განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002697496
საქმე №3ბ/1351-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ---- უ–---–---–ი;
წარმომადგენლები - ლ----–------ე, ქ--------------–----ა, ქ------–-----------ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულება;
1.2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ლ---- უ–---–---–ისთვის ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი, N5-ის მიმდებარედ, მდებარე 921 კვ/მ ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომისიამ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა 2017 წლის 09 თებერვლის N5-- საოქმო გადაწყვეტილებით და ლ---- უ–---–---–ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი, N5-ის მიმდებარედ, მდებარე 921 კვ/მ ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, ასევე არ დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე მყარი სასაზღვრო მიჯნა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულებები), რომელიც განაპირობებდა დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მოპასუხემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ---- უ–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ქალაქ თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 09 თებერვლის N5-- საოქმო გადაწყვეტილებით, ლ---- უ–---–---–ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი, N5-ის მიმდებარედ, მდებარე 921 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ლ---- უ–---–---–ის მიერ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 09 თებერვლის N5-- საოქმო გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა (ს.ფ. 84).
4.2. 2018 წლის 22 იანვარს, ხოლო დამატებით 2018 წლის 03 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N1---------------- განცხადებით მიმართა ლ---- უ–---–---–მა და მოითხოვა ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი, N5-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 1400 კვ/მ ს/კ N0---------------, მომიჯნავედ მდებარე 913 კვ/მ ფართის მქონეს მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, ლ---- უ–---–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნილ 913 კვ/მ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი, N5-ის მიმდებარედ, მდებარე) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ს.ფ. 12-14).
4.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის წერილის თანახმად, ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი, N5-ის მიმდებარედ მდებარე 921 კვ/მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ) ზონაში (ს.ფ. 77).
4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 25 მარტის Nუ-38 წერილით, ქ. თბილისის ურბანული განვითარების სამსახურს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ნ----–-----ის რაიონში, კ--------–-ს პირველი შესახვევი, N5-ში, მ-----– უ–---–---–ის სახელზე აღირცხულია უკანონო სახლთმფლობელობა და მასზე რიცხული მიწის ნაკვეთი. მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ითხოვს მის სამართლებრვ რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, მასზე საკუთრების უფლების აღიარებისა და დადასტურების მიზნით. ამასთან, ეცნობა, რომ აღნიშნული სახლთმფლობელობა შედის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 დადგენილების მოქმედების სფეროში. აღნიშნულ დოკუმენტს დანართის სახით ერთვის ტექაღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 20 დეკემბრის საინვენტარიზაციო გეგმა და სიტუაციური ნახაზი 1:2000 მასშტაბში (ს.ფ. 120).
4.5. საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის მერიის ნ----–-----ის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილებამ, 1996 წლის 19 მაისის წერილით მიმართა მოქალაქე ლ---- უ–---–---–ს და აცნობა, რომ ქ. თბილისი, კ--------–-ს პირველი შესახვევი N5-ში, ადგილზე შემოწმებისას დაადგინეს, რომ მაცხოვრებელთა დაუდევრობით და უყურადღებობით, აღნიშნული ეზოს ღობის გასწვრივ შექმნილია უკანონო ნაგავსაყრელი და სუფევს ანტისანიტარია. აღნიშნულმა სამსახურმა საჭიროდ მიიჩნია მაცხოვრებელთა ძალებით დასუფთავებული იქნეს ხსენებული ტერიტორია. ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ეზოსა და გამწვანების რაიონული სამსახურის ეზოს შორის არსებულ საცალფეხო ბილიკის გადაღობვა, შემდგომში ნაგავსაყრელის ლიკვიდაციის მიზნით, მათი მხრიდან წინააღმდეგობას არ იწვევს (ს.ფ. 124).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო აქტზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულებაზე და მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ გარემოების დადგენა, შეიცვალა თუ არა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების ან ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტს ან არსებობს თუ არა ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებდა კომისიის მიერ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლომ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ გარემოების დადგენა, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
მიუხედავად მხარის არგუმენტებისა, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული წარმომადგენლების ის მოსაზრება, რომ ქ. თბილისის მერიის ნ----–-----ის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 1996 წლის 19 მაისის წერილი და ტექბიუროს ნახაზი წარმოადგენდნენ იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, რომლებიც იძლეოდა ლ---- უ–---–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას მოსარჩელემ შეცვალა მიწის ნაკვეთის მდებარეობა და ცოტა წინ, გზასთან ახლოს დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი, რაც სასამართლოს მოსაზრებით, გულისხმობს, რომ მოსარჩელისთვის, 2015 წელს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას და შესაბამისად აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 09 თებერვალს მისი განცხადების განხილვისას, ცნობილი იყო ტექბიუროს მონაცემების შესახებ, თუმცა მას აღნიშნული დოკუმენტი კომისიაში არ წარუდგენია და არც 2017 წლის 09 თებერვლის მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო გადაწყვეტილება გაუხდია სადავოდ. შესაბამისად, ის გარემოება, რომ წარმომადგენლები განცხადების განმეორებით წარდგენისას გაეცნენ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ან ის, რომ მოსარჩელემ მხოლოდ ამ ეტაპზე მოახდინა მისი ტექბიუროდან გამოთხოვა, სასამართლოს მსჯელობით, არ ნიშნავს, რომ ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმები და ქ. თბილისის მერიის ნ----–-----ის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 1996 წლის 19 მაისის წერილი, რომელიც მოსარჩელესთან ინახებოდა, წარმოადგენენ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ წერილში საუბარია ლ---- უ–---–---–ის ღობის გასწვრივ არსებულ უკანონო ნაგავსაყრელზე, მაგრამ დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ სწორედ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრელ ღობეზეა საუბარი. საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ აღიარების კომისიაში 2017 წელს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე მოსარჩელე მხარის მიერ არც სარჩელში და აქ საქმის განხილვისას მითითებული არ ყოფილა.
6. ლ---- უ–---–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. ლ---- უ–---–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო შედეგს და მიიჩნევს, რომ 2018 წლის 22 იანვარს და 2018 წლის 03 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები იძლეოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ არც თბილისის საქალაქო სასამართლოს და არც აღიარების კომისიას სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ლ---- უ–---–---–მა ტექ. აღრიცხვის ბიუროში არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული კონფიგურაციით განკუთვნილი 1400 მ2 მიწა კი არ დაირეგისტრირა, არამედ ამ კონფიგურაციისგან განსხვავებული, (დაახლოებით 300-400 მ2) მის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, 1400 მ2-ის ფარგლებში. წარმომადგენლის განმარტებით, საქალაქო სასამართლო და აღიარების კომისია ეთანხმება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რეალურად არსებობს ტექ. აღრიცხვის ბიუროს მიერ დადასტურებული უფლების დამდგენი დოკუმენტი იმ მიწის ნაკვეთის ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც დღეის მდგომარებით არ არის საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული და შედის იმ სადაო მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზე საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს ლ---- უ–---–---–ი.
აპელანტის მითითებით, საქმის განხილველმა სასამართლომ არ გაითვალისწინა თბილისის მერიის ნ----–-----ის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 1996 წლის 19 მაისის წერილი. უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს ლ---- უ–---–---–ის ოჯახის მიერ სადაო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტს და უზენაესი სასამართლოს (საქმე №ბს-22-22(კ-12)) გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რადგან ისინი მიეკუთვნებოდა სწორედ იმ „სხვა დოკუმენტებს“, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2. დავის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების განუხილველად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერების საკითხი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების განხილვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო აქტით დადგენილ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს სადავოდ გამხდარი აქტი, რომ დადგინდეს მისი კანონიერება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე განცხადების წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოში დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გარემოებები ქმნის განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. განმცხადებელს ეკისრება ვალდებულება, განცხადებაში მიუთითოს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, ამასთან, დაასაბუთოს ამგვარი გარემოებით განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
7.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 09 თებერვლის N5-- საოქმო გადაწყვეტილებით, ლ---- უ–---–---–ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი, N5-ის მიმდებარედ, 921 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის წევრმა მიუთითა, რომ 2010 წლის აეროგადაღებაზე არ ჩანს ღობის არსებობა.
მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 22 იანვარს, ხოლო დამატებით 2018 წლის 03 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N1---------------- განცხადებით მიმართა ლ---- უ–---–---–მა და მოითხოვა ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი N5-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 1400 კვ/მ ს/კ #0---------------, მომიჯნავედ მდებარე 913 კვ/მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნულ განცხადებას მხარემ დაურთო ტექბიუროს აზომვითი ნახაზი და საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის მერიის ნ----–-----ის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 1996 წლის 19 მაისის წერილი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის №1--- განკარგულებით კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, ლ---- უ–---–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნილ 913 კვ/მ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი, N5-ის მიმდებარედ, მდებარე) საკუთრების უფლების აღიარებაზე და საფუძვლად განემარტა შემდეგი: ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის N5-- საოქმო გადაწყვეტილებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები) რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ 2010 წლის ორთოფოტოთი არ დგინდება, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რაც, მისივე განმარტებით, ასევე საფუძვლად დაედო კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის N5-- საოქმო გადაწყვეტილებას.
7.4. პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
7.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლა/შეფასების, ასევე მტკიცებულებათა შედარების შედეგად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსხვავებით აღიარების კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის N5-- ოქმთან დაკავშირებით არსებული წარმოების მასალებისა, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოში მხარის მიერ დამატებით წარდგენილი იყო ტექბიუროს აზომვითი ნახაზი და ასევე 1996 წლის 19 მაისის წერილი, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის მერიის ნ----–-----ის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილებამ, 1996 წლის 19 მაისის წერილით მიმართა მოქალაქე ლ---- უ–---–---–ს და აცნობა, რომ ქ. თბილისი, კ--------–-ს პირველი შესახვევი N5-ში, ადგილზე შემოწმებისას დაადგინეს, რომ მაცხოვრებელთა დაუდევრობით და უყურადღებობით, აღნიშნული ეზოს ღობის გასწვრივ შექმნილია უკანონო ნაგავსაყრელი და სუფევს ანტისანიტარია. აღნიშნულმა სამსახურმა საჭიროდ მიიჩნია მაცხოვრებელთა ძალებით დასუფთავებული იქნეს ხსენებული ტერიტორია. ამავე წერილით ლ. უშიკიშვილს ეცნობა, რომ ეზოსა და გამწვანების რაიონული სამსახურის ეზოს შორის არსებული საცალფეხო ბილიკის გადაღობვა, შემდგომში ნაგავსაყრელის ლიკვიდაციის მიზნით, მათი მხრიდან წინააღმდეგობას არ იწვევს. ამდენად ცალსახაა, რომ მიწის ნაკვეთზე (უკანონო ნაგავსაყრელზე), როგორც ლ---- უ–---–---–ის ღობის გასწვრივ არსებულზე საუბარი იყო ჯერ კიდევ 1996 წელს.
აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს წარამოდგენილ ფერად ფოტოსურათებზე, სადაც განსხვავებით საქმეში არსებული ფოტოსურათების ასლებისა, მკაფიოდ და ნათლად ჩანს გავლებული სასაზღვრო მიჯნის არსებობა (მავთულის ბადე), რაც პალატის მოსაზრებით, არ იყო ხილვადი ორთოფოტოზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქართველოს ზოგადის ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ლ---- უ–---–---–ის განცხადების განუხილველად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, რადგან ქ. თბილისის მერიის ნ----–-----ის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 1996 წლის 19 მაისის წერილი და ტექბიუროს ნახაზი წარმოადგენდნენ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს.
აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული ნ-----------------–--ის იმ განმარტებაზე, რომ არის 66 წლის და დაბადებიდან ცხოვრობს სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად; მიუთითებს რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ლ---- უ–---–---–ის მეუღლის მამას - მ-–- უ–---–---–ს. აკონკრეტებს, რომ ბავშვობაში დაახლოებით 15 წლის ასაკში, უ–---–---–ების ღობისაგან მოშორებით, სახელმწიფოს (გამწვანების) მიერ მოხდა ტერიტორიაზე ქვის გამყოფის გაკეთება. ასევე განმარტავს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არც ადრე და არც დღეის მდგომარეობით პრეტენზია არავის არ განუცხადებია და ასევე არ არსებობს სადავო გარემოება ოჯახის წევრებს შორის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა ზ------------–---–-ა განმარტა, რომ არის 81 წლის და დაახლოებით 40 წელზე მეტია რაც იცნობს ლ---- უ–---–---–ს და მის ოჯახს. მიუთითებს, რომ ასკიდან გამომდინარე ეხლა ხშირად ვერ ახერხებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ასვლას, ადასტურებს, რომ ფოტოსურათზე მითითებული მავთულის ღობე გავლებულია ლ---- უ–---–---–ის ოჯახის წევრების მიერ, ბევრი წლის წინ, ხოლო ფოტოსურათზე დაფიქსირებულ ქვის გამყოფზე განმატავს, რომ მოწყობილია სახელმწიფოს (გამწვანების) მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტარიელ უ–---–---–მა განმარტა, რომ ბავშვობიდან ცხოვრობს ლ---- უ–---–---–ის მეზობლად და მიუთითებს, რომ ლ---- უ–---–---–ის ოჯახი მიწის ნაკევთს ფლობს დაახლოებით 1960 წლიდან.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის წერილზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი N5-ის მიმდებარედ, მდებარე 921 კვ/მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ) ზონაში.
7.6. პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის'' მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომელიც ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებულ N1--- განკარგულებაში მიუთითა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის N5-- საოქმო გადაწყვეტილებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები) რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. სააპელაციო სასამართლო კი, 2008 წლის 19 მაისს მომზადებულ აზომვით ნახაზზე და საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის მერიის ნ----–-----ის გამგეობის კომუნალური მომსახურების და კეთილმოწყობის განყოფილების 1996 წლის 19 მაისის N2 წერილზე აპელირებით, ასევე სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებების საფუძველზე, ხაზს უსვამს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა რამე წერილობითი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღო სადავო გადაწვეტილება.
7.7. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
7.8. პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის წერილზე, რომლის თანახმად ქ. თბილისში, კ--------–-ს პირველი შესახვევი N5-ის მიმდებარედ, მდებარე 921 კვ/მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ) ზონაში და საკითხის ხელახალი განხილვისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ლ---- უ–---–---–ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. პალატა ასევე მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის იმპერატიული დაქმა - მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ზემოთ მითითებული გარემოებებისა და “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა გამოსცეს ახალი, სათანადოდ დასაბუთებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ ლ---- უ–---–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ---- უშიკშვილის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის N1--- განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, ლ---- უ–---–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32.4-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ---- უ–---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ლ---- უშიკშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 სექტემბრის N1--- განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. ლ---- უ–---–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -