განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003008394
საქმე №1ბ/1522-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ვ--–-------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ, - ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–-------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ დაოჯახებელის, ნასამართლევის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ----------–------------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრების: ქ----------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–-------------ემ ჩაიდინა:
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგ:
2019 წლის 21 აპრილს დაახლოებით 13:34 საათზე ქ--–-------------–----------------------------------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ვ--–-------------ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვან ნ----------ის თანდასწრებით, გერს გ-------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა., რა დროსაც მარცხენა ხელი მოკიდა მკლავში, მიაბრუნა თავის მხარეს და მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარცხენა ქვემო ქუთუთოს არეში, რითაც გ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის
დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით:
ვალერი ოდიკაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ვ--–-------------ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, - 2019 წლის 21 აპრილიდან.
ვ--–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ--–-------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა, - ტ------–----–-----–---–მა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ვ--–-------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ( 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის) ნახევარი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ--–-------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ--–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დაზარალებულ გ-------------ის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცონი ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მხოლოდ აღნიშნული სამი სავალდებულო პირობის ერთად არსებობის შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი გამოიყენოს ხსენებული ნორმით გათვალისწინებული შეღავათი.
კონკრეტულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ ვ--–-------------ის მიმართ მითითებული ნორმის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობისას ვ--–-------------ე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, იგი სარგებლობდა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ვ--–-------------ემ საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე (2019 წლის 25 ივნისს) თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ვ--–-------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ--–-------------ე ნასამართლევია განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ორ დღეში ჩაიდინა ახალი განზრახი ზალადობრივი ხასიათის დანაშაული. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ--–-------------ის წარსული ცხოვრება, ასევე მის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება და ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათის გამოყენების საფუძველს. ვ--–-------------ისათვის 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, აღნიშნული სასჯელის შემსუბუქება (სასჯელის ნახევრის პირობით ჩათვლა) იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის რისკი. პალატას მიაჩნია, რომ ვ--–-------------ის მიმართ
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და დამაფიქრებელი იქნება მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი ვ--–-------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ--–-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ--–-------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ, - ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი ვ--–-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ვ--–-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ვ--–-------------ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, - 2019 წლის 21 აპრილიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ვ--–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი