განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2019
საქმის ნომერი
330210017001781449
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210017001781449 (2ბ/2849-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - ამირან ძაბუნიძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ბეჟან ნემსაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - შ--–---------–-–---–ი

წარმომადგენელი - მ-------–--–------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ---–---–------ი

წარმომადგენელი - ნ-----–-------------ა

 

დავის საგანი - ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით თ---–---–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე შ--–---------–-–---–ს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში, სამაუწყებლო კომპანია „ი-------ა“ და სამაუწყებლო კომპანია „ტ---------–-ს“ მეშვეობით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი სახით ცნობის გამოქვეყნება: სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს ტელეკომპანია „ი-------“ გადაცემაში „პ-------------ი“ გამოთქმული შემდეგი განცხადება „... ეს ცნობილი სტილია ო-–-------ს, ყველა მინისტრი თითქმის, ვინც, იგივე თ---–---–------ს 300 000 ევროიანი სახლი უყიდა ს------------–ი, ეგ ცნობილია, ხო, ყველა მინისტრი მასთან ფინანსურ ვალდებულებაშია, ფინანსურ კაბალაშია...“; და 2016 წლის 23 ნოემბერს ტელეკომპანია „ტ---------–-ს“ გადაცემა „ი------------–-----------------ს“ 14:00 საათის გამოშვებაში გაკეთებული შემდეგი განცხადება „...ეს იყო უბედურება საქართველოსი და ბოლოს, ბოლოს იყიდა ბ-----მ და იყიდა იცი რით? ს------------–ი უყიდა სამასი ათას ევროიანი სახლი, თითქოს აქ არ ეცხოვრებოდა....“--- შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს მოსარჩელე თ---–---–------ის შესახებ. ასევე, შ--–---------–-–---–ს თ---–---–------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2 ლარის ოდენობით.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. საქალაქო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2-------- წლებში თ---–---–------ი მუშაობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იურისტად. 2007 წლიდან 2010 წლის დროის მონაკვეთში მოსარჩელის ყოველწლიური შრომის ანაზღაურება აღემატებოდა 80 000 ევროს.

 

2.2. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან თ---–---–------ი დაინიშნა ს----------–-----------–--------------ს თანამდებობაზე, მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3540 ლარს, ყოველთვიური დანამატი 2014 წლის 1 იანვრამდე 4335 ლარს, ხოლო შემდეგ 2710 ლარს.

 

2.3. მოპასუხე შ--–---------–-–---–ი წარმოადგენს ლ--------------–ი პარტიის წევრს, თავმჯდომარეს.

 

2.4. 2016 წლის 19 ოქტომბერს სამაუწყებლო კომპანია ,,ი-------“ სატელევიზიო გადაცემა ,,პ-------------ში“ ლ--------------–ი პარტიის თავმჯდომარე შ--–---------–-–---–მა გააჟღერა შემდეგი განცხადება: ,,რაც მთავარია, ბ-----------–---–-ს ბანკის მევალეა ს---------------ი, 200 000 დოლარი მართია ბ-------------ს და პროცენტებს ბ-----------–---–- უხდის სანამ ჭკუითაა და მისი დავალებით ესეთ განცხადებებს აკეთებს ჩვენს წინააღმდეგ მათ შორის თუ ჭკუით არ იქნება მერე უკან მოთხოვს გადახდას. ეს ცნობილი სტილია ო-–-------ს, ყველა მინისტრი თითქმის ვინც... იგივე თ---–---–------ი 300 000 ევროიანი სახლი უყიდა ს------------–ი, ეგ ცნობილია ხო, ყველა მინისტრი მასთან ფინანსურ ვალდებულებაშია, ფინანსურ კაბალაშია.“

 

2.5. 2016 წლის 23 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია ,,ტ---------–-ს“ გადაცემა „ი------------–-----------------ს“ 14:00 საათის გამოშვებაში გამოსვლისას შ--–---------–-–---–მა, სხვა განცხადებებთან ერთად, გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება: ,,ეს იყო უბედურება საქართველოსი და ბოლოს, ბოლოს იყიდა ბ-----მ და იყიდა იცი რით? ს------------–ი უყიდა სამასი ათას ევროიანი სახლი. თითქოს აქ არ ეცხოვრებოდა. აუცილებლად ს------------–ი, ს------------–ი უნდა დარჩეს მისი საქმენი საგმირონი“.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. საქალაქო სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო განცხადებებში გაჟღერებულ ფაქტს (ბ-----------–---–-ს მიერ თ---–---–---------თვის ქ. ს------------–ი 300 000 ევროს ღირებულების სახლის შეძენის შესახებ) ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 15 ოქტომბრის ნასყიდობის აქტით ირკვევა, რომ 2008 წლის 15 ოქტომბერს თ---–---–------მა, ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისტმა, შეიძინა საფრანგეთში, ქ. ს------------–ი, დ-------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებთან ერთად, აგრეთვე ამავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, სარდაფი. ქონების სყიდვის ფასი შეადგენდა 220 000 ევროს (ს.ფ. 21-65). მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ორი დღით ადრე, 2008 წლის 13 ოქტომბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის მიზნით ბანკი კ----------–-----სგან სესხის სახით მიიღო 248 500 ევრო, 240 თვის ვადით, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების სესხის საბოლოო დაფარვის ცხრილით, სადაც მითითებულია კრედიტის მიზანი (უძრავი ქონების სესხი) (იხ. ს.ფ. 67-81). საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულება, რომლითაც ირკვევა, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს თ---–---–------მა წარმომადგენლის ფ-------------ს მეშვეობით გაასხვისა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე საფრანგეთში, ქ. ს------------–ი, დ---------------------ში, მასში განთავსებულ ავეჯთან ერთად 230 000 ევროდ (ს.ფ.118-141, 142-155). ნასყიდობის ფასით სრულად იქნა დაფარული სესხის თანხა, რაც დადასტურებულია ელექტრონული მიმოწერით სს ,,ს----------–----------ს“ ოპერატორსა და თ---–---–------ს შორის პირად ანგარიშზე ს------------–ი უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხების ჩარიცხვის შესახებ (ს.ფ.156) და 2017 წლის 13 იანვრის ელექტრონული წერილით ბანკ კ---------–-----ს მიმართ დავალიანების სრულად დაფარვის შესახებ (იხ.ს.ფ.158-165). ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ს------------–ი საცხოვრებელი ბინა, არასაცხოვრებელ ფართთან ერთად თ---–---–------მა შეიძინა ჯერ კიდევ 2008 წლის 15 ოქტომბერს (რაც მან გაასხვისა 2016 წელს და გასხვისების შედეგად მიღებული თანხით სრულად დაფარა ბინის შეძენის მიზნით აღებული კრედიტი), ხოლო საქართველოს ი------–--------------დ იგი დანიშნული იქნა 2012 წლის 25 ოქტომბრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ს------------–ი, დ---------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ინფორმაცია ასახულია თ---–---–------ის მიერ ი------–--------------დ დანიშვნის პერიოდისათვის, 2012 წლის მდგომარეობით შევსებულ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში (ს.ფ. 167-168).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ. საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...

 

2.8. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს. იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის (სადავო განცხადებების გავრცელების დროს არსებული რედაქცია) თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე არიან საჯარო პირები. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადებების საჯაროდ გავრცელების ფაქტი მხარეთა მიერ სადავო არ არის.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათავლისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში. ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria,1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w). ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ცილისწამების მაკვალიფიცირებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს წარმოადგენს განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპასუხის მიერ გავრცელებული სარჩელით სადავო განცხადება გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, რაც მთავარია, მათი შეფასებისა და ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შ--–---------–-–---–ის მიერ გამოთქმული შემდეგი განცხადებები - „... ეს ცნობილი სტილია ო-–-------ს, ყველა მინისტრი თითქმის, ვინც, იგივე თ---–---–------ს 300 000 ევროიანი სახლი უყიდა ს------------–ი, ეგ ცნობილია, ხო, ყველა მინისტრი მასთან ფინანსურ ვალდებულებაშია, ფინანსურ კაბალაშია...“; „...ეს იყო უბედურება საქართველოსი და ბოლოს, ბოლოს იყიდა ბ-----მ და იყიდა იცი რით? ს------------–ი უყიდა სამასი ათას ევროიანი სახლი, თითქოს აქ არ ეცხოვრებოდა....“ --- წარმოადგენს მტკიცებითი ფორმით, როგორც რეალურად მომხდარი ფაქტის გადმოცემას იმის შესახებ, რომ ბ-----------–---–-ა თ---–---–------ს უყიდა 300 000 ევროს ღირებულების ბინა ს------------–ი. განცხადებების სარჩელით სადავო ნაწილი სასამართლოს მიერ არ შეფასდა მოპასუხის მოსაზრებად ან/და კრიტიკად, შეფასებით მსჯელობად, ვინაიდან იგი სცდება განმცხადებლის სუბიექტურ დამოკიდებულების გამოხატვას და კომენტარს პიროვნებისა, თუ მოვლენის მიმართ, შესაბამისად, მას ვერ მიეცემა აზრის კვალიფიკაცია. აღნიშნული განცხადებების ფორმულირების (ფაქტის კონსტატაციის სახით გადმოცემის), მათი კონტექსტის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ განცხადებები წარმოადგენს მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძვირადღირებული საჩუქრის მიღების შესახებ, რაც არსებობის შემთხვევაში, კანონით აკრძალული ქმედებაა.

 

2.10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გავრცელებული ცნობების ცილისწამებად კვალიფიკაციისათვის მეორე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სადავო განცხადებაში მოყვანილი ფაქტი უნდა იყოს არსებითად მცდარი, არასწორი. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, კერძოდ, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მე-6 პუნქტი ადგენს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ გავრცელებული იქნა ცნობები ბ-----------–---–-ს (ყოფილი პ------------------ი) მიერ თ---–---–---------თვის ს------------–ი, ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენის ფაქტის შესახებ. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-7 და მე-14 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებით შეძლო მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტის სინამდვილესთან შეუსაბამობის (არსებითად მცდარობის) უტყუარად დადასტურება, კერძოდ, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ ს------------–ი საცხოვრებელი ბინა, არასაცხოვრებელ ფართთან ერთად პირადად მან შეიძინა ჯერ კიდევ 2008 წლის 15 ოქტომბერს, ბევრად უფრო ადრე მისი საქართველოს ი------–--------------დ 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დანიშვნამდე.

 

2.11. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ განცხადებებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 03.04.2012წ. განჩინებაში (საქმეზე ას-1477-1489-2011წ) განმარტა: „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ადასტურებს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული არაქონებრივი სახით ზიანის მიყენებას. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებულ ბრალდებას - ძვირადღირებული საჩუქრის, ბ-----------–---–-ს (ყოფილი პ------------------ი) მიერ თ---–---–---------თვის 300 000 ევროს ღირებულების სახლის ს------------–ი ყიდვის თაობაზე - შეეძლო გავლენა მოეხდინა მოსარჩელის, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

 

2.12. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ დიფამაციის საქმეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ განცხადების ავტორმა იცოდა (მისთვის წინასწარ იყო ცნობილი) გავრცელებული ფაქტის მცდარობა, ან მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება („სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლი). იმ პირობებში, როცა მოსარჩელე წარმოადგეს პოლიტიკური თანამდებობის პირს და საზოგადოებას აქვს მის მიმართ მაღალი ინტერესი, ინფორმაცია მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ არის საჯარო და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის, მათ შორის, მოპასუხისათვის, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მითითება მასზედ, რომ იგი ვერ აწარმოებდა კვლევას, თუ როდის, ვისგან და რა ფასად შეიძინა ბინა მოსარჩელემ. როგორც დადგენილია, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ს------------–ი, დ---------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ინფორმაცია ასახული იქნა ჯერ კიდევ თ---–---–------ის მიერ ი------–--------------დ დანიშვნის პერიოდისათვის, 2012 წლის მდგომარეობით შევსებულ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაშიც, რაც მოპასუხეს, ფაქტის (არა, როგორც ვარაუდის არსებობაზე), არამედ მტკიცებით ფორმაში, საჯაროდ გავრცელებამდე, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სრულ შესაძლებლობას აძლევდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა: ა) მოსარჩელემ სასამართლოში დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ, ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გ) ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, ან მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქალაქო სასამართლოს მითითებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით, ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში (მათ შორის, სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად), ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული მიზნის მისაღწევად. შეფასება „აუცილებელ დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოიცავს როგორც უფლებაში ჩარევის აუცილებლობას, ისე ჩარევის თანაზომიერების შეფასებას. იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, ისევე როგორც სადავო განცხადებების გამავრცელებელი (მოპასუხე), არის საჯარო პირი. თ----–---–------ი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენელთა და პოლიტიკოსების მიმართ სტრასბურგის სასამართლო აყალიბებს არა მხოლოდ კერძო პირებთან, არამედ სხვა საჯარო პირებთან შედარებითაც, უფრო ფართო დასაშვები კრიტიკის ფარგლებს, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს პოლიტიკოსის უფლებების, რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოხატვის უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას, მით უფრო, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მის მიმართ გამოთქმულ სერიოზულ ბრალდებას. ამრიგად, პოლიტიკოსთა თმენის მომეტებული ვალდებულების პირობებშიც და კრიტიკის განსაკუთრებულად დაცულ სფეროშიც კი, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური და შეუზღუდავი არ არის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილებაში საქმეზე Keller v. Hungary, აღნიშნა შემდეგი: კერძო პირისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსების მოსაზრებები გარდაუვლად და შეგნებულად ხდება ფართო საზოგადოებისა და ჟურნალისტების განხილვის საგანი, შესაბამისად მათ ეკისრებათ თმენის უფრო მაღალი ვალდებულება. ეჭვგარეშეა, რომ კონვენციის 10-ე &2 მუხლი იცავს ყველა ადამიანის რეპუტაციას, სადაც პოლიტიკოსებიც მოიაზრებიან, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ მოქმედებენ როგორც კერძო პირები, მაგრამ ასეთი დაცვა უნდა განხორციელდეს საჯარო ინტერესებთან შეპირისპირების გზით, როდესაც საქმე ეხება ღია პოლიტიკურ დისკუსიას. სასამართლოს აზრით, ეს ასევე სწორია იმ შემთხვევაში, როდესაც კრიტიკა განხორციელებულია ერთი პოლიტიკოსის მიერ მეორის მიმართ. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო განცხადებები გაკეთებულია მთავრობის წევრების შეფასების მიზნით დასმულ შეკითხვაზე, მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების საკითხთან დაკავშირებით. უდავოა, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესი, ჰქონდეს ინფორმაცია, მათ შორის, კრიტიკულიც, თანამდებობის იმ პირთა საქმიანობის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას და მის მომავალს განსაზღვრავენ. დემოკრატიული საზოგადოებისა და საზოგადოების წევრთა ხედვის ჩამოყალიბების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შეფასებებს, თუნდაც მათ სუბიექტურ შეხედულებას მთავრობის შემადგენლობისა თუ სხვადასხვა მოვლენების მიმართ, კრიტიკულ აზრს მათი საქმიანობის შესახებ. მაგრამ, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთი ცნობების შეგნებულად ან სათანადო გადამოწმების გარეშე, ყოველგვარი ვარაუდის გამორიცხვით გავრცელება, რაც არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, სცდება საზოგადოების ინტერესის სფეროს, მიიღოს მოვლენების შესახებ ინფორმაცია, თუნდაც სუბიექტური, მოისმინოს საფუძვლიანი ან შესაძლოა, უსაფუძვლოც კრიტიკული მოსაზრებები. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით საზოგადოებრივი ყურადღება განმარტებულია, როგორც საზოგადოების ინტერესი და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა, იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები უფლებამოსილნი არიან შეისწავლონ და აკრიტიკონ აღმასრულებელი ხელისუფლება და მასში ჩართული თანამდებობის პირები. თუმცა, ასეთი კრიტიკა არ უნდა ცდებოდეს გარკვეულ ლიმიტს და არ უნდა ემსახურებოდეს გამიზნულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. მსგავს შემთხვევებში კი სასამართლომ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. „იმისათვის, რათა საჯარო მოხელეებმა სრულყოფილად და ეფექტურად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, აუცილებელია მათ ჰქონდეთ საზოგადოების ნდობა, შესაბამისად სახელმწიფოს შესაძლებელია დასჭირდეს საჯარო მოხელეების დაცვა ისეთი გადამეტებული კრიტიკისგან, რომელიც შეურაცხყოფს მათ რეპუტაციას და რომელიც დაუსაბუთებელია.“ (იხ. საქმე: „ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, §53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97, ასევე, საქმე: „UNGVÁRY AND IRODALOM KFT უნგრეთის წინააღმდეგ“, 2013 წლის 3 დეკემბერი, §44, 64520/10). საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებების ის ნაწილი, რაც სადავოა სარჩელით (სადავო წინადადებები), არ არის შეფასებითი მსჯელობა, განმცხადებლის სუბიექტური დამოკიდებულება და მისივე კომენტარი პიროვნებისა და მოვლენის მიმართ (აზრი). აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა კი გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება ვერ მიიჩნევა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოწვეული აუცილებლობით გაკეთებულ განცხადებად, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელ კრიტიკად, რომლის მიმართ თმენის მომეტებული ვალდებულება გააჩნიათ საჯარო პირებს, განსაკუთრებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს და, რაც შეიძლება გამართლებული იქნეს საჯარო ინტერესებით.

 

2.14. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის სახეებს, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებულია სარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხე შ--–---------–-–---–ს დაევალოს სამაუწყებლო კომპანია „ი-------ა“ და სამაუწყებლო კომპანია „ტ---------–-ს“ მეშვეობით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება.

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 18.2. მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ვინაიდან დადგინდა, რომ მოპასუხემ აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მორალური ზიანის ანაზღაურებას გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანის გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა, სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვა მოპასუხისათვის 2 ლარის დაკისრება, როგორც მიყენებული არაქონებრივი ზიანის სიმბოლური ანაზღაურება, რაც დაკმაყოფილებული იქნა საქალაქო სასამართლოს მიერ.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, მან სარჩელში მითითებულ სატელევიზიო გადაცემებში ნამდვილად გააკეთა განცხადება, რომლითაც გამოხატა თავისი აზრი და შეხედულება თ---–---–------ის მიმართ, რაც იმთავითვე გამორიცხავს ცილისმწამებლური ცნობების გავრცელებას. მოცემულ განცხადებაში მოპასუხეს არ მოუხდენია კონკრეტული ფაქტების კონსტანტაცია და მოსარჩელისათვის რაიმე კონკრტულ დანაშაულში მხილება, მან თავისი მოსაზრება თ---–---–------ის პიროვნების მიმართ შეფასებით მსჯელობის ფორმით წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი არ ეთანხმება არც მოსარჩელეს და არც სასამართლოს, რომ მოპასუხეს თავისი შეხედულების სიმართლის დასამტკიცებლად „წინასწარი მოკვლევა“ უნდა ეწარმოებინა, თუ როდის, ვისგან და რა ფასად შეიძინა მოსარჩელემ ბინა, მერე რატომ გახდა აუცილებელი სესხი დაეფარა მაინცდამაინც ქ------- ბანკიდან აღებული კრედიტით და ა.შ. მოპასუხემ გამოხატა მისი ინდივიდუალური დამოკიდებულება მოსარჩელის პიროვნების მიმართ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რა ინფორმაციაც ჰქონდა მოპასუხეს. აღნიშნული მსჯელობა შეფასებითი მსჯელობის კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელია მოპასუხის დადანაშაულება მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის კუთხით.

 

3.2. აპელანტის მითითებით, 2018 წლის 25 აპრილს ჩაჰბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმება, რადგან სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და შესაბამისად იურიდიულად არასწორად დაასაბუთა გადაწყვეტილება, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს უპირველეს ყოვლისა უნდა გამოეკვლია შ--–---------–-–---–ის მიერ გაკეთებული განცხადება იყო თუ არა ცილისმწამებლური და შეიძლება თუ არა ისინი მივიჩნიოთ მართლსაწინააღმდეგოდ, ანუ სასამართლოს უნდა შეეფასებინა მოპასუხის განცხადება შეიცავდა თუ არა ფაქტებს, თუ ეს იყო შეფასებითი მსჯელობა, რადგან ცილისწამების განსაზღვრისას ეს არის აუცილებელი წინაპირობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, რომლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. იმავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ პუნქტის შესაბამისად, აბსოლუტური პრივილეგიაა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა იმავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, რაც სახეზეა მოცემულ შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ--–---------–-–---–ის მიერ გამოთქმული მოსაზრება არის შეფასებითი გამონათქვამი თ---–---–------ის მიმართ, რომლის მართებულობა თუ მცდარობა თავად პირის პირად შეფასებაზეა დამოკიდებული და სრულად არ ექვემდებარება მისი სისწორის თუ მცდარობის შესახებ მტკიცებას. შ--–---------–-–---–ის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს მოსარჩელისადმი სუბიექტურ დამოკიდებულებას, შესაბამისად შ--–---------–-–---–ის პოზიციის დაფიქსირება მოსარჩელის პიროვნების მიმართ, მხოლოდ მოსაზრების გავრცელებას ემსახურება და ინდივიდუალური დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს და არ შეიცავს არანაირ კონრკეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, სწორედ ამიტომ სასამართლოს მოცემული შეფასებით მსჯელობა სამართლებრივ ფარგლებში დაცულ ძირითად უფლებათა გამოვლინებად უნდა მიეჩნია, რაც იმთავითვე გამორიცხავს და ვერ ჩაითვლება ცილისწამებად. ასევე მეტად საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე არის ცნობადი სახე, მაღალი თანამდებობის პირი, ამაზე უთითებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ პუნქტი, რომლის თანახმად საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი, პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, პირი რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება“. მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსიდან გამომდინარე - დასაშვებია, როდესაც დიდია საზოგადოების ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებული პრაქტიკისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის მდგრადობის ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო პირებმა დასაშვებზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებში ფართოვდება და მას კრიტიკისადმი მეტი მოთმინება მოეთხოვება, მოცემულ ფარგლებში ფართოვდება და მას კრიტიკისადმი მეტი მოთმინება მოეთხოვება, მოცემულ შემთხვევაში გამოხატვის თაივსუფლება კანონიერ ჩარჩოშია მოქცეული, ვინაიდან ის გაკეთდა პოლიტიკურ გადაცემაში, პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში ანუ მის შინაარსს მხოლოდ პოლიტიკური მიზანი გააჩნდა და შესაბამისად ე.წ. „თმენის ვალდებულების“ სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში ექცევა. რაზეც რატომღაც სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება. როგორც წესი, ცილისწამების განმარტება მოიცავს ორ ძირითად ელემენტს. პირველი: განცხადება უნდა შეიცავდეს არსებითად მცდარ ფაქტს და მეორე: განცხადების გავრცელების შედეგად პიროვნებას ან მის რეპუტაციას უნდა მიადგეს ზიანი. ორივე გარემოების მტკიცება ევალება მოსარჩელეს. მოსარჩელე განსახილველ სარჩელში ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მისი ღირსების, პატივის და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, შესაბამისად მოცემულ დავაში ცილისწამების ელემენტები არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე მოცემულ დავაში ვერ ასაბუთებდა თავის მოთხოვნას და მას ვერ მოჰყავდა ვერც ერთი ფაქტი მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადების არამართლზომიერების დასადასტურებლად, სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხის მოქმედება უნდა შეეფასებინა, როგორც აზრის გამოხატვის უფლების რეალიზაცია. მოქმედი კანონმდებლობა არ ახდენს აზრთა დეფინიცირებას და არ ყოფს აზრებს „მართებულ“ და „არამართებულ“, „სასურველ“ და „არასასურველ“ აზრებად, ამიტომ შ--–---------–-–---–ის განცხადება, რაც წარმოადგენს შეხედულებას, და მის პირად შეფასებით მსჯელობის შედეგს, მოქცეულია კონსტიტუციით აღიარებული აზრის თავისუფლების დაცულ სფეროში. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მიერ მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას, რის გამოც სასამართლომ არასწორად მოახდინა ფაქტების შეფასება, კანონის განმარტება და შესაბამისად მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2-------- წლებში თ---–---–------ი მუშაობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იურისტად. 2007 წლიდან 2010 წლის დროის მონაკვეთში მოსარჩელის ყოველწლიური შრომის ანაზღაურება აღემატებოდა 80 000 ევროს.

 

4.3. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან თ---–---–------ი დაინიშნა ს----------–-----------–--------------ს თანამდებობაზე, მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3540 ლარს, ყოველთვიური დანამატი 2014 წლის 1 იანვრამდე 4335 ლარს, ხოლო შემდეგ 2710 ლარს.

 

4.4. მოპასუხე შ--–---------–-–---–ი წარმოადგენს ლ--------------–ი პარტიის წევრს, თავმჯდომარეს.

 

4.5. 2016 წლის 19 ოქტომბერს სამაუწყებლო კომპანია ,,ი-------“ სატელევიზიო გადაცემა ,,პ-------------ში“ ლ--------------–ი პარტიის თავმჯდომარე შ--–---------–-–---–მა გააჟღერა შემდეგი განცხადება: ,,რაც მთავარია, ბ-----------–---–-ს ბანკის მევალეა ს---------------ი, 200 000 დოლარი მართია ბ-------------ს და პროცენტებს ბ-----------–---–- უხდის სანამ ჭკუითაა და მისი დავალებით ესეთ განცხადებებს აკეთებს ჩვენს წინააღმდეგ მათ შორის თუ ჭკუით არ იქნება მერე უკან მოთხოვს გადახდას. ეს ცნობილი სტილია ო-–-------ს, ყველა მინისტრი თითქმის ვინც... იგივე თ---–---–------ი 300 000 ევროიანი სახლი უყიდა ს------------–ი, ეგ ცნობილია ხო, ყველა მინისტრი მასთან ფინანსურ ვალდებულებაშია, ფინანსურ კაბალაშია.“

 

4.6. 2016 წლის 23 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია ,,ტ---------–-ს“ გადაცემა „ი------------–-----------------ს“ 14:00 საათის გამოშვებაში გამოსვლისას შ--–---------–-–---–მა, სხვა განცხადებებთან ერთად, გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება: ,,ეს იყო უბედურება საქართველოსი და ბოლოს, ბოლოს იყიდა ბ-----მ და იყიდა იცი რით? ს------------–ი უყიდა სამასი ათას ევროიანი სახლი. თითქოს აქ არ ეცხოვრებოდა. აუცილებლად ს------------–ი, ს------------–ი უნდა დარჩეს მისი საქმენი საგმირონი“.

 

4.7. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო განცხადებებში გაჟღერებულ ფაქტს (ბ-----------–---–-ს მიერ თ---–---–---------თვის ქ. ს------------–ი 300 000 ევროს ღირებულების სახლის შეძენის შესახებ) ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 15 ოქტომბრის ნასყიდობის აქტით ცალსახად დგინდება, რომ 2008 წლის 15 ოქტომბერს თ---–---–------მა, ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისტმა, შეიძინა საფრანგეთში, ქ. ს------------–ი, დ-------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებთან ერთად, აგრეთვე ამავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, სარდაფი. ქონების სყიდვის ფასი შეადგენდა 220 000 ევროს (ს.ფ. 21-65). მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ორი დღით ადრე, 2008 წლის 13 ოქტომბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის მიზნით ბანკი კ---------–-----სგან სესხის სახით მიიღო 248 500 ევრო, 240 თვის ვადით, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების სესხის საბოლოო დაფარვის ცხრილით, სადაც მითითებულია კრედიტის მიზანი (უძრავი ქონების სესხი) (იხ. ს.ფ. 67-81). საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულება, რომლითაც ირკვევა, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს თ---–---–------მა წარმომადგენლის ფ-------------ს მეშვეობით გაასხვისა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე საფრანგეთში, ქ. ს------------–ი, დ---------------------ში, მასში განთავსებულ ავეჯთან ერთად 230 000 ევროდ (ს.ფ.118-141, 142-155). ნასყიდობის ფასით სრულად იქნა დაფარული სესხის თანხა, რაც დადასტურებულია ელექტრონული მიმოწერით სს ,,ს----------–----------ს“ ოპერატორსა და თ---–---–------ს შორის პირად ანგარიშზე ს------------–ი უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხების ჩარიცხვის შესახებ (ს.ფ.156) და 2017 წლის 13 იანვრის ელექტრონული წერილით ბანკ კ---------–-----ს მიმართ დავალიანების სრულად დაფარვის შესახებ (იხ.ს.ფ.158-165). ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ს------------–ი საცხოვრებელი ბინა, არასაცხოვრებელ ფართთან ერთად თ---–---–------მა შეიძინა ჯერ კიდევ 2008 წლის 15 ოქტომბერს (რაც მან გაასხვისა 2016 წელს და გასხვისების შედეგად მიღებული თანხით სრულად დაფარა ბინის შეძენის მიზნით აღებული კრედიტი), ხოლო საქართველოს ი------–--------------დ იგი დანიშნული იქნა 2012 წლის 25 ოქტომბრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ს------------–ი, დ---------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ინფორმაცია ასახულია თ---–---–------ის მიერ ი------–--------------დ დანიშვნის პერიოდისათვის, 2012 წლის მდგომარეობით შევსებულ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში (ს.ფ. 167-168).

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.9. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ. საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...

 

4.10. საქართველოს კონსტიტუციის (მოქმედი რედაქცია) მე-17 მუხლი უზრუნველყოფს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებას. მითითებული მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის (მოქმედი რედაქცია) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის (სადავო განცხადებების გავრცელების დროს არსებული რედაქცია) თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან საჯარო პირები. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. მითითებული კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადებების საჯაროდ გავრცელების ფაქტი მხარეთა მიერ სადავო არ არის.

 

4.11. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათავლისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში. ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria,1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, ცილისწამების მაკვალიფიცირებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს წარმოადგენს განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპასუხის მიერ გავრცელებული სარჩელით სადავო განცხადება გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, რაც მთავარია, მათი შეფასებისა და ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ შ--–---------–-–---–ის მიერ გამოთქმული შემდეგი განცხადებები - „... ეს ცნობილი სტილია ო-–-------ს, ყველა მინისტრი თითქმის, ვინც, იგივე თ---–---–------ს 300 000 ევროიანი სახლი უყიდა ს------------–ი, ეგ ცნობილია, ხო, ყველა მინისტრი მასთან ფინანსურ ვალდებულებაშია, ფინანსურ კაბალაშია...“; „...ეს იყო უბედურება საქართველოსი და ბოლოს, ბოლოს იყიდა ბ-----მ და იყიდა იცი რით? ს------------–ი უყიდა სამასი ათას ევროიანი სახლი, თითქოს აქ არ ეცხოვრებოდა....“ --- წარმოადგენს მტკიცებითი ფორმით, როგორც რეალურად მომხდარი ფაქტის გადმოცემას იმის შესახებ, რომ ბ-----------–---–-ა თ---–---–------ს უყიდა 300 000 ევროს ღირებულების ბინა ს------------–ი. განცხადებების სარჩელით სადავო ნაწილი სასამართლოს მიერ არ შეფასდა მოპასუხის მოსაზრებად ან/და კრიტიკად, შეფასებით მსჯელობად, ვინაიდან იგი სცდება განმცხადებლის სუბიექტურ დამოკიდებულების გამოხატვას და კომენტარს პიროვნებისა, თუ მოვლენის მიმართ, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მას ვერ მიეცემა აზრის კვალიფიკაცია. აღნიშნული განცხადებების ფორმულირების (ფაქტის კონსტატაციის სახით გადმოცემის), მათი კონტექსტის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ განცხადებები წარმოადგენს მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძვირადღირებული საჩუქრის მიღების შესახებ, რაც არსებობის შემთხვევაში, კანონით აკრძალული ქმედებაა.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ გავრცელებული ცნობების ცილისწამებად კვალიფიკაციისათვის მეორე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სადავო განცხადებაში მოყვანილი ფაქტი უნდა იყოს არსებითად მცდარი, არასწორი. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, კერძოდ, კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მე-6 პუნქტი ადგენს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ გავრცელებული იქნა ცნობები ბ-----------–---–-ს (ყოფილი პ------------------ი) მიერ თ---–---–---------თვის ს------------–ი, ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენის ფაქტის შესახებ. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-7 და მე-14 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებით შეძლო მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტის სინამდვილესთან შეუსაბამობის (არსებითად მცდარობის) უტყუარად დადასტურება, კერძოდ, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ ს------------–ი საცხოვრებელი ბინა, არასაცხოვრებელ ფართთან ერთად პირადად მან შეიძინა ჯერ კიდევ 2008 წლის 15 ოქტომბერს, ბევრად უფრო ადრე მისი საქართველოს ი------–--------------დ 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დანიშვნამდე.

 

4.13. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებაც, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ განცხადებებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 03.04.2012წ. განჩინებაში (საქმეზე ას-1477-1489-2011წ) განმარტა: „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატაც იზიარებს მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ადასტურებს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული არაქონებრივი სახით ზიანის მიყენებას. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებულ ბრალდებას - ძვირადღირებული საჩუქრის, ბ-----------–---–-ს (ყოფილი პ------------------ი) მიერ თ---–---–---------თვის 300 000 ევროს ღირებულების სახლის ს------------–ი ყიდვის თაობაზე - შეეძლო გავლენა მოეხდინა მოსარჩელის, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

 

4.14. საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ დიფამაციის საქმეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ განცხადების ავტორმა იცოდა (მისთვის წინასწარ იყო ცნობილი) გავრცელებული ფაქტის მცდარობა, ან მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება („სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლი). სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, იმ პირობებში, როცა მოსარჩელე წარმოადგეს პოლიტიკური თანამდებობის პირს და საზოგადოებას აქვს მის მიმართ მაღალი ინტერესი, ინფორმაცია მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ არის საჯარო და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის, მათ შორის, მოპასუხისათვის, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მითითება მასზედ, რომ იგი ვერ აწარმოებდა კვლევას, თუ როდის, ვისგან და რა ფასად შეიძინა ბინა მოსარჩელემ. როგორც დადგენილია, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ს------------–ი, დ---------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ინფორმაცია ასახული იქნა ჯერ კიდევ თ---–---–------ის მიერ ი------–--------------დ დანიშვნის პერიოდისათვის, 2012 წლის მდგომარეობით შევსებულ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაშიც, რაც მოპასუხეს, ფაქტის (არა, როგორც ვარაუდის არსებობაზე), არამედ მტკიცებით ფორმაში, საჯაროდ გავრცელებამდე, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სრულ შესაძლებლობას აძლევდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სახეზეა საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა: ა) მოსარჩელემ სასამართლოში დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ, ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გ) ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, ან მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით, ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში (მათ შორის, სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად), ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული მიზნის მისაღწევად. შეფასება „აუცილებელ დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოიცავს როგორც უფლებაში ჩარევის აუცილებლობას, ისე ჩარევის თანაზომიერების შეფასებას. იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, ისევე როგორც სადავო განცხადებების გამავრცელებელი (მოპასუხე), არის საჯარო პირი. თ----–---–------ი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენელთა და პოლიტიკოსების მიმართ სტრასბურგის სასამართლო აყალიბებს არა მხოლოდ კერძო პირებთან, არამედ სხვა საჯარო პირებთან შედარებითაც, უფრო ფართო დასაშვები კრიტიკის ფარგლებს, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს პოლიტიკოსის უფლებების, რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოხატვის უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას, მით უფრო, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მის მიმართ გამოთქმულ სერიოზულ ბრალდებას. ამრიგად, პოლიტიკოსთა თმენის მომეტებული ვალდებულების პირობებშიც და კრიტიკის განსაკუთრებულად დაცულ სფეროშიც კი, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური და შეუზღუდავი არ არის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილებაში საქმეზე Keller v. Hungary, აღნიშნა შემდეგი: კერძო პირისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსების მოსაზრებები გარდაუვლად და შეგნებულად ხდება ფართო საზოგადოებისა და ჟურნალისტების განხილვის საგანი, შესაბამისად მათ ეკისრებათ თმენის უფრო მაღალი ვალდებულება. ეჭვგარეშეა, რომ კონვენციის მე-10 &2 მუხლი იცავს ყველა ადამიანის რეპუტაციას, სადაც პოლიტიკოსებიც მოიაზრებიან, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ მოქმედებენ როგორც კერძო პირები, მაგრამ ასეთი დაცვა უნდა განხორციელდეს საჯარო ინტერესებთან შეპირისპირების გზით, როდესაც საქმე ეხება ღია პოლიტიკურ დისკუსიას. სასამართლოს აზრით, ეს ასევე სწორია იმ შემთხვევაში, როდესაც კრიტიკა განხორციელებულია ერთი პოლიტიკოსის მიერ მეორის მიმართ. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო განცხადებები გაკეთებულია მთავრობის წევრების შეფასების მიზნით დასმულ შეკითხვაზე, მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების საკითხთან დაკავშირებით. უდავოა, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესი, ჰქონდეს ინფორმაცია, მათ შორის, კრიტიკულიც, თანამდებობის იმ პირთა საქმიანობის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას და მის მომავალს განსაზღვრავენ. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ დემოკრატიული საზოგადოებისა და საზოგადოების წევრთა ხედვის ჩამოყალიბების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შეფასებებს, თუნდაც მათ სუბიექტურ შეხედულებას მთავრობის შემადგენლობისა თუ სხვადასხვა მოვლენების მიმართ, კრიტიკულ აზრს მათი საქმიანობის შესახებ. მაგრამ ისეთი ცნობების შეგნებულად ან სათანადო გადამოწმების გარეშე, ყოველგვარი ვარაუდის გამორიცხვით გავრცელება, რაც არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, სცდება საზოგადოების ინტერესის სფეროს, მიიღოს მოვლენების შესახებ ინფორმაცია, თუნდაც სუბიექტური, მოისმინოს საფუძვლიანი ან შესაძლოა, უსაფუძვლოც კრიტიკული მოსაზრებები. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით საზოგადოებრივი ყურადღება განმარტებულია, როგორც საზოგადოების ინტერესი და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა, იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები უფლებამოსილნი არიან შეისწავლონ და აკრიტიკონ აღმასრულებელი ხელისუფლება და მასში ჩართული თანამდებობის პირები. თუმცა, ასეთი კრიტიკა არ უნდა ცდებოდეს გარკვეულ ლიმიტს და არ უნდა ემსახურებოდეს გამიზნულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. მსგავს შემთხვევებში კი სასამართლომ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. „იმისათვის, რათა საჯარო მოხელეებმა სრულყოფილად და ეფექტურად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, აუცილებელია მათ ჰქონდეთ საზოგადოების ნდობა, შესაბამისად სახელმწიფოს შესაძლებელია დასჭირდეს საჯარო მოხელეების დაცვა ისეთი გადამეტებული კრიტიკისგან, რომელიც შეურაცხყოფს მათ რეპუტაციას და რომელიც დაუსაბუთებელია.“ (იხ. საქმე: „ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, §53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97, ასევე, საქმე: „UNGVÁRY AND IRODALOM KFT უნგრეთის წინააღმდეგ“, 2013 წლის 3 დეკემბერი, §44, 64520/10). საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებების ის ნაწილი, რაც სადავოა სარჩელით (სადავო წინადადებები), არ არის შეფასებითი მსჯელობა, განმცხადებლის სუბიექტური დამოკიდებულება და მისივე კომენტარი პიროვნებისა და მოვლენის მიმართ (აზრი). აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა კი გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება ვერ მიიჩნევა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოწვეული აუცილებლობით გაკეთებულ განცხადებად, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელ კრიტიკად, რომლის მიმართ თმენის მომეტებული ვალდებულება გააჩნიათ საჯარო პირებს, განსაკუთრებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს და, რაც შეიძლება გამართლებული იქნეს საჯარო ინტერესებით.

 

4.16. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის სახეებს. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შ--–---------–-–---–ს დაევალოს სამაუწყებლო კომპანია „ი-------ა“ და სამაუწყებლო კომპანია „ტ---------–-ს“ მეშვეობით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება.

 

4.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 18.2. მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხემ აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მორალური ზიანის ანაზღაურებას გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანის გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა, სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვა მოპასუხისათვის 2 ლარის დაკისრება, როგორც მიყენებული არაქონებრივი ზიანის სიმბოლური ანაზღაურება, რაც სწორად იქნა დაკმაყოფილებული საქალაქო სასამართლოს მიერ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ--–---------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი