განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002762006
საქმე №1ბ/797-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–----------ას,ადვოკატ - ს-------------–----ის,მსჯავრდებულ - გ----------------ის მონაწილეობით,თბილისის ისანი სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ----------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–-------------------------–----–-–-----ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენით:
გ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ----------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 ნოემბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ გ----------------ის ყოფაქცევაზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, დაევალა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ----------------მა ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 05 ნოემბერს, დაახლოვებით 16:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ-–-------–----------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურში გ----------------ი თავს დაესხა მაკა ბედიას, რა დროსაც ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნით, იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის პროკურატურის პროკურორმა ი-----–----------ამ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
ბრალდების მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ხასიათთან. ყაჩაღობა თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაულია და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ადამიანი მოცემულ შემთხვევაში ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, სიცოცხლისათვის სახიფათო მუქარის გამოყენებით და იარაღის დემონსტრირებით მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აგდებს დაზარალებულს, მით უფრო მსჯავრდებული ამას აკეთებს კარგად გააზრებულად და დაგეგმილად. შესაბამისად, პროკურორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული; მას შესაძლებელია გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მის მიმართ დანიშნული იქნას უფრო მკაცრი სასჯელი, რათა თავიდან იქნას აცილებული გ----------------ის მხრიდან მომავალი საფრთხე.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი-----–----------ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. პროკურორმა განმარტა, რომ გარდა მსუბუქი სასჯელისა, მიზანშწონილად არ მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენებას.
მსჯავრდებულმა გ----------------მა და მისმა ადვოკატმა ს-------------–----ემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. გ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მაკა ბედიას და მოწმეების: ვ--------------------------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; აგრეთვე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით; ამოღებულ ნივთმტკიცებებით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ქმედების შედეგად დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რომელიც არ არის განსაკუთრებული სიმძიმის; ასევე ის ფაქტი, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები გ----------------ის მიმართ არ არის გამოვლენილი; იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ სანქციის ფარგლებში დაენიშნა ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
გარდა ამისა, ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ გამოყენებული სასჯელის ნაწილის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლას, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ვადიანი თავისუფლეის აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს სრული საფუძველი იმისა, რომ გ----------------ს დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ ჩაეთვალოს პირობითად, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გ----------------ის მიმართ გამოყენებულია ადექვატური და სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის და დამძიმების საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი გ----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი;
გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ----------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 ნოემბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ გ----------------ის ყოფაქცევაზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ გ----------------ს დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).
ნივთიერი მტკიცებულები:
სუნის კვლები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში და სუნის ნიმუში - განადგურდეს. 2. ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 3. გ----------ს ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი - გადაეცეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს/პირებს. 4. პისტოლეტის მაგვარი საგანი, მჭიდი და ვაზნები - შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე