განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002946870
საქმე №1ბ/1297-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------), გ------------–----ის, დაბადებულის 19---–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქარელის რაიონის დაბა აგარაში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------------–----მა ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როდესაც არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ოქტომბრის დასასრულს გ------------–----ი ზეპირად შეუთანხმდა თ------------ეს, რომ იცხოვრებდა ქ-------–--------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ყოველი თვის დასაწყისში 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარისა და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების ოდენობით თანხის გადახდის სანაცვლოდ.
2018 წლის ოქტომბრის დასასრულიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე გ------------–----ი ცხოვრობდა ქ------–--------------------------ში მდებარე თ-------------ის საცხოვრებელ სახლში და ისე, რომ არ გადაუხდია სახლის ქირავნობის ორი თვის საფასური 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების საფასური - 159 (ასორმოცდაცხრამეტი) ლარისა და 12 (თორმეტი) თეთრის ოდენობით, 2019 წლის იანვრის დასაწყისში დატოვა ქ------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რითაც მოტყუებით, ქონებრივად დააზიანა თ-------------ე, რომელსაც გ------------–----ის ქმედებით მიადგა 309 (სამას ცხრა) ლარის და 12 (თორმეტი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით:
გ------------–----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ------------–----ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, გ------------–----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში რელევანტური სასჯელის დანიშვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი გ------------–----ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------------–----ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეზე შეკრებილ, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებულ მტკიცებულებებს კერძოდ, დაზარალებულ თ-------------ის გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციას, მოწმეების: რ-------------------------------–----–----------------–--–ის გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციას, გ------------–----ის მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაცია, თ------------ის განცხადების დანართს, კომუნალური გადასახადების ქვითრებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიიჩნევს რომ პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა.
სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთენახმება პირველი ინტანციის სასამართლოს მსჯელობას და სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გ------------–----ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს და არა სამოქალაქო დავის საგანს. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მიზნებისთვის არ არის აუცილებელი, დანაშაულებრივი განზრახვა წინ უსწრებდეს ქმედების განხორციელებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, არსებობდეს დანაშაულებრივი განზრახვა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ------------–----სა და თ------------ეს შორის არსებობდა სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ თ-------------ე გააქირავებდა, ხოლო გ------------–----ი დაიქირავებდა უძრავ ქონებას, მდებარე ქ------–--------------------------ში, რის სანაცვლოდ ყოველი თვის დასაწყისში გ------------–----ი გადაიხდიდა 75 ლარს და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების თანხას. მოცემულ შემთხვევაში, ვერ დგინდება გ------------–----ის მხრიდან თ------------ის მოტყუების ფაქტი, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------------–----მა ბინით სარგებლობის სანაცვლოთ თანხა ბინის მესაკუთრეს ვერ გადაუხადა, ვინაიდან იგი სრულად ვერ იღებდა ხელფასს და აღებული თანხით ფარავდა შვილის მკურნალობის ხარჯებს, რის შესახებაც ინფორმირებული იყო თავად დაზარალებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ გ------------–----ის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით დათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და მხარეთა შორის არსებული დავა, ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ------------–----მა ჩაიდინა თ------------ის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ------------–----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ------------–----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი გამართლებულ გ------------–----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი გ------------–----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ------------–----ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
გამართლებულ გ------------–----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი