განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
330100119003062125
ინსტანცია
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119003062125-1ბ/1311-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე:ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: კარენ სერგოს-ძე პეტროსიანი, დაბადებული 1980 წლის 09 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 01011018331, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქ თბილისში, იორის ქუჩა 22-ში;

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია ყიფიანმა და მოითხოვა კარენ პეტროსიანს დაენიშნოს მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2019 წლის 9 მაისს განხორციელებული ოჯახური კონფლიქტისა და ამ მოტივით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, მშობლების სახლში გადასვლით გაბრაზებული კარენ პეტროსიანი 2019 წლის 10 მაისს, დაახლოებით 08:00 საათზე მივიდა ქალაქ თბილისში, ხიდისთავის ქუჩა №4-ში მდებარე ინესა კაზაროვის მშობლების სახლში, სადაც არ შეუშვეს. იმავე დღეს დაახლოებით 09:00 საათზე იგი კვლავ მივიდა სპეციალურად საამისოდ მომარჯვებული სახრახნისითა და ჩაქუჩით და თბილისში, ხიდისთავის ქუჩა №4-ში მდებარე ინესა კაზაროვის მშობლების სახლის რკინის კარის მტვრევითა და დაზიანებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ინესა კაზაროვას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

კარენ პეტროსიანის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: დაზარალებულ ინესა კაზაროვის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ლამზირა ჯაფარიძის გამოკითხვის ოქმით, მოწმე კარინე კაზაროვის გამოკითხვის ოქმით, მოწმე დიმიტრი წკრიალაშვილის გამოკითხვის ოქმით, მოწმე გამოკითხვის ოქმით, მოწმე ივერი შოგირაძის გამოკითხვის ოქმით, მოწმე გიორგი მანიჟაშვილის გამოკითხვის ოქმით,კარენ პეტროსიანის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათით, ტრასოლოგიური-სასაქონლო ექსპერტიზის N608/ტრ-1136/ს დასკვნით, ექსპერტ მამია ჯვარშეიშვილის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის კარენ პეტროსიანის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

 

დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კარენ პეტროსიანის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კარენ პეტროსიანმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კარენ პეტროსიანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას კარენ პეტროსიანის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ერთის მხრივ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას და განმარტავს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გაითვალისწინოს, რომ მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის აღნიშნული დანაშაულის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის ერთ-ერთი გზა; ამასთან, ადეკვატური სასჯელი მოძალადეზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა, რათა მან შეიგნოს მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობა და განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა კარენ პეტროსიანმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კარენ პეტროსიანს განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, დადგენილი სანქციის ფარგლებში. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადა არის ის პირობა, რომელიც უზრუნველყოფს კარენ პეტროსიანის სათანადო ქცევას და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

 

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ორი ცალი CD-R დისკი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი საკეტი, გასაღები, ერთი ცალი სახრახნისი, სათვალთვალო (ე.წ. “გლაზოკი“), კარის ზარის დეტალები და სხვადასხვა ზომისა და ფორმის მეტალის საგნები, რომლებიც ინა ხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

კარენ პეტროსისნის ნერწყვის ნიმუში და სახრახნისიდან აღებული ანაწმენდი (ორი პაკეტი, გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექს- პერტიზის ეროვნულ ბიუროში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. კარენ სერგოს-ძე პეტროსიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამი- სად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

4. კარენ პეტროსიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;

 

5. კარენ პეტროსიანს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 12 მაისის ჩათვლით;

 

6. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ კარენ პეტროსიანის ყოფაქცევის კონ- ტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერტიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

7. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ორი ცალი CD-R დისკი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი საკეტი, გასაღები, ერთი ცალი სახრახნისი, სათვალთვალო (ე.წ. “გლაზოკი“), კარის ზარის დეტალები და სხვადასხვა ზომისა და ფორმის მეტალის საგნები, რომლებიც ინა- ხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, - დაუბრუნდეთ კანო- ნიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

კარენ პეტროსისნის ნერწყვის ნიმუში და სახრახნისიდან აღებული ანაწმენდი (ორი პაკეტი, გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექს- პერტიზის ეროვნულ ბიუროში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

11.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი