განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100119002913859
საქმე №1ბ/1499-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
გამართლებული - ს--------- კ--------ი (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------ს, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წ--–--- რაიონი, სოფელი ს-----);
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - ადევნება, ე.ი. პირადად უკანონო თვალთვალით არასასურველი კომუნკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით ს--------- კ--------ი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში წ--–--- მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში ს--------- კ--------მა უკანონო თვალთვალითა და სასქესო ორგანოს სისტემატური ჩვენებით არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა მისი მეზობლების - ი--- ა--------ისა და ე-–--- ბ--–-------ას მიმართ, რითიც მათ მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა და შექმნა დაზარალებულების ცხოვრების შეცვლის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა ს--------- კ--------ის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მთითებული ქმედებების ჩადენა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით ს--------- კ--------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ა უ----–--ემ და ითხოვა მისი შეცვლა.
4. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები. მათი ობიექტურად შეფასების შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის პოზიცია და ს--------- კ--------ი დამნაშავედ უნდა ეცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ სუბიექტური შეფასება მისცა დაზარალებულთა ჩვენებებს, გასცდა საქმეზე დადგენილ ფაქტებს, გარემოებებს და მოწმეთა ჩვენებს. განაჩენში მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, დაზარალებულების ი--- ა--------ისა და ე-–--ა ბ--–-------ას დამოუკიდებელ ფაქტებზე არ არის ორი მტკიცებულება. თუმცა ასეთ ფაქტებს რომ ჰქონდა ადგილი, დასტურდება მათივე ჩვენებებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადევნების კრიმინალიზაციის საკითხებზე და მიუთითა 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებმა უნდა მიიღონ აუცილებელი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ სხვა პირის მიმართ მუქარის შემცველი განზრახი არაერთგზისი ქმედება, რომელიც იწვევს შიშს, მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იყოს კრიმინალიზებული. მითითებული კონვენციის თანახმად, დაზარალებულებმა - ი--- ა--------ემ და ე-–--ა ბ--–-------ამ, სწორედ ს--------- კ--------ის ქმედებებით შეშინებულებმა მიიღეს საკანონმდებლო ზომები, ანუ მიმართეს პოლიციას და არა სხვა ზომებს, ვინაიდან არ იცოდნენ, რას მოიმოქმედებდნენ ს--------- კ--------ის ახლობლები ან ე-–--ა ბ--–-------ას მეუღლე. ამავე კონვენციის თნახმად, დაზარალებულების სექსულური შევიწროება შესაძლებელია, განხორციელდეს არასიტყვიერად, კერძოდ ხელის მოძრაობითაც, რასაც ს--------- კ--------ი მისი სასქესო ორგანოს ჩვენებისას მუდმივად ახორციელებდა. სასამართლო წინააღმდეგობაში მოდის თავისავე მსჯელობასთან, როდესაც განხორციელებულ ქმედებას აყენებს ეჭვქვეშ, ხოლო შემდეგ ამ ქმედებას აფასებს, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და განმარტავს, რომ სისტემატიურობა ვერ შექმნიდა დანაშაულის შემადგენლობას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661-ე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლების შინაარსების შედარებით თვალნათლივ ჩანს, რომ ერთი ქმედება იწვევს ღირსების შელახვას, ხოლო მეორე - ფსიქიკურ ტანჯვას და ამასთანავე ქმნის ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებელებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ი--- ა--------ემ გააუქმა ერთადერთი ფანჯარა და იძულებული გახდა, დაეძინა დანით. ამავე ლოგიკით მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება, რაც არღვევს წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, წარმოადგენს ხულიგნობას. შესაბამისად, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება, წარმოადგენს რამდენიმე ეპიზოდად განხორციელებულ წვრილმან ხულიგნობას, თუმცა ამ შემთხვევაში ადევნებასაც ექნება ადგილი, თუ ეს ხორციელდება სისტემატიურად, იწვევს ფსიქიკურ ტანჯვას და ქმნის პირის ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობას. სწორედ ეს არის განსხვავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდსა და ადევნებას შორის.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
5. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტ---სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტ---სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტ---ს დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და განმარტავს, დანაშაულის თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპოცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების ი--- ა--------ის, ე-–--- ბ--–-------ას, პაატა საბანიძის, კრესიდა ა-–------ას, პ---–ე ა-–------ის, ტ---ა პ-----------ას, თ----- მ----–--ის, ლ---ი გ---–-----ისა და ნ------- გ--------ის გარდა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
№3----- შეტყობინების (07.02.2019) მიხედვით, ი--- ა--------ე აღნიშნავდა, რომ მისი მეზობელი სახელად „ვ----ა“ სისტემატურად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სადაც მას დაინახავს, აჩვენებს სასქესო ორგანოს.
დაზარალებულმა ი--- ა--------ემ აჩვენა, რომ ცხოვრობს სოფელ ს-----ში. ს--------- კ--------ს იცნობს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა იგი სკოლის მოსწავლე იყო. იცნობს მისი ოჯახის წევრებსაც, მათ ოჯახშიც ყოფილა - სასწრაფოს ექთანია და გამოძახებაზე მოუწია მისვლა. ისინი მის მეზობლად ცხოვრობენ. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდში ს---------ი მას როგორც კი დაინახავდა, მისკენ სახით დგებოდა, ჩაიხდიდა და სასქესო ორგანოს აჩვენებდა, მოიკიდებდა ხელს და რაღაც მოძრაობებს აკეთებდა. ეზოში ხშირად უწევს გასვლა, ს---------ის სახლის პირდაპირ ცხოვრობს გზის გადაღმა, უნდა-არუნდა მაინც უწევს შეხედვა. მთავარი იყო ს---------ს დაენახა იგი ეზოში გასული ან ფარდა გადაეწია, სიცხეს ან სიცივეს არ ჰქონდა მნიშვნელობა, თვითონაც მაშინვე გარეთ გამოდიოდა. მისი ამგვარი საქციელი ტანჯვას აყენებდა, სულს და სხეულს უღრღნიდა. თან ამის შესახებ სხვას ვერავის ეუბნებოდა. თავდაცვის მიზნით დანით დაიწყო სიარული, საწოლშიც ჰქონდა დანა, ცხოვრობს მარტო. ოთახში ერთი ფანჯარა აქვს და იძულებული გახდა, გაეუქმებინა, დღისითაც ნათურის შუქზე უწევდა ყოფნა, შეიცვალა ცხოვრების წესი. გარეთ გამოსვლის ეშინოდა. თუ ს---------ი გარეთ იდგა, თავს იკავებდა სახლიდან გასვლისგან. ტრანსპორტის გაჩერების ადგილი შეიცვალა, ს---------ს რომ არ შეხვედროდა. ერთხელ ქუჩაში მიმავალს საღამოს რაღაც მანძილზე გაჰყვა ს---------ი, რამაც მასში შიში გამოიწვია. ამიტომ 10 წუთი იდგა გაჩერებაზე. თუმცა ს---------ს არაფერი უთქვამს. ბოლოს მეზობელ ე-–---ს უთხრა ამის შესახებ.
დაზარალებულმა ე-–--- ბ--–-------ამ აჩვენა, რომ ცხოვრობს სოფელ ს-----ში. ს--------- კ--------ს იცნობს ბავშვობიდან - დაახლოებით 24 წელია. მისი სახლი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზეა და მათ ეზოებს გამჭვირვალე ღობე ჰყოფს. როცა ს---------ო ეზოში გასულს დაინახავდა, ჩაიხდიდა შარვალს, ამოიღებდა სასქესო ორგანოს და რაღაც მოძრაობებს აკეთებდა, თან მას უყურებდა. ს---------ი ეზოში სწორედ მაშინ გადიოდა, როცა მას დაინახავდა თავის ეზოში მყოფს. ასე ხდებოდა ძალზე ხშირად, ხანდახან - დღეში ორჯერაც. შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, იტანჯებოდა, ნერვიულობდა, ზიზღს გრძნობდა, მეუღლესაც ვერ უთხრა. ასე დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა - ახალი წლის შემდეგ მის დაკავებამდე. ს---------ის ასეთი ქცევის მიუხედავად მაინც გამოდიოდა გარეთ, თუმცა მორიდებულად, ს---------ს რომ არ შეენიშნა.
ამოცნობის ოქმების (07.02.2019) თანახმად ი--- ა--------ემ და ე-–--- ბ--–-------ამ ამოიცნეს ს--------- კ--------ი, რომელსაც იცნობდნენ, როგორც მეზობელ „ვ----ას“.
მოწმე მ----ა კ---–------ის (მეზობელი) გამოკითხვის ოქმით დფგინდება, რომ იგი იცნობს ს---------ს, რომელსაც სოფელში იცნობენ, როგორც „ვ----ას“. მეგობრობს მის დასთან, თავად ს---------ი გაუვლის ხოლმე სახლში და ყავას სვამენ ხანდახან. ს---------ი ცხოვრობდა რუსეთში და ბოლო 2 წელია, ჩამოსულია საქართველოში, ვიზას ვეღარ აკეთებს და ამიტომ ვერ მიდის. მისი თანატოლები სოფელში არ არიან და ამიტომ ვინმესთან მეგობრობს თუ არა, არ იცის. დედა ჰყავს ჩავარდნილი ლოგინად და ალბათ ამიტომ არ გადის გარეთ. ზოგადად ან მარტო დადის გარეთ, ან დისშვილთან ერთად. ეხმარება სიძეს, რომელიც სკოლაში მუშაობს დარაჯად. მისთვის რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს, არც სოფელში გაუგია რაიმე ცუდი ს---------ზე.
მოწმე ემა კ--------ას (ბრალდებულის დედა) გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ს---------ს ჰყავს მეგობარი დ----- კ--–-----ი და ურთიერთობა აქვს მოხუცებულ ბერძნებთან. მან ქართული არ იცის და ქართველი მეგობრები არ ჰყავს. არ უყვარს ბევრი საუბარი, მის შვილს არანაირი ავადმყოფობა არც სჭირდა და არც ახლა სჭირს, არის ჯანმრთელი და არანაირ მედიკამენტს არ ღებულობს. იგი მალ-მალე დადიოდა საპირფარეშოში და მიზეზი რომ ჰკითხა, უპასუხა, რომ შარდვასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. არასდროს შეუმჩნევია, რომ ს---------ს გარეთ მოეშარდოს ან სექსუალურ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით ჰქონოდეს პრობლემა. მათ კარგი მეზობლური ურთიერთობა აქვთ დაზარალებულებთან.
მოწმე ტ---ა პ-----------ას (მეზობელი) განმარტებით, ცხოვრობს მეუღლესთან. ს---------ი გაიცნო 3 წელია. მასთან კარგი ურთიერთობა აქვთ, მისთვის შვილივითაა. მასთან მოდიოდა, როცა მეუღლე სახლში იყო. ის კაცების საუბარში არ ერეოდა და არ იცის, რაზე საუბრობდნენ. 1-2 საათი რჩებოდა, გარეთ საუბრობდნენ. ს---------ი გადიოდა თუ არა ტუალეტში ფიზიოლოგიური მოთხოვნის გამო, არ დაუნახავს. ს---------ს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის - დაზარალებულებთან ი---სთან და ე-–---სთან. სოფელში კ--------ზე ცუდს არავინ ამბობს, აფასებენ, უყვართ. ცუდი არავისთვის გაუკეთებია.
მოწმე კრესიდა ა-–------ას (ბრალდებულის და) განმარტებით, მისი ძმა კარგი ადამიანია, კარგი ურთიერთობა აქვთ. არ იცის, ჰყავდა თუ არა მეგობარი ქალი. ჯანმრთელია, მას ძმის ცუდი ქმედება არ დაუნახავს. დაზარალებულებთან კარგი ურთიერთობა აქვს, მისთვის არ შეუჩივლიათ. მისი ძმა ხშირად გადიოდა ეზოში, ხედავდა მას, ტუალეტში შედიოდა, გამოდიოდა, საქონელსაც აჭმევდა.
მოწმე პ---–ე ა-–------ის (ბრალდებულის სიძე) განცხადებით, ს---------ი კარგი ადამიანია. ახლო ურთიერთობა აქვთ, ძმებივით არიან. ს---------ი ჯანმრთელია. დაზარალებულებთან მოწმეს კარგი ურთიერთობა აქვს. ეხმარებოდნენ კიდეც ი--- ა--------ეს პრესებთან დაკავშირებით. არ სჯერა, თუკი ს---------ი მსგავს საქციელს ჩაიდენდა.
ს--------- კ--------ის განმარტებით, ცხოვრობს დედასთან, დასთან, სიძესთან და მათ ოთხ შვილთან ერთად. დაზარალებულებთან მეზობრული ურთიერთობა აქვს, ესალმებიან ერთმანეთს. კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. ვერ ხსნის დაზარალებულების პოზიციას მის მიმართ. ის მუშაობდა სახლში, ხეებს ჭრიდა, მერე პოლიციელები მოვიდნენ და დააკავეს. ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. მუშაობის დროს ტუალეტში შედიოდა ხომლე. ერთხელ მოშარდა ეზოში მუშაობისას. დაზარალებულების სახლები მისი ეზოდან ჩანს - ე-–--- ბ--–-------ას სახლი მისი ნაკვეთის ბოლოსაა, ხოლო ი--- ა--------ის - გზის მეორე მხარეს. დაზარალებულების მზერა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას არ შეუნიშნავს. ის და ი--- ერთი მიმართულებით არასდროს მიდიოდნენ, საერთოდ ვერ ხედავს ი---ს, შეიძლება სამსახურში მიმავალი ერთი-ორჯერ უნახავს. დისშვილები იყენებენ ფანარს, როცა ტუალეტში მიდიან. ყურადღების მიქცევის მიზნით ი--- ა--------ის ფანჯრისათვის არ მიუნათებია ფანარი. დაზარალებულებს ეხმარებოდა, როცა ამის საჭიროება ჰქონდათ. ერთხელ ი---ს დაეხმარა თივის პრესების აკრეფაზე. მათთვის ცუდი არასოდეს გაუკეთებია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნის (20.03.2019) თანახმად, ს--------- კ--------ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული ქმედებისას ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და აწუხებს არტერიული წნევა. კვლევისას გამოვლინდა ნათელი ცნობიერება, სწორი ორიენტაცია, გასაგები, თანმიმდევრული ასოციაციები, ნორმალური ტემპის აზროვნება, ლოგიკურად დასაბუთებული მსჯელობა, ინტელექტუალურ-მნსტიკური ფუნქციების შენახულობა, სიტუაციის შესატყვისი ემოციური ფონი, ფსიქოზური სიმპტომატიკის (ბოდვა, ჰალუცინაციები) არარსებობა და კრიტიკულობა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს--------- კ--------ის მიერ ი--- ა--------ისა და ე-–--- ბ--–-------ას ადევნებაში დამნაშავედ ცნობისათვის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ ს--------- კ--------ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ერთიანი განზრახვით დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენისათვის ორი სხვადასხვა დაზარალებულის მიმართ, რის გამოც ორივე დანაშაულებრივი ეპიზოდის დასადასტურებლად სავალდებულოა გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. საყურადღებოა, რომ ს--------- კ--------ის მიერ ი--- ა--------ის და ე-–--- ბ--–-------ას მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ თავად დაზარალებულების თითო-თითო პირდაპირი ჩვენება. ამასთან, ი--- ა--------ე ე-–--ა ბ--–-------ას დანაშაულებრივ ეპიზოდში არის ირიბი მოწმე და პირიქით.
სააპელაციო პალატა ირიბი ჩვენებების შეფასებისას გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულებების ერთობლიობის ჭრილში, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ირიბი ჩვენებების საფუძველზე უტყაურად დაადგინოს რაიმე ფაქტი ან გარემოება და, მით უფრო, საფუძვლად დაუდოს იგი გამამტყუნებელ განაჩენს.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას ადევნების კრიმინალიზაციის საკითხთან მიმართებით, რაც პირდაპირ უკავშირდება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციას (ე.წ. სტამბულის კონვენცია), რომელიც რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 5 აპრილს. კანონის განმარტებით ბარათში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1511-ე მუხლის (ადევნება - stalking) შემოტანა ზემოაღნიშნული კონვენციის 34-ე მუხლიდან გამომდინარობს. კონვენციის 34-ე მუხლის (ადევნება) თანახმად, მხარეებმა უნდა მიიღონ აუცილებელი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ სხვა პირის მიმართ მუქარის შემცველი განზრახი არაერთგზისი ქმედება, რომელიც იწვევს შიშს, მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იყოს კრიმინალიზებული.
სააპელაციო პალატა ეჭვქვეშ არ აყენებს დაზარალებულების ჩვენებების სანდოობას, თუმცა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულების საკმარისობის საკითხთან მიმართებით, რომლის თანახმად მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტ---სათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტ---ს გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები: დაზარალებულ ი--- ა--------ის და ე-–--- ბ--–-------ას პირდაპირი ჩვენებები (მათ მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ეპიზოდებში) და მათივე ირიბი ჩვენებები (ერთმანეთის მიმართ დანაშაულებრივ ეპიზოდებში), არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც საკმარისია ს--------- კ--------ის მსჯავრდებისთვის.
სააპელაციო პალატა აქვე დასძენს, რომ დაზარალებული ი--- ა--------ე ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ ს--------- კ--------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ადევნების შესახებ არავისთვის მოუყოლია, ვინაიდან მარტო ცხოვრობს. დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ადევნების გამო მის სულიერ ტანჯვაზე და ცხოვრების წესის შეცვლაზე ინფორმაციას შეიცავს მხოლოდ მისი ჩვენება დანით სიარულთან, დანით ძილთან და ეზოში იშვიათად გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა ამ გარემოებების სხვა მტკიცებულებებით დადასტურება შეუძლებელია მათი თავისებურებიდან გამომდინარე - მათ შესახებ თვით დაზარალებულის განმარტებით არავინ იცოდა. ერთადერთი, რასაც შეეძლო, მატერიალური კვალი დაეტოვებინა და, შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება დაედასტურებინა, იყო დაზარალებულის მიერ ოთახის ერთადერთი ფანჯარის დაბურვა ს--------- კ--------ის ეზოსკენ ხილვადობის შეზღუდვის მიზნით. თუმცა ბრალდების მხარის მიერ ამ ფაქტის დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენების გარდა სხვა სახის მტკიცებულება (როგორიც შეიძლებოდა, ყოფილიყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეთა ჩვენებები) სასამართლოში წამოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება დაზარალებულ ე-–--- ბ--–-------ას, მან ჩვენებაში თავადვე აღნიშნა, რომ ს--------- კ--------ის მხრიდან დევნის მიუხედავად ცხოვრების წესი არ შეუცვლია, ვინაიდან სახლთან მისასვლელი მხოლოდ ერთი გზა აქვს და არასასურველი კომუნიკაციის მიუხედავად მარშრუტს ვერ შეიცვლიდა. ამასთან, მომხდარის თაობაზე შეგნებულად არავისთვის, მათ შორის ს--------- კ--------ის ოჯახის წევრებისთვისაც არ გაუმხელია, რადგან შიშობდა, რომ თავის მეუღლეს ამაზე მწვავე რეაქცია ექნებოდა.
ბრალდების მხარის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო წინააღმდეგობაში მოვიდა თავისავე მსჯელობასთან, როდესაც ჯერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტი დააყენა ეჭვის ქვეშ, ხოლო შემდეგ ეს ქმედება შეაფასა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს: იმ ვითარებაში, როდესაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ს--------- კ--------ის მიერ ი--- ა--------ის და ე-–--- ბ--–-------ას მიმართ ადევნების ფაქტი, იმის შეფასება, ასეთის დადასტურების შემთხვევაში ქმედება მოექცეოდა სისხლისამართლებრივი დანაშაულის თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში, არარელევანტურია და სააპელაციო პალატა ამ საკითხს სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობის მაღალ სტანდარტს, ვინაიდან უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში ს--------- კ--------ის მხრიდან ი--- ა--------ისა და ე-–--- ბ--–-------ას მიმართ უკანონო თვალთვალითა და სასქესო ორგანოს სისტემატური ჩვენებით არასასურველი კომუნიკაციის ფაქტი.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ ს--------- კ--------ის გამართლების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია: პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს: ა) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და ბ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და გ) აიძულებს დაზარალებულს, მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან დ) უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება, მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა ს--------- კ--------ის მიერ მისი მეზობლების - ი--- ა--------ისა და ე-–--- ბ--–-------ას მიმართ უკანონო თვალთვალითა და სასქესო ორგანოს სისტემატური ჩვენებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარების ფაქტი, რითიც მათ მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა და შექმნა დაზარალებულების ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება, რისი გათვალისწინებით ს--------- კ--------ი საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გამართლებელი განაჩენი ს--------- კ--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ა უ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი ს--------- კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ს--------- კ--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ს--------- კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ს--------- კ--------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე