განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2019
საქმის ნომერი
330100118002312740
ინსტანცია
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002312740

საქმე #1ბ/1421-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ა---------–---–ის, ქ--------------–---–ის

ადვოკატების: გ--------------–---–ის, ა-–------------------ის

მსჯავრდებულის: ს--------------ის

თარჯიმნების: ზ----------------ს, ა---------–--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------–---–ის და მსჯავრდებულ ს--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ს--------------ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), ნასამართლევის, დასაოჯახებელის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------------------–--------------–--ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I2 ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს--------------მა ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებული ოჯახის წევრის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს--------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში, ქ-------–--–------------------------------–------–-------------------ში, ს--------------მა, სახისა და სხეულის არეში ხელის დარტყმით განახორციელა სისტემატური ძალადობა ოჯახის წევრის მ------------–---–ის მიმართ, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტანჯვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს--------------მა ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში, ქ-------–--–-------------------------------------------–------–-----------------ში, ს--------------მა მ------------–---–ზე სახისა და სხეულის არეში ხელის დარტყმით განახორციელა სისტემატური ძალადობა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტანჯვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:

 

ს--------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის I2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I2 ნაწილზე (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ს--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი და ს--------------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ს--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა, გაუქმდა.

 

ს--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 იანვრიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------–---–მა და მსჯავრდებულ ს--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–------------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა ა---------–---–მა მოითხოვა ს--------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ს--------------ი დამნაშავედ იქნას ცნობილი ბრალდების კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

მსჯავრდებულ ს--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ს--------------ის მიმართ არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ალტერნატიული მოთხოვნის სახით დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ ს--------------ისათვის ნაკლებად მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ს--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები და რატომ გაიზიარა უპირობოდ დაზარალებულის მეგობრების ჩვნებები. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ------------–---–ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების დროს ამხილა ს--------------ი დანაშაულის ჩადენაში, სრულ შესაბამისობაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ისე ექსპერტიზის დასკვნასთან და საქმის სხვა მასალებთან.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის თებერვლიდან ურთიერთობა ჰქონდა ს--------------თან, რაც ცნობილი იყო მხოლოდ მისი მეგობრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ს--------------ი 2017 ზაფხულში გასამართლებული იქნა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, არ ანებებდა თავს და დაკავებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ისევ ერთად ცხოვრობდნენ. დაზარალებულის განმარტებით, ს--------------თან კამათის მიზეზი გახდა ეჭვიანობა. 2018 წლის 10 იანვარს, ს--------------მა მის (დაზარალებულის) ტელეფონში წაიკითხა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც გამოგზავნილი იყო მისი (დაზარალებულის) მეგობარი მამ---ცების მიერ და გაბრაზებულმა მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. აიძულა, იმავე პირებისთვის დაერეკა და თანხის სანაცვლოდ საკუთარი თავი შეეთავაზებინა. უარის შემთხვევაში ს----ი აშანტაჟებდა, რომ გამოაქვეყნებდა მის (დაზარალებულის) ინტიმურ ფოტოებს. მანვე აღნიშნა, რომ 2018 წლის 10 იანვრის საღამოს ათი საათიდან მეორე დღის სამ საათამდე პერიოდში ს--------------ი გარკვეული პერიოდულობით უმოწყალოდ სცემდა. ფიზიკური ძალადობის გარდა ს--------------მა გაუტეხა ტელეფონი და ტელევიზორი, რაც შემდეგ ს----ის მშობლებმა აუნაზღაურეს. მეორე დღეს აიძულა, ჩაებარებინა ოქრო და მისთვის შეეძინა ქურთუკი. 12 იანვარს ს--------------მა ვერ იპოვა კუთვნილი ტელეფონი და მას დააბრალა - შენ აიღე და დამალეო, რაზეც კვლავ იჩხუბეს. ს----ი არ აძლევდა უფლებას საცხოვრებელი ბინის კარები გაეღო მეგობრებისა და სახლის მეპატრონისთვის. იმავე პერიოდში ს--------------მა მუქარით წაიყვანა საუნაში და ჩილიმ ბარში. ინტერნეტით სარგებლობის მიზნით, 12-13 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც იყვნენ. ს--------------მა მას (დაზარალებულს) მკითხველის ბარათიც ააღებინა, სადაც დაზარალებულს ფოტოზე აღენიშნება სილურჯე. 14 იანვარს ს--------მა მას (მ------------–---–ს) მისცა საშუალება, სოფლიდან წამოეყვანა შვილი და როცა დაზარალებული თბილისში დაბრუნდა, სახლის კარები დატოვა ღია. მას (დაზარალებულს) იმავე დღეს შესაძლებლობა მიეცა, ენახა მეგობარი - ც----------------–ი და სთხოვა დახმარება, რომ დაერეკა პატრულში. ს--------------მა როგორც ც----------------–ს, ასევე პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მ------------–---–ი თავად ცემა.

 

მოწმის სახით დაკითხული ც----------------–ის განმარტებით, მ------------–---–ის მეგობარია. მისთვის ცნობილია, რომ მ------------–---–ზე ს--------------ი ხშირად ძალადობდა. 2018 წლის 10 იანვარს მ--- დედამისთან სახლში იყო მისული კაბის ზომის ასაღებად. მ--- ნერვიულობდა და ჩქარობდა სახლში წასვლას. მეორე დღეს მას (ც----------------–ს) დაურეკა ი------------ემ და უთხრა, რომ მ---ს ჰქონდა პრობლემები და აუცილებლად ენახა. იმავე დღეს მ------------–---–ის სახლში მას კარი არ გაუღეს. მ--- არც ტელეფონზე პასუხობდა. 12 იანვარს მ---მ მის ზარს მოკლედ უპასუხა - „ქმართან ერთად ვარო“ და გაუთიშა ტელეფონი. 13 იანვარს ისევ მივიდა მეგობართან და კარები ისევ არ გაუღეს. მოგვიანებით კვლავ მივიდა მ---ს მოსანახულებლად, კარი დახვდა ღია და ნახა საშინელი სურათი - მ------------–---–ი იყო უმოწყალოდ ნაცემი. მეორე დღეს მ--- გორში წავიდა ბავშვის ჩამოსაყვანად და სთხოვა მასთან საღამოს სახლში მისულიყო. 14 იანვარს გვიან მივიდა მ---სთან და ნახა, რომ მ--- და ს--------------ი ჩხუბობდნენ, ს--------------მა დაუდასტურა, რომ მ---მ თავისი საქციელით დაიმსახურა ცემა. მ--- იყო ცუდად და კანკალებდა, წამალი დაალევინა და მ---ს თხოვნით, მომხდარი ფაქტის შესახებ ტელეფონით აცნობა პოლიციას. ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა ს--------------ი დააკავეს.

 

მოწმე ი------------ის განმარტებით, არის მ------------–---–ის მეგობარი. გადმოცემით იცის, რომ ს--------------ი იყო მ---ს მეუღლე. მუშაობს ბათუმში და ს--------თან, გარდა სატელეფონო საუბრისა, სხვა კონტაქტი არ ჰქონია. ს----ს არც ვიზუალურად იცნობს. როცა თბილისში ჩამოდიოდა მ---ს სახლში, ს----ი მას (მოწმეს) იქ არ უნახავს. მ------------–---–ისგან იცოდა, რომ ს----ი ეჭვიანობის ნიადაგზე ეჩხუბებოდა და ფიზიკურად ძალადობდა. 2018 წლის 14 იანვარს მ---მ ე.წ. მესინჯერით გაუგზავნა სურათი, სადაც ეს უკანასკნელი იყო ნაცემი და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების - მ-------------–---–ისა და გ----------------–--–--ის ჩვენებებით, 2018 წლის 14 იანვარს, მიღებული იქნა შეტყობინება, რომ დ------------–------------------------------–---–------------------------------ში ქალბატონს შეყვარებული აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ადგილზე მისულებს ბინაში დახვდათ მ------------–---–ი, მისი მცირეწლოვანი შვილი, მეგობარი ც----------------–ი და ს--------------ი. დაზარალებულმა მათ (მოწმეებს) განუცხადა, რომ ს--------------ი იყო მისი შეყვარებული და ამ უკანასკნელთან იმყოფება არარეგსტრირებულ ქორწინებაში. მ------------–---–ს სახეზე აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაზეც დაზარალებულმა განაცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა ს--------------მა. მომხდარის გამო შეადგინეს ოქმი და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ს--------------მა არ უარყო, რომ მ------------–---–ი არასათანადო ქცევის გამო ცემა.

 

მოწმე მ-----–------------–---–მა (ინსპექტორ-გამომძიებელი) სასამართლოში აჩვენა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, 112-ის საშუალებით მიიღეს შეტყობინება დიღომში, საუნივერსიტეტო დასახლებაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომლის ინიციატორი იყო დაზარალებულის მეგობარი ც----------------–ი. ადგილზე მისულებს დახვდათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მ------------–---–მა სახეზე არსებულ ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 10-13 იანვრის პერიოდში, ს--------------ი სისტემატურად ძალადობდა მასზე. გამოძიების ფარგლებში დაზარალებულმა წარუდგინა ფოტოსურათები, დაინიშნა ექსპერტიზა და გამოიკითხნენ მოწმეები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებით, 2018 წლის 15 იანვარს, მოქ. მ------------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევის და ნაკაწრის სახით. დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. მ------------–---–ს მარცხენა თვალბუდის მიდამოში გარდამავალი მარცხენა ყვრიმალის და ლოყის მიდამოებზე აღენიშნება უსწორი ფორმის, კონტურებწაშლილი მოლურჯო-მომწვანო კიდეებზე მოყვითალო ელფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 9X4,5 სმ. ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: მარჯვენა ლოყის მიდამოში, ზომით 2,5X3 სმ, მარცხენა ქვედა ყბის მიდამოში ქვედა ყბის ასწვრივი ტოტის საპროექციოდ, ზომით 4,5X5 სმ, მარცხენა წარბის მიდამოში, ზომით 1X1,5 სმ; ქვედა ტუჩის ლორწოვანზე მარცნივ ქვედა ყბის მე-3-4 კბილების საპროექციოდ აღინიშნება უსწორო ფორმის ღია მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა, ზომით 1,2X5 სმ. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მე-5 ნების ძვლის საპროექციოდ აღინიშნება დასწვრივად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, კანის დონიდან წამოწეული მოყავისფრო ფუფხით დაფარული ნაკაწრი, ზომით 1,5X0,1სმ. ნაკაწრის კიდეებზე ფუფხი მოთეთრო ფერისაა, მორგვისებურადაა შემრგვალებული და აცლილია, აღნიშნულ მიდამოებში კანი მუქი ვარდისფერი შეფერილობისაა. თავის მტევნების მიდამოებში გარეგნულად მექანიკური დაზიანების სხვა რაიმე ნიშნები არ აღინიშნება. შესამოწმებლის გადმოცემით - 2018 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 24 საათზე, შეყვარებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კონსტანტინე ცქიტიშვილმა. მანვე განმარტა, რომ დაზიანებები ალაგებამდე განიცდის გარკვეულ მორფოლოგიურ ცვლილებებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მ------------–---–ისათვის მიყენებული დაზიანებები შესწავლილი იქნა დროის მიხედვით, რითაც შეფასდა კიდეც ხანდაზმულობა. ამასთან, დაზიანების სხეულზე არსებობა ინდივიდუალურია და მაქსიმალური დრო, რაც შეიძლება სხეულზე იარამ იარსებოს, არის ორი კვირა.

 

2018 წლის 18 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, ინსპექტორ- გამომძიებელ მ-----–------------–---–ის მიერ მ------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერდა მ------------–---–ის მიერ საქმეზე დასართავად განცხადებით წარმოდგენილი ფოტოსურათები. კერძოდ, მ------------–---–მა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად წარმოადგინა 7 (შვიდი) ცალი ფოტოსურათი, ზომით 15X10 სმ-ზე, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორი დაზიანებები მიაყენა მას 2018 წლის 10 იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში მისმა მეგობარმა მამ---ცმა - ს--------------მა. ფოტოსურათებზე გამოსახულია ქალბატონის სახე სხვადასხვა ხედით, ორივე პროფილსა და ანფასში, რომელსაც ორივე თვალისა და სახის ორივე მხარეს აღენიშნება დალურჯებები და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიღებული დაზიანებები. მ------------–---–ის განმარტებით, ფოტოსურათებზე აღბეჭდილია თვითონ და ფიზიკური დაზიანებები მიყენებული აქვს 2018 წლის 10 იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ს--------------ის მიერ.

 

დაცვის მხარის მოწმის ისა ს--------ის განმარტებით, ს--------------ი არის მისი შვილი და მათი ტრადიციების გათვალისწინებით, არაფერი მათ შორის დამალული არ არის. ს----ს შეყვარებული ჰყავდა სოფელში და ელოდებოდნენ სწავლის დამთავრებას, რათა შვილი დაექორწინებინა. 2018 წლის 10 იანვარს, ს----ი იყო მათთან სახლში და შვილი თ--–-----------ის მანქანით თბილისში გააცილა 13 იანვარს. მოწმე თ--–-----------ის განმარტებით, 2017 წლის 31 დეკემბერს ისა ს--------მა დაპატიჟა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ს--------------იც. მოწმე ს----ს თითქმის ყოველდღე ნახულობდა სოფლის ბირჟაზე. მოწმე ს---- ს--------ის ჩვენებით, 2017 წლის 31 დეკემბერიდან 13 იანვრის ჩათვლით, ს--------------ს ყოველდღე ნახულობდა. 13 იანვარს ს----ი მას დაემშვიდობა და თბილისში წავიდა.

 

ს--------------ის განმარტებით, მ------------–---–თან ჰქონდა მხოლოდ ქალ-ვაჟური ურთიერთობა. მ--- გაიცნო საუნაში და მას პერიოდულად ხვდებოდა. მისთვის (ს--------------ისათვის) ცნობილი იყო, რომ მ------------–---–ი თავს ირჩენდა მეძავობით და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ხვდებოდა მის ნაცნობ-მეგობრებსაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით ის (ს--------------ი) მსჯავრდებული იქნა მ------------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე და მას შემდეგ ცდილობდა თავი აერიდებინა დაზარალებულთან ერთიერთობისთვის, რის გამოც ტელეფონის ნომერიც კი შეცვალა. მ------------–---–მა გაარკვია მისი სამუშაო ადგილი და იქ მიაკითხა. მ--- ეცადა დაერწმუნებინა, რომ სურდა ურთიერთობის აღდგენა და გარკვეული პერიოდულობით ისინი ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბრალად წარდგენილ პერიოდში მ---ს მიმართ განხორცილებული ძალდობის ფაქტები არ ჩაუდენია. როდესაც მ--- გორიდან ჩამოვიდა, სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც, შესაძლებლია, მის ყოფილ მეუღლესაც მიეყენებინა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ მიცემული, ს--------------ის მამხილებელი თანმიმდევრული ჩვენება სრულ თანხვედრაშია როგორც საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან, ისე მის მიმართ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს, აღნიშნული ჩვენება არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, თითოეული მათგანი არსებითად ეწინააღმდეგება საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ ნეიტრალურ მოწმეთა ჩვნებებს და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის განმარტება მისი უდანაშაულობის შესახებ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ს--------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოთხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ს--------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ს--------------ისა და მ------------–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულთან მის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე ცხოვრობდა, რის შესახებაც მხოლოდ მისი მეგობრებისათვის იყო ცნობილი. ბრალდების მხარე აპელირებს მოწმე ი------------ის ჩვენებაზე, რომლის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ ს--------------ი მ------------–---–ის მეუღლეა. მოწმე ც----------------–ის განმარტებით, როდესაც მ------------–---–ს დაურეკა, მან უპასუხა - ,,ქმართან ერთად ვარო“.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ არასწორია ს--------------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია ბრალდების დადგენილებაში მითითებული სახით (საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი), რადგან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) მითითება მაშინ არის აუცილებელი, როცა დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ანუ, როცა დანაშაულის სუბიექტი და მსხვერპლი არიან ოჯახის წევრები. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტი ს--------------ი და მსხვერპლი მ------------–---–ი არ უნდა ჩაითვალონ ოჯახის წევრებად, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად (ჩამოთვლილ სხვა პირებს შორის) ითვლება: მეუღლე; ყოფილი მეუღლე; არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი; ნებისმიერი სხვა პირი, რომელთანაც მუდმივად ეწევა ან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვყავს ზემოჩამოთვლილი არც ერთი პირი. როგორც ს--------------ი, ისე დაზარალებული უარყოფს, რომ ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათი არც განქორწინება მომხდარა. ისინი ერთმანეთთან არ იმყოფებოდნენ არც არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რადგან ასეთად შეიძლება ჩაითვალოს იმ პირთა კავშირი, რომლებიც ცხოვრობენ ერთად (ფაქტობრივი მეუღლეები), თუმცა ქორწინება არ არის იურიდიულად რეგისტრირებული. ასევე ისინი არასოდეს ეწეოდნენ (ან ეწევიან) ერთიან საოჯახო მეურნეობას, რადგან ასეთად შეიძლება ჩაითვალოს იმ პირთა ცხოვრება, რომლებიც ცხოვრობენ ერთად ან ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად ეწევიან ოჯახურ ცხოვრებას. საქმის მასალათა ერთობლივი ანალიზით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს--------------ს და დაზარალებულ მ------------–---–ს ერთმანეთთან ჰქონდათ მხოლოდ ახლო მეგობრული, სასიყვარულო ურთიერთობა და არა ცოლ-ქმრული კავშირი (არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი), ანდა ერთიანი საოჯახო მეურნეობა, რის გამოც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრებად არ უნდა იქნან მიჩნეული, ხოლო იმის გამო, რომ საქმე არ გვაქვს ოჯახის წევრებთან, ს--------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან სავსებით სამართლიანად ამოერიცხა მე-111 მუხლზე მითითება.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს--------------მა ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I2 ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსულში მისი ნასამართლობა, ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელის გამოსაცდელ ვადაში და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ ს--------------ისათვის რეციდივის წესით და შემდგომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ს--------------ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს--------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ს--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–------------------ის

სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი ს--------------ის მიმართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

ს--------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის I2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I2 ნაწილზე (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

ს--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი და ს--------------ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ს--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ს--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 იანვრიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე