განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001013337
საქმე № 2ბ/44-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - გ---- ჩ-----–---–ი(მოსარჩელე)
წარმომადგენელი- კ---- მ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ--–--ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა---- ა-----–-----–ი
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე გ---- ჩ-----–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სს ,,თ--–--ის“ მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,თ--–--ის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 30 ივლისის Nკ-140 ბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნას წინანდელ ან ტოლფას სამუშაოზე; მოპასუხეს დაეკისროს განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება 40755 ლარის ოდენობით (თვეში 1235 ლარი) საშემოსავლო გადასახადის გარეშე;
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება გ---- ჩ-----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. გ---- ჩ-----–---–ი 2000 წლიდან მუშაობდა სს ,,თ--–--ში“. 2004 წლის 1 იანვრიდან იგი დაინიშნა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების 220/110/35/10/6 კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის უფროსი ინჟინერ-ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2006 წლის 28 სექტემბრის Nკ-250 ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ(იხ. ტომი I, ს.ფ. 20-24).
6. 2012 წლის 27 ივლისს, მოსარჩელემ ხელი მოაწერა განცხადების ფორმას, თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების შესახებ (იხ. ტომი I, ს.ფ. 25).
7. 2012 წლის 30 ივლისის შემდგომ, მოსარჩელე აღარ გამოცხადებულა სასამსახურში და ამ დროიდან მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
8. სს ,,თ--–--ის“ გენერალური დირექტორის 20/02/2014წ. Nკ-99 ბრძანებით, 2014 წლის 20 თებერვლიდან კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტში ლიკვიდირებული იქნა 220/110/35/10/6 კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფიხოლო 2014 წლის 21 მარტიდან საბოლოოდ გაუქმდა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტი (იხ. ტომი I, ს.ფ. 138-154).
9. სს ,,თ--–--ის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 30 ივლისის Nკ-140 ბრძანებით გ---- ჩ-----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 30 ივლისიდან.
10. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ---- ჩ-----–---–ის 27.07.2012წ. განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, არ არის დაწერილი მის მიმართ განხორციელებული იძულების, ზეწოლისა და მუქარის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გამოვლენილი ნების არანამდვილობაზე მითითებისას აპელირებს იმაზე, რომ 2012 წლის 27 ივლისს, ადმინისტრაციამ, კერძოდ, მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, ზ. ა-----–---–მა იგი აიძულა ხელი მოეწერა განცხადებაზე შრომითი ხელშეკრულების მოშლის - თანამდებობის დატოვების - შესაბამისად, იგი იძულებული იყო დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. 2012 წლის 30 ივლისს გამოიცა შესაბამისი ბრძანება, დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადებების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის მუქარას და განცხადების დაწერის იძულებას, არ დასტურდება საქმის მასალებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადსტურების მიზნით მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არ არის. ამასთან, არც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება იძლევა ასეთი დასკვნის საფუძველს.
შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია დასაქმებულის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობაზე, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარემოებების შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 85-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისაგან. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რაც გაზიარებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ. სუს #ას-649-616-2014).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლით, რომლის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
მოსარჩელისავე განმარტებით, იძულებას (ძალადობას ან მუქარას) თავდაპირველი ან მოდიფიცირებული ფორმით, 2012 წლის 30 ივლისის შემდგომაც ჰქონდა ადგილი და განმარტა, რომ სარჩელის შეტანისაგან თავს იკავებდა იმ მოტივით, რომ მისი ოჯახის წევრი - და მუშაობდა და მუშაობს მოპასუხე კომპანიაში (იხ. აგრეთვე მოწმე გ------- ჯ-----–---–ის ჩვენება). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შეფასებაც, დამატებით იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ იძულების მიზანი და მოსარჩელის მიერ თანამდებობის დატოვების ინტერესი იმ პირისა, რომელიც თვითონ იყო შრომითი ურთიერთობის დაწყების ინიციატორი, არ იკვეთება.
11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სს ,,თ--–--ის“ 30.07.2012წ.. ბრძანებას საფუძვლად დაედო თავად დასაქმებულის, გ. ჩ-----–---–ის პირადი განცხადება და ამასთან, არ დადასტურდა ისეთი გარემოებები, რაც ამ უკანასკნელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძვლად შეფასდებოდა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მოიშალა არა დამსაქმებლის, არამედ თავად დასაქმებულის ინიციატივით.
12. სააპელაციო ასევე, სადავოდ ხდის სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის საკითხის არასწორ შეფასებასაც.
13. განსახილველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს შრომითი სახელშეკრულებო მოთხოვნიდან და მითითებული ფაქტების მიხედვით კი, დადგენილია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, პალატა იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე. მითუმეტეს, აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება, ამ უკანასკნელის საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში სარჩელის წარმატება ფერხდება (სსკ-ის 144.1 მუხლი).
14. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ხოლო მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
15. პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაზე სადაც განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ. და ა.შ.).
16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ, პირველად 2015 წლის 16 ივნისს მიმართა სასამართლოს და სასარჩელო წარმოება დამსაქმებლის წინააღმდეგ, 2012 წლის 30 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დაიწყო. დადგენილია, რომ 2012 წლის 27 ივლისს ხელი მოაწერა თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების განცხადების ფორმულარს და 2012 წლის 30 ივლისის შემდგომ, სამსახურში აღარ გამოცხადებულა, სარჩელი კი შეიტანა 2015 წლის ივნისში. ამდენად, ცხადია, რომ მოსარჩელემ თავისი სამოქალაქო უფლება კანონით დაცულ ვადაში არ განახორციელა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, იმ დაშვებითაც, რომ განხორციელებული ყოფილი მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მოთხოვნა წარმოშობილი ყოფილიყო, მისი სასამართლოს გზით განხორციელებადობა გამორიცხულია მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის შესახებ შესაგებლის წარდგენით.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51). ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N2/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თ. ჯ., ნ.ჯ. და ი.ჯ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ, ხანდაზმულობის ვადების მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობა გაიზიარა და განმარტა: სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან.
18. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინების გაუქმებას. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.09.2017წ. განჩინება სამოქალაქო საქმის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილებზე უარის თქმის შესახებ (იხ: სააპელაციო საჩივარი, ტ. II,). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.09.2017წ. საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სამოქალაქო საქმის გამოთხოვის თაობაზე (იხ. 06.09.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 10:25:09).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები 06.09.2017წ. საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი. განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
19. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ---- ჩ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე