განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2019
საქმის ნომერი
190100118002514136
ინსტანცია
თარიღი
10.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002514136

საქმე №1ბ/874-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების:თ------------------ს, ქ--------------ის

ადვოკატის: ლ--–--------–---–ის

მსჯავრდებულის: ნ-----–----------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ-----–----------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ნ-----–----------ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ----------–------–------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–----------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ-----------–------–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში, გაშლილი ხელის მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში დარტყმით ნ-----–----------ემ სცემა მ----–------------ე. დარტყმის შედეგად მ----–------------ემ მიიღო სისხლჩაქცევები გულმკერდის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დარტყმის შედეგად მ----–------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით:

 

ნ-----–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ-----–----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ--–--------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა ნ-----–----------ის მიმართ გამოტანილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ-----–----------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი ნ-----–----------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა ნ-----–----------ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ-----–----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ დასტურდება ნ-----–----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულ მ----–------------ისა და მისი შვილის ჩვენებები სხვა მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთსაწინააღმდეგოა. დაცვის მხარემ თავის სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მ----–------------ეს მართლაც აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ მათი მოსაზრებით, ეს ფაქტი უტყუარად ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოცემული დაზიანებები დაზარალებულს ნ-----–----------ემ მიაყენა. დაცვის მხარე აღნიშნული არგუმენტის გასამყარებლად იყენებს ექსპერტ გ----------------–---–ის ჩვენებას, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს დაზიანებების მიყენების შესაძლებლობას თავად დაზარალებულის მიერ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, არ ეთანხმება რა აპელანტის პოზიციას, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ-----–----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ----–------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 12 მაისს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, შვილთან - ლ------------ესთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს ქ----------–------–------------------------------------------ში. მას (მ----–------------ეს) ტელეფონით დაუკავშირდა ნ-----–----------ე და სთხოვა მასთან სახლში მისულიყო, რაზეც უარი განუცხადა. აღნიშნული სატელეფონო ზარიდან მალევე სახლის კარზე გაისმა კაკუნის ხმა. კარის გაღებისას დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–----------ე, რომელმაც მას (დაზარალებულს) მარცხენა ხელში წაავლო ხელი და უთხრა, რომ გაჰყოლოდა, რადგან მისი (დაზარალებულის) მეუღლე მ--–---------------–---–ი იმყოფებოდა ნ-----–----------ესთან სახლში. მან (დაზარალებულმა) უარი განუცხადა ნ-----–----------ეს სახლში გაყოლაზე და შებრუნდა მისაღებ ოთახში, სადაც შეჰყვა ნ-----–----------ე, რომელიც გაიძახოდა - „შენ ამ სახლს არცხვენ“, „შენისთანებს ამ სახლში რა უნდათო“, იმავდროულად, ნ-----–----------ე თმაში წვდა მას (მ----–------------ეს) და ხელი ჩაარტყა გულმკერდის არეში, რასაც შეესწრო მისი (მ----–------------ის) მცირეწლოვანი შვილი - ლ------------ე. ხმაურზე სადარბაზოში გამოვიდნენ მეზობლები - ნ------------ე და ი-------------ე. ინციდენტიდან მალევე, დაახლოებით 10 წუთში, სახლში დაბრუნდა მისი (დაზარალებულის) მეუღლე მ--–---------------–---–ი, რომელმაც ნ-----–----------ე წაიყვანა სახლში, ხოლო თვითონ (მ----–------------ემ) აღნიშნული ინციდენტის შესახებ განაცხადა 112-ში. გაწევ- გამოწევაში ვერ იგრძნო ნ-----–----------ისგან ცხვირში დარტყმა, თუმცა მეორე დღეს ცხვირის მიდამოებში სილურჯეები აღენიშნებოდა. ასევე გრძნობდა გულმკერდის არეში ტკივილებს ერთი კვირის განმავლობაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ლ------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 12 მაისს, დედასთან - მ----–------------ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დედამისის ტელეფონზე დარეკა ნ-----–----------ემ და მოსთხოვა ასულიყო მასთან სახლში, რაზეც მ----–------------ე არ დათანხმდა. აღნიშნულიდან 5 წუთში, მათთან სახლში მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–----------ე და დაიწყო კარებზე ბრახუნი. კარების გაღებისთანავე ნ-----–----------ე შევიდა მათთან სახლში და მ----–------------ეს მოსთხოვა მასთან გაყოლა, რაზეც მ----–--ამ კვლავ უარი განუცხადა. ნ-----–----------ეს მ----–------------ისაგან უარი არ ესიამოვნა, რის გამოც დაუწყო გინება და ყვირილი, ამასთანავე, თმაში მოკიდა ხელი, ცხვირში დაარტყა და გულთან დაკაწრა, რის შედეგადაც მ----–------------ეს სისხლიც კი წამოუვიდა. იგი (ლ------------ე) თავად შეესწრო მომხდარს და ამის გამო იყო შეშინებული და იტირა. ინციდენტის დროს მ--–---------------–---–ი სახლში არ იმყოფებოდა და მომხდარის შემდეგ მ----–------------ემ დაუძახა აივნიდან, რის შემდეგაც მ--–---------------–---–მა ნ-----–----------ე წაიყვანა სახლში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა ი-------------ემ აჩვენა, რომ 2018 წლის 12 მაისს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც სადარბაზოდან შემოესმა ხმაური, როდესაც გავიდა სადარბაზოში, შეესწრო ნ-----–----------ისა და მ----–------------ის შელაპარაკებას. მოწმემ განმარტა, რომ მათი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაიკითხა ნ------------ე, რომელიც მ----–------------ის მეზობელია და ცხოვრობს იმავე სართულზე. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 12 მაისს, პირადად შეესწრო ნ-----–----------ისა და მ----–------------ის შელაპარაკებას, რაც გაგრძელდა დაახლოებით 3 წუთს. ამ დროს მ----–--ა იდგა თავისი საცხოვრებელი სახლის კარებთან, ხოლო ნათელა - სადარბაზოში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი არ შესწრებია მათი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #003378118 დასკვნის თანახმად, მ----–------------ეს პირადი გასინჯვით აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები ცხვირზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–მა. ექსპერტმა ასევე დამატებით დასმულ კითხვაზე განმარტა, რომ დაზარალებულზე არსებული დაზიანებები თავისი განლაგებითა და ლოკალიცაზიით მდებარეობს სხეულის ისეთ ადგილებში, რაც არ გამორიცხავს მისი მიყენების შესაძლებლობას თავად დაზარალებულის მიერ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–----------ემ დაზარალებულ მ----–------------ის მიმართ განახორციელა ცემა, რითაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ნ-----–----------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ნ-----–----------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე მ----–------------ისა და ლ------------ის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას. პალატა აცხადებს, რომ დაზარალებული და უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმე ლ------------ე მტკიცების საგანთან მიმართებით საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით, ერთნაირად გადმოსცემენ მომხდარი ინციდენტის დეტალებს, მათი ჩვენებები ურთიერთშეთავსებადი და ლოგიკურია, ამასთან, შესაბამისობაშია წერილობით მტკიცებულებასთან - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. ასევე სასამართლოში მოწმედ დაკითხული მეზობლები - ი-------------ე და ნ------------ე მიუთითებენ, რომ სადარბაზოში შემოესმათ ხმაური და ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ შეესწრნენ ნ-----–----------ესა და მ----–------------ეს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას. მართალია, ი-------------ე და ნ------------ე არ შესწრებიან ნ-----–----------ესა და მ----–------------ეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, თუმცა პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულებებით დადგენილ საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოწმეები - ი-------------ე და ნ------------ე მხოლოდ ხმაურზე გამოვიდნენ გარეთ, რა დროსაც კონფლიქტი მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის უკვე მიმდინარეობდა სიტყვიერად. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგნის თვალსაზრისით ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს ისეთი ცდომილება და ურთიერთწინააღმდეგობა, რომელიც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა და პალატას ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა ნ-----–----------ის ბრალეულობაში.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-----–----------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. სასჯელის დანიშვნისას პალატა იმავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–----------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ნ-----–----------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ-----–----------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–--------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი ნ-----–----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ნ-----–----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ-----–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე