განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.07.2018
საქმის ნომერი
330310017002015153
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/1447-18, 330310017002015153

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - თ----- გ------–---–ი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

 

თ----- გ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, თ----- გ------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის MIA 2------------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე თ----- გ------–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე თ----- გ------–---–მა, 2017 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისი წელთა ნამსახურობის ანგარიში შედგენა და მისი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

 

2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის MIA 2------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე თ----- გ------–---–ს ეცნობა, რომ მისი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობა შეადგენდა 14 წელს 8 თვესა და 18 დღეს, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მისთვის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება მოემზადებინა.

 

2.3. საქმეში წარმოდგენილი ნამსახურობის ნუსხების თანახმად, მოსარჩელე თ----- გ------–---–ი 1973-1975 და 1991-2003 წლებში, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებისა, მსახურობდა, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობზე. (61-79, 81).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-13, 21-ე, 42-ე მუხლებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5, მე-9, 53-ე, 601-ე, 96-97-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით; „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-11 მუხლებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-8, 23-ე, 26-ე მუხლებით, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესის (დანართი №2) მე-2, მე-15 მუხლებით.

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თ----- გ------–---–მა, 2017 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მისი წელთა ნამსახურობის ანგარიში შედგენა და მისი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის №MIA 2------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე თ----- გ------–---–ს ეცნობა, რომ მისი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობა შეადგენდა 14 წელს 8 თვესა და 18 დღის, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მისთვის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება მოემზადებინა.

 

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ნამსახურობის ნუსხებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- გ------–---–ი 1973-1975 და 1991-2003 წლებში, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებისა მსახურობდა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობზე, რაც მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ შეფასებულა.

 

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ისე გადაწყვიტა მოსარჩელე თ----- გ------–---–ის სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებული უფლების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია, შეუფასებია და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ აუსახავს მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობის წლები მაშინ, როდესაც როგორც ზემოთ აღინიშნა კანონი სახელმწიფო კომპენსაციას ითვალისწინებს, როგორც სამხედრო სამსახურში, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 20 და 20-ზე მეტი წლის ნამსახურობის შემთხვევაში, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 -დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ წელთა გაანგარიშებაში უნდა ასახოს პირის მიერ ნამსახურების ყველა პერიოდი, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებში, ისე სამხედრო სამსახურში, რისთვისაც კანონით დადგენილი წესით უნდა მოიძიოს და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოძიებული და გამოკვლეული გარემოებები პირის ნამსახურობის წლებთან დაკავშირებით, უნდა გადაუგზავნოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რათა მას შესაძლებლობა მიეცეს განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეაფასოს და გადაწყვეტილება მიიღოს პირი აკმაყოფილებს თუ არა კანონით გათვალისწინებულ პირობებს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, რამდენადაც როგორც აღინიშნა ზემოთ მითითებული კანონი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სხვადასხვა საფუძვლებს ითვალისწინებს.

 

3.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ცნობილიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის MIA 2------------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე თ----- გ------–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა ზემოთ აღნიშნული ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე თ----- გ------–---–თან მიმართებაში.

 

3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნაზე, დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაუგზავნოს მოსარჩელე თ----- გ------–---–ის წელთა ნამსახურობის ანგარიში, სადაც მითითებული იქნება, რომ მისი წელთა ნამსახურობა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში შეადგენს 14 წელს, 8 თვესა და 18 დღეს, აღნიშნა რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემულად მიიჩნია და მოპასუხეს, აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა, არ არსებობდა მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ----- გ------–---–მა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ მოსარჩელის ნამსახურეობის ხანგრძლივობა სრულად ამაყოფილებდა სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის "ა" პუნქტის მეორე ნაწილს, რადგან აპელანტი განეკუთვნება იმ სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორიას, რომელნიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში ნამსახურეობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, რაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობაა.

 

4.2. სააპელაციო საჩივრის თანახმად, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებთაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურების 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისთვის ზემოთაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურების წლებად განესაზღვრათ 20 წელი.

 

4.3. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თ----- გ------–---–ის წელთა ნამსახურების ნუსხის გადაგზავნაზე იმ მოტივით უარის თქმით, თითქოს ის არ აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციისათვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, გასცდა თავის კომეტენციის ფარგლებს და განსახილველი საკითხის არასრულფასოვნად შესწავლით არ შეასრულა აპელანტის კანონიერი მოთხოვნა. შესაბამისად აპელანტის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაავალდებულოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს თ----- გ------–---–ის ნამსახურეობის ნუსხის გადაგზავნა სსიპ მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის დანიშვნის მიზნით.

 

4.4. აპელანტი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აბსოლუტურად სამართლიანად იმსჯელა პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად თ----- გ------–---–ი ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 19 მაისის MIA 2------------ მის მიმართ გამოგზავნილი წერილის/ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობას. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების დასაბუთებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსარჩელის მიმართ გადაამეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიიღო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სანაცვლოდ. აპელანტი თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ თ----- გ------–---–ის წელთა ნამსახურეობა შინაგან საქმეთა ორგანოებში შეადგენდა 14 წელს 8 თვესა და 18 დღეს.

 

4.5. აპელანტი აღნიშნავს, სადავო არ გამხდარა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ნამსახურეობის ნუსხის თანახმად, ნამსახურობის საერთო სტაჟი შეადგენს 30 წელზე მეტს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსარჩელის მიმართ ნამსახურეობის საკითხზე გაცემულ წერილობით პასუხში არ გაითვალისწინა სრულად ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, პროცედურა და დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც მოხდებოდა ნამსახურეობის ნუსხის გადაგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ყოველივე ზემოაღნიშნულს აპელანტის მოსაზრებით (პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას) ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც დაევალებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნამსახურეობის ნუსხის გადაგზავნა სსიპ სოციალური ომსახურების სააგენტოში, რათა ამ უკანასკნელს მისცემოდა შესაძლებლობა, ემსჯელა თ----- გ------–---–ისათვის ნამსახურეობის ნუსხის შესაბამისი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

4.6. აპელანტი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღიარებული ქონდა წერილობით მოსარჩელე თ----- გ------–---–ის წელთა ნამსახურების პერიოდი (14 წელი, 8 თვე და 18 დღე), არ მოხდა მორიგების ფარგლებში შესაბამისი ინფორმაციის გადაგზავნა უფლებამოსილ ორგანოში. ამიტომ აპელანტი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ფუნდამენტური უფლების დარღვევით (რადგანაც მოპასუხე მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდა), უარი უთხრა მოსარჩელეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე. აპელანტის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაასაბუთა მის მიერ მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა.

 

4.7. აპელანტი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპელანტის მრავალრიცხოვანი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, შეგნებულად თავს არიდებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას დაეკმაყოფილებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წლების განმავლობაში მებრძოლი ადამიანის კანონიერი მოთხოვნა; შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა მის მიერ წერილობით აღიარებული წელთა ნამსახურეობის ვადის გადაგზავნაზე მომსახურეობის სააგენტოში. სამინისტროსათვის ნამსახურების ნუსხის "გადაგზავნის მასტიმულირებელი" სასამართლო დავაც კი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხთან დაკავშირებით ზოგადად კანონით დადგენილ ვადაში გამოცემაზე მითითება და არაზუსტი დროის განსაზღვრა, რადგან საქართველს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კიდევ 3 თვით გაუჭიანუროს მოსარჩელეს, რაც პენსიის დანიშვნის საკითხის კუთხით არ იქნება მიზანშეწონილი. აპელანტი თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოზიციის ცვლილება არ მოხდება, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის სამინისტროს ჰქონდა არაერთი თვე და არაერთი შესაძლებლობა, მათ შორის სასამართლო დავის მიმდინარეობისას, თუმცა თავი აარიდა აღნიშნული ნამსახურეობის ნუსხის გადაგზავნას. აპელანტი თვლის, ახალი აქტის გამოცემის შემდეგ მოსარჩელეს კვლავ მოუწევს სასამართლოს გზით აქტის გასაჩივრება და ასე - დაუსრულებლად.

 

4.8. აპელანტი თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის #3-------- საქმეზე 2018 წლის 16 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს ამ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელე თ----- გ------–---–ის მეორე სასარჩელო მოთხოვნა და დაევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თ----- გ------–---–ის მიერ წელთა ნამსახურეობის ნუსხის სათანადო წესით გადაგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მოსარჩელისათვის ნამსახურეობის შესაბამისად პენსიის დანიშვნის მიზნით.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თ----- გ------–---–ი სადავოდ არ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაანგარიშებულ ნამსახურეობის დროს, კერძოდ 14 წელსა 08 თვესა და 18 დღეს, რაც ვერ აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტით მოთხოვნებს. აპელანტის განმარტებით, სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ხერხდება უწყების მიერ წარდგინების მომზადება და სააგენტოში გადაგზავნა, ვინაიდან მხარისათვისაც ცნობილია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ამდენად აზრს მოკლებულია სააგენტოსათვის განგარიშების გადაგზავნა, რადგან იგი მხარისათვის არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ იქნება.

 

5.2. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის "ა" პუნქტით, მე-16 მუხლის მეოთხე პუნქტით, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესის მე-15 მუხლით.

 

5.3. აპელანტი მიუთითებს, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ასევე წელთა ნამსახურეობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. აპელანტი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის და 2017 წლის 22 ივნისის წერილების ბათილობას, ასევე ნამსახურეობის ხელახლა გაანგარიშებას და სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნას.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ თ----- გ------–---–ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ

სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

6.5. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.6. მოსარჩელე თ----- გ------–---–მა, 2017 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისი წელთა ნამსახურობის ანგარიში შედგენა და მისი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

 

6.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის MIA 2------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე თ----- გ------–---–ს ეცნობა, რომ მისი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობა შეადგენდა 14 წელს, 8 თვესა და 18 დღეს, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მისთვის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება მოემზადებინა.

 

6.8. საქმეში წარმოდგენილი ნამსახურობის ნუსხების თანახმად, მოსარჩელე თ----- გ------–---–ი 1973-1975 და 1991-2003 წლებში, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებისა, მსახურობდა, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობზე. ( ს.ფ. 61-79, 81).

 

7.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში. იმავე მუხლის "დ" ქვეპუნქტში კი მითითებულია, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

 

7.2. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 -დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

7.3. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: ა) 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული: ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 2 ლარზე ნამრავლი; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 5 ლარზე ნამრავლი; ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი; ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი; ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.

 

8.1. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ნამსახურობის ნუსხებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე თ----- გ------–---–ი 1973-1975 და 1991-2003 წლებში, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებისა, მსახურობდა, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობზე, რაც მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ შეფასებულა.

 

8.2. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ისე გადაწყვიტა მოსარჩელე თ----- გ------–---–ის სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებული უფლების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია, შეუფასებია და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ აუსახავს მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობის წლები მაშინ, როდესაც, ზემოაღნიშნული კანონი სახელმწიფო კომპენსაციას ითვალისწინებს, როგორც სამხედრო სამსახურში, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 20 და 20-ზე მეტი წლის ნამსახურობის შემთხვევაში, ასევე საქართველოს იმ შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 -დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ წელთა გაანგარიშებაში უნდა ასახოს პირის მიერ ნამსახურების ყველა პერიოდი, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებში, ისე სამხედრო სამსახურში, რისთვისაც კანონით დადგენილი წესით უნდა მოიძიოს და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოძიებული და გამოკვლეული გარემოებები პირის ნამსახურობის წლებთან დაკავშირებით, უნდა გადაუგზავნოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რათა მას შესაძლებლობა მიეცეს განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეაფასოს და გადაწყვეტილება მიიღოს პირი აკმაყოფილებს თუ არა კანონით გათვალისწინებულ პირობებს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, რამდენადაც, როგორც აღინიშნა ზემოთ მითითებული კანონი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სხვადასხვა საფუძვლებს ითვალისწინებს.

 

8.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამიტომ, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მეოთხე ნაწილი; ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად სცნო ბათილად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის MIA 2------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე თ----- გ------–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაავალა ზემოაღნიშნული ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ----- გ------–---–თან მიმართებით.

 

8.4. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემულად მიიჩნია და მოპასუხეს, აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა, არ არსებობს მოპასუხისათვის, მოსარჩელე თ----- გ------–---–ის წელთა ნამსახურობის ანგარიშის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გადაგზავნის დავალების საფუძვლი.

 

8.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში კანონის შესაბამისად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს თ----- გ------–---–ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს თ----- გ------–---–ის სააპელაციო საჩივარი.

 

2. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.

 

3. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

 

4. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე