განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141019003148155
საქმე №8ბ/08-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2--- წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ოლ-----------ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მა-–--------–----ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2--- წლის 16 აგვისტოს განჩინებაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ვაჟა თოდუასა და ბრალდებულ ოლ-----------ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ოლ-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
ოლ-----------ას საპატიმრო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და საპატიმრო სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო დაკავებიდან, 2018 წლის 06 იანვრიდან.
2--- წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას ოლ-----------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა-–--------–----ამ მიმართეს შუამდგომლობით გაქარწყლების ვადის გასვლამდე ოლ-----------ასათვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ოლ-----------ამ მოიხადა 2018 წლის 05 ივლისს, გათავისუფლებიდან დღემდე, როგორც საქართველოს ძი------------------–-----------–-ის ნაკრების ყოფილი წევრი, იგი აქტიურად ჩაება სპორტულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, თუმცა ნასამართლობის გამო მას ხელი ეშლება სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2--- წლის 16 აგვისტოს განჩინებით, ოლ-----------ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ოლ-----------ას უარი ეთქვა ნასამართლობის მოხსნაზე ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ნასამართლობის გაქარწყლების ვადის (მოცემულ შემთხვევაში - სასჯელის მოხდიდან 3 წელი) გათვალისწინებით, ოლ-----------ას მიერ საპატიმრო სასჯელის მოხდიდან გასულია შედარებით მცირე დრო - ერთი წელი და ერთი თვე, რაც არ არის საკმარისი მსჯავრდებულის ქცევის სრული შეფასებისათვის და, ვინაიდან ნასამართლობა წარმოადგენს სასჯელის მოხდის განსაკუთრებულ სამართლებრივ შედეგს, ოლ-----------ასათვის ნასამართლობის მოხსნა, დღეის მდგომარეობით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, განსაკუთრებით - მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, მის მიერ ჩადენილი მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე, განზრახი დანაშაულის გამო. სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა, რომ ოლ-----------ას მიმართ განაჩენი დადგენილია საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად და მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა კანონით გათვალისწინებული მინიმალური ვადით. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდიდან მცირე დროში ოლ-----------ას მიმართ კიდევ ერთი სამართლებრივი შეღავათის გამოყენება იქნებოდა შეუსაბამო სასჯელის მიზნებთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 16 აგვისტოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ოლ-----------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა-–--------–----ამ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მსჯავრდებულ ოლ-----------ასათვის ნასამართლობის მოხსნა იმავე საფუძვლებით.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, გააანალიზა მსჯავრდებულ ოლ-----------ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მა-–--------–----ას საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ ნასამართლობის არსს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ვინაიდან, ნასამართლობის არასახარბიელო შედეგი სასჯელის მოხდის შემდგომაც მოქმედებს და გარკვეულწილად იწვევს პირის უფლებების შეზღუდვას, სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს როგორც ნასამართლობის გაქარწყლების, ისე ნასამართლობის მოხსნის მექანიზმს და მათი განხორციელების პირობებსაც ადგენს. კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე.
ზემოაღნიშნული ნორმების მიზანია სასჯელმოხდილი პირის საზოგადოებაში ინტეგრაციისა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად მისი მიღების ხელშეწყობა.
პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნასამართლობის გაქარწყლების შესახებ განცხადებაზე დართულ შუამდგომლობაში, რომელიც შედგენილია საქართველოს ძი------------------–-----------–-ის პრეზიდენტის მიერ, აღნიშნულია, რომ ოლ-----------ა იყო ძი------------------–-----------–-ის ნაკრების ყოფილი წევრი, რომელიც სასჯელის მოხდის შემდეგ კვლავ ჩაება აქტიურ სპორტულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, თუმცა, როგორც ნასამართლობის მქონეს, მას ხელი ეშლება სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისას. პალატას მიაჩნია, რომ ოლ-----------ას მხრიდან სპორტულ აქტივობებში ჩართულობა მიუთითებს მისი რესოციალიზაციის პროცესზე, რაც სასჯელის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ოლ-----------ა არ იმყოფება ძებნაში. გარდა ამისა, პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ნასამართლობის გაქარწყლების ვადიდან გასული დრო არასაკმარისია მსჯავრდებულის ქცევის სრული შეფასებისათვის, კერძოდ, პალატა ითვალისწინებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა თიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2--- წლის 30 მაისის მომართვის თანახმად, ოლ-----------ას დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 4000 ლარი გადახდილი აქვს და თანხა გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ოლ-----------ას, საზოგადოებაში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე მოეხსნას ნასამართლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 288-ე, 291-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ოლ-----------ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მა-–--------–----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2--- წლის 16 აგვისტოს განჩინება;
3. მსჯავრდებულ ოლ-----------ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მა-–--------–----ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და ოლ-----------ას მოეხსნას ნასამართლობა.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
გ. კახეთელიძე