განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310019002894805 (3/ბ-239-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი -ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) – თ----- თ-------ე
წარმომადგენელი - ე-–---- ბ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი- ი---- გ----------–---–ი
დავის საგანი – უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1.2019 წლის 14 მარტს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში თ----- თ-------ის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) მიმართ თ----- თ-------ისათვის უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 100 (ასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნება) დაკისრების მოთხოვნით.
1.2. თ----- თ-------ის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ დამყარებულ იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. თ----- თ-------ის ოჯახი, რომელიც შედგება ორი წევრისაგან - თავად თ----- თ-------ე და რ-----ი კ-------–---, 2018 წლის აგვისტომდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას. ოჯახს მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი -0-----------.
1.2.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილებისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 09 აგვისტოს №0------- წერილით ცნობილი გახდა ქ.ზესტაფონში, შ-------–---–-ს ქუჩა №--ში მცხოვრებ თ----- თ-------ის ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, კერძოდ, 2018 წლის 01 ივნისს მისი ოჯახის წევრს - რ-----ი კ-------–---ს შ-- ,,მ-----–---–---ს“ მიერ ჩაერიცხა 326.67 ლარი, რის შესახებაც ინფორმაცია სოციალური სამსახურისათვის არ მოუწოდებიათ, მაშინ როდესაც ასეთი ვალდებულება გააჩნდათ.
1.2.3. ზემოხსენებული ინფორმაცია არ იქნა რა წარმოდგენილი სოციალურ სამსახურში, თ----- თ-------ის ოჯახს 2018 წლის ივლისში არასწორად ჩაერიცხა სოციალური დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
1.2.4. მოპასუხე თ----- თ-------ის ოჯახს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები და მოეთხოვა უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის - 100 (ასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება, თუმცა მოთხოვნა შესრულებულ არ იქნა - არასწორად მიღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტს არ დაბრუნებია.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ----- თ-------ის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი და მიეთითა შემდეგზე:
2.1.1. იგი რეგისტრირებული იყო საოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.
2.1.2 ცხოვრობს ხელმოკლედ, არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ინვალიდი პირი, შესაბამისად მუდმივად საჭიროებს მკურნალობას.
2.1.3. საარსებო შემწეობა უკანონოდ არ მიუღია, რადგან თანხის ჩარიცხვისას მისი ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულის მიხედვით ეკუთვნოდა საარსებო შემწეობა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ----- თ-------ეს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 100 (ასი) ლარის გადახდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
3.2.1. თ----- თ-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ზესტაფონის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის -ზესტაფონის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის 2----–-–------------------ გადაწყვეტილებით, თ----- თ-------ის ოჯახს (თ----- თ-------ე, რ-----ი კ-------–---) დაენიშნა სოციალური დახმარება, ვინაიდან მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 52430 ერთეულით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური დახმარების დანიშვნის თარიღია 2013 წლის ნოემბერი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა- განმარტება (იხ.სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
-თ-----------ს განცხადება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2----–-–-----------------ს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 14-15).
3.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 09 აგვისტოს №0------- მიმართვისა და ასეთის დანართის თანახმად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებს, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს მათ წევრებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და აღნიშნული არ აცნობეს სააგენტოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, მათ შორის თ----- თ-------ის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვინაიდან მისი ოჯახის წევრს - რ-----ი კ-------–---ს დაუფიქსირდა შემოსავალი 326.67 ლარის ოდენობით 2018 წლის 01 ივნისს, რომლის შესახებაც ამ უკანასკნელის მიერ არ ეცნობა სააგენტოს უფლებამოსილ პირს. მითითებული მიმართვით სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს დაევალათ წერილობით ეცნობებინათ ოჯახებისთვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (მიზეზის მითითებით) 2 კვირის განმავლობაში და ასევე განეხორციელებინათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების მიზნით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 09 აგვისტოს №0------- მიმართვა და დანართი (იხ. ს.ფ. 16-17).
3.2.3. თ----- თ-------ის ოჯახზე ზედმეტად გაცემულმა საარსებო შემწეობის თანხამ შეადგინა 100 (ასი) ლარი.
სასამართლო დაყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- სმს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წერილები (იხ. ს.ფ. 18-19);
3.2.4. 2018 წლის 11 დეკემბერს თ----- თ-------ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა №0------------ წერილი, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან სააგენტოს არ აცნობა ოჯახის წევრის - რ-----ი კ-------–---ს მიერ მიღებული შემოსავალი, მისი ოჯახის მხრიდან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 100 ლარს. ამავე წერილით თ----- თ-------ეს ეთხოვა ვალდებულების შესრულების მიზნით ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2019 წლის 17 იანვრის წერილით თ----- თ-------ეს განმეორებით კვლავ ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირებული მისი ოჯახის წევრის-რ-----ი კ-------–---ს მიერ მიღებული შემოსავლის გამო ოჯახს 2018 წლის აგვისტოდან შეუწყდა სოციალური დახმარება და რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო ოჯახს წარმოეშვა პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ აანაზღაუროს ვალდებულებების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგი, რაც შეადგენს 100 (ასი) ლარს, რის თაობაზეც შესაბამისი გაფრთხილება №0------------ წერილით გაეგზავნათ 2018 წლის 11 დეკემბერს. აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა პირადად 2019 წლის 25 იანვარს.
სასამართლო დაყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2018 წლის 11 დეკემბრის №0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 18);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების 2019 წლის 17 იანვრის №0----------- წერილი (იხ. ს.ფ. 19);
- საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური (იხ. ს.ფ. 20).
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
3.3.1 სასამართლომ მიუთითა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმადაც ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა, ამასთან აღნიშნა, რომ მოხმობილი კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს და განმარტა, რომ აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა, რაც წარმოადგენს ფულად სოციალურ დახმარებას, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
3.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი, რომლის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მოხმობილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
3.3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი.ამასთან განმარტა, რომ აღნიშნულის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს. მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
3.3.4. სასამართლომ აპელირება გააკეთა ზემოხსენებული დადგენილების მე-8 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელიც ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“, რომელიც მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. აქვე სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოხმობილი ნორმის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.
3.3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ისევე, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
3.3.6. ზემოთ მოხმობილი განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები შეაჯერა რა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ თ----- თ-------ის ოჯახი (თ----- თ-------ე და რ-----ი კ-------–---) რეგისტრირებული იყო ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და იგი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებდა საარსებო შემწეობას, რომლის წევრმაც -რ-----ი კ-------–---მ მიიღო შემოსავალი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადაში არ აცნობა სააგენტოს.
3.3.7. სასამართლომ განსახილველი საკითხის შეფასების მიზნით მიუთითა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ და განმარტა, რომ ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.
3.3.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააგენტოს უფლებამოსილება, განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელთა თანახმადაც სააგენტო უფლებამოსილია: შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის.
3.3.9. სასამართლომ კვლავ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესზე“ და განმარტა, რომ აღნიშნული წესის მე-10 მუხლის 11 ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ და რომ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში თ----- თ-------ემ სააგენტოსათვის ინფორმაციის დამალვის გზით ზედმეტად მიიღო ერთი თვის საარსებო შემწეობა, რომლის ოდენობაც შეადგენს 100 (ასი) ლარს.
3.3.10. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.
3.3.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, შვილობილად აყვანის,(მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობიდ, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის მე-91 მუხლზე, რომლის თანახმად საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
3.3.12. ზემოხსენებული ნორმების ანალიზისა და ასეთის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, ვინაიდან თ----- თ-------ემ საარსებო შემწეობა მიიღო არასწორად და ზედმეტად, ეს თანხა ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენჯერმე უშედეგოდ მოითხოვა.
3.3.13. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტი) , უსაფუძლოდ გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან,ამასთან აპელირება გააკეთა ამავე კოდექსის 385-ე მუხლსა და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე რომელთა თანახმადაც ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი,ხოლო შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლო დაეყრდნო რა დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს, ასეთის ზემოხსენებული ნორმების შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა დაცვით,რადგან მოპასუხემ მას არ აცნობა ოჯახის წევრის დასაქმების გზით მიღებული შემოსავალი და აღნიშნულის შედეგად მან ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობა, რაც მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, როგორც უსაფუძვლოდ,ზედმეტად მიღებული თანხა, ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას და რომ შესაბამისად სახეზე იყო მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ----- თ-------ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და იგი არ გამომდინარეობს საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზიდან. სახელდობრ:
4.1.ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე–10 მუხლის მე–2 პუნქტზე, რომ სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი ან/და ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს ოჯახს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, მაშინ როდესაც ამ ნორმის გამოყენების საფუძველი და არც შესაბამისი გარემოება არ არსებობდა, რადგან დასახელებულ ნორმაში საუბარია რეგისტრაციის შეწყვეტაზე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, რაც თ----- თ-------ის ოჯახს უკვე გავლილი ჰქონდა 2015 წლის 21 ივლისს. არასწორი ან/და ყალბი ინფორმაციის მიწოდებას კი ადგილი არ ჰქონია. შემოსავლის გაზრდა/გაჩენა დაფიქსირდა მხოლოდ 2018 წლის 01 ივნისს. შესაბამისად, სასამართლოს თავისი გადაწყვეტილება ასეთ მოტივაციაზე არ უნდა დაეფუძნებია და არ უნდა გამოეყენებია ზემოაღნიშნული ნორმა.
4.2. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დააფუძნა ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს მე–16 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტზე, რომლებიც აწესრიგებს საარსებო შემწეობის შეწყვეტის შემდეგ საფუძვლებს: ა) გარდაცვალებს შემთხვევა; ბ) 16 წლის ასაკის შესრულება: გ) სხვა დანარჩენი შემთხვევა. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ამავე ბრძანების მე–15 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძვლები, მათ შორის სწორედ ის საფუძველი, რომელსაც სადაო ურთიერთობაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ; შემოსავლის გაზრდა/გაჩენის შემთხვევა, რა დროსაც სოციალური მომსახურების სააგენტო უნდა მოქცეულიყო მე–15 მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით. შეეჩერებია საარსებო შემწეობა და შეჩერებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველეყო ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება და შეფასების შედეგების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. სოციალური მომსახურების სააგენტომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად შეწყვიტა დახმარება , შესაბამისად 2018 წლის 01 ივლისს ჩარიცხული თახა ვერ იქნება უკანონო.
4.3. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია სარჩელის სამართლებრივ საფუძველს. მოსარჩელეს მითითებული აქვს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე–9 პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. მოსარჩელეს არ ჰქონდა მითითებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმა თუ რატომ უნდა დაებრუნებია თ----- თ-------ეს 100(ასი) ლარი.
4.4. სასამართლომ მოცემული დავა განიხილა განსჯადობის წესის დარღვევით, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 317–ე, 385–ე , 976–ე მუხლები, ასეთი უნდა განეხილა არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ პროცესუალურ საფუძველს.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, სააპელაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1-3.2.4 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან დამატებით მიუთითებს შემდეგს:
5.1.1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და 100 ლარის ოდენობის შემწეობის მიმღები თ----- თ-------ის ოჯახის წევრს, რ-----ი კ-------–---ს შემოსავლების სამსახურის მიერ დაუფიქსირდა შ-- ,,მ-----–---–---საგან“ ჩარიცხული შემოსავლები 2018 წლის მარტიდან. სახელდობრ, მას მარტის თვეში დაუფიქსირდა შემოსავალი 250.00 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, აპრილში - 350.00 (სამოსორმოცდათი) ლარის ოდენობით, მაისში - 326.67 (სამასოცდაექვსი ლარი და 67 თეთრი)ლარის ოდენობით, ივნისში - 326.67 (სამასოცდაექვსი ლარი და 67 თეთრი)ლარის ოდენობით, ამდენად, მას ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში დაუფიქსირდა შემოსავალი სულ თანხით 1253.34 (ერთი ათას ორასორმოცდაცამეტი ლარი და 34 თეთრი) ლარის ოდენობით. (იხ. სააპელაციო შესაგებელთან ერთად წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაბამისი საოქმო განჩინებით დაერთო საქმეს. .ს.ფ.99-101).
5.1.2. ოჯახის წევრის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ იქნა რა წარდგენილი სოციალურ სამსახურში, თ----- თ-------ის ოჯახს 2018 წლის ივლისში ჩაერიცხა სოციალური დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5.1.3 შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გახდა რა ცნობილი, თ----- თ-------ის ოჯახს, ანალოგიურ ვითარებაში მყოფ სხვა ოჯახების მსგავსად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.
5.1.4 სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს 2018 წლის 09 აგვისტოს №0------- მიმართვით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს დაევალათ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (მიზეზის მითითებით) 2 კვირის განმავლობაში წერილობით ეცნობებინათ ოჯახებისთვი და ასევე განეხორციელებინათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების მიზნით.
5.1.5 მოპასუხე თ----- თ-------ის ოჯახს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები და ეცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, ასევე მოეთხოვა უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის-100 (ასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება, თუმცა მოთხოვნა შესრულებულ არ იქნა.
5.1.6 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება თ----- თ-------ეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება წინამდებარე საქმის განხილვის დროისათვის ძალაშია (იხ. მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტება, სააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმი).
5.2.სააპელაციო სასამართლო ეთანხმება ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა, რაც წარმოადგენს ფულადი სახის სოციალურ დახმარებას, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი). საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ). საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. სახელდობრ, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. ,, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის (ოჯახის უფლება-მოვალეობანი) 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
განსახილველი სამართალურთიერთობის დროს (2018 წლის აგვისტო) მოქმედი რედაქციით ზემოხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ცვლილების შეტანის თარიღი: 09 აგვისტო, 2016 წელი) ,,ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხეფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)ოდენობასა (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ,,ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – ,,ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე.
განსახილველ შემთხვევაში თ----- თ-------ის მიმართ სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 09 აგვისტოს №0------- წერილი, რომლის მე-7 პუქნტის მიხედვით, იმ ოჯახებს, რომელთა წევრებსაც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამავე წერილით ყველა ტერიტორიულ ორგანოს დაევალა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება. თ----- თ-------ის ოჯახის წევრს - რ-----ი კ-------–---ს შემოსავლების სამსახურის მიერ შემოსავლები დაუფიქსირდა 2018 წლის მარტიდან. მან შემოსავალი მიიღო მომდევნო თვეებშიც, აპრილში, მაისში და ივნისშიც, სულ 1253.34 ლარის ოდენობით, რაც თ----- თ-------ის ოჯახს სააგენტოსთვის არ უცნობებია, მაშინ როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა, მას ასეთის შეტყობინების ვალდებულება გააჩნდა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუქნტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ამ გარემოების (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება) წარმოშობიდან არა უგვიანს 1 თვისა. სწორედ ხსენებული გარემოება გახდა თ----- თ-------ისათვის სოციალური შემწეობის შეწყვეტის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის წარმომადგენლის მითითებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-15 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის შეჩერების და არა საარსებო შემწეობის შეწყვეტის (მე-16 მუხლი) საფუძველი, რადგან მოხმობილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-15 მუხლის თანახმად: სააგენტო ამოწმებს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს და აჩერებს დანიშნულ საარსებო შემწეობას, თუ მისი მიღების უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას. მოცემული ნორმის თანახმად საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძველია:
ა) ღატაკი ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში მიუღებლობა ანუ, როდესაც არ ხდება ოჯახის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხის გატანა ზედიზედ სამი თვის განმავლობაში;
ბ) როდესაც ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით სხვა პირზე და მინდობილობის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ვერ მოხერხდა ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე არსებობის დადასტურება;
გ) საარსებო შემწეობის მიღების უფლებრივ საკითხზე არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ან ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც უკავშირდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ ან/და დემოგრაფიულ მდგომარეობას და საჭიროებს დამატებით შესწავლას;
დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
განსახილველ შემთხვევაში თ----- თ-------ის ოჯახისათვის საარსებო შემწეობის შეჩერების ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი საფუძველი არ არსებობდა იმდენად, რამდენადაც საკითხი არ საჭიროებდა დამატებით შესწავლა-შემოწმებას, რადგან შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციით უტყუარად იყო დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ----- თ-------ის ოჯახის წევრს გაუჩნდა ფულადი შემოსავალი , რაც აღემატებოდა 150 ლარს, რის თაობაზეც მან არ აცნობა სააგენტოს, რის გამოც სახეზე იყო საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი, რომელსაც აწესრიგებს მოხმობილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-16 მუხლი, რომლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმადაც საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია: ,,ზ) საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით რეგლამენტირებული ვალდებულებების შეუსრულებელობა.“
ამდენად, როგორც მოხმობილი ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, განსახილველ შემთხვევაში სწორედაც რომ სახეზეა საარსებო შემწეობის შეწყვეტის მე-16 მუხლის ,,ზ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი- საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის მიერ მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობით იმპერატიული სახით რეგლამენტირებული ვალდებულების შეუსრულებელობა- ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების სააგენტოსათვის შეუტყობინებლობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში თ----- თ-------ის ოჯახს შეწყვეტილი ქონდა რა საარსებო შემწეობა, ბუნებრივია, სააგენტო ვერ მოახდენდა ზედმეტად გაცემული თანხის დაქვითვას ყოველთვიურად ოჯახზე გასაცემი თანხის 20%-ის ოდენობით, შესაბამისად საგენტოს მიერ მართებულად მიემართა ოჯახს წერილობითი თხოვნით ნებაყოფლობით მოეხდინა არასწორად მიღებული თანხის უკან დაბრუნება, რაც ოჯახის მიერ შესრულებულ არ იქნა.ამდენად, თანხის უკან დაბრუნება უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
განსახილველ შემთხვევაში, უდაოა, რომ ივლისის თვეში თ----- თ-------ის ოჯახზე დარიცხული სოციალური დახმარების თანხა -100(ასი) ლარის ოდენობით არის მის მიერ უსაფუძლოდ მიღებული, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას.
ზემოხსნებულიდან გამომდინარე, სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ქმედებები სრულად შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებს რაიონული სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. აპელანტი სააპელაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ზემოაღნიშნულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მხარეთა განმარტების შეფასების შედეგად ხაზგასმით მიუთითებს იმ ფაქტობრვ გარემოებაზე, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება თ----- თურქაძეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება წინამდებარე საქმის განხილვის დროისათვის კვლავ ძალაშია, რაც ზემოთ მოხმობილ სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად გამორიცხავს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული სამართლებრივი თვალსაზრისის გაზიარების შესაძლებლობას.
საააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის სამართლებრივ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, რადგან ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ აღძრული სარჩელი ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო კანონმდებლობიდან. სახელდობრ მოპასუხის ქმედების კანონშესაბამისობის თაობაზე მსჯელობა შეუძლებელია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებასთან, ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებასთან ,,, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებასთან შესაბამისობაზე მსჯელობის გარეშე, რადგან მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითაა შესაძლებელი განსახილველად წარმოდგენილი სარჩელით დაყენებული მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება, ხოლო რაც შეეხება განსახილველ დავაზე სამოქალაქო კანონმდებლობის გამოყენებას, ასეთი მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა მხოლოდ მოპასუხისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების სამართლებრივ მექანიზმად, რადგან დადგენილ იქნა, რომ ზემოთ მოხმობილი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე აღარ არსებობდა თ----- თ-------ეზე სახელმწიფო შემწეობის გაცემის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას მიაჩნია, რომ აღძრული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, რომლის მოსაწესრიგებლად პირველი ინსტანციის სასამართლომ ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან ერთად სწორად გამოიყენა სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმებიც, რაც მოცემულ დავას ვერ აქცევს სამოქალაქო დავის განსჯადად. შესაბამისად ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
6.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ასეთის სამტკიცებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად მოცემულ საქმეზე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 386-ე, 389-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----- თ-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე ნანა კალანდაძე