განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210017002028507
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-632-2019 3 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - გ---- ფ-----ე
წარმომადგენელი - ნ-----–------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ვ-----------------------
წარმომადგენელი - ს--–-----------–--ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 24 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ვ-----------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ---- ფ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სს ვ-----------------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - ს/კ 2-----------, მდებარე წყალტუბო, სოფელი ო--–------ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სს ვ-----------------------ს. მოპასუხე გ---- ფ-----ეს სს ვ-----------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა. გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე გ---- ფ-----ის საჩივარი და ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელე სს ვ-----------------------ს წარმომადგენლის ს--–-----------–--ის 2017 წლის 28 ივლისის სარჩელი, მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და დაიწყო საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად. 2.2. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადების მიზნით მოპასუხე მხარეს გადაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და დაენიშნა ვადა იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე. 2.3. 2019 წლის 22 დეკემბერს მოპასუხე გ---- ფ-----ემ წარადგინა შესაგებელი. 2019 წლის 21 იანვარს დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. 2.4. მოსამართლის თანაშემწის მიერ სატელეფონო კავშირის მეშვეობით გაფრთხილებულ იქნა მოპასუხის წარმომადგენელი ნ-----–------–--ე, მაგრამ იგი არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე. 2.5. 2019 წლის 21 იანვარს გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. 2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება. 2.7. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. 2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 2.9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო სასამართლოს ვინაიდან მხარეს ჰქონდა საქმის განხილვის გადადების საპატიო მიზეზი. 2.10. მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა საქმის განხილვის გადადების მტკიცებულების არარსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა 2018 წლის 4 დეკემბერს, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2019 წლის 21 იანვარს, ამასთან წარმოდგენილი არ იყო ცნობა 2019 წლის 21 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ. 2.11. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტება და მოპასუხეს მიუთითა სს კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 2.12. ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობა დადასტურებული არ იქნა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, მხოლოდ შვილის დაბადების მოწმობა ვერ იქნებოდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საჩივრის ავტორს არ ჰქონდა წარმოდგენილი უშუალო მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც ცხადყოფდა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას. 2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზედაც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (უზენაესი სასამართლოს განმარტება, საქმე №ას-1043-997-2013). 2.14. სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივრის ავტორს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება რომელიც გაამყარებდა მის არგუმენტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა გ---- ფ-----ის წარმომადგენელმა, ნ-----–------–--ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. 2018 წლის 4 დეკემბერს წარმომადგენელს გაუკეთდა გეგმური საკეისრო კვეთა და შეეძინა გოგონა, რაზეც დაუკავშირდა წყალტუბოს მაგისტრატი მოსამართლის თანაშემწეს, მობილურ ნომერზე დილის საათებში და მოახსენა, რომ ფიზიკურად ვერ დადიოდა, უჭირდა გადაადგილება, სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩათვლოდა საპატიოდ და სასამართლო სხდომა გადაედოთ გონივრული ვადით, რაზეც მან განუმარტა, რომ მოახსენებდა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ თხოვნა არ გაითვალისწინა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ფაქტიურად წაართვა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო აღნიშნული საქმის განხილვაში. 3.2. მეორე წარმომადგენელს ნ--------------ს, საერთოდ არც ჩაბარებია უწყება სასამართლო სხდომის ჩანიშვნის შესახებ და არც სატელეფონო შეტყობინებით უცნობებია ვინმეს. გამომდინარე აქედან ვერც გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე. 3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის თნახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია „თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამკოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით“.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ სს ვ-----------------------მ (მოსარჩელე) სარჩელი აღძრა გ---- ფ-----ის (მოპასუხე, აპელანტი) წინააღმდეგ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით. 4.2. მოპასუხის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდნენ ადვოკატები, ნ--------------ი და ნ-----–------–--ე. 4.3. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 21 იანვარს. 4.4. აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 15 იანვარს ტელეფონით ეცნობა მოპასუხის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ნ-----–------–--ეს. 4.5. ამის მიუხედავად, არც მოპასუხე და არც მისი წარმომადგენლები სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 4.6.1. დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელიც სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული. 4.6.2. ამის შესაბამისად, დადასტურებულად ჩაითვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ იგი მოსარჩელის კუთვნილ N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობდა. 4.6.3. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.7. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ სასამართლოს სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ავადმყოფობით იყო გამოწვეული. 4.7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 4.7.2. საქმეში არსებული დაბადების მოწმობით დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს, ნ-----–------–--ეს 2018 წლის 4 დეკემბერს შეეძინა შვილი. 4.7.3. პალატის აზრით, ეს გარემოება არაფრით ადასტურებს 2019 წლის 21 იანვარს, ე.ი. ბავშვის დაბადებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო. 4.7.4. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, აპელანტის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში ორი ადვოკატი იცავდა. ამიტომ, ნ-----–------–--ეს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი რომც ჰქონოდა, ეს მეორე წარმომადგენელს, ნ--------------ს სხდომაზე გამოცხადებაში ხელს ვერ შეუშლიდა. 4.8. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი სასამართლო უწყებით ეცნობება მხარეს ან მის წარმომადგენელს. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. 4.8.1. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. 4.9. დადგენილია, რომ სასამართლო უწყება ჩაჰბარდა აპელანტის ერთ-ერთ წარმომადგენელს. ამიტომ, იგი ჩაბარებულად ჩაითვალა, როგორც თავად აპელანტის, ისე მისი მეორე წარმომადგენლისთვისაც და სასამართლო არ იყო ვალდებული მეორე წარმომადგენლისთვის უწყება დამატებით გაეგზავნა. 4.10. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა და საქალაქო სასამართლომ იგი მართებულად დატოვა ძალაში. 4.7. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. გ---- ფ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 24 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე