განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2019
საქმის ნომერი
330100119002890225
ინსტანცია
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002890225

საქმე №1ბ/784-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - თი-----------------–-ას

ადვოკატ - ნი----------–-–---–ის

მსჯავრდებულ - ბე---------–---–ის

მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თი-----------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბე---------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 06 მარტს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 0----------), რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ე-----–---–---–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის განაჩენით ბე---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორასოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 05 თებერვლიდან - 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით პერიოდი) გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

ბე---------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2----–-–----------------–---------–--------------------------–----------–-----–-----------–-------–---–---–-------------- ბე---------–---–მა 16 წლის სა--------–---–ის თანდასწრებით ოჯახური ძალადობა განახორციელა შვილის - ან-------–---–ის მიმართ. კერძოდ, გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, მოქაჩა თმაში და ხელი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც ან-------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თი-----------------–-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ბე---------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ბე---------–---–ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება, აგრეთვე, ძალადობრივი ქმედების განხორციელების მოტივი, ჩადენილი დანაშაულის მომეტებული საფრთხე. აპელანტის აზრით, დანაშაულის გულწრფელი აღიარება, რაც უკავშირდება პირის მიერ განხორციელებული ქმედების მართლწინააღმდეგობის გააზრებას, ცალსახად წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ბე---------–---–ის მხრიდან მის ბრალეულობაზე ხაზგასმის პარალელურად გასათვალისწინებელია მისი ქმედების მოტივი და მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისაკენ. აპელანტის აზრით, ბე---------–---–ი წარმოადგენს არამყარი ფსიქიკის მატარებელ პიროვნებას, რომელიც საკუთარი ემოციების უკონტროლობით, პრობლემის გადაჭრის გზად არაცივილიზებულ ხერხს ირჩევს, იგი ცდილობს ძალადობის გზით აიძულოს შვილი, იცხოვროს მისი წესებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა მსჯავრდებულის მიდრეკილება დანაშაულებრივ ქმედებათა განხორციელებისაკენ. აპელანტი განმარტავს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარი სახისა და ზომის სასჯელი, რომელსაც ექნება შემაკავებელი ეფექტი და მსჯავრდებულს განმეორებით აღარ წარმოეშობა სურვილი განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული მით უფრო რელევანტურია, როდესაც პირი ნასამართლევია იდენტური დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისათვის. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ, წამახალისებელიც კი იქნება ბე---------–---–ის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.

აპელანტმა მიუთითა, რომ ოჯახური ძალადობა, ეს არის დანაშაული, რომლის ჩადენის რიცხვიც დღითიდღე მატულობს და რასაც ხშირად ახლავს ლეტალური შედეგი. მისი აღკვეთის და პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ქმედით და მკაცრი პოლიტიკის გატარება გახდა საჭირო. ამდენად, მხოლოდ ადეკვატური სასჯელი უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული დანაშაულის ეფექტურ შემცირებას. ბრალდების მხარემ, ასევე, მიუთითა საერთაშორისო მექანიზმებზე, რომლებიც სახელმწიფოს მოუწოდებენ განახორციელონ რიგი ღონისძიებები, რათა ქალთა მიმართ ძალადობა იქნეს სათანადოდ პასუხგაცებული. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ ბე---------–---–ის აღიარებით, დაზარალებულ ან-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: სა--------–---–ის, სო-------------ის, გი----------------–---–ის, ნუ–----------–ის, თინ-------–---–ის, ან--–--–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ბე---------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას ბე---------–---–ისათვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხარისხი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ბე---------–---–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ბე---------–---–ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი ბე---------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თი-----------------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ბე---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორასოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 05 თებერვლიდან - 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით პერიოდი) გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

ბე---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.

 

ნივთიერი მტკიცებულება: 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე