განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
140210017002045160
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210017002045160

საქმე №2ბ/4448-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - გ-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ---------------–---–ი

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით 1. მოსარჩელე თ---------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების: ი-----------------–---–ის და გ-----------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდა. 2. მოპასუხეების: ი-----------------–---–ისა და გ-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თ---------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ავტომანქანა, პეჟო სახ. ნომრით I-------- და გადაეცეს იგი მესაკუთრეს - თ---------------–---–ს. 3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 4. მოპასუხეებს: ი-----------------–---–ს და გ-----------–---–ს მოსარჩელე თ---------------–---–ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროთ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მხარეებს შორის არსებობდა დავა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნულ დავაზე გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე ი-----------------–---–მა ვალდებულება აიღო, მოსარჩელე თ---------------–---–თან, 2016 წლის 01 აგვისტომდე გადაეხადა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2500 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე თ---------------–---–მა ვალდებულება აიღო მოპასუხის მხრიდან მორიგების პირობების შესრულების შემდეგ გადაეფორმებინა თავის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა „პეჟო“ სახ. ნომრით I------.

 

2.2. სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - I------. მარკა - მოდელი - პეჟო ბოქსერი, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2006, რეგისტრირებულია თ---------------–---–ის სახელზე.

 

2.3. თ---------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - I------. მარკა -მოდელი - პეჟო ბოქსერი, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2006, რომელიც იმყოფება მოპასუხეების მფლობელობაში.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლზე, რომლის მიხედვით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

 

2.6. სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

2.7.სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხეები კი არიან ნივთის მფლობელები, რომელებსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. მფლობელობის მართლზომიერების ე.ი. სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (ნივთის მფლობელს) ეკისრება.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე თ---------------–---–ის სახელზე, რომელიც მოპასუხეს ი-----------------–---–ს გადაეცემოდა საკუთრებაში მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი შეასრულებდა სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით აღებულ ვალდებულებას. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ მოპასუხეს დღემდე ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც მანქანის მესაკუთრედ დღემდე მოსარჩელე მიიჩნევა.

 

სასამართლომ, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ქონება მოპასუხეების: ი---------- და გ-----------–---–ების მფლობელობაშია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს მათზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითეს გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეებს გააჩნიათ მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთის ფლობის უფლება, გარდა იმისა, რომ მოპასუხის ი-----------------–---–ის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეებს ეკისრებოდათ, წარმოედგინათ სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ ისინი არიან მოძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები და მათ მიერ ქონების ფლობას აქვს სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააქარწყლეს.

 

ვინაიდან გარემოებები, რომლებიც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის თ---------------–---–ის კუთვნილი მოძრავი ქონების მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ---------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას სადავო უძრავი ნივთი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას. აპელანტის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას ასევე სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი შეფასება სადავო ქონებაზე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების მართლზომიერებასთან მიმართებაში. აპელანტი მიიჩნევს, რომ მართლზომიერად ფლობს სადავო ნივთს, რისი უფლებაც ეკუთვნის სასამართლოს 1.06.2016 წლის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობებიდან გამომდინარე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.2. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის განჩინებით გ-----------–---–ს, ი-----------------–---–სა და თ---------------–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე ი-----------------–---–მა ვალდებულება აიღო, მოსარჩელე თ---------------–---–თან, 2016 წლის 01 აგვისტომდე გადაეხადა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2500 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე თ---------------–---–მა ვალდებულება აიღო მოპასუხის მხრიდან მორიგების პირობების შესრულების შემდეგ გადაეფორმებინა თავის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა „პეჟო“ სახ. ნომრით I------.

 

2.2. სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - I------. მარკა - მოდელი - პეჟო ბოქსერი, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2006, რეგისტრირებულია თ---------------–---–ის სახელზე.

 

2.3. თ---------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - I------. მარკა -მოდელი - პეჟო ბოქსერი, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2006, იმყოფება მოპასუხეების გ-----------–---–ის და ი-----------------–---–ის მფლობელობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

4.5. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 21.03.2017 წლის N----------------- ცნობის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - I------. მარკა - მოდელი - პეჟო ბოქსერი, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2006, რეგისტრირებულია თ---------------–---–ის სახელზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო მოძრავი ნივთით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო ნივთის - სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ნივთს ფლობს კანონიერად. ამავე დროს, მხოლოდ მისი განმარტება ფლობის მართლზომიერებასთან მიმართებაში საფუძვლად ვერ დაედება მის სასარგებლოდ გადაწვეტილების გამოტანას. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ სადავო მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება განხორციელდა მართლსაწინააღმდეგოდ, მხარეთა შორის არსებული მორიგების პირობების დარღვევით, აპელანტის მიერ ნივთის ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელ გარემოებას, აგრეთვე მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. ამასთანავე, აპელანტს გამოთქმული მოსაზრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იხილავს მესაკუთრის ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საკუთრებად რიცხულ მოძრავ ქონებას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე და არა სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერების საკითხს. პალატა განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის განმარტებით სადავო ნივთზე მფლობელობა ეფუძნებოდა მათსა და ქონების მესაკუთრე თ---------------–---–ს შორის არსებულ ურთიერთობას, კერძოდ, სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისს გამოტანილი განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობებიდან გამომდინარე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით, დადგენილია მოპასუხეების მორიგების პირობების დარღვევა, რაც დასტურდება N2/349-16 საქმეზე 4.08.2016 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყების ფაქტით. მოპასუხე ასევე ვერ უთითებს ისეთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე, რომელიც ახალ მესაკუთრეს კანონისმიერი ან სხვაგვარი (სახელშეკრულებო) შებოჭვის ფარგლებში მოაქცევდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხე სადავო ნივთის არაკეთილსინდისიერი მფლობელია, რაც მას ავალდებულებს ეს ნივთი დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს (სსკ-ის 164-ე მუხლი - არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი). აქედან გამომდინარე, რაკი შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (იხ. სუსგ. #ას-1130-1086-2016, 10.07.2017წ)

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი გ-----------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (ტ.1, ს.ფ.172).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32) მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო