განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
170100118002738282
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100118002738282

№1ბ/1498-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული: ვ-----–- უ-------–---ი, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი N5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წ--–---------–----–----------------–-------------–-.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმება, გამართლებულ ვ-----–- უ-------–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სათანდო სასჯელის დანიშვნა. აპელანტს მიაჩნია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ვ-----–- უ-------–---ს ბრალად ედებოდა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ეთერ დ--–----–---ა მიუთითებს, მან დაინახა თუ როგორ მოქაჩა ბრალდებულმა თმაზე დაზარალებულს, საქმეზე დართულია დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გამომძიებლებმა ნ-----–-- ლ-----ამ, მ----------–--–---–მა და ნ---------------ემ აჩვენეს, რომ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 561აპ-15 განაჩენის თანახმად, წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას. შესაბამისად, ვ-----–- უ-------–---ის მიმართ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გამართლებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს ვ-----–- უ-------–---ი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოს შესაბამისი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა, გამართლებულ ვ-----–- უ-------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------- ღ----–---ამ და მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ-----–- უ-------–---ს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, წ--–---------–----–----------------–------------–-, ე----- დ--–----–---ას ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ვ-----–- უ-------–---მა თმის მოქაჩვის გზით იძალადა თავისი მეუღლის - ნ----- უ-------–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ-----–- უ-------–---ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ვ-----–- უ-------–---მა აჩვენა, რომ მეუღლემ ნ----- უ-------–---ამ დაურეკა და იკითხა თუ სად იყო, ეჭვიანობდა. მივიდა სიდედრის სახლში, სადაც ასევე მივიდა მისი მეუღლეც. თავად ტელეფონით ესაუბრებოდა დედას, რა დროსაც დაზარალებულმა ტელეფონი წაართვა და ყვიროდა. ამ დროს უთხრა, რომ ტელეფონი დაებრუნებინა, რის შემდეგაც ხელიდან წაართვა ტელეფონი მეუღლეს.

 

დაზარალებულმა ნ----- უ-------–---ამ და მოწმე ა------ უ-------–---ამ უარი განაცხადეს ვ-----–- უ-------–---ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. N2585992 შეტყობინების მიხედვით, ნ----- დ--–----–---მა განაცხადა ცოლ-ქმარს შორის ოჯახური ძალადობის თაობაზე, თუმცა მას სთხოვეს რომ დაერეკა პოლიციაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ნ----- უ-------–---ა საუბრობდა ტელეფონით, რა დროსაც ვ-----–- უ-------–---მა მოქაჩა თმა. იგივე აღნიშნულია ე----- დ--–----–---თან (დაზარალებულის დედა) ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში. ნ----- უ-------–---ას ხელწერილის მიხედვით, მას მეუღლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, მას არ უცემია და თავს დაზარალებულად არ გრძნობს, თავად არ მიუმართავს პოლიციისთვის, რადგან მასსა და ქმარს შორის შელაპარაკება სერიოზულად არ მიიჩნია.

 

ე----- დ--–----–---ას ჩვენებით, ბრალდებულმა და დაზარალებულმა იკამათეს, ბრალდებული იყო ნასვამი, მას მოეჩვენა, რომ იყო ნასვამი, ვ-----–-ს ტელეფონის წართმევის დროს თმები მოექაჩა, დაბლა არ დაუქაჩია, არც განმეორებულა, მხოლოდ ერთხელ მოხდა. თავიდან ასე უთხრა დაზარალებულმა, რომ ტკივილისგან იტირა, შეიძლება სიბრაზის გამო იტირა, მას შემდეგ უთხრა, რომ არ ეტკინა. N14010251 ალკოტესტის მიხედვით (თარიღდება 2018 წლის 23 ოქტომბრის 01:57 საათით), ვ-----–- უ-------–---ის ალკოჰოლის შემცველობა შეადგენს 0.000 პრომილს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

 

N282 სამედიცინო ბარათის მიხედვით, ნ----- უ-------–---ას ჩივილები არა აქვს. სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით (თარიღდება 2018 წლის 23 ოქტომბრით), ნ----- უ-------–---ას ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, ნ----- უ-------–---ას ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება. ექსპერტმა გ----------------–---–-ა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე.

 

გამომძიებლებმა - ნ-----–-- ლ-----ამ, ნ---------------ემ და მ----------–--–---–მა ან არაფერი იციან მომხდარის შესახებ, ან საგამოძიებო მოქმედებებისას შეიტყვეს და ირიბ მოწმეებს წარმოადგენენ. ჩ------ უ-------–---ასა და ა---- უ-------–---ას გამოკითხვის ოქმების მიხედვით, დედასა და მამას შორის კამათს ან ჩხუბს არასდროს შესწრებიან. შ--- და გ---–----- გ----------------ის (ბრალდებულის დეიდაშვილი და მისი და) განმარტებით, მოესმათ ჩხუბის ხმა ვ-----–- იგინებოდა, ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, მხოლოდ კამათს და გინებას. ნ----- დ--–----–---ის (სიმამრი) განმარტებით, მეუღლემ უთხრა, რომ ვ-----–- თმაში წვდა ნ-----ს. ზ------ მ--------ამ (დაზარალებულის და) მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ იცის გადმოცემით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ვ-----–- უ-------–---ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სააპელაციო პალატამ, გაანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ვ-----–- უ-------–---მა, 2018 წლის 22 ოქტომბერს, წალკის რაიონის სოფელ არ-სარვანში, განახორციელა ძალადობა თავის მეუღლეზე - მოქაჩა თმებზე, რის შედეგადაც ნ----- უ-------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმე ე----- დ--–----–---ამ, თავისი ჩვენებით არ დაადასტურა მასთანცატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარში და მისი ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-----–- უ-------–---მა და ნ----- უ-------–---ამ იკამათეს, ვ-----–-ს მიერ ტელეფონის წართმევის დროს თმები მოექაჩა ერთხელ და როგორც დაზარალებულმა მას განუმარტა არ ეტკინა. შესაბამისად, ე----- დ--–----–---ა არ ადასტურებს, რომ ვ-----–- უ-------–---ის მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახ ქმედებას და თმებზე მოქაჩვა მოხდა ტელეფონის გამორთმევის დროს. ამასთან მისი ინფორმაციით, არც ფიზიკურ ტკივილს ჰქონია ადგილი, ფიზიკური ტკივილის არსებობა კი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი ელემენტია. მოწმეების ნ-----–-- ლ-----ას, მ----------–--–---–ის და ნ---------------ის ჩვენებები კი ირიბი მტკიცებულებებია, ისინი არ შესწრებიან ფაქტს და ინფორმაცია მიიღეს გამოძიების ფარგლებში, მათ შორის ნ----- უ-------–---ასგან, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა მის მიმართ ძალადობის არსებობის ფაქტი. საქმეზე გამოკვლეული ყველა სხვა მტკიცებულება ან არაფერს ადასტურებს და არარელევანტურია ან ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს, რასაც სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა.

 

სააპელაციო პალატა, ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, ნ----- უ-------–---ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შეფასების ნაწილშიც. ნ----- უ-------–---ასთან 2018 წლის 23 ოქტომბერს ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, გამოსაკვლევი გარემოებების აღსადგენად. ოქმის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით წაკითხულ იქნა შესამოწმებელი პირის ინფორმაცია და შეთავაზებულ იქნა აღედგინა ვითარება. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი წარმოადგენს ნ----- უ-------–---ას ინფორმაციის შემოწმებას, საგამოძიებო ექსპერიმენტის და გამოკითხვის ოქმის შინაარსი ერთგვაროვანია და მიღებულია ერთი წყაროსგან. ასეთ შემთხვევაში მისი ცალკე მტკიცებულებად მიღება, მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, არღვევს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 561აპ-15 განაჩენის შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 561აპ-15 განაჩენში საკასაციო პალატამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ შემთხვევა, რომელზეც მსჯელობდა საკასაციო პალატა, ეხებოდა რამდენადმე განსხვავებულ ვითარებას, კერძოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პირებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ქმედების ჩასადენად. ქმედების ვითარების აღდგენა კი განსხვავდება ინფორმაციის შემოწმებისა და გამოსაკვლევი გარემოებების აღდგენისგან, რასაც ნ----- უ-------–---ასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ჰქონდა ადგილი.

 

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით), არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე, მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

შესაბამისად, ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ვ-----–- უ-------–---ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ვ-----–- უ-------–---ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ-----–- უ-------–---ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი ვ-----–- უ-------–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გიორგი სახიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი სახიაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი ვ-----–- უ-------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ-----–- უ-------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ვ-----–- უ-------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში ყადაღა მოეხსნას გირაოს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით უზრუნველყოფის მიზნით, დაყადაღებულ ვ-----–- უ-------–---ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: წალკის რაიონი, სოფელი არ-სარვანი, ს/კ 85.22.22.151.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვ-----–- უ-------–---ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე