განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310116001529360 (3/ბ-39-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები (მოპასუხეები) – ინდ. მეწარმე „ი--------------“, მ--------- თ-------, ა-------–- თ-------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 05 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა სენაკის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების ინდ.მეწარმე „ი--------------ს“, მ--------- თ-------ს და ა-------–- თ-------ს წინააღმდეგ და მოითხოვა ინდ.მეწარმე „ი--------------ს“, მ--------- თ-------ს და ა-------–- თ-------ს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2016 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 100 226.66 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1--- ბრძანების შესაბამისად ჩატარდა ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, რომელიც დაიწყო 2016 წლის 22 იანვარს და დასრულდა 2016 წლის 25 მარტს. ინვენტარიზაციის შედეგად ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ობიექტში გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 2 432.25 ლარის ოდენობით და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 387 734.24 ლარის ოდენობით. 2016 წლის 29 მარტის N0------ შეტყობინებით ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 08 აპრილს. 2016 წლის 30 ივნისს ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომელსაც ი-------------- გაეცნო 2016 წლის 13 ივლისს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ინვენტარიზაციის დაწყების შემდგომ, 2016 წლის 27 იანვარს ინდ.მეწარმე ,,ი--------------მ’’ მის საკუთრებაში არსებული მარტვილის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 4----------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დაარეგისტრირა მისი ძმისშვილის მ--------- თ-------ს სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა ასევე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე - მისი ბაბუის ა-------–- თ-------ს სახელზე.
მოსარჩელის განმარტებით, შემოწმების დასრულებამდე უძრავი ქონების გასხვისება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის თავის არიდებას, რის გამოც მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
მოპასუხეების, ინდ.მეწარმე „ი--------------ს“, მ--------- თ-------ს და ა-------–- თ-------ს წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მ--------- თ-------სათვის ჩუქების წესით ქონების საკუთრებაში გადაცემა და შემდეგ ამ უკანასკნელისგან (მ--------- თ-------სგან) ასევე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბაბუის ა-------–- თ-------ს სახელზე გადასვლა, მიზნად არ ისახავდა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნა და ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ ინდ.მეწარმე ,,ი--------------’’, მ--------- თ------- და ა-------–- თ-------.
ამავე გადაწყვეტილებით დაეკისრა მოპასუხეებს ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’, მ--------- თ-------სა და ა-------–- თ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ინდ.მეწარმე ,,ი--------------’’ მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2013 წლის 04 დეკემბრიდან. მისი საქმიანობის საგანია საცალო ვაჭრობა სასურსათო პროდუქტებით. იურიდიული მისამართია-მარტვილი, სოფელი ტ--–---ი;
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2016 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 100 226.66 ლარის ოდენობით;
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ქონებაზე 2016 წლის 29 მარტის N0------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 08 აპრილს;
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2016 წლის 30 ივნისს ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ მიმართ გამოიცა მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომელსაც ი-------------- გაეცნო 2016 წლის 13 ივლისს;
შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1--- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო 2016 წლის 22 იანვარს და დასრულდა 2016 წლის 25 მარტს;
ინვენტარიზაციის შედეგად ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ობიექტში გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 2 432.25 ლარის ოდენობით და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 387 734.24 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე 2016 წლის 25 მარტს შედგა -საგადასახადო სამართალდარღვევის N1----- და N1----- ოქმები, რომლებითაც ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 38 773.43 ლარის და 1216.13 ლარის ოდენობით;
2016 წლის 27 იანვრამდე ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ საკუთრებაში ირიცხებოდა მარტვილის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 4-----------;
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ, 2016 წლის 27 იანვარს ინდ.მეწარმე ,,ი--------------მ’’ მის საკუთრებაში არსებული მარტვილის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ. 4-----------. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა მის ძმისშვილს მ--------- თ-------ს;
2016 წლის 20 მაისს მ--------- თ-------მ თავის მხრივ, აღნიშნული უძრავი ქონება ს/კ. 4----------- აჩუქა ბაბუას ა-------–- თ-------ს;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ განმარტა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აღიარებითი სარჩელი - სარჩელის ისეთი ფორმაა რომლითაც დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არ არსებობა. იგი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად წაეყენება დამატებითი წინაპირობა - კანონიერი ინტერესი. კერძოდ, სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში. ამასთან აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის და მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომაც კანონით დაცულ მის ინტერესს შეეხება.
განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურმა აღძრა რა, სარჩელი სასამართლოში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვა სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარება, კერძოდ, მოპასუხეების ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’, მ--------- თ-------სა და ა-------–- თ-------ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება. მიუთითა, რომ მოპასუხე ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’, ხოლო შემდგომ მ--------- თ-------ს მიერ უძრავი ქონების გასხვისება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, რაც ასაბუთებს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები, ხოლო 246.2 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მითითებული ნორმის თანახმად, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია არის მათი განსხვავება. შესაბამისად, ცრუმაგიერად აღიარებისათვის აუცილებელია ორი სამართლებრივი წინაპირობის არსებობა-პირთა გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს და ეს პირი გამოყენებული უნდა იქნეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1--- ბრძანების საფუძველზე, იმავე დღეს, 2016 წლის 22 იანვარს ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ სავაჭრო ობიექტში, რომელიც მდებარეობს მარტვილის რაიონის სოფელ ტ--–---ში, დაიწყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. ამ პერიოდისათვის ი--------------ს სახელზე ირიცხებოდა მარტვილის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 4-----------, რომელიც 2016 წლის 27 იანვარს აჩუქა მის ძმისშვილს მ--------- თ-------ს, ხოლო ამ უკანასკნელმა აღნიშნული უძრავი ქონება თავის მხრივ, 2016 წლის 20 მაისს აჩუქა ბაბუას (ი--------------ს მამას) ა-------–- თ-------ს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1-19.3 მუხლზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათსავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ)პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
ი--------------, მ--------- თ------- და ა-------–- თ-------, როგორც ნათესავები, წარმოადგენენ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ ურთიერთობაში მყოფ პირებს, რაც განსაზღვრავს მათ ურთიერთდამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. კერძოდ, მოპასუხე მ--------- თ------- არის ი--------------ს ძმისშვილი, ხოლო ა-------–- თ--------ი--------------ს მამა, შესაბამისად, მ--------- თ-------ს ბაბუა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სუბიექტების მიერ და მათ შორის განხორციელებული ოპერაციები, კერძოდ, ი--------------ს სავაჭრო ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებიდან 5 დღეში, მის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონების გაჩუქება ახლო ნათესავზე - ძმისშვილზე, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მისსავე ბაბუაზე (ი--------------ს მამაზე), პრაქტიკულად ერთგვაროვანია და ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რის გამოც მათი განსხვავება ერთმანეთისაგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ შესრულებული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა გადასახადებისათვის თავის არიდება, ვინაიდან მათ შორის განხორციელებული ოპერაციები შედეგობრივად მიმართული იყო უძრავი ქონების გარიდების გზით ი--------------ს კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისაკენ და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისაკენ.
ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1--- ბრძანების საფუძველზე ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ კუთვნილ ობიექტში ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად ინდ.მეწარმის მიმართ გამოიცა საგადასახადო სამართალდარღვევის N1----- და N1----- ოქმები, რომლებითაც ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 38 773.43 ლარის და 1 216.13 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგად ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ობიექტში გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 2 432.25 ლარის ოდენობით და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 387 734.24 ლარის ოდენობით.
იმ პირობებში, როცა ი--------------სათვის ცნობილი იყო მის სავაჭრო ობიექტში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ღირებულების აღურიცხავი მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი, რაც ინვენტარიზაციის შედეგად უდავოდ გამოვლინდებოდა, ხოლო ინვენტარიზაციის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გასხვისება, უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით კავშირში შევიდა ისეთ პირებთან, რომელთა განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველია გარიგების მოჩვენებითი ხასიათი, ხოლო მათ შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები მოჩვენებითი ხასიათის არ ყოფილა, ვინაიდან ი--------------მ რეალურად გადასცა ქონება და მჩუქებლები მ--------- თ------- და ა-------–- თ------- ამჟამადაც ცხოვრობენ ნაჩუქარ სახლში.
ზემოაღნიშნული მოსაზრება რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი კი არ განსაზღვრავს გადასახადისაგან თავის არიდების მიზანს, არამედ გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განრიდება, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში.
ის გარემოება, რომ ერთ-ერთი მოპასუხე ცხოვრობს ნაჩუქარ სახლში, ცხადია, არ გამორიცხავს გადასახადის გადამხდელის მიზანს, ქონება აარიდოს მისი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსალოდნელი ღონისძიებების გატარებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია.
გადასახადის გადამხდელის მიერ მის საკუთრებაში არსებული ერთადერთი ქონების გასხვისებით მისსავე ოჯახის წევრზე, მიზანი - თავი აარიდოს გადასახადის გადახდას, მიღწეულია.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ინდ. მეწარმე „ი--------------მ“, მ--------- და ა-------–- თოდუებმა. აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
აპელანტების განმარტებით, მცდარია რაიონული სასამართლოს მსჯელობა გადაწყვეტილების 3.2.8 პუნქტში, ვინაიდან ი--------------ს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ძმის შვილზე, მ--------- თ-------ზე გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების შემდგომ, არამედ როგორც სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, მ--------- თ-------სთვის უძრავი ნივთის ჩუქების თაობაზე ნების გამოვლენას ადგილი ქონდა რეალურად 2015 წლის შემოდგომამდე, აღნიშნული სასამართლოს დაუდასტურა მოწმე რ--------- კ--------მ, ანუ დამტკიცდა უტყუარად სხდომაზე, რომ გარიგება ი---- და მ-------- თ-------ს შორის არ იყო მოჩვენებითი ხასიათის და მიმართული იმ მიზნისკენ, რომ შემდგომში სავარაუდოდ მოვალედ ქცეულ ინდ. მეწარმეს თავი აერიდებინა გადასახადის გადახდისაგან.
აპელანტების განმარტებით, ასევე მცდარია რაიონული სასამართლოს მსჯელობა გადაწყვეტილების 3.2.9 პუნქტში, ვინაიდან მ--------- თ-------მ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა ფართის გამოყოფის მიზნით მიემართა დევნილთა და განსახლების სამინისტროსათვის, კერძოდ მისი ოჯახი არის აფხაზეთიდან დევნილი და წლებია ელოდებიან სახელმწიფოსაგან ფართის გამოყოფას. აპელანტისთვის ცნობილი გახდა ბინით დაკმაყოფილების მოლოდინში მყოფი პირებისგან, რომ ის ვის ოჯახის წევრსაც რაიმე საცხოვრებელი ფართი არ ერიცხება საჯარო რეესტრში, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით დადგენილი კრიტერიუმებისა, სარგებლობენ ბინით დაკმაყოფილების უპირატესობით, იმ პირებთან შედარებით, რომლის ოჯახის წევრებსაც ერიცხებათ რაიმე საცხოვრებელი ფართი. ამის შემდეგ მ-------- თ-------მ სოფელ. ტ--–---ში მცხოვრებ ბაბუას - ა-------–- თ-------ს სთხოვა, რომ სოფელ დიდ ჭყონში მის საკუთრებაში არსებული სახლი დროებით გადაეფორმებინა მის სახელზე - ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითად დადების გზით, რასაც დაეთანხმა ა-------–- თ------- და 2016 წლის 20 მაისს დადებულ იქნა მოჩვენებითი ხასიათის გარიგება - ჩუქების ხელშეკრულება, რათა აპელანტს არ შეშლოდა ხელი დევნილთათვის გამოსაყოფი ფართის დაჩქარებულად მიღებაში, რის შემდეგაც 2016 წლის 01 ივლისს მ--------- თ-------მ მიმართა სამინისტროს მისი ოჯახისთვის ფართის გამოყოფის მოთხოვნით. ამდენად შვილიშვილსა და ბაბუას შორის დადებული გარიგება არის მოჩვენებით ხასიათის და მას იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდნ საცხოვრებელი სახლი რეალურად არის მ--------- თ-------ს მფლობელობაში და არა დასაჩუქრებულის, რაც დადასტურდა მოწმეთა ჩვენებითაც, თუმცა რაიონულმა სასამართლომ გვერდი აუარა ამ გარემოების შეფასებას.
აპელანტების განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და შეფასების გარეშე მიიღო მცდარი გადაწყვეტილება, ვინაიდან ისინი საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის სუბიექტებად, ანუ ცრუმაგიერ პირებად ჩათვალა მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ გარიგების დადებას წინ უსწრებდა მეწარმის მატერიალურ ფასეულობათა შემოწმების დაწყება. ასეთი მექანიკურად და მხოლოდ ფორმალური საფუძვლით, რომ არ მოხდეს პირის ცრუმაგიერობის აღიარება ამიტომაცაა, რომ სასამართლოს ეკისრება ამის დადგენა ყველა ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ხოლო მტკიცებულებები კი პირდაპირ უნდა ადასტურებდნენ რომ ადგილი ჰქონდა პირების ერთამენთთან ისეთ კავშირში შესვლას, რომლის მიზანიც არის საგადასახადო ვალდებულების ურუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდება და სწორედ ამ მიზნით დებენ მხარეები გარიგებას. ამასთან, ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული ასევე არის დაკავშირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა. კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპულია იმ ფაქტის დადასტურება, რომ გარიგება დადებულია მოჩვენებითად, ხოლო ასეთი გარიგების მონაწილე პირი გამოიყენება ქონების ადრინდელი მესაკუთრის საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდებისთვის, ამასთან ასეთი პირების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას, რასაც აპელანტთა განმარტებით ადგილი არ აქვს განსახილველ შემთხვევაში და ვერც სასამართლო ასაბუთებს საპირისპიროს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ამასთან დამატებით მიუთითებს რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 20.1 მუხლით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. იმავე კოდექსის 49.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა. 51.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარი ეძღვნება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას და მასში შედის თავი XXXV – „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა“, რომლის 246-ე მუხლი ეხება ცრუმაგიერ მფლობელობას. ხსენებული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლოს უფლებამოსილებას, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე ადასტურებს კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
ცრუმაგიერი პირების დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა და ამ სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები.
ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1195-1189 (კ-17) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები“.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ინდ.მეწარმე ,,ი--------------’’ მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2013 წლის 04 დეკემბრიდან. მისი საქმიანობის საგანია საცალო ვაჭრობა სასურსათო პროდუქტებით. იურიდიული მისამართია-მარტვილი, სოფელი ტ--–---ი;
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2016 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 100226.66 ლარის ოდენობით;
შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1--- ბრძანების შესაბამისად ჩატარდა ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო 2016 წლის 22 იანვარს და დასრულდა 2016 წლის 25 მარტს;
ინვენტარიზაციის შედეგად ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ობიექტში გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 2 432.25 ლარის ოდენობით და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 387 734.24 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე 2016 წლის 25 მარტს შედგა -საგადასახადო სამართალდარღვევის N1----- და N1----- ოქმები, რომლებითაც ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 38 773.43 ლარის და 1216.13 ლარის ოდენობით;
2016 წლის 27 იანვრამდე ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ საკუთრებაში ირიცხებოდა მარტვილის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 4-----------;
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ, 2016 წლის 27 იანვარს ინდ.მეწარმე ,,ი--------------მ’’ მის საკუთრებაში არსებული მარტვილის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ. 4----------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა მის ძმისშვილს მ--------- თ-------ს;
2016 წლის 20 მაისს მ--------- თ-------მ აღნიშნული უძრავი ქონება ს/კ. 4----------- აჩუქა ბაბუას - ა-------–- თ-------ს;
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ ქონებაზე 2016 წლის 29 მარტის N0------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 08 აპრილს;
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2016 წლის 30 ივნისს ინდ.მეწარმე ,,ი--------------ს’’ მიმართ გამოიცა მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომელსაც ი-------------- გაეცნო 2016 წლის 13 ივლისს;
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრის N1--- ბრძანების ბრძანების გამოცემის შემდეგ ინდ.მეწარმე „ი--------------სათვის“ ცნობილი გახდა სავარაუდო საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის შემდეგ მან იმავე პერიოდში ეტაპობრივად შეძლო მოთხოვნებისგან თავის არიდების მიზნით მის სახელზე არსებული უძრავი ქონების გადაფორმება სხვა პირებზე, კერძოდ: 2016 წლის 27 იანვარს ი--------------მ მის საკუთრებაში არსებული მარტვილის რაიონის სოფელ დ---------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ. 4----------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა მის ძმისშვილს მ--------- თ-------ს. 2016 წლის 20 მაისს მ--------- თ-------მ აღნიშნული უძრავი ქონება ს/კ. 4----------- აჩუქა ბაბუას (ი--------------ს მამას) _ ა-------–- თ-------ს. მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს გააჩნდა მოლოდინი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების დაკისრების თაობაზე, რის შემდეგაც ეტაპობრივად განახორციელა მის საკუთრებაში არსებული აქტივების ოჯახის წევრებზე განკარგვა.
ზემოთ მოყვანილი სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მ--------- და ა-------–- თოდუები არიან ინდ.მეწარმე „ი--------------ს“ ცრუმაგიერი პირები და ისინი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის ასარიდებლად.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2017წ. #ბს-167-165(კ-17) განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ი/მ „მ.შ-ის“ მიერ განხორციელებულ ქმედებათა ჯაჭვი მიზანმიმართული იყო გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების თავის არიდებისათვის. სააპელაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ.ნ. და ე.ნ. აღიარა ი/მ „მ.შ-ის“ ცრუმაგიერ პირებად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განმარტებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისას სრულად გაიზიარა საკასაციო სასამართლომ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია გადაწყვეტილებაში მითითებული პირები ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად (ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.03.2018 წ. გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-763-755(კ-16)).
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელის - ინდ მეწარმე „ი--------------ს“ მხრიდან გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მ--------- თ-------სა და ა-------–- თ-------სთან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, რამდენადაც მათ შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რომელიც საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევის თავიდან არიდებას ემსახურება, რაც მოპასუხეთა ცრუმაგიერობაზე მიუთითებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, იურიდიულად საკმარისად არის დასაბუთებული - კანონიერია და მისი გაუქმებისთვის დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზიის წამოუდგელობის გამო უცვლელად უნდა დარჩეს.
სასამართლო ხარჯები
სააპელაციო საჩივარზე თითოეული აპელანტის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150-150 ლარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი - თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ინდ. მეწარმე „ი--------------ს“, მ--------- თ-------სა და ა-------–- თ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. ინდ. მეწარმე „ი--------------ს“, მ--------- თ-------სა და ა-------–- თ-------ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
ნანა კალანდაძე