განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
180210018002696417
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180210018002696417

საქმე №2ბ/3216-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე,ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ქ--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ--–-----–------ი

წარმომადგენელი - ნ--------------–---–-

 

მესამე პირი - ს-------- გ--–---–--ე

წარმომადგენელი - ლ---------------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ს-------- გ--–---–--ე და გ--–-----–------ი 2013 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2013 წლის 28 სექტემბერს დაბადებული ნ----------–-----ნი. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და შექმნილი აქვთ სხვა ოჯახები.

 

2.2. მხარეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ ნ----------–-----ნი ცხოვრობს დედასთან, ს-------- გ--–---–--ესთან და მის მეუღლესთან - აჰ------–--------------–----------თასთან ერთად.

 

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე გ--–-----–------ს არასრულწლოვანი შვილის ნ----------–-----ნის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 24 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გ--–-----–------ს გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული ალიმენტი არ გადაუხდია. 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

 

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით გ--–-----–------ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის - ნ----------–-----ნის მიმართ საზღვარგარეთ დროებით წაყვანასა და სახელმწიფო პასპორტის გაცემის ნაწილში სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5. არასრულწლოვანი ნ----------–-----ნის მშობლებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა, კონფლიქტი. იგი ძირითადად უკავშირდება მოპასუხის მიერ შვილზე ზრუნვის თავის არიდების, მასზე დაკისრებული ალიმენტის არგადახდის და არასრულწლოვანთან მამის ურთიერთობის საკითხს. ს-------- გ--–---–--ის განმარტებით, მოპასუხის მიერ ბავშვის ბებიასთან (ხარაგაულის რაიონში) დატოვების დღიდან არ ყოფილა მისი მხრიდან ბავშვის ნახვის არცერთი მცდელობა

 

2.6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, გ--–-----–------ი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, მეორე მეუღლესთან ერთად. საცხოვრებელს წარმოადგენს ერთსართულიანი შენობა სამი ოთახით. იატაკი და კედლები უმეტესად ბეტონისაა, კომუნალური მდგომარეობა მოსაწესრიგებელია, ოჯახში არის სიღარიბე. მოპასუხის ოჯახს რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეწყვეტილი აქვს 2015 წლიდან საზღვრის კვეთის საფუძვლით. გ--–-----–------ს არ აქვს სტაბილური შემოსავალი და მუშაობს დღიურ სამუშაოებზე. გ--–-----–------ს არაერთგზის გეწია კონსულტაცია სამხარეო ცენტრის მხრიდან შვილთან ურთიერთობის წესის სასამართლოს გზით განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ, მიეწოდა ინფორმაცია და გადამისამართდა იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროში სათანადო მომსახურების მიღების მიზნით. გაეწია კონსულტაცია, მაგრამ მისი მხრიდან არ განხორციელებულა ქმედითი ღონისძიებები იმისათვის, რომ შვილთან ურთიერთობა აღადგინოს და ისარგებლოდ საკუთარი უფლებებით მასთან მიმართებაში. გ--–-----–------ი ნამდვილად არიდებს თავს მშობლის მოვალეობის შესრულებას, არ ცდილობს მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში და ისარგებლოს მშობლის უფლებებით, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვს ექციოდეს უხეშად, ამორალური საქციელით მასზე ახდენდეს უარყოფით ზეგავლენას, არ არსებობს მამა-შვილს შორის ურთიერთობის არ ქონის გამო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებით და მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, კერძოდ, მოპასუხე გ--–-----–------ის მიერ არასრულწლოვან შვილზე უხეშად მოქცევის, მასზე უარყოფითი გავლენის მოხდენის ფაქტი, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

სასამართლო სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ი-------–-–-----ის მიერ მიცემული განმარტებით, სოციალური მომსახურების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრის მიერ მოხდა გ--–-----–------ის ოჯახის შეფასება განხორციელდა ვიზიტები მის ოჯახში და მოხდა მასთან კომუნიკაცია. გ--–-----–------ი აფიქსირებდა, რომ მას სურდა ბავშვთან ურთიერთობა, თუმცა ყოფილი მეუღლე მას არ აძლევდა ამის საშუალებას. კერძოდ, ,,უბლოკავდა ტელეფონს’’, არ იცოდა მათი ზუსტი მისამართი. მას გაეწია დეტალური კონსულტაცია მშობლის უფლებებთან დაკავშირებით, რათა გადაედგა შემდგომი ნაბიჯები. განემარტა, რომ შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის. მოხდა მისი გადამისამართება თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში. გ--–-----–------თან სატელეფონო კომუნიკაციის თანახმად, იგი იყო მისული, თუმცა როგორც აღნიშნა ხელი შეეშალა და მან არ განახორციელა მიმართვა სასამართლოსადმი. მეორედ, 2018 წლის ზაფხულში მოხდა ოჯახთან ხელახლა დაკავშირება, კონსულტაციები, ახსნა იმისა, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევას აქვს თავისი საფუძვლები. გაეწია კონსულტაცია, რათა გადაედგა შემდგომი ნაბიჯები. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამას ჰქონდა ბავშვზე ცუდი ზეგავლენა, სამხარეო ცენტრს არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ მამას ფიზიკურად არ აქვს ბავშვთან ურთიერთობა. მაგრამ რადგან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვზე ზრუნვის თავის არიდებას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ სწორედ ამიტომ ჩათვალა მიზანშეწონილად მოემართა სასამართლოსთვის.

 

სოციალური მუშაკის - ი-------–-–-----ის განმარტებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია გ--–-----–------ის პიროვნებაზე ტერიტორიული ერთეულიდან, ექიმისგან, მეზობლებისგან. თუმცა უარყოფითი ინფორმაცია მის შესახებ არავის მიუწოდებია. გ--–-----–------ს და მის ყოფილ მეუღლეს ჰქონდათ ოჯახური უთანხმოებები, თუმცა ბავშვის მიმართ მამის მხრიდან ძალადობაზე ან სხვაგვარ ცუდ მოპყრობაზე ინფორმაცია არ არსებობს.

 

ბავშვის მიმართ უხეშად მოქცევის და მასზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესახებ ინფორმაცია ასევე არ დაადასტურეს საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმაც. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში არსებულ გარემოებას წარმოადგენდა სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტების დადასტურება, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ დადასტურდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდავერი მოპყრობისგან.

 

სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნა, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში არ იყო ნათლად და უტყუარად გამოკვეთილი მშობლის უფლების ჩამორთმევის ფაქტობრივი საფუძველი. სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რაც შეიძლება მშობლის მიმართ იქნას გამოყენებული და შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების გამოყენების წინაპირობები უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევას გარკვეული სიკეთე უნდა მოჰქონდეს ბავშვისთვის და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აყენებდეს მას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მამისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევით თუ რა უპირატეს მდგომარეობაში და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აღმოჩნდებოდა არასრულწლოვანი.

 

ამასთან, სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის 24.09.2018 წლის N2--4 დასკვნაში მითითებულია, რომ გ--–-----–------ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის ქვეყნის გარეთ დასასვენებლად გაყვანა. სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აღნიშნული მიზანი მიღწეულია, ვინაიდან გ--–-----–------ს შეზღუდული აქვს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მცირეწლოვანი შვილის ნ----------–-----ნის მიმართ, საზღვარგარეთ დროებით წაყვანასა და ამ მიზნით სახელმწიფო პასპორტის გაცემის ნაწილში.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მოპასუხის მხრიდან ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდების თაობაზეც. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე - იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მატერიალურ-ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით (24.09.2018 წლის N2--4 დასკვნის თანახმად: მოპასუხე ცხოვრობს სოფელ მ-------ში, მეორე მეუღლესთან ერთად. საცხოვრებელს წარმოადგენს ერთსართულიანი შენობა, სამი ოთახით, იატაკი და კედლები უმეტესად ბეტონისაა, კომუნალური მდგომარეობა არის მოუწესრიგებელი, ოჯახში არ არის სააბაზანო, მოპასუხის ოჯახს 2015 წლიდან შეწყვეტილი აქვთ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში საზღვრის კვეთის საფუძვლით და განმეორებითი მიმართვა კი ვერ შეძლებს დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო), ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხე შვილის სასარგებლოდ ვერ იხდის დაკისრებულ ალიმენტს, ვერ შეფასდება მოპასუხის იმგვარ ბრალეულ ქმედებად, რაც მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნას წარმოშობს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ იკვეთება ზემოაღნიშნული ნორმით მშობლის უფლების ჩამორთმევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე არ იკვეთებოდა გ--–-----–------ისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, არ შეესაბამება რეალობას და არასწორია, ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ბავშვთან კონტაქტი ან მისი ნახვის მცდელობა სახეზე არ არის, იგი არ ინტერესდება ბავშვის მდგომარეობით და არ ახორციელებს მშობლის უფლება-მოვალეობებს, ბავშვზე ზრუნავს დედა და მისი მეორე მეუღლე. აპელანტი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არაერთგზის გაეწია იურიდიული კონსულტირება ბავშვთან ურთიერთობის საკითხებზე, თუმცა უშედეგოდ, იგი ჯიუტად არიდებს თავს მშობლის ვალდებულების შესრულებას, რითაც ირღვევა ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს-------- გ--–---–--ე და გ--–-----–------ი 2013 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2013 წლის 28 სექტემბერს დაბადებული ნ----------–-----ნი. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და შექმნილი აქვთ სხვა ოჯახები.

მხარეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ ნ----------–-----ნი ცხოვრობს დედასთან, ს-------- გ--–---–--ესთან და მის მეუღლესთან - აჰ------–--------------–----------თასთან ერთად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე გ--–-----–------ს არასრულწლოვანი შვილის ნ----------–-----ნის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 24 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გ--–-----–------ს გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული ალიმენტი არ გადაუხდია. 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით გ--–-----–------ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის - ნ----------–-----ნის მიმართ საზღვარგარეთ დროებით წაყვანასა და სახელმწიფო პასპორტის გაცემის ნაწილში სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

არასრულწლოვანი ნ----------–-----ნის მშობლებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა, კონფლიქტი. იგი ძირითადად უკავშირდება მოპასუხის მიერ შვილზე ზრუნვის თავის არიდების, მასზე დაკისრებული ალიმენტის არგადახდის და არასრულწლოვანთან მამის ურთიერთობის საკითხს. ს-------- გ--–---–--ის განმარტებით, მოპასუხის მიერ ბავშვის ბებიასთან (ხარაგაულის რაიონში) დატოვების დღიდან არ ყოფილა მისი მხრიდან ბავშვის ნახვის არცერთი მცდელობა

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, გ--–-----–------ი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, მეორე მეუღლესთან ერთად. საცხოვრებელს წარმოადგენს ერთსართულიანი შენობა სამი ოთახით. იატაკი და კედლები უმეტესად ბეტონისაა, კომუნალური მდგომარეობა მოსაწესრიგებელია, ოჯახში არის სიღარიბე. მოპასუხის ოჯახს რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეწყვეტილი აქვს 2015 წლიდან საზღვრის კვეთის საფუძვლით. გ--–-----–------ს არ აქვს სტაბილური შემოსავალი და მუშაობს დღიურ სამუშაოებზე. გ--–-----–------ს არაერთგზის გეწია კონსულტაცია სამხარეო ცენტრის მხრიდან შვილთან ურთიერთობის წესის სასამართლოს გზით განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ, მიეწოდა ინფორმაცია და გადამისამართდა იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროში სათანადო მომსახურების მიღების მიზნით. გაეწია კონსულტაცია, მაგრამ მისი მხრიდან არ განხორციელებულა ქმედითი ღონისძიებები იმისათვის, რომ შვილთან ურთიერთობა აღადგინოს და ისარგებლოდ საკუთარი უფლებებით მასთან მიმართებაში. გ--–-----–------ი ნამდვილად არიდებს თავს მშობლის მოვალეობის შესრულებას, არ ცდილობს მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში და ისარგებლოს მშობლის უფლებებით, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვს ექციოდეს უხეშად, ამორალური საქციელით მასზე ახდენდეს უარყოფით ზეგავლენას, არ არსებობს მამა-შვილს შორის ურთიერთობის არ ქონის გამო.

 

4.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზად მითითებულია ის გარემოება, რომ გ--–-----–------ი არ ასრულებს მშობლის უფლება-მოვალეობებს, არ იხდის ალიმენტს, არ აქვს ურთიერთობა ბავშვთან და ს-------- გ--–---–--ესთან იმყოფება კონფლიქტურ დამოკიდებულებაში.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამასთან, არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეს ჩამოერთვას მშობლის უფლება. აღნიშულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპებს, რომელთა შინაარსშიც მთელი სისრულით ვლინდება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მორალის პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზრდას, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. კანონი აწესებს რა მშობლების ძირითად უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, ამავე დროს ადგენს მათი განხორციელების საზღვრებს. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესებში იგულისხმება მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი, რაც გამომდინარეობს ზნეობისა და კანონის მოთხოვნებიდან. მშობლების მხრიდან შვილების ინტერესების საწინააღმდეგო ქცევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი ადგენს ქცევების ზოგად ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მშობლის უფლება-მოვალეობათა ჩამორთმევა, თუმცა არ იძლევა განმარტებას, თუ რა შეიძლება იყოს ამორალური საქციელი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამორალური ქმედება - ეს არის ქცევის ისეთი გამოვლინება, რომელიც საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ქმედება. ზნეობრივი ნორმების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია სულიერი სიკეთე, რომელიც განუყოფლად უკავშირდება პიროვნებას. ამ კრიტერიუმის მიხედვით განასხვავებენ უფლებებს, რომლებიც გამოხატავენ ადამიანის ინდივიდუალურობას, ასევე პირადი ხელშეუხებლობის უფლებას და სხვ. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგინდა, რომ გ--–-----–------ის მხრიდან მშობლის მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდებას ნამდვილად აქვს ადგილი, რაც გამოიხატება მისი უკიდურესად შეჭირვებული მდგომარეობის გამო დაკისრებული ალიმენტის გადაუხდელობაში, თუმცა მისი მხრიდან ისეთ ქმედებებს, რაც საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო, ამორალური ქმედება, - წინამდებარე შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენენ უმაღლეს ფასეულობებს, რომელთა აღიარება, განხორციელება და დაცვა სახელმწიფოს ეკისრება. დემოკრატიული სახელმწიფოს კანონშემოქმედებითი მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სამართლებრივი ნორმების შემუშავება, რომლებიც ადამიანთა ურთიერთობას საზოგადოებისათვის მისაღებ კანონიერ საფუძველს უქმნის. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კონვენცია ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” და სხვა სამართლებრივი აქტები იცავს ბავშვთა ინტერესებს და ახორციელებს მათი უფლებების დაცვას. მათი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთესი უზრუნველყოფა. მათ მიმართ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისას შეესაბამება თუ არა ეს მოქმედება ბავშვის ინტერესს. ბავშვის ინტერესების დაცვისას სრულად გამოიყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლითაც ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში აღიარა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა ბიოლოგიური მშობლისაგან მისი მოცილება და ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ გადაცემა, თუკი ასეთი მოცილება, მისი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა და უკეთესობა მკაფიოდ არის გამოკვეთილი.

 

მოცემულ შემთხვევაში კი პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების და მოვალეობის ჩამორთმევის საფუძვლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მეორე ნაწილი ამომწურავად მიუთითებს იმ გარემოებეზე, რომელთა არსებობაც შეუძლებელს ხდის შვილსა და მშობელს შორის ჩვეულებრივი, მამაშვილური ურთიერთობის გაგრძელებას და იგი ადგენს სრულიად განსხვავებულ წესს, როდესაც მშობელს უწყდება კანონით მშობლისათვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობები. კანონი ასეთ გარემოებებად მიუთითებს შემთხვევებს, როდესაც მშობელი, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამა ვერ ასრულებს მშობლის მოვალეობას იმ თვალსაზრისით, რომ არ იხდის ალიმენტს. აღნიშულთან დაკავშირებით კი უნდა აღინიშნოს, რომ ეს მდგომარეობა გამოწვეულია მამის უმუშევრობით და უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობით. რაც შეეხება სხვა მშობლის უფლებებისა და მოვალეობის ჩამორთმევის სხვა საფუძვლებს, საქმის მასალებით არ დგინდება მამის უხეში ქცევები, ის გარემოება, რომ იგი ალოჰოლიია ან ნარკიმანი. არც მის ამორალურ ქცევებზეა შესაძლებელი ხაზის გასმა. შესაბამისად, პალატა მოიჩნევს, რომ ადაგილი არ აქვს მშობლის უფლებისა და მოველობებს ჩამორთმევისათვის აუცილებელ წინაპირობებს, რაც შეუძ;ებელს ხდის სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, სწორად განმარტა 1206-ე მუხლი და მართებულად დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის ნათლად და უტყუარად გამოკვეთილი მშობლის უფლების ჩამორთმევის ფაქტობრივი საფუძველი. როგორც აღვნიშნეთ, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რაც შეიძლება მშობლის მიმართ იქნას გამოყენებული და შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების გამოყენების წინაპირობები უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევას გარკვეული სიკეთე უნდა მოჰქონდეს ბავშვისთვის და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აყენებდეს მას, წინამდებარე შემთხვევაში კი აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რა უპირატეს მდგომარეობაში და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აღმოჩნდება არასრულწლოვან მამისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევით.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან კი პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო