-----–--ის, რომლისგანაც გაიცნო მისი მეგობარი - მ------- ხ-------ე, რომელიც ეხმარებოდა ქ.ბათუმში ტურისტებისათვის ბინების შერჩევაში და საჭიროების შემთხვევაში მათ დაყვებოდა რათა ეჩვენებინა ბათუმში ესა თუ ის ადგილები, ვინაიდან მოწმის განმარტებით მან კარგად არ იცის ქალაქი ბათუმი. 2017 წლის 21 ივლისს ახლდა არაბი ტურისტები. მ------- ხ-------ის დახმარებით ისინი მიიყვანა დელფინარიუმთან და შეუშვა ბილეთების ასაღებად, ხოლო თვითონ და მ------- ხ-------ე დარჩნენ ავტომანქანაში. მოგვიანებით ა/მანქანა დაცვის თანამშრომლის თხოვნით გადააყენა სხვა ადგილას, ამ დროს მ-------ი გარეთ იყო, რომელმაც თხოვა, რომ სასწრაფო საქმე ჰქონდა და წაეყვანა მის კუთვნილ სალონთან. მოწმის განმარტებით, მან მ-------ის უთხრა, რომ გამოვიდოდნენ ტურისტები და მერე წაიყვანდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სალონთან, თუმცა მ------- ხ-------ის დაჟინებული მოთხოვნით ის აიყვანა ჭავჭავაძის ქუჩაზე. მოწმის განმარტებით ის გაკვირვებული დარჩა მ-------ის საქციელით, ვინაიდან იგი მას მთელი დღის განმავლობაში უნდა დახმარებოდა ღირსშესანიშნავი ადგილების ნახვაში და მან კი მიატოვა.
2017 წლის 24 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მ------- ხ-------ემ 2017 წლის 21 ივლისს დაახლოებით 1450 საათზე ქ.ბათუმში, რუსთაველის ქ.N51 მდებარე დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე გაჩერებული ხ------- მ----–--ის "OPEL SIGNUM"-ის ავტომანქანიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ხ------- მ----–--ის საფულეს, მასში არსებულ ფულად თანხას 1000 აშშ დოლარის, 600 ლარის, 100 თურქული ლირის ოდენობით და ოქროს სამკაულებს.
2017 წლის 24 ივლისის გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ მ------- ხ-------ისაგან ოქროს სამკაულებისა ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მ------- ი-----ის ძე ხ-------ისაგან ამოღებულ იქნა: 1. ოქროს ძეწკვი, ე.წ. კობრა ნაქსოვი, რომელზეც ჩამოკიდებულია მრგვალი კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით; 2. ოქროს ძეწკვი, რომელიც არის ჟაჭვისებური ნაქსოვი, კულონით, რომელზეც გამოსახულია თურქული ასოებით ,,ASKIM”; 3. რგოლის ბეჭედი, რომელიც არის ბრტყელი და ზედაპირზე შემოვლებული აქვს თეთრი ოქრო; 4. რგოლის ბეჭედი, რომელსაც ზედა მხარეს დამაგრებული აქვს ცირკონის დიდი თვალი, ხოლო მის გვერდით, შუა ნაწილამდე 16-16 პატარა თვლები.
2017 წლის 26 ივლისის ვიდეოთვალის ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად 14:41:08 საათზე კადრში ჩანს სადგომის შუა ნაწილი, სადაც ჩნდება შავი ფერის მაისურში, მკერდზე თეთრი წარწერით და შავი ფერის შარვალში ჩაცმული პიროვნება, რომელიც 14:43:17 საათზე წინა მხრიდან უვლის ავტომანქანას, გადადის ავტომანქანის მარჯვენა წინა მხარეს. მამაკაცი წინა გვერდითა საქარე მინიდან იყურება ა/მანქანის სალონში. ამის შემდეგ გადის ა/მანქანის უკანა მხარეს და აკვირდება სანომრე ნიშანს. 14:44:49 საათზე ის კვლავ მიდის ზემოაღნიშნულ ოპელის მარკის ა/მანქანის მარჯვენა გვერდითა წინა საქარე მინასთან, 14:45:08 საათზე მარჯვენა ხელს ყოფს აღნიშნულ საქარე მინაში, პარალელურად ათვალიერებს მიმდებარე ტერიტორიას და 14:45:32 საათზე ავტომანქანიდან იღებს შავი ფერის ნივთებს. მ------- ხ-------ის განმარტებით ავტომანქანის სალონიდან ამოღებული ნივთი არის შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული ოქროს სამკაულებით და ფულადი თანხით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით მ------- ხ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ივლისის N57768 წერილით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გადახდილი არ არის და მასზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
პალატა სრულად იზიარებს ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მტკიცებულებათა შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, ურთიერთთავსებადია და ერთგვაროვნად ადასტურებენ, რომ მ.ხ-------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მ------- ხ-------ის მიერ გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპებზე დანაშაულის აღიარება გამოწვეული იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილით და საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით დასტურდება მ------- ხ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული და ამ უკანასკნელმა ცალსახად უჩვენა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს ჩადენილი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ თუ როგორ დაეუფლა იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ხ------- მ----–--ის საფულეს და მასში არსებულ ფულად თანხას: 1000 აშშ დოლარს, 600 ლარს, 100 თურქულ ლირას და ოქროს სამკაულებს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში მ------- ხ-------ეს ჩვენება არ მიუცია, არამედ მან ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, მ------- ხ-------ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა მ.ხ-------ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ასევე დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოთვალის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ხ------- მ--–----ის, ა-–--- კ--–-----–---–ის და ა---- ქ-------ის გამოკითხვის ოქმებით.
პალატა ასევე განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქმეში ,,ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ” ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება, მხოლოდ შეთანხმებული, საკმაოდ ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმციებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ------- ხ-------ის მიმართ გამოტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ------- ხ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ჯ----– კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი მ------- ხ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
მ------- ხ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ------- ხ-------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ------- ხ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 სექტემბრიდან.
მ------- ხ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: მ------- ხ-------ისგან ამოღებული ოქროს სამკაულები და ტანისამოსი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ვიდეოჩანაწერები ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე