განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2019
საქმის ნომერი
330310018002754467
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002754467

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე№3ბ/855-19 28 ივნისი, 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

აპელანტი - დ---------------–--ე;

წარმომადგენელი: მ----------–--–--–---–-;

მოწინააღმდეგე მხარეები -

1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი: გ--------------–-–---–-;

2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

წარმომადგენელი: გ---------------–---–-;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;

1.სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დ---------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დ-------- ე-–--------- ძე ჯ----–--ე 2014 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ამასთან, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანებით, დ-------- ე-–--------- ძე ჯ----–--ე დაინიშნა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N6----- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მოადგილე დ-------- ე-–--------- ძე ჯ----–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N1------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მოადგილე დ-------- ე-–--------- ძე ჯ----–--ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 15 ივლისიდან.

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, არამედ მითითებული საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, მხოლოდ დასადგენია გარემოება - წარმოადგენს თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს თუ არა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არარად.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე იმსჯელა გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - დ---------------–--ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.

 

ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო მე-20 მუხლის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, კერძოდ: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

 

მითითებული დებულების მე-5 მუხლის პირველი თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, რომლის უფროსიც, ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმავდროულად არის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურეები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად, ხოლო 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული წესი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებსა და წესს ისევე არეგულირებს, როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, საჯარო მოხელე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. ამავე წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება, რომელიც აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელიც ამავე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით: ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით; ლ) სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, თუმცა ეს ავტომატურად არ გამორიცხავდა ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ან მის მიერ განსაზღვრულ პირს. სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაპყრო ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისი მინისტრი, წარმოადგენს ერთიან სისტემას და იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით. ასევე, ერთიანი სისტემაა პოლიციაში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, პოლიციის სამსახურები უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს პოლიციის სამსახურებში და ზოგადად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (ან მის მიერ განსაზღვრული პირი) უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N6----- და 2018 წლის 17 ივლისის N1------ ბრძანებების არარად აღიარების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 331 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამრიგად, ასევე, დაუსაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, რასაც ადგილი არ აქვს, კერძოდ, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ და მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.

 

5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი პირია მიიღოს გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

აპელანტი მიუთითებს სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველსა და მეორე ნაწილებზე, რომლებზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო მოიხმობს მხოლოდ კანონდებლობაში არსებულ ზოგად ნორმებს, თუმცა ვერ უთითებს ვერც ერთ კონკრეტულ ნორმაზე, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა მინისტრს გააჩნია უფლებამოსილება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებაზე და აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე აპელანტი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის დანიშნვნა/გათავისუფლებაზე ვრცელდება მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსზე და ამ შემთხვევაშიც კი ამ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინების მიუხედავად იღებს პრემიერ-მინისტრი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის მოსაზრებით, მისი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმებას უნდა დაექვემდებაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შედეგად კი მოსარჩელე უნდა აღდგეს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე და მიეცეს სრული განაცდური სამსახურეობრივი სარგოს ოდენობით.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების საფუძველზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი შესწავლის საფუძველზე ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით, სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ---------------–--ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად - მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ასევე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას, სტრუქტურას და საქმიანობის ორგანიზებას, კერძოდ, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემრის №995 ბრძანების 71-ე მუხლში არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას.

 

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანების მე-7 მუხლი განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს, კერძოდ, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს, ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება მოპასუხეთა პოზიციას, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. ასევე ეთანხმება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალ საკითხებს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხიმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ მინისტრი, ზემოთ მითითებული უფლებამოსილების განხორცილებისას შეზღუდულია კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით.

 

მოცემულ შემთთხვევაში სადაო არ არის, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.

 

შესაბამისად, მოსარჩელე - დ---------------–--ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი განსაზღვრავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად ცნობის საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის- სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას - საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, ხოლო არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N6----- ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N1------ ბრძანება მიღებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.

 

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დ---------------–--ე აღდგება საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტები ცნობილი იქნა არარად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. დ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ---------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

არარად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N6----- ბრძანება მოადგილე დ-------- ე-–--------- ძე ჯ----–--ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; არარად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N1------ ბრძანება დ-------- ე-–--------- ძე ჯ----–--ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ-------- ე-–--------- ძე ჯ----–--ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; მოსარჩელეს აუნაზღაურდეს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (განაცდური) გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე