განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
110100119003092834
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119003092834

საქმე №1/ბ-595-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ---------------ის მიმართ (პირადი №4----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–------------–-, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ---------–--------–----–----------------–---------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენით:

 

რ---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, რ---------------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში რ---------------ეს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები _ საქმეზე შენობის დათვალიერების პროცესში გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---------------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 23 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხ---------–----------------------–---------–-, სასოფლო გზაზე არსებული ელექტრო ჯიხურის მიმდებარედ, რ---------------ემ ცემა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი, 2002 წლის 14 ივნისს დაბადებული ლ---–-------------ე, რომელსაც კეფის მიდამოში ორჯერ დაარტყა ხელი. დაზარალებულმა ლ---–-------------ემ ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ---------------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და რ---------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რ---------------ემ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ, რაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ რ---------------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ლ---–-------------ისა და მოწმეების - ა-------------ის, ტ------- ბ--------ის, ნ----- კ----------ის გამოკითხის ოქმებით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ---------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ რ---------------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია, მიზანშეწონილად თვლის მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ რ---------------ისათვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად უნდა გაეთვალისწინებინა დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ, სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, იზიარებს ბრალდების მხარის სულისკვეთებას, რომ დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მომეტებულად გასაკიცხია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშანს, შესაბამისად, სასჯელზე გავლენას ვერ მოახდენს დამძიმების თვალსაზრისით, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი რ---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი რ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

4.რ---------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ რ---------------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ რ---------------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებები _ საქმეზე შენობის დათვალიერების პროცესში გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/