განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014671522
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1094-18 15 აპრილი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები - თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–ოს რ-------ა“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ--- კ-–-------–---–ი , ვ------- ჯ------ე
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - სს „ თ--–--ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა---- ა-----–-----–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.12.2017წ. გადაწყვეტილება
აპელანტ სს „ს----------–ოს რ-------ის“ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 2 565 231 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტ სს „ თ--–--ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების და მოპასუხისათვის 734 520.48 ლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს 2003 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით უკანონოდ დაზოგილი ელექტროენერგიის გატარების საფასურის - 2 080 899.22 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეს დაეკისროს უკანონოდ დაზოგილ თანხაზე დარიცხული კანონისმიერი პროცენტის 1 227 852.85 ლარის გადახდა (2003-2017 წლების 1178984.85 ლარი, 2014-2017 წლების 48868 ლარი, სულ 1227852.85 ლარი ) (ტ. 5, ს.ფ. 8,9).
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის საკუთრებაში არის ელექტროგადამცემი ქსელი. მოსარჩელე არ არის განაწილების ლიცენზიატი და მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის საშუალებით მიეწოდება მოპასუხის აბონენტებს ელექტროენერგია.
მოპასუხე თავს არიდებს ხელშეკრულების დადებას და 2003-2017 წლებში უკანონოდ დაზოგა ელექტროენერგიის გატარების საკომპენსაციო თანხა, რომლის ანაზღაურებას ითხოვს მოსარჩელე უკნონოდ დაზოგილ თანხაზე დარიცხულ კანონისმიერ პროცენტთან ერთად.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მხარეთა შორის ურთიერთობა არ გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან, უსაფუძვლოა გადასახდელი თანხაზე პროცენტის მოთხოვნა. სარჩელი ხანდაზმულია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.12.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. სს ,,ს----------–ოს რ-------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის სს ,,თ--–--ს” სს ,,ს----------–ოს რ-------ის” სასარგებლოდ დაეკისრა: 1) 2012 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ - 182656 (ასოთხმოცდაორიათასექვსასორმოცდათექვსმეტი) ლარის და 80(ოთხმოცი) თეთრის გადახდა; 2) 2013 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ _ 203033(ორასსამიათასოცდაცამეტი) ლარის და 68(სამოცდარვა) თეთრის გადახდა; 3) 2014 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ _ 97371 (ოთხმოცდაჩვიდმეტიათასსამასამოცდა თერთმეტი) ლარის და 67(სამოცდაშვიდი) თეთრის გადახდა; 4) 2015 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ _ 103464 (ასამიათასოთხასსამოცდაოთხი) ლარის და 15(თხუთმეტი) თეთრის გადახდა; 2016 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ _ 101541 (ასერთიათასხუთასორმოცდაერთი) ლარის და 27 (ოცდაშვიდი) თეთრის გადახდა; 2017 წლის 01 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ _ 55452 (ორმოცდათხუთმეტიათასოთხასორმოცდათორმეტი) ლარის და 91 (ოთხმოცდათერთმეტი) თეთრის გადახდა _ სულ 743 520 (შვიდასორმოცდასამიათასხუთასოცი) ლარის და 48(ორმოცდარვა) თეთრის გადახდა.
3. სს ,,ს----------–ოს რ-------ის” სარჩელი 2003-2011 წლებში გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციოდ სს ,,თ--–--ის” მიმართ 1 337 378 ლარის და 74 თეთრის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. სს ,,ს----------–ოს რ-------ის” სარჩელი სს ,,თ--–--ის” მიმართ მიუღებელ თანხაზე დარიცხული კანონისმიერი პროცენტის ანაზღურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ.: 25.12.2017წ. განჩინება უსწორობის გასწორების თაობაზე).
4.1. მოსარჩელის საკუთრებაშია ელექტროგადამცემი ქსელი, მოსარჩელე არ არის განაწილების ლიცენზიატი და მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის საშუალებით მიეწოდება მოპასუხის აბონენტებს ელექტროენერგია.
4.2. ს----------–ოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 25.07.2003წ. მიიღო №32/2 გადაწყვეტილება შპს ,,ს----------–ოს რ-------ის” წევის ქვესადგურებით ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების ცალკეული ლიცენზიატებისათვის გაწეული ელექტროენერგეტიკული მომსახურების ანაზღაურების შესახებ, რომლის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისა და მისი აქტივების გამოყენებისათვის ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების ყველა ცალკეულ ლიცენზიატს, რომლებიც სარგებლობდნენ ზემოაღნიშნული მომსახურებით, მოსარჩელისთვის უნდა აენაზღაურებინათ მის მიერ ლიცენზიატებისათვის გაწეული მომსახურების საფასური, რაზეც მათ ყოველწლიურად წლის სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით უნდა გაეფორმებინათ შესაბამისი ხელშეკრულებები, რომლის ერთი ასლი წარეგინებოდა სემეკს. მოსარჩელისთვის გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ გადასახდელი ყოველწლიური მომსახურების საფასურის გამოთვლა განხორციელდებოდა შემდეგი ფორმულით F=Mx*E1/E, საიდანაც F იყო ელექტროენერგიის გადაცემის ან და განაწილების ცალკეული ლიცენზიატის მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელი ყოველწლიური მომსახურეობის საფასური ლარებში დღგ-ს გარეშე, M - შპს ,,ს----------–ოს რ-------ის” წევის ქვესადგურის ფუნქციონირებისათვის გაწეული წლიური ხარჯები ლარებში დ.ღ.გ-ს გარეშე, E _ შპს ,,ს----------–ოს რ-------ის” წევის ქვესადგურებიდან ყოველწლიურად გაცემული მთლიანი ელექტროენერგია კვტსთ-ში საკუთარ მოხმარებაზე დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის ჩათვლით, E1 - შპს ,,ს----------–ოს რ-------ის” წევის ქვესადგურებიდან გადაცემის ან/და განაწილების ცალკეულ ლიცენზიატისათვის ყოველწლიურად გაწეული მომსახურების ფარგლებში გაცემული ელექტროენერგია კვტს-ში.
4.3. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” ს----------–ოს კანონის 461-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით.
აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიატის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური. სადავო ურთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები.
4.4. 2014 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდა ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” ს----------–ოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება, რომლითაც დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). კერძოდ, დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური (,,R”) გაიანგარიშება გატარების ფასის (,,P”) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე (,,W’’) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის(,,P”) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე _ 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა:P = (A * K) / (S)).
4.5. ს----------–ოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 25.07.2003წ. №32/2 გადაწყვეტილებით დადგენილი ფორმულით, 2012 წელს მოსარჩელის ელექტროგადამცემი ქსელის საშუალებით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 182656 ლარს და 80 თეთრს, 2013 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 203033 ლარს და 68 თეთრს. ს----------–ოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების შესაბამისად, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ღირებულების, ელექტროგამანაწილებელი ქსელის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობის და ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით გატარებული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, 2014 წელს ს.ს. ,,ს----------–ოს რ-------ა“-ს ელექტროგადამცემი ქსელის საშუალებით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 97371 ლარს და 67 თეთრს; 2015 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 103464 ლარს და 15 თეთრს; 2016 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 101541 თეთრს, 2017 წლის 01 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 55452 ლარს და 91 თეთრს. 2012 წლიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს სულ 743520 ლარს და 48 თეთრს.
მოპასუხის მომსახურების ზონაში მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება- ჩაბარების აქტები ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, რომელშიც ასახულია მომსახურე ქვესადგურები და გატარებული ელექტროენერგიის მოცულობა, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ღირებულება დადასტურებულია აუდიტის მიერ (ტ.6, ს.ფ. 14-16 და მიღება-ჩაბარების აქტები). მოპასუხეს არ წარმუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
4.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-15 მუხლის მიხედვით, ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უკანონოდ დაზოგილ თანხაზე პროცენტის დარიცხვის შესახებ და სარჩელი ამ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.7. სარჩელი 2003-2011 წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144 მუხლებზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, როგორც დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს თავისი უფლების სამართლებრივი გზით - იძულებით განხორციელება ან დაცვა, მართალია განსაზღვრავს კანონი, თუმცა შესაბამისი ნორმის გამოყენება შესაძლებელია ამ ვადის წარმოშობასა და ამოწურვასთან დაკავშირებით გარემოებების მტკიცების საფუძველზე. ამასთან, მოთხოვნის განხორციელების ვადაზე მითითებით ამ მოთხოვნის უარყოფა მოვალის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მისი რეალიზაცია მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული.
მოსარჩელე ითხოვს 2003-2011 წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობის გამო კომპენსაციის დაკისრებას, მოსარჩელისათვის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი იყო მითითებულ პერიოდში, როდესაც მოპასუხემ არ გადაიხადა კომპენსაცია ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2014 წლის 11 დეკემბერს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხანდაზმულობის ვადის სამწლიანი ვადის განმავლობაში ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე თანხის გადახდით ან/და სხვაგვარად მოთხოვნის არსებობის აღიარებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, სარჩელი 2003-2011 წლებში ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხვნის ხანდაზმულობაზე, რის გამოც სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.12.2017წ. გადაწყვეტილება 2 565 231 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ.: დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ტ.6, ს.ფ.12-23).
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
5.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, ვინაიდან მოპასუხე მხარის ვალდებულება კომპენსაციის გადახდის შესახებ აღნიშნული ნორმებიდან არ გამომდინარეობს. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” ს----------–ოს კანონის 461-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებს, ასევე სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლს.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” ს----------–ოს კანონის 461-ე მუხლი დღევანდელი რედაქციით ჩამოყალიბდა 2011 წლის 21 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24.1 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. აღნიშნულ ნორმატიულ აქტში უკუქცევით ძალაზე მითითება არ არის. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლს, იგი არ არის პირდაპირ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა და სასამართლო მას იყენებს კანონის ანალოგიით.
გათვალისწინებით იმისა, რომ სემეკ-ის 2003 წლის 32/2 გადაწყვეტილების უგულვებელყოფით მოპასუხე განზრახ აჭიანურებდა მოსარჩელესთან ხელშეკრულების დადებას, დგინდება, რომ 2003 წლიდან 2011 წლის 21 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებამდე არც ხელშეკრულება არსებობდა და არც ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა, ანუ კანონმდებლობაში იყო ხარვეზი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178.1-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ სარჩელში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი საფუძველი, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს მოთხოვნას, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ მიუთითებდა ზემოაღნიშნული მიზეზების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ვაკუუმისა და ხელშეკრულების არარსებობის პირობებში განსახილველი დავა სამართლებრივად წარმოადგენს არა სახელშეკრულებო, არამედ კონდიქციური ვალდებულებებიდან გამომდინარე დავას.
5.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლი და დავის საგანი მიიჩნია პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად. აღნიშნული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია ვალდებულების კონკრეტული თარიღი და გადახდის პერიოდულობა. მოცემულ შემთხვევაში კი სწორედ ვალდებულების მოცულობა იყო სადავო. კერძოდ, მოსარჩელე გაწეული მომსახურების ანაზღაურებას ითხოვდა სემეკ-ის მიერ დადგენილი ფორმულით, რასაც უკანონოდ არ ეთანხმებოდა მოპასუხე და მოსარჩელეს სთავაზობდა გაურკვეველ, ე.წ მეტროს ტარიფით ანაზღაურებას. ამდენად, სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლზე მართებული არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი შეეხება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადას. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების თაობაზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობაზე - ხელშეკრულების ფასზე, სამოქალაქო კოდექსის 327-ე.1 მუხლის შესაბამისად დადგენილად ვერ იქნება მიჩნეული მხარეთა შორის ზეპირი ფორმით სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.
5.3. სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა მოპასუხის 27.03.2006წ., 22.04.2010წ. და 01.12.2010წ. წერილები, რომელშიც მოპასუხე სადავოდ არ ხდის გაწეულ მომსახურებას, მოთხოვნის ხანდაზმულობას და შეთანხმების გასაფორმებლად ითხოვს ხან მუშა ჯგუფის შექმნას, ხან დამატებით მასალებს. აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს მოპასუხის აღიარებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.12.2017წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.: დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ტ.6, ს.ფ.39-50).
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
6.1. სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ელექტროგადამცემი ქსელის საშუალებით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხის ოდენობა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. დოკუმენტი, რომელსაც სასამართლო აუდიტის დასკვნად მოიხსენიებს, არ წარმოადგენს აუდიტორულ დასკვნას. ეს გაანგარიშება მოსარჩელის მიერ სასამართლო დავისათვის შექმნილი დოკუმენტია, რომელიც არ ემყარება სათანადოდ დამოწმებულ მონაცემებს.
მოსარჩელემ წარმოადგინა მიღება-ჩაბარების აქტები, წერილები და დავალიანების დაანგარიშება, რომელიც შესრულებულია ენერგომომარაგების და აღრიცხვის სამსახურის უფროსის და ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსის მიერ. სწორედ ამ დოკუმენტებშია მითითებული ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების ე.წ. საბაზო ღირებულება, თუმცა, თუ რა მონაცემების საფუძველზეა საბაზრო ღირებულებები მიღებული, ამის დამადასტურებელი, მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეებზე მტკიცების ტვირთი და მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების ვალდებულება.
6.2. მოპასუხემ არაერთხელ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იმ მოცულობით, რასაც მოსარჩელე ითხოვდა, სრულიად დაუსაბუთებელი იყო და არ ეფუძნებოდა არც სემეკის 2003 წლის №32/2 გადაწყვეტილებას და არც სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებას. ს----------–ოს რ-------ის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებებით არ დგინდება რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული იყო დადგენილებით განსაზღვრული ფორმულა გატარების ტარიფის გამოთვლისას. სარჩელს არ ერთვის მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება გატარების ტარიფის გაანგარიშების ფორმულაში შესაყვანი მონაცემების უტყუარობა და სისწორე.
6.3. სემეკის 4/12/2008 წლის №33 დადგენილებით (2008წ. რედაქცია) დამტკიცებული წესებით მე-7 მუხლი 1 ნაწილის "ბ" პუქნტის "ბ.ბ" ქვეპუნქტით ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ტარიფი განსაზღვრულია 0.58 თეთრით ერთ კვტ.საათზე. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო, იმის დასასაბუთებლად, რომ დავა განეკუთვნება სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობას, მიუთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის დადგენილ გონივრული და სამართლიანი ტარიფს 0.50 თეთრის (ანუ 0.005 ლარის) განსახილველ დავასთან მიმართებით არ იყენებს და სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ტარიფის განსაზღვრის და ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხის ოდენობის თვალსაზრისით. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სს "თ--–--ს" სასამართლო პრაქტიკით დადგენილ ტარიფზე (ერთ კილოვატ საათზე 0.50 თეთრზე) მეტის გადახდის ვალდებულება არ უნდა დაკისრებოდა, რადგან მოსარჩელეს (აპელანტს) არ წარმოუდგენია ელექტროენერგიის გატარების ტარიფის გაანგარიშების ფორმულაში შესატანი უტყუარი მონაცემები, რაც მათ მიერ მიღებული ტარიფის ოდენობას დაუსაბუთებელს და უსაფუძვლოს ხდის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
7. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
8. სს „ს----------–ოს რ-------ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“) საკუთრებაშია ელექტროგადამცემი ქსელი. მოსარჩელე არ არის განაწილების ლიცენზიატი და მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელის საშუალებით მიეწოდება სს „თ--–--ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) აბონენტებს ელექტროენერგია.
9. მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს მისი კუთვნილი ელქსელით სარგებლობისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის (ელენერგიის გატარების საფასურის) გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო ურთიერთობას.
პალატა მიუთითებს მსგავს საქმეზე ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე:
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ ს----------–ოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, განსახილველი წესები ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის განსაზღვრისათვის ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებენ. კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ნორმატიული აქტები უთითებენ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე საკომპენსაციო თანხის განსაზღვრაზე, პირდაპირ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის, რაც კანონის ანალოგიით გამოყენების საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). ... პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ ურთიერთობისათვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს (იხ.: სუსგ, №ას-803-762-2013, 10.10.2014; N516-493-2016, 23.09.2016წ.).
10. რაც შეეხება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ძირითად არგუმენტს მასზედ, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 461-ე მუხლი დღევანდელი რედაქციით ჩამოყალიბდა 21.06.2011წ. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე და მას არ შეიძლება მიენიჭოს უკუძალა სადავო პერიოდზე - 2003 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით - უკანონოდ დაზოგილი ელექტროენერგიის გატარების საფასურის დაკისრების მოთხოვნაზე მსჯელობისას, პალატა განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მიღებულ იქნა 26.06.1997წ. და ამოქმედდა 25.11.1997 წლიდან. მისი 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. შესაბამისად, არ არსებობს 2003 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე სამოქალაქო კოდექსის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტში კოდექსის ნორმებზე მითითების მოგვიანებით ასახვა, როდესაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონები არ შეიცავდა სამოქალაქო კოდექსის გამოყენების გამომრიცხავ რაიმე რეგულაციას, არ შეიძლება შეფასდეს კანონის გამოყენებაზე უარის თქმის წინაპირობად.
11. რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 25.07.2003წ. მიღებულ №32/2 გადაწყვეტილებას მოსარჩელის წევის ქვესადგურებით ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების ცალკეული ლიცენზიატებისათვის გაწეული ელექტროენერგეტიკული მომსახურების ანაზღაურების შესახებ, იგი ადგენდა ყველა ცალკეული ლიცენზიატისათვის, რომლებიც სარგებლობდნენ ზემოაღნიშნული მომსახურებით, მოსარჩელისთვის გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესს, რაზეც მათ ყოველწლიურად წლის სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით უნდა გაეფორმებინათ შესაბამისი ხელშეკრულებები (ტ.1, ს.ფ. 33-36). მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მოდავე მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულეებები დადებული არ ყოფილა. შესაბამისად, არ არსებობს მის საფუძველზე დავის დარეგულირების საფუძველი.
12. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა მიჩნეული სარჩელი 2003-2011 წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს. ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
პალატა განმარტავს, რომ ელექტრონერგიის გატარების საფასური გამოიანგარიშება ქსელში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით და გადაიხდება ყოველთვიურად, შესაბამისად, ელენერგიის გატარების საფასურის გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს. ამდენად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართებულად გამოიყენა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა წინამდებარე დავასთან მიმართებაში პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობისთვის დადგენილი სამწლიანი ვადის გამოყენების თაობაზე შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (სუსგ, N516-493-2016, 23.09.2016წ.).
როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად იქნა აღნიშნული, მოსარჩელისათვის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი იყო მითითებულ პერიოდში (2003-2011 წლებში), როდესაც მოპასუხემ არ გადაიხადა კომპენსაცია ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 11.12.2014წ. (ტ.1,ს.ფ.1), ანუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხანდაზმულობის ვადის სამწლიანი ვადის განმავლობაში ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე თანხის გადახდით ან/და სხვაგვარად მოთხოვნის არსებობის აღიარებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა. რაც შეეხება მოპასუხის 27.03.2006წ., 22.04.2010წ. და 01.12.2010 წერილებს (ტ.4, ს.ფ.37,38; 41; 46,47), რომლებზეც მოსარჩელე მიუთითებს თავის სააპელაციო საჩივარში, ვერ შეფასდება ვალის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებებად. მოთხოვნის აღიარებად ითვლება მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას. წერილები არ შეიცავს კონკრეტული ოდენობის თანხის გადახდის ნების გამოხატულებას, საუბარია ე.წ. ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნულ დოკუმენტებს მივიჩნევდით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულია აღნიშნული წერილების შედგენის თარიღებიდანაც, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში აღძრულია მხოლოდ 11.12.2014წ. (ტ.1,ს.ფ.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხვნის ხანდაზმულობაზე. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი 2003-2011წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობის საფუძვლით მართებულად არ დაკმაყოფილა.
13. 01.01.2014წ.-დან ამოქმედდა ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 30.12.2013წ. №15 დადგენილება (შემდგომში „№15 დადგენილება“), რომლითაც დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი).
№15 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური (,,R”) გაიანგარიშება გატარების ფასის (,,P”) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე (,,W’’) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის (,,P”) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე _ 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა:P = (A * K) / (S)).
№15 დადგენილების შესაბამისად, კერძოდ, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ღირებულების, ელექტროგამანაწილებელი ქსელის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობის და ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით გატარებული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის 2012 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს - 182 656 ლარს და 80 თეთრს; 2013 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს - 203 033 ლარს და 68 თეთრს; 2014 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 97 371 ლარს და 67 თეთრს; 2015 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 103 464 ლარს და 15 თეთრს; 2016 წელს გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 101 541 ლარს და 27 თეთრს; 2017 წლის 01 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 55 452 ლარს და 91 თეთრს. ანუ 2012 წლიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხა შეადგენს სულ 743 520 ლარს და 48 თეთრს. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა მოპასუხის მომსახურების ზონაში მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, რომელშიც ასახულია მომსახურე ქვესადგურები და გატარებული ელექტროენერგიის მოცულობა, გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ღირებულება დადასტურებულია აუდიტის მიერ (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.5, ს.ფ. 298; იხ.: მიღება-ჩაბარების აქტები, ტ.5, ს.ფ.20-246).
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში მოპასუხე პრეტენზიას აცხადებს მხოლოდ იმ კუთხით, რომ მოსარჩელის მიერ ვერ დასტურდება გატარების ტარიფის გაანგარიშების ფორმულაში შესაყვანი ქონების საბაზო ღირებულების მონაცემის უტყუარობა და სისწორე (ტ.6, ს.ფ. 42). მოპასუხის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე შუამდგომლობას თანდართული დოკუმენტი წარმოადგენს თავად მოსარჩელის მიერ შექმნილ ცხრილს, გაანგარიშებას და არა აუდიტის დასკვნას, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს (ტ.6, ს.ფ. 41).
მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი მტკიცებულება, რომელიც დასათაურებულია როგორც მოპასუხისათვის გაწეული გატარების მომსახურების ტარიფის გაანგარიშება თანახმად „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებისა, განთავსებულია საქმის მე-5 ტომში, ს.ფ. 14. დოკუმენტი შედგენილია მოსარჩელე კომპანიის ელექტრომომარაგებისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსის ვ. ჯ------ის და ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსის გ. ფ------–---–ის მიერ. ამასთან, დოკუმენტზე დასმულია შპს „ა--------–--------“ ბეჭედი და ხელმოწერა (ტ.5, ს.ფ. 14).
როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12.03.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, ისინი ქონების საბალანსო ღირებულებებთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულებებს ვერ წარადგენდნენ და უთითებდნენ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც დადგენილების მიღებამდე არსებობდა და რომლის მიხედვითაც ხდებოდა დაანგარიშება, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვერ დგინდებოდა ქონების საბალანსო ღირებულება, ან/და რთული იყო ღირებულების დადგენა (12.03.2019წ. სხდომის ოქმი, 12:47:01 – 12: 47: 55).
მოპასუხის ზემოაღნიშნულ პოზიციასთან მიმართებაში მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „ა--------–-------“ წარმოადგენს მოსარჩელის კონტრაქტორს, რომელიც დოკუმენტის შედგენის დროისათვის ახორციელებდა კომპანიის აუდიტს. აუდიტისთვის მიწოდებული იქნა ყველა მონაცემი, რომელთა სიზუსტეც დაადასტურა აუდიტმა. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, გათვალისწინებით იმისა, რომ ქსელი საერთო სარგებლობაშია, მოპასუხეს თავისუფალი წვდომა გააჩნია მასთან (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.03.2019წ. სხდომის ოქმი, 12:48:01- 12:49:56).
პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. სამოქალაქო საპროცესო კოდესის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულეების გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მართებულად განისაზღვრა მოსარჩელის ელექტროგადამცემი ქსელის საშუალებით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხის ოდენობა.
14. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ შესაბამისად. მე-4 პუნქტის მიხედვით, ,,ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
აღნიშნული წესის მიხედვით, ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უკანონოდ დაზოგილ თანხაზე პროცენტის დარიცხვის შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა სარჩელი გადასახდელ თანხაზე დარიცხული პროცენტის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
15. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსისწ 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
16. სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.6, ს.ფ. 27,51).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს----------–ოს რ-------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. სს „ თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.12.2017წ. გადაწყვეტილება.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ს----------–ოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი