განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2019
საქმის ნომერი
200100118002432940
ინსტანცია
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002432940, N1/ბ-1659-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ-–-------- ბ---–---–-.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ----- ა-–---ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ს-----------------------------–-------–----;

 

ადვოკატი - ნ-------- გ---–---ი.

 

თარჯიმანი - ზ------- გ-------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა).

 

სასჯელი:

 

9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ----- ა-–---ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ გ----- ა-–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას;

▪ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული დანაშაულის ჩადენის მოტივი, ასევე გ----- ა-–---ის ქმედებით ა-–----- ი-----–---ისთვის და მისი ოჯახისთვის მიყენებული ზიანი. 2017 წლის 06 იანვარს, 23:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–----- ი-----–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ----- ა-–---ს, რის გამოც 2017 წლის 01 მარტს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ა-–----- ი-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ა-–----- ი-----–---მა პასუხი აგო გ----- ა-–---ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გ----- ა-–---მა გადაწყვიტა, რომ ეს სასჯელი არ იყო საკმარისი და განიზრახა ა-–----- ი-----–---ის ფიზიკური ლიკვიდაცია, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ გ----- ა-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------- გ---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ----- ა-–---ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაკვალიფიცირება. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

▪ სასამართლომ განზრახ მკვლელობის მოტივად მიიჩნია გ----- ა-–---სა და ა-–----- ი-----–---ს შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტი, თუმცა აღნიშნული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. ამასთან, არ დადგენილა თუ რატომ სურდა გ----- ა-–---ს ა-–----- ი-----–---ის მოკვლა და არა მისი ძმის, რომელმაც ჩხუბის დროს ჯოხი დაარტყა გ----- ა-–---ს სახის არეში, რომლის კვალიც დღემდე ატყვია სახეზე;

▪ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს დილით, გ----- ა-–---ი ფერმიდან პირად საქმეზე წავიდა სოფელ ბ------------ში და დაახლოებით 14-15 საათზე ბრუნდებოდა უკან. ფერმაში მისასვლელად უნდა გაევლო ის გზა, რომელიც მიდის ა-–----- ი-----–---ის საქონლის ფერმასთან. გ----- ა-–---ს ა-–----- ი-----–---ი უკრძალავდა ამ გზაზე სიარულს, რის გამოც იგი ერიდებოდა ამ გზით სარგებლობას, თუმცა იმ დღეს საქონელს მწყემსდა შვილი და ეჩქარებოდა ფერმაში მისვლა;

▪ გ----- ა-–---ს შემთხვევის დღეს თოფი სპეციალურად არ წაუღია, მას მუდმივად მანქანაში ედო იარაღი, რადგან საქონელთან ერთად დღე და ღამ მინდორში ყოფნა უწევდა. გარდა ამისა, განზრახვის არსებობის შემთხვევაში ერთი „პატრონით“ არ მივიდოდა მის მოსაკლავად;

▪ გ----- ა-–---ი არის პატიოსანი, მშრომელი პიროვნება, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ფერმაში. იგი არ არის ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელდადებული. ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გ----- ა-–---ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური გადახრები არ აღენიშნება და შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავის მოქმედებას. შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული, რომ მან განიზრახა ფერმიდან დაახლოებით 700 მეტრში მცხოვრები ადამიანის მოკვლა და მის მოსაკლავად წავიდა ისე, რომ საქონელი მოსავლელად დაუტოვა ბავშვს და ფერმაში დატოვა ცოლი მცირეწლოვან შვილებთან ერთად;

▪ გასროლამდე რა საუბარი წარიმართა გ----- ა-–---სა და აწ გარდაცვლილს შორის ამის შესახებ არცერთი მოწმე არ ფლობს ინფორმაციას;

▪ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 150-300 მეტრის მოშორებით მყოფმა მოწმეებმა: ჰ--–--- ი-----–---ამ, ა----–--- ი-----–---მა, მ--- ი-----მ და ა---- ი-----–---მა სრულად ვერ აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები;

▪ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა გ----- ა-–---ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით 4-5 მეტრის მანძილიდან მანქანიდან ფეხების მიმართულებით ესროლა ა-–----- ი-----–---ს იმ მიზნით, რომ წასულიყო და დარწმუნებული იყო, რომ ა-–-----ს არაფერი მოუვიდოდა.

▪ ის გარემოება, რომ გ----- ა-–---მა ა-–----- ი-----–---ს ესროლა ერთხელ და ახლო მანძილიდან, დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი „პიჯით“ და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ა-–----- ი-----–---ის ტანსაცმელზე აღმოჩენილია დენთის წვის კვალი;

▪ მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ა-–----- ი-----–---ი იყო მწყემსი და იდგა მწყემსის ჯოხზე დაყრდნობილი. ნაკლებ სარწმუნოა მოწმეთა ჩვენებები, რომ სროლისას ა-–-----ი იდგა ჯოხით ხელში და არაფერი მოიმოქმედა;

▪ სასამართლო სამედიცინო დასკვნით, ვერ იქნა დადგენილი მიყენებული ჭრილობის მიმართულება, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ზ-----–-–---–მა. განაჩენში კი მითითებულია, რომ ჭრილობის მიმართულებაა წინიდან უკან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს;

▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული არ იქნა მწყემსის ჯოხი, რომელიც შემთხვევის დროს ეჭირა ა-–----- ი-----–---ს. აღნიშნული ჯოხის ამოღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სროლის მიმართულების დადგენა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გ----- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქონლისათვის განკუთვნილ საძოვარზე, გ----- ა-–---ი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მივიდა ა-–----- ი-----–---თან, რომელთანაც წარსულში მოუხდა კონფლიქტი. გ----- ა-–---ს შურისძიების მოტივით გადაწყვეტილი ჰქონდა ა-–----- ი-----–---ის განზრახ მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ----- ა-–---მა, სანადირო თოფიდან ესროლა ა-–----- ი-----–---ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანიდან მცირე ხანში გარდაიცვალა.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, გ----- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ჰ--–--- ი-----–---ამ განმარტა, რომ გარდაცვლილი ა-–----- ი-----–---ი იყო მისი მეუღლე. 2018 წლის 17 თებერვალს იმყოფებოდა გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------ის ბოლოს მდებარე საძოვარზე არსებულ ბინაში, შემდეგ კი წავიდა ცხვართან და შეცვალა ა-–----- ი-----–---ი, რათა ამ უკანასკნელს საჭმელი ეჭამა. ამ დროს დაინახა, რომ ლურჯი ფერის „ჰ-------“ მარკის მანქანით მათთან მივიდა გ----- ა-–---ი, გაჩერდა სამი მეტრის მოშორებით და დაახლოებით 10 წუთი უყურებდა მას. ამ დროს, ა-–----- ი-----–---ი შესული იყო ბინაში და მიირთმევდა საჭმელს, შემდეგ კი, კვლავ დაუბრუნდა თავის ადგილს. თავად შევიდა ბინაში, რა დროსაც დაინახა, რომ გ----- ა-–---მა გაიარა მანქანით. გაიხედა და დაინახა, რომ გ----- ა-–---ი მანქანით მივიდა ცხვარში ა-–----- ი-----–---თან. უყურებდა მათ, ვინაიდან ა-–----- ი-----–---ი და გ----- ა-–---ი იყვნენ ნაჩხუბრები და არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ამ დროს ა-–----- ი-----–---ი იდგა ჯოხზე დაყრდნობილი, გ----- ა-–---ი კი გადავიდა მანქანიდან. გადასვლისთანავე იარაღიდან ესროლა ა-–----- ი-----–---ს, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა იმ გზით, რომელიც მიდიოდა მისი ფერმისკენ. გასროლის შემდეგ ა-–----- ი-----–---ი წაიქცა. იგი გაიქცა მისკენ და ნახა, რომ ა-–----- ი-----–---ი იყო სისხლიანი და მარცხენა გვერდზე ჰქონდა დაზიანება. ა-–-----მა უთხრა, რომ ესროლა „ჯ-------–მა“, ასე ეძახიან გ----- ა-–---ს. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, მანძილი სროლის ადგილიდან იმ ადგილამდე, საიდანაც იგი თვალს ადევნებდა მათ, იყო დაახლოებით 100-150 მეტრი. მან დაინახა გ----- ა-–---ი და გრძელი თოფი, ასევე გაიგო მიყოლებით ორი გასროლის ხმა. მისთვის ცნობილია, რომ წარსულში მომხდარი უსიამოვნების გამო, გ----- ა-–---ი ემუქრებოდა მის მეუღლეს.

 

გარდაცვლილ ა-–----- ი-----–---ის ძმამ, ა----–--- ი-----–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჯ-----ის ტერიტორიაზე მდებარე ა-–----- ი-----–---ის ცხვრის ფერმაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ა---- ი-----–---ი, ჰ--–--- ი-----–---ი და მ--- ი----ი. შუადღის საათებში, იგი სასადილოდ მივიდა ა---- ი-----–---ის ბინაში, სადაც იყვნენ ა-–----- ი-----–---ი და მ--- ი----იც, ჰ--–--- ი-----–---ა კი იყო ცხვართან. სადილის დასრულების შემდეგ ყველა დაუბრუნდა საქმეს, რა დროსაც დაინახა, რომ „ბ-----------ის“ მხრიდან მოდიოდა ლურჯი ფერის „ჰ-------“ მარკის ავტომანქანა, რომელმაც არხთან ა-–----- ი-----–---ის ბინის მხარეს გადაუხვია. იგი შორიდან ვერ მიხვდა ვისი მანქანა იყო, თუმცა 10-15 მეტრით მიახლოების შემდეგ დაინახა, რომ საჭესთან იჯდა გ----- ა-–---ი. მანქანამ გაიარა ა-–----- ი-----–---ის ბინასთან. მან იმავდროულად დაურეკა ძმას და გააფრთხილა გ----- ა-–---ის იქ ყოფნის შესახებ, რათა ამ უკანასკნელს მისთვის რამე არ დაეშავებინა. მოწმის ჩვენებით, ვინაიდან გ----- ა-–---ი ადრე შეეცადა ა-–----- ი-----–---ის მოკვლას, მას პოლიციამ იმ გზაზე გავლა აუკრძალა. გ----- ა-–---ი მოკვლით ემუქრებოდა ა-–----- ი-----–---ს, პირადად მასაც კი უთხრა, რომ მის ძმას არ შეარჩენდა და აუცილებლად მოკლავდა. გ----- ა-–---მა გადაუხვია გზიდან, მანქანით მივიდა ა-–----- ი-----–---თან, გადავიდა მანქანიდან და 4-5 მეტრის მანძილიდან, ცალლულიანი სანადირო თოფით სასიკვდილოდ ესროლა ა-–-----ს. მან აღნიშნული დაინახა დაახლოებით 200-300 მეტრის მანძილიდან. სროლის შემდეგ ა-–----- ი-----–---ი წაიქცა, ხოლო გ----- ა-–---ი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მოწმის განმარტებით, ამ დროს თავად გაიქცა ბინისკენ, რათა მანქანით მისულიყო დაჭრილთან, მ--- ი----ი და ჰ--–--- ი-----–---ა კი მივიდნენ ა-–-----თან, რომელსაც მარცხენა მხარეს, მუცლის არეში დაზიანება ჰქონდა მიყენებული, იყო ძალიან ცუდად და ითხოვდა შველას. ა-–----- ი-----–---ი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

მოწმე ა---- ი-----–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, ა----–--- ი-----–---თან ერთად იმყოფებოდა გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------ის ბოლოს მდებარე ბინაში. ფერმაში ასევე იმყოფებოდნენ მისი მეუღლე მ--- ი----ი, ა-–----- ი-----–---ი და ამ უკანასკნელის მეუღლე ჰ--–--- ი-----–---ი. სადილობისას დაინახა, რომ ბინასთან ავტომანქანით გაიარა გ----- ა-–---მა და გაჩერდა ხიდთან. სადილობის დასრულებისას ყველა დაუბრუნდა თავის საქმეს და წავიდნენ თავიანთ საქონელთან. ამ დროს დაინახა, რომ გ----- ა-–---მა ჩაიარა ავტომანქანით, მივიდა ა-–----- ი-----–---თან, გაჩერდა დაახლოებით 6-7 მეტრში, გადმოვიდა ავტომანქანიდან და ესროლა ა-–-----ს, შემდეგ კი მოატრიალა ავტომანქანა და წავიდა. სროლის მომენტში ა-–----- ი-----–---ი დაყრდნობილი იყო ჯოხზე, თუმცა სროლის შემდეგ წაიქცა. იგი მივიდა ა-–----- ი-----–---ის დასახმარებლად, რა დროსაც დაჭრილმა უთხრა, რომ მას ესროლა გ----- ა-–---მა. ა-–----- ი-----–---ს დაზიანებები მკლავზე და მუცელში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი ა----–--- ი-----–---ის მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გზად შეხვდათ სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, რომელშიც მოათავსეს დაჭრილი, თუმცა ა-–----- ი-----–---ი გარდაიცვალა.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე მ--- ი----მა განმარტა, რომ ა---- ი-----–---ი არის მისი მეუღლე, ა-–----- ი-----–---ი კი იყო მისი მაზლი. 2018 წლის 17 თებერვალს იმყოფებოდა სოფელ კ-------თან ახლოს მდებარე საქონლის ბინაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ა---- ი-----–---ი, ა-–----- ი-----–---ი, ა----–--- ი-----–---ი და ჰ--–--- ი-----–---ი. აღნიშნული პირები სადილობდნენ, ხოლო ჰ--–--- ი-----–---ი იმ დროს მწყემსავდა ცხვარს. სადილობის შემდეგ, ყველა დაუბრუნდა საქმეს, რა დროსაც დაახლოებით 200 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ ა-–----- ი-----–---თან მივიდა ავტომანქანა, ესროლეს ა-–-----ს და მანქანამ დატოვა ტერიტორია. იგი მივიდა ა-–----- ი-----–---თან, რა დროსაც გაიგო, რომ მანქანა ეკუთვნოდა გ----- ა-–---ს. მოწმის განმარტებით, იგი სროლის დროს იმყოფებოდა მოშორებით - ძროხებთან, ამიტომ იარაღი და სროლის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა გაიგო გასროლის ხმა, შემდეგ კი დაინახა წაქცეული ა-–----- ი-----–---ი. მის გარდა ა-–-----ის დასახმარებლად ასევე მივიდნენ ა---- ი-----–---ი და ჰ--–--- ი-----–---ი, შემდეგ კი, მანქანით მივიდა ა----–--- ი-----–---ი. მოწმის განმარტებით, ა-–----- ი-----–---თან მისვლისას ამ უკანასკნელმა თქვა, რომ მას ესროლა გ----- ა-–---მა. ა-–----- ი-----–---ი გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

 

მოწმე ზ----- თ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, ექსპერტ-კრიმ---ლისტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჯ-----ის მიმდებარედ, ე.წ. „ს-------ს“ ტერიტორიაზე. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, სისხლის ლაქები და ე.წ. „პიჟი“, რაც დაილუქა ექსპერტების მიერ. მის მიერ შედგენილ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელზეც მონაწილე პირების მიერ შენიშვნა არ დაფიქსირებულა. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 17 თებერვალს, მის მიერ სოფელ კ----–---ში დაკავებული იქნა გ----- ა-–---ი, რომლის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. მანვე შეადგინა გ----- ა-–---ისგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმი. მანვე დაადასტურა მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე და შინაარსი და განმარტა, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწებოდა თარჯიმანი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 აპრილის ექსპერტის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ა-–----- ი-----–---ის გვამს აღენიშნებოდა მრავლობითი სიცოცხლისდროინდელი ცეცხლნასროლი ჭრილობები მუცლის არეში - კუჭის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების და მათი ჯორჯლის დაზიანებით. ეს დაზიანებები განვითარებულია ცეცხლმსროლი იარაღიდან გასროლის შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ცეცხლნასროლი ჭრილობები მარცხენა წინამხრის არეში განვითარებულია ცეცხლმსროლი იარაღიდან გასროლის შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს. ჭრილობა თეთრ ხაზზე, მახვილისებური მორჩიდან ბოქვენამდე განვითარებულია სამედიცინო მანიპულაციის შედეგად.

▪ ა-–----- ი-----–---ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლოვანება განვითარებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით მუცლის არეში, რასაც მოჰყვა მუცლის ღრუს ორგანოების ტლანქი დაზიანებები. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 4 საათისა.

▪ ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან. სხვა მიმართულებების განსაზღვრა საფანტის გაშლის გამო შეუძლებელია.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა თ----- ზ-----–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ მანვე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოღებაში, რა დროსაც გამომძიებელს წარუდგინა სისხლის, ფრჩხილის და თმის ნიმუშები.

 

ბრალდებულმა გ----- ა-–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ადრე ა-–----- ი-----–---თან მოუვიდა ჩხუბი, რა დროსაც სახის არეში მიიღო დაზიანებები, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მას ა-–----- ი-----–---ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. 2017 წლის თებერვალში, კუთვნილი „C---ს“ მოდელის ავტომანქანით, ცენტრალური გზით, რომლითაც სხვა დროსაც უსარგებლია, ბრუნდებოდა ფერმაში. გზაზე დაინახა ა-–----- ი-----–---ი. იქვე მდებარე ხიდზე გადასვლის შემდეგ მას ა-–----- ი-----–---მა გააჩერებინა ავტომანქანა და დაუწყო ჩხუბი. შემდეგ კი ძმას დაუძახა მისულიყო და გ----- წინანდელ დღეში ჩაეგდოთ. მას სურდა ავტომანქანის დაძვრა, რა დროსაც მასთან მივიდა ა-–----- ი-----–---ის ძმაც, ხოლო თავად ა-–----- ი-----–---ი იდგა ავტომანქანის წინ. მან დაძრა ავტომანქანა და მობრუნდა, რა დროსაც ა-–----- ი-----–---ი აღმოჩნდა მძღოლის მხარეს და ავტომანქანას ურტყამდა ჯოხს. მას მანქანაში ჰქონდა სანადირო თოფი, რომლითაც წვრილი საფანტი ავტომანქანიდან გადმოსვლის გარეშე ფეხებს ქვევით ესროლა ა-–----- ი-----–---ს და წავიდა სახლში. მას შემდეგ, რაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, აჩვენა მანქანაში შენახული თოფი, რომლითაც ესროლა ა-–----- ი-----–---ს.

 

მოწმე ფ------- მ---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გ----- ა-–---ი არის მისი მეუღლე. 2017 წლის 17 თებერვალს, მეუღლემ უამბო, რომ ა-–----- ი-----–---მა მინდორში ჩაუკეტა გზა, რის გამოც იძულებული გახდა სანადირო თოფიდან ესროლა ა-–-----ისთვის, თუმცა არ უთქვამს რა დაემართა ა-–-----ს სროლის შედეგად. მან ა-–----- ი-----–---ის გარდაცვალების შესახებ შეიტყო მეორე დღეს. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ წარსულში მის მეუღლეს და ა-–----- ი-----–---ს მოუვიდათ ჩხუბი. გ----- ა-–---ი ავტომანქანის საბარგულში ინახავდა თოფს, რომელიც ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

მტკიცებულებები: მოწმეების - ი-----–-------–-----–-–---–ის, ზ---------------–---–ის, მ-----–-------–---–ის, მ-----------------ის, ე–--- ი-----–---ის, ი-–--- ი-----–---ის, ა----– ი-----–---ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო დოკუმენტების ამოღების ოქმი, ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ჰ------- მარკის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, გ----- ა-–---ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და სათავსოების ჩხრეკის ოქმი, თ----- ზ-----–-–---–თან ჩატარებული ამოღების ოქმი, გ----- ა-–---ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც გ----- ა-–---ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. 2014 წლის 12 თებერვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე N142აპ-13).

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N227აპ-16).

 

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ასევე აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ა-–----- ი-----–---ის სიკვდილის მიზეზია მრავლობითი სიცოცხლისდროინდელი ცეცხლნასროლი ჭრილობები მუცლის არეში - კუჭის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების და მათი ჯორჯლის დაზიანებით, რომლებიც განვითარებულია ცეცხლმსროლი იარაღიდან გასროლის შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

 

ასევე სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქონლისათვის განკუთვნილ საძოვარზე, ა-–----- ი-----–---ს სანადირო თოფიდან ესროლა და დაზიანებები მიაყენა გ----- ა-–---მა.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს კვალიფიკაციის შეცვლას და უთითებს, რომ გ----- ა-–---მა ა-–----- ი-----–---ს დაზიანებები მიაყენა არა მოკვლის განზრახვით, არამედ გაუფრთხილებლობით, იმისთვის, რომ თავი დაეღწია ა-–----- ი-----–---ისთვის და მოეხერხებინა წასვლა.

 

გ----- ა-–---ის ჩვენებით, იგი გააჩერა თავად ა-–----- ი-----–---მა და დაუწყო ჩხუბი, შემდეგ კი საჩხუბრად იხმო მისივე ძმა. აპირებდა მანქანის დაძვრას და წასვლას, ა-–----- ი-----–---ი კი იდგა ავტომანქანის წინ და არ აძლევდა წასვლის შესაძლებლობას. გ----- ა-–---ის განმარტებით, მანქანის მოტრიალების შემდეგ ა-–-----ი ავტომანქანას ურტყამდა მწყემსის ჯოხს. სწორედ მათგან თავის დასაღწევად, ავტომანქანიდან გადმოსვლის გარეშე, ფეხების მიმართულებით, ესროლა ა-–----- ი-----–---ს და დატოვა იქაურობა.

 

თბილისის სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გადმოცემულ არგუმენტებსა და თავად გ----- ა-–---ის ჩვენებაში გადმოცემულ გარემოებებს, ვინაიდან, არ გამომდინარეობს იმ მტკიცებულებებიდან, რაც გამოიკვლია სასამართლომ და ასევე იმ მტკიცებულებებიდან, რომლებიც მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს.

 

მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობით დგინდება არაერთი თვითმხილველი მოწმის არსებობა. არც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას და არც შემდეგ პერიოდში არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც გახდებოდა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. გ----- ა-–---ის ჩვენება კი წინააღმდეგობაშია ამ მოწმეთა ჩვენებებთან. ჰ--–--- ი-----–---ას, ა----–--- ი-----–---ის და ა---- ი-----–---ის ჩვენებების მიხედვით, მათ დაინახეს ავტომანქანიდან გადასული გ----- ა-–---ი და ა-–----- ი-----–---ის მიმართულებით სროლა. ის გარემოება, რომ მოწმეთა ნაწილმა სროლის რაოდენობად მიუთითა ორი გასროლა, არ წარმოადგენს ისეთ არსებითი ხასიათის უზუსტობას, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. როგორც აღნიშნული მოწმეები, ასევე მოწმე მ--- ი-----ც ადასტურებენ, რომ სროლის დროს ა-–----- ი-----–---ი იყო მარტო და ა----–--- ი-----–---ი სროლის ადგილზე მივიდა ავტომანქანით, ჰ--–--- ი-----–---ას, ა---- ი-----–---ის და მ--- ი-----ს მისვლის შემდეგ.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ ადგილი ჰქონდა არა სიცოცხლის განზრახ ხელყოფას, არამედ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ამასთან, ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა, ხოლო დაუდევრობით ჩადენილ ქმედებად მიიჩნევა ქმედება, როდესაც პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

 

დაცვის მხარის არგუმენტით, გ----- ა-–---ს სურდა ა-–----- ი-----–---ის მოშორება და ვინაიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ავტომანქანიდან გადაუსვლელად და ფეხების მიმართულებით ესროლა მას. აღნიშნული განმარტება ვერ იქნება სარწმუნოდ მიჩნეული იმ პირობებში, როდესაც მოწმეთა ჩვენებები მიუთითებენ საპირისპიროზე. წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, დამაჯერებლობასაა მოკლებული დაცვის მხარის ის ვერსიაც, რომ გ----- ა-–---ს არ შეეძლო ავტომანქანის მოტრიალება, გზის გაგრძელება და ა-–----- ი-----–---ისთვის თავის ასარიდებლად სანადირო თოფის გადმოღება და სროლა გახდა საჭირო.

 

სასამართლომ მიუთითა დანაშაულის ჩადენის მოტივზე, რასაც ამყარებს წარმოდგენილი მტკიცებულებები. ის ფაქტი, რომ წარსულში გ----- ა-–---სა და ა-–----- ი-----–---ს შორის არსებობდა დაპირისპირება, დასტურდება გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განაჩენით, რომლის თანახმად ა-–----- ი-----–---მა და ხ--–----- ი-----–---მა 2017 წლის 6 იანვარს, 23:00 საათზე, სოფელ ჯ-----ის ტერიტორიაზე ცემეს გ----- ა-–---ი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ა-–----- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი. ამ პირობებში და წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფონზე კი დამაჯერებელია ა----–--- ი-----–---ის ჩვენების ის ნაწილიც, სადაც მოწმემ მიუთითა, რომ გ----- ა-–---ი მასთან საუბარში იმუქრებოდა ა-–-----ის სიცოცხლის მოსპობით.

 

განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი და მიზეზობრივად უკავშირდება გ----- ა-–---ის მხრიდან ა-–----- ი-----–---ისთვის სანადირო თოფით მიყენებულ დაზიანებას. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაცვლილს ფეხებზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, რაც წინააღმდეგობაშია მსჯავრდებულის ჩვენებასთან, რომ მან ფეხების მიმართულებით განახორციელა გასროლა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან. სხვა მიმართულებების განსაზღვრა საფანტის გაშლის გამო ექსპერტიზამ ვერ შეძლო და მითითება იმ გარემოებაზე, რომ ჯოხის ამოღებით დადგინდებოდა გ----- ა-–---ის ჩვენების სისწორე, დაუსაბუთებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ გ----- ა-–---ის ქმედებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა გაუფრთხილებლობით, გამოკვლეული მტკიცებულებების შესწავლით არ დადასტურებულა. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, გ----- ა-–---ი გადავიდა ავტომანქანიდან და ესროლა ა-–----- ი-----–---ს. საგულისხმოა, რომ გ----- ა-–---ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, პალატა ვერ მიიჩნევს მის ქმედებას, როგორც გაუფრთხილებლობითს. მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებული ფაქტები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, დაზიანებების ლოკალიზაცია, განაჩენთან ერთად მეტყველებენ, რომ გასროლას წინ უძღოდა წარსულში არსებული კონფლიქტი. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა გ----- ა-–---ის მიზანმიმართული მოქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე და არა სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაზე. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან და სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი გ----- ა-–---ს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით. მოცემულ შემთხვევაში, ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, გ----- ა-–---ის ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მინიმუმზე 2 წლით მეტი სასჯელი აშკარად მსუბუქია. პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საჩივრის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი უნდა დამძიმდეს და გ----- ა-–---ს განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

პალატა იმედოვნებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე სამართლიანობის აღდგენას და მის რესოციალიზაციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ვ-–-------- ბ---–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ გ----- ა-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------- გ---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ----- ა-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა გ----- ა-–---ს დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

● შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ე.წ. „პიჟი“, ექსპერტ თ----- ზ-----–-–---–ისგან ამოღებული: სისხლის ნიმუში, ა-–----- ი-----–---ის გვამიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეულები, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, გ----- ა-–---ისგან აღებული სისხლის ნიმუში - საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

● შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტანსაცმელი, მ-----------------ისაგან ამოღებული ა-–----- ი-----–---ის ტანსაცმელი: წითელი ფერის მაისური, ნაცრისფერი მაისური, ხაკისფერი შარვალი, ტყავის ქამრით, ლურჯი ფერის ქვედასაცვალი, სპორტული შარვალი, შავი ნასკები, გ----- ა-–---ის კუთვნილი „ჰ-------“ მარკის (სახელმწიფო ნომრით T------) ავტომანქანა, გ----- ა-–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი: შავი ფერის ჯინსის შარვალი, პერანგი, სამხედრო ხაკისფერი ქურთუკი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ოჯახის წევრს.

● გ----- ა-–---ის კუთვნილი „ჰ-------“ მარკის (სახელმწიფო ნომრით T------) ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ერთლულიანი სანადირო თოფი, როგორც დანაშაულის ჩადენის საგანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე