განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
120100119002979552
ინსტანცია
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002979552

საქმე #1ბ/1398-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა-–--------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა---––----------------------–--------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–--------------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 3 მარტს, ა---––----------------------–--------ში, ა-–--------------–-–---–მა მის საცხოვრებელ სახლში სტუმრად მყოფ ქ-------------–-–---–ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელის ერთხელ დარტყმით სახის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ქ-------------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით:

 

ა-–--------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენის, რომელიც აპელანტის აზრით, არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი, გაუქმებას და მსჯავრდებულ ა-–--------------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-–--------------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–--------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ქ-------------–-–---–ის, ნ------------–--ის, ვ-–-----–-–---–ის, ლ-----------–---–ის, ა--------------ის, ს------------–---–ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ა-–--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის №0--------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–--------------–-–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ა-–--------------–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი. იგი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რადგან ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის შერიგებული დაზარალებულთან, რის გამოც ამ უკანასკნელს გააჩნია პრეტენზია მსჯავრდებულთან. (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-–--------------–-–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო საჩივარში პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ჩათვლილია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აგრეთვე, არ არის შერიგებული დაზარალებულთან.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. მოცემულ საქმეზე პალატა მიიჩნევს, რომ ა-–--------------–-–---–მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, კერძოდ, ა-–--------------–-–---–ი გამოძიებაში გამოკითხული იქნა როგორც მოწმის, ისე ბრალდებულის სახით. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის მოსაზრება, რომ ა-–--------------–-–---–მა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

აპელანტს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან და ამ უკანასკნელს გააჩნია პრეტენზია ა-–--------------–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს, პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ, დაზარალებულ ქ-------------–-–---–ის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლითაც ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი შერიგებულია ა-–--------------–-–---–თან, მის მიმართ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გამოყენებას. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის მოსაზრება, რომ მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან, რის გამოც ამ უკანასკნელს გააჩნია პრეტენზია მსჯავრდებულთან.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულ ა-–--------------–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, დაკავშირებულია განაჩენის სამართლიანობასთან და არა განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ა-–--------------–-–---–ის მიმართ გამოტანილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ა-–--------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ა-–--------------–-–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის 500 ლარის ოდენობით დანიშვნის შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ა-–--------------–-–---–მა მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების ყველა ეტაპზე თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებს, რომ ა-–--------------–-–---–მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, თანასოფლელების მხრიდან ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, აგრეთვე, ა-–--------------–-–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-–--------------–-–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–--------------–-–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-–--------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–--------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ა-–--------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე