განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002313222
საქმე №3ბ/2588-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ ონიანი
მოსამართლეები - მანანა ჩოხელი
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-–--------ე
წარმომადგენლები - თ-------–-----, ნ-----–----–-----ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ლ-–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის M------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის (შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------“) მიერ ლ-–--------ის სახელზე გაცემული ნ-------- დიპლომის (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
1.2.1. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით (სარეგისტრაციო N2/8-174) რეგისტრირებულ იქნა შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–-------------ის ი------------“. (ს.ფ. 121).
1.2.2. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2002 წლის 11 ოქტომბერს შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–-------------ის ი------------ს“ სახელზე გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N--------- ლიცენზია. (ს.ფ. 87).
1.2.3. 2006 წლის 15 სექტემბერს შპს „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის“ (შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------“) მიერ ლ-–--------ის სახელზე გაიცა ნ-------- დიპლომი (სარეგისტრაციო N---) მასზედ, რომ ლ-–--------ე 2003 წელს შევიდა ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–-----–---ში, 2006 წელს დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების სრული კურსი პროფესიით „გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა სარკინიგზო ტრანსპორტზე“ და 2006 წლის 21 ივლისის სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა სადგურის მორიგის კვალიფიკაცია. (ს.ფ. 78).
1.2.4. 2017 წლის 22 დეკემბერს ლ-–--------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის (შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------“) მიერ ლ-–--------ის სახელზე გაცემული ნ-------- დიპლომის (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. (ს.ფ. 74-78).
1.2.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ლ-–--------ის 2017 წლის 22 დეკემბრის განცხადების განხილვის ფარგლებში 2017 წლის 25 დეკემბერს M------------- წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურს, რომელსაც გაეგზავნა შპს „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის“ მიერ ლ-–--------ის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და ეთხოვა, ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის (ბეჭედში მითითებულია - შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------“ (ს/კ 2--------)) საგანმანათლებლო სტატუსის შესახებ 2003-2006 წლების მდგომარეობით ინფორმაციის მიწოდება. (ს.ფ. 79).
1.2.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 იანვრის M------------- სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით საგანმანათლებლო დაწესებულება სახელწოდებით - „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ი“ არ იძებნება. ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით საიდენტიფიკაციო კოდით - 2-------- რეგისტრირებულია შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------“, რომელზეც საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 11 ოქტომბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N--------- ლიცენზია. (ს.ფ. 80-81).
1.2.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ლ-–--------ის 2017 წლის 22 დეკემბრის განცხადების განხილვის ფარგლებში 2017 წლის 25 დეკემბერს M------------- წერილით მიმართა სსიპ ს----------–-------------------------------ს, რომლითაც აღნიშნულ უნივერსიტეტს გაეგზავნა შპს „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის“ მიერ ლ-–--------ის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და ეთხოვა, კორესპონდენციის მიღებიდან 5 დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლ-–--------ის ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულების, აგრეთვე მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. (ს.ფ. 82).
1.2.8. სსიპ ს----------–--------------------------------ის 2018 წლის 17 იანვრის N------------- წერილით ცენტრს ეცნობა, რომ ს----------–--------------------------------ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ინფორმაციით, ლ-–--------ის ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ში სწავლის ფაქტისა და მის სახელზე გაცემული დიპლომის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძებნა. (ს.ფ. 160).
1.2.9. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის M------------- გადაწყვეტილებით ლ-–--------ეს უარი ეთქვა შპს „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის“ (შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------“) მიერ მის სახელზე გაცემული ნ-------- (სარეგისტრაციო N---) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. (ს.ფ. 83-86).
1.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
1.3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის M------------- გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლის კანონშესაბამისობაც უნდა შემოწმდეს განსახილველი დავის ფარგლებში.
1.3.2. საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-6, მე-7, 35-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, განათლების მიღების უფლება არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, მაგრამ გულისხმობს ყოველი პირისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-3, 25-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველ, მე-3 მუხლებზე და აღნიშნა, ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
1.3.4. სასამართლომ მიუთითა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია არის პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით.
მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით საგანმანათლებლო დაწესებულება სახელწოდებით - „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ი“ არ იძებნება. ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით საიდენტიფიკაციო კოდით 2-------- რეგისტრირებულია შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------“, რომელზეც საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 11 ოქტომბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N--------- ლიცენზია.
1.3.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების აღიარებაზე უარი, რაც სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.
კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლომ მიუთითა, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას დაინტერესებული მხარის - მოსარჩელის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს განათლების მიღების ფაქტი.
1.3.6. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სადავო აქტის გამოცემისას არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ სასწავლებელი იყო პასუხისმგებელი პირის სასწავლებელში ჩარიცხვაზე იმ პირობებში, თუ ის სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია ლ-–--------ის 2003 წელს ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ში (სამტრედიის ფილიალი) ჩარიცხვისა და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოცდის ჩაბარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის (შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------“) მიერ ლ-–--------ის სახელზე გაცემული ნ-------- დიპლომის (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი აღნიშნავს, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებაში იმ ფაქტის მითითებისა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით საგანმანათლებლო დაწესებულება სახელწოდებით - ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ი არ იძებნება და ს----------–--------------------------------ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ინფორმაციით, ლ-–--------ის ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–-----–---ში სწავლის ფაქტისა და მის სახელზე გაცემული დიპლომის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძებნა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი.
აპელანტის მოსაზრებით, „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, არ არსებობს ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ის თუ შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------ს“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სადავო დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. სასამართლომ დაარღვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის პირობებს, რადგან ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფრომალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო კანონდმებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.
აპელანტი აღნიშნავს, სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ"). ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრია. სასამართლომ მიუთითა ცენტრის არსებობის რეალურ მიზნებსა და ამოცანებზე, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებზე, თუმცა არ გაითვალისწინა ისინი.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ლ-–--------ის საქმეში მთავარ პრობლემას წარმოადგენს თავად ფაქტი, რომ დაწესებულება სახელწოდებით - „შპს ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ი“ ახორციელებდა საგანმანათლებლო საქმიანობას შესაბამისი ნებართვის - ლიცენზიის გარეშე. ამასთან, დაწესებულების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. დღეის მდგომარეობით კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებულია შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისთვის შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებრივი ქმედებების დადგენის მიზნით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რითიც დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ცენტრმა და რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო აქტი. სასამართლო გადაწყვეტილება კი ნორმათა არასწორი გამოყენებისა და ინტერპრეტაციის შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის არგამოყენების ტოლფასია. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ლ-–--------ის კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ს----------–-------------ის ინსტიტუტს ცენტრში არ წარუდგენია ჩარიცხულ პირთა სია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, არ გაუვლია ავტორიზაცია და არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ამასთანავე, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალს ს----------–-------------ის ინსტიტუტს არ გააჩნია არანაირი კავშირი შპს „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–-----–---თან“, რომლის მიერაც არის გაცემული სადავოდ გამხდარი დიპლომი.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომი ექვემდებარება დადასტურებას, რადგან მოსარჩელე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ადასტურებს პირის სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის მიღების ფაქტს და არა მის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2006 წლის ჩათვლით პროგრამის გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. აპელანტი აღნიშნავს, რომ დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც, შესაძლებელია კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ, დიპლომს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნება. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი კი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, აპელანტის განმარტებით, დაინტერესებულ მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, რომელთა დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. ამასთანავე, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ცენტრი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. აპელანტი მიუთითებს, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, მას ფაქტობრივად არ ჰქონდა შესაძლებლობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრი იმოქმედებდა იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა რამდენიმე პოზიტიური ან რამდენიმე ნეგატიური გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის შერჩევით, რასაც საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ნორმატიული აქტი ცალსახად უთითებს, რომ თუ განათლება მიღებულია და კვალიფიკაცია მინიჭებულია არალიცენზირებულ პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ რეჟიმში, ცენტრს გააჩნია ერთადერთი სახის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება - არ აღიაროს პირის განათლება.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები. აპელანტი აღნიშნავს, რომ ცენტრს არავისთვის აუკრძალავს განათლების სასურველი ფორმით სასურველ დაწესებულებაში მიღება, თუმცა რამდენად მოხდება ამ განათლების სახელმწიფო დონეზე აღიარება დამოკიდებულია კონკრეტულ საკანონმდებლო დანაწესებზე, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულბაც სწორედ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრია. სწორედ ამიტომ, ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების მითითება, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე.
აპელანტი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლებზე. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, განათლების სფეროში არსებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა განამტკიცებს განათლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული, განხორცილებული და პატივცემული. ამავდროულად, სახელმწიფო შიდა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნების დაცვითა და შეჯერებით. აპელანტი თვლის, რომ ზემოხსენებულ ჩარჩო ნორმებზე აპელირებით, სასამართლო განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესს“ მოიაზრებს, ამგვარი განმარტება კი ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი შინაარსი. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფოს მხრიდან აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია და დაადგინა დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლოც.
სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „ს----------–-------------ის“ 2012 წლის 21 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით ს----------–-------------ის სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–-------------ის ი------------“.
საქართველოს განათლების სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის M------------- წერილს თან ახლავს განათლების დარგის ობიექტების საშუალო სასწავლებლების, მათ შორის, სხვა სისტემის საშუალო სპეციალური სასწავლებლების ჩამონათვალი, სადაც აღნიშნულია თ---–--------------------------------------–----; ასევე რკინიგზის დეპარტამენტს დაქვემდებარებული დასაფუძნებელი სასწავლებლების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია თ---–---------------- პ------------–------–---ი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 12 აპრილის N486/დტ;355/ტრ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ლ-–--------ის სახელზე შევსებული ნ-------- დიპლომის ჩანაწერში - „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–-----–---ში“ - ბოლო სიტყვაში „კოლეჯში“ ორ ასოზე დატანილია საღებავის დამატებითი შტრიხები და პირვანდელი, სავარაუდო ჩანაწერი „კოლი-ში“ გადაკეთებულია ჩანაწერად „კოლეჯში“. ჩანაწერში - „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–-----–---ში“ ამოშლის ან ამოფხეკის კვალი არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილი დიპლომის ორი ფრაგმენტი განცალკევებამდე წარმოადგენდა ერთ მთლიან შემადგენელ ნაწილს.
დადგენილია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ლ-–--------ის მიერ დიპლომის გაყალბების ფაქტზე.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირ და უშუალო ინტერესს დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელწიფოს შექმნა წარმოადგენს, რაც, რა თქმა უნდა, ადექვატური განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. განათლების უფლების რეალიზება პირის ინდივიდუალურ ინტერესს, ამავდროულად, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს.
განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საზოგადოებაში საღი აზრის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწიფოს ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე, განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს. განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი, შექმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი, თუკი ამის სურვილი ექნება და ა.შ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ, ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტით საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების უფლებამოსილება მიენიჭა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, ამავე კანონის 25-ე მუხლით კი განისაზღვრა ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია არის პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით.
მაშასადამე, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდის, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით საგანმანათლებლო დაწესებულება სახელწოდებით - „ს----------–-------------ის ი------------ს პ------------–------–---ი“ არ იძებნება. ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, საიდენტიფიკაციო კოდით 2-------- რეგისტრირებულია შპს „ს----------–--------------------–---–-------------–-----------------------------“, რომელზეც საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 11 ოქტომბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N--------- ლიცენზია. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის M------------- წერილს თან ახლავს განათლების დარგის ობიექტების საშუალო სასწავლებლების, მათ შორის, სხვა სისტემის საშუალო სპეციალური სასწავლებლების ჩამონათვალი, სადავ აღნიშნულია თ---–--------------------------------------–----; ასევე რკინიგზის დეპარტამენტს დაქვემდებარებული დასაფუძნებელი სასწავლებლების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია თ---–---------------- პ------------–------–---ი. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ რკინიგზის ი------------ს პ------------–------–---ის ბეჭედზე მითითებულია სწორედ ს----------–-------------ის ი------------, რაც სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტირს 2017 წლის 25 დეკემბრის წერილითაც დასტურდება (ს.ფ. 79). ამდენად, მართალია, სადავო დიპლომში ორგანიზაციის სახელი სწორად არ არის მითითებული, მაგრამ დასტურდება მისი კავშირი ლიცენზურებულ ინსტიტუტთან.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში სასამართლო ვალდებულია, ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსის გათვალისინებით, არსებობს იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად სასამართლომ სწორედ აღნიშნა, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომელიც შეიძლება არსებობდეს როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით ამ უფლების მატარებელს უფლება აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, 601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას, მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - ლ-–--------ემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორედ მიუთითა, რომ აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც გულისხმობს მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: თამარ ონიანი
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი
გიორგი ტყავაძე