განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100119002893477
საქმე N1ბ/1220-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02.10.2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე: თ----- პ----ა
დაცვის მხარე: ი----- ქ-----–--ე
თარჯიმანი: ს----- რ------------ჰი
მსჯავრდებული: ქ----- თ--------ი, დაბადებული - 1--- წლის 26 მაისს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ირანი, ქ. გ--–----, შ--------------------–------–-----------ს ქუჩა N206-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, კ--–------- ქუჩა N---ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება - 2 ეპიზოდი).
სასჯელი: (დანაშაულთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის განაჩენით:
ქ----- თ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ. ქ----- თ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ქ----- თ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან- 2019 წლის 28 იანვრიდან.
ქ----- თ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----- პ----ამ და ითხოვა მსჯავრდებულ ქ----- თ--------ის მიმართ სასჯელის დამძიმება. აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის განაჩენი მსჯავრდებულ ქ----- თ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი ვინაიდან დანიშნული სასჯელი არის შეუსაბამოდ მსუბუქი დამნაშავის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებრივი საფრთხის ხარისხის გათვალისწინებით. აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ცალმხრივი შეფასება მისცა როგორც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგს, ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით განსახილველი დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ნარკოტიკული დანაშაულის საფრთხისაგან საზოგადოების დაცვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული მსუბუქი სასჯელის დანიშვნით კი ჩნდება დაუსჯელობის განცდა, რაც შესაძლოა გახდეს ახალი ანალოგიური ქმედებების ჩადენის მაპროვოცირებელი.
სასამართლომ დაადგინა:
ქ----- თ--------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ----- თ--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,00046 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „თებაინს“, რაც 2018 წლის 21 დეკემბერს, დღის საათებში, ქალაქ - თბილისში, პეკინის ქუჩა N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 240 (ორასორმოცი) ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ს-----------– მ--------ზე.
ქ----- თ--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,0011 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „თებაინს“, რაც 2018 წლის 26 დეკემბერს, დღის საათებში, ქალაქ თბილისში, პეკინის ქუჩა N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 240 (ორასორმოცი) ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ს-----------– მ--------ზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორ თ----- პ----ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
პალატა, აანალიზებს რა სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ როგორც უდაოდ ცნობილ მტკიცებულებებს, ისე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, (მოწმეების ს-----------– მ--------ს, არ---–--------------------------–---------–----------------------ს და ექსპერტა ჩვენებები, 2018 წლის 21 დეკემბრის ამოღების ოქმი, 2018 წლის 26 დეკემბრის ამოღების ოქმი, 2019 წლის 28 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 28 იანვრის ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 13 მარტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N312/ჰ დასკვნა, 2019 წლის 18 მარტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N312/1ჰ დასკვნა, სეიდჯამალ მ--------ს და ქ----- თ--------ის შეხვედდრების ვიდეო აუდიო ჩანაწერები, 2018 წლის 22 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N3534/სქ-4047/ქრ და 2018 წლის 27 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N3580/სქ-4095/ქრ დასკვნები და საქმეზე დართული ნივთმტკიცებები) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ქ----- თ--------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (2 ეპიზოდი) ჩადენის ფაქტი.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ქ----- თ--------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე:
საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის მე-3 მუხლის "რ " ქ/პუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; ხოლო "წ" ქ/პუნქტით გასაღებაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.
ნარკოტიკული საშუალება "თებაინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №30 რეგისტრაციით.
ამავე კანონის დანართის შენიშვნის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა”, №67 რეგისტრაცია-“თებაინი“, 1 გრამამდე ოდენობით (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 22 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N3534/სქ-4047/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 დეკემბრის ამოღების ოქმით განსაზღვრული თეთრი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო მყარი ნივთიერება, წონით-1,2690 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: „მორფინს“ (მარილი) – 0,0093 გრამს; „კოდეინს“ (მარილი) – 0,0017 გრამს და „თებაინს“ -0,00046 გრამს. 2018 წლის 27 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N3580/სქ-4095/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 დეკემბრის ამოღების ოქმით განსაზღვრული და ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი: თეთრი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე ყავისფერი მყარი ნივთიერება, წონით-1,287გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: „მორფინს“ და „კოდეინს“ ფუძეზე გადაანგარიშებით „მორფინს“ (ფუძე), წონით–0,0184 გრამს; „კოდეინი“ (ფუძე), წონით–0,0021გრამს; „თებაინს“, წონით–0,0011გრამს.
დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. უკანონო გასაღება გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემას ნებისმიერი ხერხით როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ- ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. სუბიექტური მხრივ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს არა აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას.
დადგენილია, რომ ქ----- თ--------ს ნარკოტიკული საშუალება "თებაინის" შეძენა შენახვა და გასაღების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობის ნებართვა არ გააჩნია.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ქ----- თ--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ქ----- თ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (2018 წლის 21 დეკემბრის და 2018 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ქ----- თ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, გარად ამისა, მას სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტრური მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც, ბუნებრივია, მიჩნეულ უნდა იქნას ქ----- თ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ქ----- თ--------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის გამკაცრების თაობაზე. სასამართლო ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას, რომ ქ----- თ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის შეუსაბამოდ მსუბუქი და არ არის გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულების შედეგი და მსჯავრდებულის პიროვნება. პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სწორედაც რომ გაითვალისწინა ქ----- თ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ნარკოტიკული საშუალების სახე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსულ ცხოვრება. პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავდებულ ქ----- თ--------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----- პ----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის განაჩენი ქ----- თ--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----- პ----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 ივნისის განაჩენი ქ----- თ--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:
ქ----- თ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ქ----- თ--------ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ქ----- თ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2019 წლის 28 იანვრიდან.
ქ----- თ--------ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ნივთმტკიცება:
სეიედჯამლ მ--------სა და ქ----- თ--------ის შეხვედრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული 2 პაკეტად, კ--–------- ქ. N7-ში და პეკინის ქუჩა N15, ბინა N34-ში ჩატარებული ბინის ჩხრეკების ამსახველი ფოტომასალა, 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული 2 პაკეტად, ქ----- თ--------ისაგან ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზისათვის ნიმუშის სახით გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს-----------– მ--------საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, დალუქული 2 (ორ) პაკეტად, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი