განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.09.2019
საქმის ნომერი
330310018002774948
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1053-19

N330310018002774948

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ი--------–--ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ-----------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ხ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის №M--------------- გადაწყვეტილება მოსარჩელე ხ-----------–---–ისათვის სამხედრო სამსახურის საერთო პერიოდში 1993 წლის 20 ივლისიდან, 1996 წლის 4 აპრილამდე ნამსახურები წლების ჩათვლაზე, ნამსახურების წლების გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემა, სადაც მოსარჩელე ხ-----------–---–ის სამხედრო სამსახურში წელთა საერთო ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრება 20 წლით და 1 თვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით; დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ხ-----------–---–ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით; ადვოკატის მომსახურების ხარჯის, დანარჩენ ნაწილში ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. მოსარჩელე ხ-----------–---–ი 1986 წლის 14 ნოემბრიდან, 1988 წლის 6 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხედრო ძალებში კურსანტ-მექანიკოსის თანამდებობაზე, 1992 წლის 13 აგვისტოდან 1993 წლის 20 ივლისამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ავიატექნიკოსის თანამდებობაზე, 1996 წლის 4 აპრილიდან, 2012 წლის 2 ივლისამდე უწყვეტად მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის ცნობით, 1986 წლის 14 ნოემბრიდან, 1988 წლის 6 დეკემბრამდე, 1992 წლის 13 აგვისტოდან 1993 წლის 20 ივლისამდე, 1996 წლის 4 აპრილიდან, 2012 წლის 2 ივლისამდე მოსარჩელე ხ-----------–---–ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს.

 

სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლის 1993 წლის 20 ივლისის №--- ბრძანებით, მოსარჩელე ხ-----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის დაზვერვის სამმართველოში გადასვლის გამო.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ, 1993 წლის 13 აგვისტოს გაიცა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების №----- სამხედრო ნაწილის ზემდეგი, მოსარჩელე ხ-----------–---–ი ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილ, მოსარჩელე ხ-----------–---–ის პირად საქმეში არსებული, ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის მეთაურის დახასიათების მიხედვით, ზემდეგი, მოსარჩელე ხ-----------–---–ი ესკადრილიაში მსახურობს 1994 წლის 1 აგვისტოდან ტექნიკოსის, ხოლო 1995 წლის 1 იანვრიდან რგოლის მეთაურის თანამდებობაზე.

 

სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღო თავდაცვის ჯარების სარდლის 1995 წლის 22 მარტის ბრძანებით, სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღო თავდაცვის ჯარების ცალკე სამმართველოდ გაყოფასთან, სასწავლო საავიაციო პოლკის, ცალკეული საავიაციო ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონის, ცალკეული კავშირგაბმულობის და რადიოტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონის შტატების გაუქმებისა და ახალი ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედრო მოსამსახურე - მოსარჩელე ხ-----------–---–ი და იმავდროულად დაინიშნა ოფიცრის თანამდებობაზე, ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის საინჟინრო საავიაციო სამსახურის საავიაციო ტექნიკური რგოლის მეთაურად ხელშეკრულებით.

 

1.2.2. მოსარჩელე ხ-----------–---–მა 2018 წლის 3 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშება მოითხოვა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ხ-----------–---–ს ეცნობა, რომ 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობა არ დასტურდებოდა, ხოლო მისი წელთა ნამსახურობა, როგორც მას ეცნობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის ცნობის მიხედვით სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

 

მითითებული კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხ-----------–---–ის პირად საქმეში დაცული დოკუმენტების მიხედვით და მის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ, 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობით, 1986 წლის 14 ნოემბრიდან, 1988 წლის 6 დეკემბრამდე, 1992 წლის 13 აგვისტოდან 1993 წლის 20 ივლისამდე, 1996 წლის 4 აპრილიდან, 2012 წლის 2 ივლისამდე მოსარჩელე ხ-----------–---–ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლის 1993 წლის 20 ივლისის №--- ბრძანებით, მოსარჩელე ხ-----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის დაზვერვის სამმართველოში გადასვლის გამო, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ, 1993 წლის 13 აგვისტოს გაიცა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების №----- სამხედრო ნაწილის ზემდეგი, მოსარჩელე ხ-----------–---–ი ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისათვის.

 

სასამართლოს მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილ, მოსარჩელე ხ-----------–---–ის პირად საქმეში არსებული, ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის მეთაურის დახასიათების მიხედვით, ზემდეგი, მოსარჩელე ხ-----------–---–ი ესკადრილიაში მსახურობს 1994 წლის 1 აგვისტოდან ტექნიკოსის, ხოლო 1995 წლის 1 იანვრიდან რგოლის მეთაურის თანამდებობაზე. სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღო თავდაცვის ჯარების სარდლის 1995 წლის 22 მარტის ბრძანებით, სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღო თავდაცვის ჯარების ცალკე სამმართველოდ გაყოფასთან, სასწავლო საავიაციო პოლკის, ცალკეული საავიაციო ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონის, ცალკეული კავშირგაბმულობის და რადიოტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონის შტატების გაუქმებისა და ახალი ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედრო მოსამსახურე - მოსარჩელე ხ-----------–---–ი და იმავდროულად დაინიშნა ოფიცრის თანამდებობაზე, ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის საინჟინრო საავიაციო სამსახურის საავიაციო ტექნიკური რგოლის მეთაურად ხელშეკრულებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოსარჩელე ხ-----------–---–ის 1995 წლის 22 მარტამდე სამხედრო სამსახურს ახორციელებდა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1993 წლის 20 ივლისს, მოსარჩელე ხ-----------–---–ს სამხედრო სამსახური არ შეუწყვეტია და მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მოსარჩელე ხ-----------–---–ისათვის 1993 წლის 20 ივლისიდან, 1996 წლის 4 აპრილამდე სამხედრო სამსახურის, ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩათვლასთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, გარდა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე დასტურდება მოსარჩელე ხ-----------–---–ის 1993 წლის 20 ივლისიდან, 1995 წლის 22 მარტამდე სამხედრო სამსახური, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახური, თავისი შინაარსით, ასევე წარმოადგენს შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია). ამრიგად, შესაბამისი შრომითი კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი შემთხვევა -მთელი პერიოდის უწყვეტად განხორციელებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების არ არსებობა არ შეიძლება გახდეს პირისათვის სოციალური გასაცემელზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა სამართლებრივი ურთიერთობის უწყვეტად არსებობის პრეზუმციას ითვალისწინებს, თუ კონკრეტული პერიოდის დასაწყისში და დასასრულს ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, კერძოდ სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მოსარჩელე ხ-----------–---–ი უწყვეტად ახორციელებდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას - სამხედრო სამსახურს 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი№2) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ხ-----------–---–მა 2018 წლის 3 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშება მოითხოვა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ხ-----------–---–ს ეცნობა, რომ 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობა არ დასტურდებოდა, ხოლო მისი წელთა ნამსახურობა, როგორც მას ეცნობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის ცნობის მიხედვით სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს. ამრიგად, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხ-----------–---–ს წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც სათანადო მტკიცებულებებით დასტურდება მისი სამხედრო სამსახური 20 წელზე მეტი პერიოდით.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური უფლების, შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის №M--------------- გადაწყვეტილება მოსარჩელე ხ-----------–---–ისათვის სამხედრო სამსახურის საერთო პერიოდში 1993 წლის 20 ივლისიდან, 1996 წლის 4 აპრილამდე ნამსახურები წლების ჩათვლაზე, ნამსახურების წლების გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით შესაბამისი წარდგინების გამოცამასთან დაკავშირებით და აღნიშნას, რომ მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალება ცალსახად დაკავშირებულია გასაჩივრებული აქტის უკანონობასთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ-----------–---–ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი აღემატება 20 წელს, არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (წარდგინება), სადაც მოსარჩელე ხ-----------–---–ის სამხედრო სამსახურში წელთა საერთო ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრება 20 წლით და 1 თვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით.

 

1.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის ხ-----------–---–ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის, ხ-----------–---–ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე ხ-----------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ”სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების პირობებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირობებში:

ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 წლიდან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი; გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში. აპელანტი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლს და განმარტა, რომ შესაბამისი შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა - მთელი პერიოდის უწყვეტად განხორციელებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა არ შეიძლება გახდეს პირისათვის სოციალურ გასაცემელზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა სამართლებრივი ურთიერთობის უწყვეტად არსებობის პრეზუმციას ითვალისწინებს, თუ კონკრეტული პერიოდის დასაწყისში და დასასრულს ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, კერძოდ, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ივარაუდება, რომ ხ. ტატიშვილი უწყვეტად ახორციელებდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობას - სამხედრო სამსახურს 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე. აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის დასაბუთებაში ეყრდნობა სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინაღო თავდაცვის ჯარების 22.03.1995წ. N23 ბრძანებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 09.10.1993წ. N528 ბრძანებით დამტკიცდა და 1993 წლის პირველი ნოემბრიდან შემოღებულ იქნა სამოქმედოდ „შეიარაღებულ ძალებში ნებით დაქირავებულ პირთა ხელშეკრულებით სამსახური შესახებ დებულება“. აღნიშნული დებულების მეორე პუნქტის თანახმად, „შეიარაღებულ ძალებში ნებით დაქირავებული პირები სამსახურში მიიღებიან ოფიცრების, ზევადიანი სამხედრო სამსახურის სერჟანტების, ზემდეგებისა და მიჩმანების თანამდებობაზე“. ამავე დებულების მე-3 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ პირებს მიეკუთვნებიან რეზერვის ოფიცრები, რიგითები (მატროსები), სერჟანტები, ზემდეგები (მიჩმანები), გადამდგარი ოფიცრები, აგრეთვე სხვა მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სამხედრო სამსახურის საჭიროებისათვის სპეციალობა და განათლება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 20.10.1993წ. N748 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესიდან“ გამომდინარე, "თადარიგის ზემდეგი" არ წარმოადგენს "სამხედრო მოსამსახურის" სტატუსის მატარებელ პირს. შესაბამისად, სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინაღო თავდაცვის ჯარების 22.03.1995წ. N23 ბრძანებაში მითითებული "თადარიგის ზემდეგი", რომელიც ხელშეკრულებით არის დანიშნული, თავისი არსით უტოლდება სამოქალაქო პირს, რომელსაც ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ვერ ჩაეთვლება "სამხედრო სამსახურში მსახურის" პერიოდად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ შეისწავლა ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“, „დ“ პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესზე“ (დანართი№2). აღნიშნული „წესის“ 15.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის შესახებ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

 

საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ხ-----------–---–ი 1995 წლის 22 მარტამდე ახორციელებდა სამხედრო სამსახურს, კერძოდ: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ-----------–---–ის პირად საქმეში დაცული დოკუმენტების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა გასცა 17.10.2017წ. ცნობა, რომლის თანახმად, 1986 წლის 14 ნოემბრიდან 1988 წლის 6 დეკემბრამდე, 1992 წლის 13 აგვისტოდან 1993 წლის 20 ივლისამდე, 1996 წლის 4 აპრილიდან 2012 წლის 2 ივლისამდე, ხ-----------–---–ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს. ასევე დადგენილია, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლის 20.07.1993წ. №--- ბრძანებით მოსარჩელე ხ-----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის დაზვერვის სამმართველოში გადასვლის გამო. საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამედიცინო-საექსპერტო კომისიის 13.08.1993წ. ცნობის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების №----- სამხედრო ნაწილის ზემდეგი ხ-----------–---–ი ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისათვის. საქმეზე ასევე წარმოდგენილია ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის მეთაურის დახასიათება, რომლის შინაარსითაც დგინდება, რომ ზემდეგი ხ-----------–---–ი ესკადრილიაში მსახურობდა 1994 წლის 1 აგვისტოდან ტექნიკოსის, ხოლო 1995 წლის 1 იანვრიდან - რგოლის მეთაურის თანამდებობაზე. სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღო თავდაცვის ჯარების სარდლის 22.03.1995წ. ბრძანებით, სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღო თავდაცვის ჯარების ცალკე სამმართველოდ გაყოფასთან, სასწავლო საავიაციო პოლკის, ცალკეული საავიაციო ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონის, ცალკეული კავშირგაბმულობის და რადიოტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონის შტატების გაუქმებისა და ახალი ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ხ-----------–---–ი თანამდებობიდან გათავისუფლდა და იმავდროულად დაინიშნა ოფიცრის თანამდებობაზე, ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის საინჟინრო საავიაციო სამსახურის საავიაციო ტექნიკური რგოლის მეთაურად, ხელშეკრულებით.

 

03.12.2018წ. ხ-----------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის დაანგარიშება მოითხოვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ხ-----------–---–ს ეცნობა, რომ 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობა არ დასტურდებოდა, ხოლო მისი წელთა ნამსახურობა, როგორც მას ეცნობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის ცნობის მიხედვით სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი შეადგენდა 19 წელს, 2 თვეს და 28 დღეს.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან 1993 წლის 20 ივლისს ხ-----------–---–ს სამხედრო სამსახური არ შეუწყვეტია და მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მას უსაფუძვლოდ უთხრა უარი 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე სამხედრო სამსახურის ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩათვლასთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხ-----------–---–ს წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც სათანადო მტკიცებულებებით დასტურდება მისი სამხედრო სამსახური 20 წელზე მეტი პერიოდით.

 

პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამხედრო სამსახური, თავისი შინაარსით, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი სახეა, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლზე (კანონისა და სამართლის ანალოგია) და აღნიშნა, რომ შესაბამისი შრომითი კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი შემთხვევა - მთელი პერიოდის უწყვეტად განხორციელებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა არ შეიძლება გახდეს პირისათვის სოციალური გასაცემელზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა სამართლებრივი ურთიერთობის უწყვეტად არსებობის პრეზუმპციას ითვალისწინებს, თუ კონკრეტული პერიოდის დასაწყისში და დასასრულს ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. მოცემულ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მოსარჩელე ხ-----------–---–ი უწყვეტად ახორციელებდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას - სამხედრო სამსახურს 1993 წლის 20 ივლისიდან 1996 წლის 4 აპრილამდე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 2018 წლის 12 დეკემბრის №M--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით შესაბამისი წარდგინების გამოცემასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალება დაკავშირებულია გასაჩივრებული აქტის უკანონობასთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს: იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხ-----------–---–ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის საერთო პერიოდი აღემატება 20 წელს, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძელი, რომლითაც მოსარჩელე ხ-----------–---–ის სამხედრო სამსახურში წელთა საერთო ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრება 20 წლით და 1 თვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით.

 

3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 37.3 მუხლის თანახმად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით განსაზღვრა ხ-----------–---–ის სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი