განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330311218002552742
საქმე №3ბ/3235-18
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
საჩივრის ავტორი (გადასახადის გადამხდელი) - შპს „კუ--------“
წარმომადგენელი - მაკა კეშელავა
მოწინააღმდეგე მხარე (შუამდგომლობის ავტორი) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - გურამ კავსაძე
დაინტერესებული მხარე - ი/მ ოთ----–-----–--ე
გასაჩივრებული ბრძანება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის ბრძანება
გამოარკვია:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 16 ივლისს ბოლნისის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომლითაც ი/მ ოთ----–-----–--ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით შპს „კუ---------ის“ ყადაღადადებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გამოცემა მოითხოვა. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ი/მ ოთ----–-----–--ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენს სულ 26 905.58 ლარს (მათ შორის, ძირითადი თანხა - 23 168.01 ლარი, საურავი - 3 737.57 ლარი).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „კუ---------ის“ დაყადაღებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა, რომ იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებულ იქნას გადასახადის გადამხდელის – შპს „კუ---------ის“ (ს/ნ 204490390; იურიდიული მისამართი: გარდაბანი, გარდაბნის რაიონი, სოფ. კუმისი) ყადაღადადებული ქონება.
ბრძანების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ 2018 წლის 19 მარტს შპს ,,კუ---------სა“ და ი/მ ოთ----–-----–--ეს შორის გაფორმდა N19032018-01 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,კუ---------მა“ ი/მ ოთ----–-----–--ისაგან შეიძინა ავტო-დამტვირთველი (მონაცემები MK>>BALKAN<<-LOVETCH, MARK 0844, FACTORY #10355). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე 2018 წლის 16 აპრილის №011-497 ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა ყადაღა. 2018 წლის 18 აპრილის N011-497/1 ბრძანების საფუძველზე შეტანილ იქნა ცვლილება შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 16 აპრილის N011-497 ბრძანებაში. დაყადაღებული ნივთები აღირიცხა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2018 წლის 18 აპრილის N2018/011-497/1 და 2018 წლის 11 ივნისის N2018/011-497/1 აქტებში. მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 239-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 241-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „კუ---------ისათვის“ დარიცხული თანხა, წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ,,კუ---------ის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არსებობს საწარმოს დაყადაღებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის ბრძანება გაასაჩივრა შპს „კუ---------ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა და შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, საწარმომ ი/მ ოთ----–-----–--ისგან შეძენილი ნივთის ღირებულება სრულად გადაიხადა, ამასთანავე, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთს წარმოადგენდა. ამდენად, შპს „კუ--------“ კეთილსინდისიერი შემძენია და მისი ქონების მიმართ არ უნდა მოხდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღობისძიებათა გამოყენება.
სააპელაციო სასამართლო საჩივრის გაცნობის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კუ---------ს“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ მოსაზრებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითადი ფუნქცია არის გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გახდა. საგადასახადო ორგანოები უზრუნველყოფენ რა გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს, უფლებამოსილნი არიან, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
მითითებული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/ვალდებულ პირს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
ამავე კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით. ბრძანების 39-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. მითითებული ბრძანების 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში შეტანილი ქონება შესაძლებელია შეფასდეს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ საბაზრო ფასებით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვას, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა შესრულებულ იქნას მისი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე ხდება. შესაბამისად, ქონების მხოლოდ გასხვისების ფაქტი არ აუქმებს საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებას, არამედ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ საგადასახადო დავალიანებასთან, რომლის შესრულებაც იწვევს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. ამასთან, საგადასახადო ორგანოს კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ გადასახადის გადამხდელის ქონების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის უფლებით, სხვა პირის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება კი მხოლოდ ამგვარი უფლებით დატვირთული ქონების გადაცემას უკავშირდება. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი იძენს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს რჩება უფლებამოსილება, რომ გამოიყენოს დატვირთული ქონების მიმართ ყადაღის დადების უფლება და განახორციელოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მასალებით), რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის N102017047175/3 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა ოთ----–-----–--ის მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ.
ასევე დადგენილია, რომ შპს „კუ---------სა“ (მყიდველი) და ოთ----–-----–--ეს (გამყიდველი) შორის 2018 წლის 19 მარტს დაიდო ავტოდამტვირთველის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 17119,90 ლარის ოდენობით.
ამდენად, 2018 წლის 19 მარტის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის გამყიდველის - ოთ----–-----–--ის ქონებაზე ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რაც ნიშნავს, რომ შპს „კუ---------მ“ შეიძინა საგადასახადო ვალდებულებით დატვირთული ნივთი. ამასთან, ვინაიდან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, რომლის მონაცემების მიმართაც მოქმედებს სისრულისა და სისწორის პრეზუმფცია, მყიდველს სწორედ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერები უნდა გადაემოწმებინა და ხელშეკრულებაში გაკეთებული მინიშნება, რომ ნასყიდობის საგანი უნაკლოა, ვერ გამოიწვევს მყიდველის მიერ საგადასახადო გირვანობა/იპოთეკით დატვირთული ქონების ასეთი შეზღუდვისაგან გათავისუფლებას. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადება გამოიხატება არა მხოლოდ უშუალოდ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანების გამოცემასა და ქონებაზე ყადაღის დადების ყველა სხვა პროცედურის შესრულებაში, არამედ გადამხდელისაგან საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენიდან გამომდინარე აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობით, თუკი პირი შეიძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას, იგი ხდება ამ ქონებაზე საგადასახადო ორგანოს მიერ მოგვიანებით ყადაღის გავრცელების უფლების გამოყენების რისკის მატარებელი. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო საჩივრის ავტორის მიერ შეძენილ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე გაევრცელებინა ყადაღა. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე 2018 წლის 16 აპრილის №011-497 ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა ყადაღა. 2018 წლის 18 აპრილის N011-497/1 ბრძანების საფუძველზე შეტანილ იქნა ცვლილება შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 16 აპრილის N011-497 ბრძანებაში, დაყადაღებული ნივთები აღირიცხა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2018 წლის 18 აპრილის N2018/011-497/1 და 2018 წლის 11 ივნისის N2018/011-497/1 აქტებში. მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ამასთანავე, საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციისთვის საგადასახადო ორგანო საჭიროებს სასამართლოს ბრძანებას. გარდა იმისა, რომ სასამართლომ უნდა შეამოწმოს ყადაღის დადების პროცედურების კანონიერება, უნდა არსებობდეს აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რადგან ყადაღა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად მიიჩნევა საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შუამდგომლობის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის მომენტისთვის ი/მ ოთ----–-----–--ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა სულ 26 905.58 ლარს, ხოლო 2019 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, ოთ----–-----–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად ერიცხება 22079 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობა, ხოლო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებათა კანონიერებას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2121, 2123, 34-ე მუხლებით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს
1. შპს „კუ---------ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის ბრძანება;
3. მაკა კეშელავას დაუბრუნდეს შპს „კუ---------ის“ საჩივარზე 2018 წლის 22 ნოემბრის N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი (მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22);
4. ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე თამარ ონიანი