განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210117001666477
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-450-19 25 სექტემბერი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,T-- G--” ნ----- მ----–--- შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------“ ვ------- ტ-----------, ხ------- ი-----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის, 2013 წლიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც გამოიხატებოდა ქ. ბ------–-, რ---------–-- ქუჩა №---ში, შპს ,,T-- G--’’-ს მშენებარე მრავალფუნქციური შენობის ,,ბ----–-------------" მშენებლობისათვის, მოპასუხისათვის ბეტონის კარკასის სტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების შესრულებასა და სხვადასხვა მასალების, მოწყობილობების მიწოდებაში. 2014 წლის 01 მაისს, მხარეებს შორის გაფორმდა აღნიშნული ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება (ანუ ახალი ხელშეკრულება), რომლითაც გაუქმდა, მხარეთა შორის ადრე არსებული 12.09.2013წ. ხელშეკრულება. 01.05.2014წ. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა შორის საბოლოო ბალანსი, რომლითაც დადგინდა დავალიანების არსებობა, მოპასუხის მიერ დავალიანების გადახდის ვალდებულება და გადახდის გრაფიკი, მიღება-გადაცემის შესაბამისი თარიღების შესაბამისი სავალუტო კურსების გათვალისწინებით აისახა 01.05.2014 წლამდე გადაცემული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, შესრულებულ და აუნაზღაურებელ სამუშაოთა ღირებულება, ჯამში 875106,97 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, განისაზღვრა, რომ ეს თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა თანაბარწილად, 2014 წლის მაისი-სექტემბრის თვეებში, ყოველთვიური გადახდებით. მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის განმავლობაში, მოპასუხემ აღნიშნული თანხიდან გადაიხადა, მხოლოდ ნაწილი და 17.10.2014 წლიდან გადასახდელი დარჩა 371254,58 აშშ დოლარი. შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გადაწყდა, რომ ცალკე გაფორმდებოდა ამწე-კრანის იჯარის ხელშეკრულება, რაც გაფორმდა ინვოისის გამოწერით. მასზე ორივე მხარემ მოაწერა ხელი. ამწე-კრანის იჯარის გადასახადმა, მის დემონტაჟთან ერთად, შეადგინა 168 740,00 აშშ დოლარი, რაც მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის. გარდა ამისა, მოპასუხეს დასაბრუნებელი აქვს მიღებული საგარანტიო თანხები-45789,71 აშშ დოლარი. 17.10.2014წ. დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, 17.10.2014წ. შედარების ანგარიშის შემდგომაც, 29.10.2014 წელს, მოპასუხეს მიეწოდა 651571,67 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა-მოწყობილობები. მოპასუხეს ამ დავალიანებიდანაც არ გადაუხდია თანხა. მოპასუხეს, ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2014 წლის 17 ოქტომბერს. დღეისათვის, ჯამურად, ძირი დავალიანება შეადგენს 585 784,29 აშშ დოლარს (371254,58 + 168 740,00 +457890,71=585784,29 ) და 651 517,67 ლარს. მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, მათ შორის წერილობითი ფორმით, მოპასუხე დარჩენილ დავალიანებას, არც სრულად და არც ნაწილ-ნაწილ არ იხდის, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა საგარანტიო თანხის (45789,71 აშშ დოლარი) დაკისრების ნაწილში და მოპასუხისათვის 539784,29 აშშ დოლარისა და 651 517,67 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 12.09.2013წ. შეთანხმებით, შავი კარკასის ბეტონის სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება მხარეებს შორის ორმხრივად შეწყდა. შეთანხმებით განისაზღვრა საბოლოო ანგარიშსწორება, განისაზღვრა გადახდის გრაფიკი. კომპანია წარმოადგენს აჭარის რეგიონში მსხვილ ინვესტორს. კომპანიის მიმართ მიმდინარე სამართლებრივი შეზღუდვების გამო, ვერ განხორციელდა ტრანზაქციები. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მხარეებს შორის ახალი შეთანხმებით გაუქმდა წინა შეთანხმებები და პირობები, ხოლო ახალი შეთანხმება პროცენტებს, საურავს, ჯარიმა/პირგასამტეხლოს არ ითვალისწინებდა. მხარეები ამაზე არ შეთანხმებულან. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 103 748,38 აშშ დოლარი და 27362,44 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელეს არ აქვს ასახული.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე, შპს ,,T-- G--’’-ს, მოსარჩელის, შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს, 539 000 აშშ დოლარისა და 651.571,67 ლარის გადახდა; 3. მოსარჩელე, შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------"-ს სარჩელის ნაწილში - მასალა/ხელსაწყოებისა და სამუშაოებისათვის აშშ დოლარებში შეთანხმებულ ნარჩენ დავალიანებაზე - 371.254,58 აშშ დოლარზე, 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლოდან, ყოველთვიურად საურავების სახით 0,06%-ის, ასევე გადაცემული მასალა/ხელსაწყოების არგადახდილ ღირებულებაზე - 651.571,67 ლარზე 0,06%-ი ოდენობით ყოველდღიურად დაკისრების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას; 4. მოსარჩელეს, სარჩელის ნაწილში - ამწე-კრანის იჯარისა და დემონტაჟის არგადახდილი ღირებულებიდან - 168.740,00 აშშ დოლარზე, 2015 წლის 31 მარტიდან, საურავების სახით 0,06%-ის ოდენობით ყოველდღიურად დაკისრების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას; 5. საპროცესო ხარჯები მხარეებს შორის განაწილდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ: მოპასუხე შპს ,,T-- G--’’-ს, მოსარჩელის, შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (5000 ლარი) 4125 ლარის ანაზღაურება, ასევე, მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (150 ლარი) 25 ლარის ანაზღაურება, ჯამში 4150 ლარის გადახდა; მოსარჩელე, შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------"-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან-875 ლარი ჩაეთვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში; 6. საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში, უცვლელი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოპასუხე, შპს ,,T-- G--’’ არის რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც ქ. ბ------–-, რ---------–-- ქუჩა №---ში, აწარმოებს მრავალფუნქციური შენობის ,,ბ----–-------------" მშენებლობას. 2.2. მოსარჩელე, შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------" არის თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, ხოლო შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------"-ს ბათუმის ფილიალი არის უცხოური საწარმოს ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და მისი დამფუძნებელია შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------". 2.3. 2013 წლიდან, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც გამოიხატებოდა ქ. ბ------–-, რ---------–-- ქუჩა №---ში, შპს ,,T-- G--’’-ს მშენებარე მრავალფუნქციური შენობის ,,ბ----–-------------" მშენებლობაზე, მოპასუხისათვის ბეტონის კარკასის სტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების შესრულებასა და სხვადასხვა მასალების, მოწყობილობების მიწოდებაში. კერძოდ; შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------"-მ, მოპასუხეს მიაწოდა მასალა-ხელსაწყოები, ავტომანქანა, შეასრულა ბეტონის შავი კარკასის სტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები, გადასცა იჯარით ამწე-კრანი და შემდეგში განახორციელა მისი დემონტაჟი. 2.4. 2014 წლის 01 მაისს, მხარეთა შორის გაფორმდა სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც გაუქმდა მათ შორის, ადრე არსებული 12.09.2013წ. ხელშეკრულება. 01.05.2014წ. ხელშეკრულებით განისაზღვრა საბოლოო ბალანსი, დადგინდა დავალიანების არსებობა, მოპასუხის მიერ დავალიანების გადახდის ვალდებულება და გადახდის გრაფიკი; მიღება-გადაცემის შესაბამისი თარიღების შესაბამისი სავალუტო კურსების გათვალისწინებით აისახა 01.05.2014 წლამდე გადაცემული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, შესრულებულ და აუნაზღაურებელ სამუშაოთა ღირებულება, ჯამში 875 106,97 აშშ დოლარის ოდენობით; განისაზღვრა, რომ ეს თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა თანაბარწილად, 2014 წლის მაისი-სექტემბრის თვეებში ყოველთვიური გადახდებით. მხარეები, ურთიერთშორის ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ უნაღდო ანგარიშსწორების საფუძველზე. 2.5. მხარეებს შორის სადავო არაა სარჩელში მითითებული, 875 106,97 აშშ დოლარის და 651571,67 ლარის მიწოდებული მასალების, მოწყობილობების, ავტომანქანის, იჯარის საზღაურის, ამწე-კრანის დემონტაჟის სამუშაოს, გაცემული საგარანტიო თანხების ოდენობა და ღირებულებები, ფასებზე შეთანხმებები, მათ შორის: ამწე-კრანის იჯარის გადასახადმა, მის დემონტაჟთან ერთად, შეადგინა 168740,00 აშშ დოლარი; მოსარჩელეს გაცემული აქვს მიღებული საგარანტიო თანხები, ჯამში 45789,71 აშშ დოლარის ოდენობით; 29.10.2014 წელს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 651571,67 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა-მოწყობილობები. 2.6. მოსარჩელემ დაადასტურა, 2018 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საგარანტიო თანხის დავალიანების-45789,71 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის, 01.05.2014წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული 875 106,97 აშშ დოლარიდან, დარჩენილი სხვაობის- 539 784,29 აშშ დოლარის, ასევე დამატებით მიწოდებული სამშენებლო მასალა-მოწყობილობების 651 517,67 ლარის დაკისრება მოითხოვა. 2.7. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის ფარგლებში დასადგენია, შპს ,,T-- G--’’-ს მიერ გადახდილი იყო, თუ არა 103748,38 აშშ დოლარი და 27362,44 აშშ დოლარი, ასევე, შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------"-ს ჰქონდა თუ არა ეს, ასახული სარჩელით მოთხოვნილ დავალიანებაში; მოსარჩელემ, დავალიანების ოდენობის (სულ 875106,97 აშშ დოლარი და 651 517,67 ლარი) დასადასტურებლად წარმოადგინა: 01.05.2014წ. შეთანხმება, ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული მიმდინარე ანგარიში, ინვოისები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შედარების ანგარიშები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მან, მოპასუხეს მიაწოდა მასალა-ხელსაწყოები, ავტომანქანა, შეასრულა სამუშაოები, მიაწოდა ამწე-კრანი იჯარის საფუძველზე და განახორციელა მისი დემონტაჟი, გასცა საგარანტიო თანხები, რასაც მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა, თუმცა მოპასუხის განმარტებით, შესაბამისი ღირებულებები და საფასური მის მიერ სრულად ანაზღაურებული იყო. 2.8. მოპასუხემ, ვალდებულების სრულად შესრულების დასადასტურებლად წარმოადგინა საგადახდო დავალებები თანხის გადახდის შესახებ, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მან, შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------"-ს ბათუმის ფილიალს ჩაურიცხა შემდეგი თანხები: - 08/05/2014წ. - 300000 ლარი; - 11/06/2014წ. - 139930,73 ლარი; - 25/06/2014წ. - 88430 ლარი; - 17/10/2014წ. - 95495,32 ლარი; - 17/10/2014წ. - 31765,69 ლარი; -17/10/2014წ.- 27362,44 აშშ დოლარი; -25/09/2014წ.- 103745,38 აშშ დოლარი; - 2018 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საგარანტი თანხა-45789,71 აშშ დოლარი. აღნიშნულ გადახდებს დაეთანხმა მოსარჩელე, თუმცა მიუთითა, რომ ამ გადახდებით, მთლიანი დავალიანების თანხა- 875106,97 აშშ დოლარი, მხოლოდ შემცირდა და დარჩენილია სხვაობა 539784,29 აშშ დოლარი, ასევე 651 517,67 ლარი, რაც გადახდილი არ ყოფილა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 477-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეებს შორის არსებული 12.09.2013წ. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია, როგორც მასალა/ხელსაწყოებისა და შესრულებული სამუშაოებისათვის დარჩენილი დავალიანება - 371.254,58 აშშ დოლარი, ასევე ამწე-კრანის ,,იჯარისა და დემონტაჟის" არგადახდილი ღირებულება - 168.740,00 აშშ დოლარი. ჯამში, დაახლოებით 539 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ - დამკვეთმა ვერ დაამტკიცა ფულადი ვალდებულების შესრულება.
2.10. მოსარჩელე, ასევე მოითხოვდა მოპასუხისათვის 651.571,67 ლარის გადახდას, რასაც აფუძნებდა 01.05.2014წ. შეთანხმებაზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშენებლო მოედანზე დარჩენილ მასალებს, აღჭურვილობას შეიძენდა ,,დამსაქმებელი"-მოპასუხე.
სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ვალდებულება არ გამომდინარეობდა მხარეთა შორის არსებული, 12.09.2013წ. ნარდობის ხელშეკრულებიდან, წარმოადგენდა ახალი გარიგებას.
მხარეებმა, ერთობლივად მოშალეს რა 12.09.2013წ. ნარდობის ხელშეკრულება, აქვე შეთანხმდნენ, რომ სამშენებლო მოედანზე დარჩენილ მასალებს, აღჭურვილობას შეიძენდა მოპასუხე.
ანუ, ადგილი აქვს მხარეთა შორის ნასყიდობის გარიგების დადებას, რომლითაც მოპასუხემ - მყიდველმა იკისრა ვალდებულება, რომ შეიძენდა ამ ქონებას, ხოლო მოსარჩელე - გამყიდველი მყიდველს გადასცემდა ქონებას.
მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე, გადახდის დროსა და წესზე.
ნასყიდობა შედგა, მოსარჩელემ გადასცა ნასყიდობის საგანი, რაც მიიღო მყიდველმა და ეს სადავო არ იყო.
სადავო იყო ვალდებულების შესრულება - ნასყიდობის საფასურის გადახდა.
2.11. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილი დარჩენილი სხვაობის (დაზუსტებული თანხის) გადახდის დასადასტურებლად მოპასუხემ, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
მოპასუხის მიერ განხორციელებული გადახდები (ლარში), სრულად შეესაბამებოდა გადახდის დროისათვის არსებული ვალუტის კურს, რაც მოსარჩელეს გათვალისწინებული ჰქონდა და ამ თანხებს სასარჩელო მოთხოვნები არ მოიცავდა.
ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის უარყოფა არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით და მისი არგუმენტაცია დავალიანების არარსებობის თაობაზე, არ იქნა გაზიარებული.
იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ფულადი ვალდებულების შესრულება, სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ არ მოხდა, თანხის გადახდის ნაწილში, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გაზიარება. კერძოდ, მათ მიერ წარდგენილ იქნა სავალუტო საგადახდო დავალებები, რომლითაც დასტურდება, რომ სს "ზ------- ბ-----" მეშვეობით, 2014 წლის 17 ოქტომბერს, მოპასუხემ მოსარჩელეს გადაურიცხა 27362.44 აშშ დოლარი, 2014 წლის 25 სექტემბერს 103745,38 აშშ დოლარი, ასევე საგადახდო დავალებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა 95495,32 ლარი და 31765,69 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული საგადახდო დავალებებით დაიფარა, სწორედ ის ვალდებულებები, რაც მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნაში იყო მოცემული. 3.2. სასამართლომ გამოიყენა ის კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არსებითად არასწორად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები.
4. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.8. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.9-2.11 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 477-ე, 629-ემუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის, იჯარის და ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნები თანხის დაკისრების თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 629-ე, 581-ე და 477-ე მუხლებს. მოცემული დავის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავო არაა სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, ამწე-კრანის იჯარისა და მისი დემონტაჟის ფაქტი, ასევე სამშენებლო მოედანზე დარჩენილი მასალების მოპასუხის მიერ შეძენა და ამ ურთიერთობის ფარგლებში გათვალისწინებული საფასური. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების არსებობა. 4.4. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. 4.5. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. 4.6. მხარეთა შორის, 2014 წლის 1 მაისს გაფორმებული, ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებით, რაც ხელმოწერილია ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 12.09.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,T-- G--”-ს, გააჩნდა დავალიანება მოსარჩელის მიმართ 875 106,97 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც გადაიხდიდა ოთხ ეტაპად, 2014 წლის მაისიდან - სექტემბრის თვის ჩათვლით. მხარეთა შორის, ასევე სადავო არაა, რომ 29.10.2014 წელს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 651571,67 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა-მოწყობილობები. ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, თანხების გადახდისა და დავალიანების არარსებობის ფაქტის დადასტურება, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა. 4.7. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიც, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, კერძოდ, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ნორმა, ერთის მხრივ, იძლევა დამატებით ინფორმაციას ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთის მოვალისათვის დაკისრების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შესრულება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ, ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ, ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 2015 წლის 11 ნოემბერი; სუსგ №ას-1541-1547-2011; 2012 წლის 19 აპრილი). 4.8. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,T-- G--”-ს დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 875 106,97 აშშ დოლარს და 651571,67 ლარს, ამ ვალის სრულად გასტუმრების დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა, მხოლოდ 623856,05 ლარისა და 176897,53 აშშ დოლარის გადახდის ამსახველი მტკიცებულება, ხოლო დარჩენილი სხვაობის გადახდაზე, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც დადგენილი იქნა, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული გადახდები (ლარში), სრულად შეესაბამებოდა გადახდის დროისათვის არსებულ ვალუტის კურს, რაც მოსარჩელეს გათვალისწინებული ჰქონდა (გამოკლებული იყო დავალიანების თანხიდან) და ამ თანხებს სასარჩელო მოთხოვნები არ მოიცავდა-დასაბუთებულია. ამდენად, შპს ,,T-- G--”-მ ვერ უზრუნველყო მასზე არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ დაადასტურა სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების გადახდის ფაქტი, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------“-ს სასარჩელო მოთხოვნები დასაბუთებულია. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შპს ,,ა-–-------- ი-–---- თ-------- პ----–- ვე თ----------“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ,,T-- G--”-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, ამასთან, აპელანტს გადავადებული ჰქონდა სახ. ბაჟის გადახდა, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,T-- G--“-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გადავადებული სახელწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,T-- G--“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. შპს ,,T-- G--“-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბ----- კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ინდირა მაშანეიშვილი