განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119003105698
საქმე #1ბ/1449-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), რ-----–---------------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------------------–------–---ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით. თ-----------------------ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------------------–------–---ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ-----–---------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 19:15 საათზე, ნინოწმინდაში, აბულის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საძოვრებთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, რ-----–---------------მა შ--------------------ს მუშტი დაარტყა ერთხელ სახის არეში, მათრახის კონდახი კი რამდენჯერმე - თავის არეში და დაჟეჟილი ნაფლეთოვანი ჭრილობის სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ-----------------------მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 19:15 საათზე, ნინოწმინდაში, აბულის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საძოვრებთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, თ-----------------------მა შ--------------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რის გამოც შ--------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით:
რ-----–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
თ-----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–---------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის მიმართ გამოტანილ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის მიზნით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულების - რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების - რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - შ--------------------ის, ი-----–------ის, ა-–-–-----------------ისა და ი-–-------–------ის გამოკითხვის ოქმების, რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის გამოკითხვის ოქმების და მათ მიერ დანაშაულის აღიარების, პაციენტის სამედიცინო ბარათის, პაციენტის სამედიცინო ისტორიის, სამედიცინო ექსპერტიზის N3--------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ-----–---------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო თ----------------------მა - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელები არის უსამართლო და შეუსაბამო მათ მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავეთა რესოციალიზაციას. სააპელაციო საჩივრის ავტორი სასჯელის დამძიმების არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული და ამასთანავე, დაზარალებულთან არ შერიგებულან, რაც, აპელანტის აზრით, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულების - რ-----–---------------ისა და თ-----------------------ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო პალატას მიაჩნია, ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის აუცილებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულები დაზარალებულთან არ შერიგებულან. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მათ არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს, პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მსჯავრდებულებისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულთა პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის შესახებ. რ-----–---------------მა და თ-----------------------მა გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მსჯავრდებულებმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აგრეთვე, რ-----–---------------მა და თ-----------------------მა სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - რ-----–---------------ისა და თ-----------------------ისათვის დანიშნულ სასჯელებს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების - რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო მათთვის დანიშნული სასჯელების სახე და ზომა არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების - რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
რ-----–---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
თ-----------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
მსჯავრდებულების - რ-----–---------------ისა და თ-----------------------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს, მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ თ-----------------------ისა და რ-----–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მათ შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე