განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019003098886
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-834-2019 17 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე
მომჩივანი - ბ------ დ---–--ე
წარმომადგენელი - გ---------------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს თ----------ი
დავის საგანი - სარჩელის მიღებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განჩინება
1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დასაშვებობის შესამოწმებლად დაბრუნება
2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით ბ------ დ---–--ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. მოსარჩელეს დაუბრუნდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები (გარდა სახ. ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა). მოსარჩელეს დაუბრუნდა გ---------------------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 2 240 ლარი (გადახდის თარიღი - 15/07/2019 წელი, საგადასახადო დავალება №1, გადამხდელის ბანკი - სს თ----------ი, სახაზინო კოდი - 300693150) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა და სს თ----------ი (ს/ნ 2--------) გათავისუფლდა ქ. ბათუმი, ტ-- ა---------ის ქ. №--- ბ-----ში (ს/კ 0------------------) მდებარე უძრავი ქონების, მდებარე გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვისაგან. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ბ------ დ---–--ემ სარჩელი აღძრა სს თ----------ის წინააღმდეგ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა - ბათილად იქნას ცნობილი სს თ----------ის სპეციალისტის მიერ ჩატარებული აუქციონი და მისი შედეგები, შესაბამისად სადაო ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელე მხარეს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.2. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ (საქ. სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტი) სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი. 2.3. წინამდებარე სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას, ქვემდებარეობის ფარგლებში პირველ რიგში უნდა შეფასდეს მისი ტერიტორიული განსჯადობის საკითხი. თუ ვისი განსჯადია საქმე, ამის გასარკვევად პირველ რიგში უნდა გაირკვეს სარჩელის შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის მიზანი. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე სადაოდ ხდის აუქციონის ჩატარების კანონიერებას. აუქციონი არაა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მისი განსჯადობისათვის არ გამოიყენება განსაკუთრებული განსჯადობით დადგენილი წესები. მასზე არ ვრცელდება ნივთობრივი განსჯადობის წესებიც. აუქციონის კანონიერებაზე პასუხს აგებს ის, ვინც ჩაატარა აუქციონი. მართალია მოსარჩელე განმარტავს, რომ აუქციონი ჩაატარა სს თ----------ის სპეციალისტმა, მაგრამ საქმეში არაა წარმოდგენილი განკარგულება და დაბეჯითებით ვერ ვიტყვით ვინაა აუქციონის ჩამტარებელი და სადააა მისი მისამართი, მაგრამ რაც სარჩელშია მითითებული, იმ ფაქტების საერთო ანალიზით საქმეზე გამოყენებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 15-ე მუხლით განსაზღვრული განსჯადობა. 2.4. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის მისამართის მიხედვით. დასახელებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი მოპასუხის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი, როდესაც საპროცესო ნორმა მხარის საცხოვრებელ ადგილთან (ადგილსამყოფელთან) დაკავშირებით ადგენს გარკვეულ წესს, ცხადია, რომ იგულისხმება ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, სადაც მხარე იმყოფება კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელებისას. მოპასუხის მისამართია თბილისი, ჩ---------------------ი, მ--------–---–ის ქ. №-. ანუ მისი მისამართი არაა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯად ტერიტორიაზე. აღნიშნულის გამო გამოყენებული უნდა იქნას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. მოცემლი დავა არ წარმოადგენს ბათუმის საქალაო სასამართლოს განსჯად საქმეს. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმეა.
3. კერძო საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრა ბ------ დ---–--ის წარმომადგენელმა, გ---------------------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სამოქალაქო დავა ეხება უძრავი ქონებიდან გამომდიონარე სახელშეკრულებო ურთიერთობას, ასევე სასარჩელო მოთხოვნიდან ცალსახად ჩანს, რომ მოპასუხე არა აღსრულების ეროვნული ბიურო, არამედ სს თ----------ია. 3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სასამართლომ, რა თქმა უნდა, იმსჯელა განსჯადობაზეც.
4. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ბ------ დ---–--ემ სარჩელი აღძრა სს თ----------ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) სს თ----------ის მიერ სპეციალისტის მეშვეობით ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა; ბ) სადავო ქონებაზე პივანდელი მდგომარეობის აღდგენა და ბათუმში, ტ---– ა---------ის ქ. N---ში მდებარე ბ-----ის მესაკუთრედ ცნობა. სამართლებრივი დასაბუთება 4.2. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სარჩელის თანახმად, მომჩივანმა სს თ----------ისაგან 70000 ლარი ისესხა. 4.2.1. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ტ---– ა---------ის ქ.N--, ბ----. 4.2.3. მოსარჩელემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, თუმცა, სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო, მოპასუხემ, მისი გაფრთხილების გარეშე, იპოთეკით დატვირთული ნივთი აუქციონზე გაასხვისა და თავადვე შეიძინა. 4.2.4. მოსარჩელის პოზიციით, მოპასუხემ ქონების რეალიზაცია უკანონოდ განახორციელა და, სწორედ ამიტომ, მან აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და ნივთის საკუთრებაში დაბრუნება მოითხოვა. 4.3. ამრიგად, ნათელია, რომ მხარეთა შორის დავის საგანს ქონების რეალიზაციის მართლზომიერება და ქონებაზე საკუთრების უფლება შეადგენს. 4.4. ამის შესაბამისად, მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება არ მოუთხოვია, ე.ი. სარჩელი ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს. 4.4.1. ამიტომ, მოსარჩელე არ იყო ვალდებული სარჩელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით შეეტანა. 4.5. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. 4.5.1. საქმის მასალების თანახმად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელესთან სს თ----------ის ბათუმის ფილიალმა დადო. 4.5.2. ამიტომ, მოსარჩელეს ხელშეკრულების შესრულებაც რომ მოეთხოვა, სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იქნებოდა. 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების...შესახებ... თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. 4.6.1. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე უძრავ ნივთზე საკუთრების დადგენას და ამ ნივთის მესაკუთრედ აღრიცხვას ითხოვს. 4.6.2. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, საერთო წესით სარჩელი სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით წარედგინება, თუმცა, ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. 4.7. ეს ნიშნავს, რომ მომჩივანის სარჩელი როგორც საერთო, ისე ნივთობრივ განსჯადობას ექვემდებარებოდა და სასამართლოს არჩევის უფლება მოსარჩელეს ეკუთვნოდა. 4.8. რადგან სადავო უძრავი ნივთი ბათუმში მდებარეობს, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეეტანა. 4.9. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მომჩივანს სარჩელის მიღებაზე შეცდომით უთხრა უარი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, და ბ------ დ---–--ის სარჩელი დასაშვებობის სხვა პირობების შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ------ დ---–--ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განჩინება და ბ------ დ---–--ის სარჩელი დასაშვებობის სხვა პირობების შესამოწმებლად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი