განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030310018002440123 (3/ბ-105-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა---–------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 10 მაისს ა---–------მ (კანონიერი წარმომადგენელი ე----- მ-----) სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ამავე ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის დავალდებულება მოსარჩელის სახელზე გაეცა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე 4 წლის ვადით.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე ა---–------ არის მე-12 კლასის მოსწავლე, არასრულწლოვანი, დაბადებულია 2000 წლის 02 ოქტომბერს და ე----- მ-----მ, როგორც მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მისი ინტერესების გათვალისწინებით 2017 წლის 05 დეკემბერს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პირადობის მოწმობის არაელექტრონული სახით გაცემა.
2017 წლის 07 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისგან მიიღო წერილი N3--------, რომლის თანახმად მისცეს განმარტება, რომ უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები გასცემენ მხოლოდ ელექტრონულ მოწმობას, ხოლო პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის თანახმად, გაიცემა: 1. იმ პირზე, რომელსაც მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია გამოხატოს ნება პირადობის მოწმობის მიღებაზე, 2. სააგენტოს სამსახურების მიერ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო პირს ვერ გადასცემენ დამზადებულ ელექტრონულ მოწმობას, 3. პირზე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაადგილება (ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადება), 4. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფ პირებზე, 5. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირებზე. მოსარჩელე კი არც ერთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ პასუხი გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, სააგენტომ ასევე, 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ტერიტორიული სამსახურის პასუხი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის წერილს, რომელზეც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაიშვება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა---–------სა და მისი კანონიერი წარმომადგენლის (დედა) ე-----ი მ-----ს სარჩელი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, 4 წლის ვადით ა---–------ზე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით, _ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 30 დეკემბრის N3----- დაბადების მოწმობის თანახმად, ა---–------ დაიბადა 2000 წლის 02 ოქტომბერს;
სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მიერ 2018 წლის 15 თებერვალს გაცემული ცნობის მიხედვით, ა---–------ სწავლობს სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მე-12 კლასში;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N3-------- წერილით ა---–------ს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ შესაბამისად, არ არსებობს ა---–------ს სახელზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ა---–------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა;
2017 წლის 22 დეკემბრის საჩივრის შესაბამისად, ა---–------ს კანონიერი წარმომადგენლის ე----- მ-----ს მიერ გასაჩივრდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N3-------- წერილი, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის N0-------- წერილით ე----- მ-----ს ეცნობა, რომ სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N3-------- წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სადაც განმარტებულია ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის საფუძვლები, ვინაიდან ა---–------ს განცხადებაში არ იყო მითითებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული იმ ობიექტური გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა. ხოლო ვინაიდან სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N3-------- წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სააგენტოს არ შეუძლია განიხილოს საჩივარი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N3------- გადაწყვეტილების თანახმად, ა---–------ს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ა---–------ს სასარჩელო მოთხოვნის მიზანი იყო მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის, მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის დავალება 4 წლის ვადით, რაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სასამართლომ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამავე კანონის მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორი სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის – მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამავე კანონის მესამე თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (12.1 მუხლი).
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N3-------- წერილით ა---–------ს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ შესაბამისად, არ არსებობს ა---–------ს სახელზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ა---–------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბრის საჩივრის შესაბამისად, ა---–------ს კანონიერი წარმომადგენლის ე----- მ-----ს მიერ გასაჩივრდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N3-------- წერილი, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის N0-------- წერილით ე----- მ-----ს ეცნობა, რომ სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N3-------- წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სადაც განმარტებულია ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის საფუძვლები, ვინაიდან ა---–------ს განცხადებაში არ იყო მითითებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული იმ ობიექტური გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა. ხოლო, ვინაიდან სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N3-------- წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სააგენტოს არ შეუძლია განიხილოს საჩივარი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N3------- გადაწყვეტილების თანახმად, ა---–------ს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება მასზედ, რომ კანონი მათ აძლევს საშუალებას მიიღონ არაელექტრონული პირადობის მოწმობა და ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას მხოლოდ კანონქვემდებარე აქტი შეიცავს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ კანონის მოქმედების პირობებში, მათზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამეთუ მოსარჩელე მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს ნების გამოვლენას, ხოლო ,,ნებას“ უკავშირებენ არა ქმედების განხორციელების სურვილს გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში პირადობის მოწმობის ასაღებად, არამედ ნების გამოვლენას სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მესამე თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი, რომლის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა.
ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა კანონის მოსარჩელისეული განმარტება და მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 26-ე მუხლი პირველი პუნქტის საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებითი მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ითხოვდა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, აღნიშნული დადასტურებული იქნა მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზეც. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. შესაბამისად, მოსარჩელე ა---–------ს შესასრულებლად სავალდებულოდ განესაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირთა სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით. სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით. პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით დადგენილ შემთხვევებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის Nბს-389-389 (კ-18) გადაწყვეტილება).
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობდა კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მათი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეებზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, მოსარჩელის სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე 4 წლის ვადით გაცემის შესახებ, იყო უსაფუძვლო იყო და არ არსებობდა დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა---–------მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება
აპელანტი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად უსწოროა. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მის მიერ გამოყენებულია საქართველოს კონსტიტუცია, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ვრცლად არის საუბარი კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტზე №98 ბრძანების 25-ე მუხლზე, თუმცა საერთოდ არ არის განხილული იუსტიციის მიუნისტრის 2012 წლის №118 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულია სააგენტოს დებულება, რომლის საფუძველზეც კანონით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისათვის მინიჭებული პირადობის მოწმობის (არაელექტრონული) 4-10 წლის ვადით გაცემის უფლებამოსილება გაუქმებულია. შესაბამისად, სარჩელის სამართლებრივი საფუძვლის კანონის მუხ.11.-ის პ.1-ის, მუხ.13-ის პ.1-ის; მუხ.14-ის პ.3-ის; მუხ.14-ის პ.2-ის მეორე წინადადების არასწორი განმარტების შედეგად მიღებულია არაობიექტური გადაწყვეტილება. სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება - თითქოსდა 1996 წლიდან მოქმედ კანონში 2011 წლის ივლისიდან შეტანილი ცვლილების საფუძველზე "შეიძლება"-ს სახით გამონაკლისით შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ №98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის შესასრულებლად რაც დადასტურებულია კანონის (სავარაუდოდ ალბათ სასამართლო გულისხმობდა ბრძანების) პრეამბულაში – მაშინ, როცა კანონის მუხ.14-ის პირველი პუნქტის თანახმად პიროვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა, რომელიც არის ორგვერდიანი ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში აფხაზურ ენაზე და რომელიც "შეიძლება" შეიცავდეს ელექტრონულ ინფორმაციის მატარებელს და იგი იწოდება პირადობის ელექტრონულ მოწმობად, რომელიც მსგავსად არაელექტრონულისა არის ორგვერდიანი, ოღონდ განსხვავებით არაელექტრონულისაგან ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ელექტრონული მოწობა უნდა შეიცავდეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელს, რომელიც თავისი ტევადობით შემდგომში შესაძლებელს ხდის მისი მფლობელის სხვადასხვა პირადი ინფორმაციით შევსებას მოწმობის გამოცვლის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (15.02.2017 წლის გადაწყვეტილება საქმე №3/1/659 მოქ.ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კანონმდებლის მიერ "შეიძლება"-ს სახით დაშვება წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს, სწორედაც რომ კანონით საერთო წესით ძირითადად გასაცემი არაელექტრონული პირადობის მოწმობიდან დაშვებულია გამონაკლისი "შეიძლებას"-ს სახით შემოტანილი ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თვალსაზრისით. სწორედ ამ გამონაკლისის შესასრულებლად დაუშვა კანონმდებელმა კანონის მუხ.13-ის პ.1-ით განსაზღვრული პირადობის მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურებიდან იმ ნაწილის გამოყოფა, რომლებიც უფლებამოსილი იქნებოდნენ გაეცათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, თუმცა ეს სამსახურები მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილებით არ შეზღუდა კანონმდებელმა, არამედ ამ სამსახურებისათვისაც დაუშვა გამონაკლისი 6 თვის ვადით არაელექტრონულის ობიექტური გარემოებების არსებობისას გაცემაც. თუმცა სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეულია მხოლოდ მეორე ნაწილი, რაც შეეხება პირველ ნაწილს - ძირითადად, საერთო წესით დადგენილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით - საერთოდ უარყოფილია, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა არა იმ გარემოებით, რომ სარჩელის მოთხოვნა მიმართულია არაუფლებამოსილი მოპასუხის მიმართ, არამედ იმ საფუძვლით რომ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემას.
№98 ბრძანება სწორედაც, რომ გამოცემულია კანონის მუხ.20.2-ის შესასრულებლად, და შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობის, ხოლო ობიექტური პირობების არსებობისას არაელექტრონული პირადობის მოწმობის 6 თვის ვადით გაცემის უზრუნველყოფას, არამედ კანონის მუხ.13-ის პ.1-ით განსაზღვრული ე.წ.არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული )მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემის პირობებსაც, რასაც 98-ე ბრძანება კანონის საწინააღმდეგოდ საერთოდ არ ითვალისწინებს (თუ არ ჩავთვლით მითითებული ბრძანების მუხ.25-ის პ.2-ის მე-2 წინადადებასა და გარდამავალი დებულების მუხ.58-ის პ.1-ის დანაწესს, არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მიერ პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა საერთოდ განხილვის გარეშეა, მაშინ როცა კანონის მუხ.13-ს პ.1 და მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადების დანაწესით "პირადობის მოწმობის გაცემა და შეცვლა უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით". თუმცა 98-ე ბრძანების მუხ.27-ში ცალსახად მითითებულია: პირადობის მოწმობა გაიცემა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება კანონის მუხ.13-ის პ.1-ის დანაწესს და ფაქტიურად ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.7-ის პ.7-ის საწინააღმდეგოდ გამოცემული ბრძანება N118-ით (რომელიც სასამართლომ არც განმარტა და შეაფასა) დამტკიცებული სააგენტოს დებულების საფუძველზე ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით, 98-ე ბრძანების მუხ. 27-ის დანაწესით, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.7-ის პ.7-ის თანახმად უკანონოდ გაუქმებულია კანონის მუხ.13-ის პ.1-ით სააგეტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება - გასცეს და შეცვალოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით, რაც სასამართლოს არც გამოუკვლევია და არც არანაირი შეფასება არ გაუკეთებია.
სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ მიუთითა კანონის დანაწესზე მუხ.-13-ის პირველი პუნქტი - პირადობის მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცლის მოთხოვნით მიმართოს საკონსულოს, ასევე მიუთითებს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე და ა.შ., აკეთებს არასწორ განმარტებას და შესაბამისად დასკვნებს: “კანონმდებელი ადგენს, რომ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო“, შესაბამისად კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, რომელიც სუბიექტურ განწყობას და სურვილს არ ითვალისწინებს. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (წესის მუხ.25) არ მოდის წინააღმდეგობაში საკანონმდებლო აქტის ნორმებთან, კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ (?) ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამ ნორმებშია მითითებული“.
სასამართლომ არ გაითვალისწინა და არავითარი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილია იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცენული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხი და იმის გამო, რომ მოპასუხის მოქმედებით ადგილი აქვს მოქალაქის უფლებების დარღვევას ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავებული იქნა რეკომედაცია, სადაც მითითებულია, რომ 2004 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დადგენილება 2252 2004 ბიომეტრიული მონაცემების პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში და არა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, რომელიც გაიცემა წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებზე, შეტანის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ დოკუმენტებზე, რომელიც გამოიყენება ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის შემთხვევაში, რაც თავისთავად ადგენს, რომ აღნიშნული არ ვრცელდება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს თავის მოქალაქეზე მისი მოქალაქეობის, ვინაობისა და საცხოვრებელი მისამართის დადასტურების მიზნით.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით "შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: მიიღოს ხელფასი, ისარგებლოს ჯანდაცვით და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას.
იუსტიციის მინისტრმა კანონქვემდებარე აქტით 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურს მიანიჭა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, რითაც გააუქმა როგორც კანონით, ასევე №98 ბრძანების მუხ.58-ის პ.1-ით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისათვის მინიჭებული უფლება გასცენ არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით, იმის გამო, რომ მისი გამცემი ტერიტორიული სამსახური აღარ არსებობს, სააგენტო კი თვითონ არ ახდენს პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას. რაზეც სასამართლო არც რაიმე განმარტებას აკეთებს და შესაბამისად არც აღნიშნული გარემოება გამხდარა მისი მსჯელობის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს კანონს და არა მის შესასრულებლად კანონის შეუსაბამოდ გამოცემულ კანონქვემდებარე აქტებს ან/და №98-ე ბრძანების მუხ.25-ს.
სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან. თუმცა არანაირ შეფასებას არ აძლევს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს და როგორც მოპასუხე, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის ამოქმედებასთან დაკავშირებით კანონის მუხ.14-ის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული №98-ე ბრძანების მუხ.25-ის პირობებში. რაც ყოვლად დაუშვებელია და საკითხის არასრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. სასამართლო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს და სწორი განმარტება მისცეს როგორც ძირითად კანონს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს და ა.შ. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (10.12.1948წ.), რომელიც მუხ.4 -ის თანახმად ცალსახად ადგენს "არავინ არ უნდა იმყოფებოდეს ძალმომრეობით მორჩილებაში".
საერთოდ არანაირი განმარტება არ არის გაკეთებული იმ ძირითად მუხლებსა და პუნქტებზე, რომლებიც სწორედაც რომ ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებას:"საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" მუხ.13-ის პ.1 ცალსახად ადგენს, რომ პირადობის მოწმობა (და არა მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა, როგორც ამას სასამართლო ადგენს თავისი დასკვნებით) გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით 18 წლამდე პირებზე 4 წლის მოქმედების ვადით,18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის მოქმედების ვადით, თუმცა აქვე აკეთებს დიფერენცირებას (მუხ.14-ის პ.10), "ხოლო ის ტერიტორიული სამსახური, რომელიც უფლებამოსილია გასცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ამავე დროს უფლებამოსილია გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა მხოლოდ ობიექტური პირობების არსებობის დროს 6 თვის ვადით".
მოცემულ ტექსტში სიტყვა "ხოლო"-ს კანონმდებლის მიერ გამოყენება ნათლად ადგენს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან, რომლებიც კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილებას გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა, გამოყოფილია ის სამსახურები, რომელთაც ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-პ.10 საფუძველზე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება ძირითადად მხოლოდ გასცენ პირადობის ელექტრონული მოწმობა, და რაც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის სავალდებულოდ და ერთადერთ დოკუმენტად დადგენად, როგორც ამას აცხადებს და დადგენილად მიიჩნევს სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით ტერიტორიულ სამსახურებს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა წარმოდგენილ სარჩელში მხარედ ტერიტორიული სამსახური ჩართული არ არის.
სასამართლომ არ გამოარკვია და საერთოდ არ იმსჯელა სააგენტოს, რომლსაც ევალება გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, აქვს თუ არა ან/და უნდა ჰქონდეს კი ასეთი ტერიტორიული სამსახური, რომელიც კანონის მუხ.13-ის პ.1-ის თანახმად ვალდებულია გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით? სწორედაც რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.-7-ის პ.7-ის გათვალისწინებით იუსტიციის მინისტრის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად, თუმცა სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია რამეთუ მიღებული გადაწყვეტილებით ცალსახად ადგენს რომ კანონმდებლობით სავალდებულოა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა.
ასევე სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა სიტყვა „შეიძლება“-სთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რამეთუ მათი განმარტებით "შეიძლება" თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსათვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვალს გადაწყვეტილება №3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება. რაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. მოპასუხის განმარტებით, რაც ასევე გაზიარებულია სასამართლოს მიერ, ელექტრონული პირადობის მოწმობის იძულებით გავრცელება ემსახურება მოქალაქეთა ინტერესს, მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცულობას, რაც სასამართლოსათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა "შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოდ დადგენისათვის. მოსარჩელის აზრით კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით აღნიშნული უნდა განხორციელდეს მოქალაქის ნებით შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე რასაც ითვალიწინებს კანონი, როცა აწესებს პირადობის მოწმობის მისაღებად შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის აუცილებლობას, და არა იძულებითი მორჩილების საფუძველზე, ასევე №98-ე ბრძანების მუხ.58-ის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", ან/და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში გაიცემა ელქტრონული პირადობის მოწმობა, ბრძანება N98-ის მუხ.25-ის დანაწესიდან არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ერთ-ერთ ობიექტურ გარემოებას წარმოადგენს "პირის მიერ ნების გამოხატვის შეუძლებლობა, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი ცნობით" და ა.შ. ზოგიერთისათვის საჭიროა ნება სურვილი, ზოგიერთისათვის არა? ხომ არ ირღვევა მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი? რა თქმა უნდა არც ეს საკითხი ყოფილა სასამართლოს მსჯელობის და ასევე შეფასების საგანი. თუმცა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგეილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციაში ცალსახად დადასტურებულია მოქალაქეთა უფლებების დარღვევა და მათი მოთხოვნის ლეგიტიმურობა, რაც სასამართლოს მიერ საერთოდ შეფასების გარეშეა დატოვებული.
სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა, იმ უდავო ფაქტს, რომ კანონით აკრძალული არ არის მუდმივად მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობები (განსხვავებით პასპორტისაგან), რომლითაც სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც ნამდვილად არ განეკუთვნებიან ბრძანების 25-ე მუხლში მითითებულ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის პირადობის მოწობის გაცემაზე სასამართლო გადაწყვეტილებით უარის თქმა და იმაზე მითითება, რომ თითქოსდა კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს სხვა პირადობის მოწმობას, კონსტიტუციით აღიარებული მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაა მოსარჩელის როგორც მუდმივად მოქმედი პირადობის მოწმობის მქონე პირებთან, ასევე 25-ე მუხლით მოსარგებლე პირებთან მიმართებაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1).
სასამართლო განმარტავს, რომ თითქოსდა მოპასუხე იცავს მოქალაქის ინტერესებს როცა აიძულებს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიღოს ტექნიკურად პროგრესული პირადობის ელექტრონული მოწმობა, მაშინ როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948წ.) მე-4 მუხლით იკრძალება ყოველგვარი ძალმომრეობა და იძულებით მორჩილებაში ყოფნა.
კანონმდებელი ადგენს, რომ მოქალაქის ვინაობა, მოქალაქეობა, საცხოვრებელი მისამართის დადასტურება ხდება პირადობის მოწმობით, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. მოპასუხე მხარეს არანაირი მტკიცებულება ელექტრონული პირადობის მოწმობის მაღალტექნოლოგიურად დაცვის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. სრულყოფილი ბუნებაში არაფერი არ არსებობს, ელექტრონული პირადობის მოწმობის საინფორმაციო ბაზის გატეხვის არაერთი შემთხვევაა ცნობილი. დღეს როცა კიბერდანაშაული იმ სიმაღლეებზეა, რომ დაინტერესებულ პირებს არ უჭირთ პენტაგონის, ნატოს ინტერნეტსივრცეში შესვლა, სახელმწიფო უზრუნველყოფს და იძლევა გარანტიას ელექტრონული პირადობის მოწმობის სრულ დაცულობაზე? ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა (და არა კანონმა) კანონის შეუსაბამოდ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით აიძულოს მოქალაქე მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოს ის პირადობის მოწმობა რომელსაც თვითონ ირჩევს. რითი იზღუდება სახელმწიფო, ან/და რაში ეშლება ხელი სახელმწიფო ორგანოებს მოსარჩელისათვის პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემით, რა აღმატებული ინტერესია(იმის გარდა რასაც გვიცხადებენ და რეალურად რა დანიშნულებითაა ეს მხოლოდ მათთვის არის ცნობილი) სახელმწიფოსი, რომლისათვისაც მოქალაქემ უარი უნდა განაცხადოს ამავე სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით, არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით (მათ შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით) დადგენილი პიროვნების თავისუფლებაზე, კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობაზე და ა.შ. არც სასამართლოზე ყოფილა მოპასუხის მხრიდან დასაბუთებული და არც სასამართლოს შეუფასებია ეს გარემოება თავის გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს მიერ არანაირი შეფასება არ მიეცა საკონსტიტუციო სასამართლოს 11.11.2014 წლის (საქმე 2/604 - თენგიზ ლატარია საქართველოს პარლამენტის, და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ) გამწესრიგებელ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის განმარტებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონის მუხ.14-ის პ.10 არც ერთ შემთხვევაში არ ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას. თუმცა მოპასუხეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თვით სასამართლოს გადაწყვეტილებაც ეყრდნობა სწორედ კანონის მუხ.14-ის პ.10-ს და მითითებულ განმარტებას მოცემულ საქმეზე არსებითი მნიშვნელობა აქვს ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე. „...ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ მესამე თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა. ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
ნიშანდობლივია, რომ იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ა---–------ს წარმომადგენელმა მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევა იმის დაშვების უფლებას, რომ გაიცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს.
ნორმის ამგვარი განმარტება შესაბამისობაშია მსგავს დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივლისის (Nგს-389-389 (კ-18) განჩინებით დადგენილ პრაქტიკასთან. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის მოტივებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აპელანტი, წარმოდგენილ საჩივარში ვერ მიუთითებს იმ ღირებული კანონიერი უფლებისა თუ ინტერესისასთვის ზიანის მიყენებას ან ასეთი ზიანის მიდგომის მომეტებულ რისკს, რომელიც მას ელექტრონული მატარებლით პირადობის მოწმობის აღების შემთხვევაში მოელის. ამასთან აპელანტი, ვერ ასაბუთებს მისი პერსონალური მონაცემების მისსავე ნების გარეშე მოპოვების რისკებს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტებს. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცეო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა---–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ა---–------ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
მურთაზი მეშველიანი ნანა კალანდაძე