განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019003088601
საქმე №2ბ/5378-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
აპელანტი - შპს ,,საქართველოს დ----------–-- და ლ---------ა“
წარმომადგენელი - ე-------------------–-
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ქ--------–ი რ------–ი“, ბ---- მ----ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით, შპს ,,საქართველოს დ----------–-- და ლ---------ას“ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6837,51 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 1568 ლარის გადახდა. ასევე, მოპასუხე შპს „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გამარტივებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 150 ლარის ანაზღაურება. სარჩელი ბ---- მ----ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 257 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 12 ივლისს შპს „თ--–---- თ---------სა“ (გამყიდველი) და შპს „ქ--------–ი რ------–ს“ (მყიდველი) შორის გაფორმდა „ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება“, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად მყიდველი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობდა გამყიდველის მიერ მიწოდებულ ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ პროდუქციას .
მხარეები შეთანხმდნენ გადახდის პირობებზე: პროდუქციის ღირებულების გადახდა წარმოებდა ეროვნულ ვალუტაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შემდეგი წესით: ლუდი „მირზაანის“ ღირებულების გადახდა მოხდებოდა არაუგვიანეს მომდევნო შეკვეთისა, დანარჩენი რეალიზებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისად, ყოველ კვირაში ერთხელ გადახდით (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი);
მყიდველი აღიარებდა, რომ გამყიდველის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 7 271.68 ლარი და იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის მანძილზე, თითოეულ კვირაში, გამყიდველს გადაუხდიდა 732.87 ლარს, ხოლო მომდევნო კვირებში (თითოეულ კვირაში) გადაუხდის 500 ლარს. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი 2017 წლის 25 სექტემბრამდე გამყიდველის წინაშე არსებულ დავალიანებას შეამცირებდა 1 202,47 ლარამდე, გამყიდველი მას ქეშბექის სახით გადაუხდიდა 1 202,47 ლარს.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მყიდველი დაარღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის პირობებს გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იქნებოდა ვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადა პირგასამტეხლო დავალიანებული თანხის 0,2%.
შპს „თ--–---- თ---------მა“ 2018 წლის 20 ივლისიდან შეიცვალა სახელწოდება და ეწოდება შპს „საქართველოს დ----------–-- და ლ---------ა“.
შპს „ქ--------–ი რ------–ის“ დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6837,51 ლარს.
2017 წლის 12 ივლისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ქ--------–ი რ------–ისათვის“ დარიცხული პირგასამტეხლო 2017 წლის 21 აგვისტოდან 2017 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 1568 ლარს.
2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბ---- მ----ას, როგორც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 12 ივლისის „თავდების განცხადება“, რომელსაც ხელს აწერს ბ---- მ----ა, განცხადების თანახმად, ბ---- მ----ამ შპს „ქ--------– რ------–ისთან“ ერთად იკისრა სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული პასუხისმგებლობა შეესრულებინა 2017 წლის 12 ივლისს შპს „თ--–---- თ---------სა“ (გამყიდველი) და შპს „ქ--------–ი რ------–ს“ (მყიდველი) შორის გაფორმებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი შეთანხმებით მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები გამყიდველის წინაშე.
სასამართლომ განმარტა, რომ თავდებობის დადგენა ხდება კრედიტორსა და თავდებს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით (სსკ-ის 891-892 მუხლები).
თავდებობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულებაა და, შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება გარიგებისა და ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები (50-71, 327-340 მუხლები).
სასამართლომ მიუთითა, რომ თავდებობის ხელშეკრულება თავდებობის დადგენის ძირითადი დოკუმენტია, თავდების განცხადება თავდებობის კისრების შესახებ (892 I), რაც ცალმხრივი ნების გამოვლენაა (და როგორც წესი ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით), წარმოადგენს კანონის დამატებით ფორმალურ მოთხოვნას.
თავდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე (ანუ გამომდინარე იქედან, რომ თავდებობის შემთხვევაში ადგილი აქვს სხვა პირის ვალდებულებისათვის სუბსიდიალური ან სოლიდარული პასუხისმგებლობის (როგორც წესი — უსასყიდლო) კისრებას), კანონი თავდების ინტერესებში მკაცრად ადგენს თავდებობის ნამდვილობის წინაპირობებს. თუ ეს წინაპირობები თავიდანვე არ არსებობს ან ისპობა შემდგომში, აღნიშნული ავტომატურად იწვევს თავდებობის არარსებობას (ბათილობასაც): უპირველეს ყოვლისა, თავდებობის დადგენისათვის აუცილებელი წინაპირობაა გარიგების წერილობითი ფორმის დაცვა, პრაქტიკაში ეს უკანასკნელი ხშირად მოიცავს როგორც თავდებობის ხელშეკრულებას, ისე თავდების განცხადებას თავდებობის კისრების შესახებ; თავდებობა აქცესორული უფლებაა (153 I) და მისი აქცესორულობიდან გამომდინარე აუცილებელია უზრუნველყოფილი ვალდებულების არსებობა, შესაბამისად, მისი არსებობა და ფარგლები სრულად დამოკიდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის (ძირითადი უფლება) არსებობასა და ფარგლებზე (893 1); თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის მითითება (რაც თავდების დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია) აუცილებელია თავდებობის ხელშეკრულებისათვის.
ამდენად, თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია მისი წერილობითი განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება, რაც უნდა აკმაყოფილებდეს გარიგებისათვის დადგენილ მოთხოვნებს (ამ შემთხვევაში გარიგების წერილობითი ფორმა) და მისი შინაარსიდან გამომდინარე შესაბამის არსებით პირობას (დამატებით), როგორიცაა მხარეთა შეთანხმების არსებობა თავდებობის მაქსიმალური ოდენობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში კი, მხოლოდ თავდებობის განცხადება ვერ იქნება მიჩნეული ბ---- მ----ას, როგორც თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად, იმ პირობებში, როცა კრედიტორსა (შპს „საქართველოს დ----------–-- და ლ---------ა“) და ბ---- მ----ას შორის არ გაფორმებულა თავდებობის წერილობითი ხელშეკრულება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არ არსებობს ბ---- მ----ას, როგორც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის საფუძველი (იხ. 3.2.1. პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 891-892-ე მუხლების შესაბამისად, მხოლოდ თავდებობის განცხადება ვერ იქნება მიჩნეული ბ---- მ----ას, როგორც თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად, იმ პირობებში, როდესაც კრედიტორსა (შპს„საქართველოს დ----------–-- და ლ---------ა“) და ბ---- მ----ას შორის არ გაფორმებულა თავდებობის წერილობითი ხელშეკრულება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ განახორციელებს მოთხოვნას ბ---- მ----ას მიმართ, შპს „თ--–---- თ---------თან“ ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე, რა ნაწილშიც სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დააკისრა სოლიდარულად თავდებ პირს სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა, რომლის სოლიდარული პასუხისმგებლობა თავდებმა პირმა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იკისრა და შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა სოლიდარულად თავდები პირის მიმართ გამართლებული და სამართლებრივად დასაბუთებული იყო.
აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 12 ივლისის თავდების განცხადება დაიდო 2017 წლის 12 ივლისის შპს "საქართველოს დ----------–-- და ლ---------ა"-ს (ყოფ. შპს თ--–---- თ---------ი) და შპს "ქ--------–ი რ------–ს" შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. თავდების განაცხადის განმარტებით თავდები პირი სოლიდარულად პასუხს აგებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგად, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი შეთანხმებით (მათ შორის ვალდებულებების შეუსრულებლობიბით წარმოშობილი დავალიანებების და პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე), ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით წარმოშობილი ძირითადი მოვალის ვალდებულებებზე მოსარჩელის წინაშე. თავდებობის კისრება თავდები პირის ცალმხრივი ნების გამოვლენაა და შესაბამისად, თავდებობის დადგენისათვის აუცილებელი წინაპირობაა გარიგების წერილობითი ფორმის დაცვა წარმოადგენს. პრაქტიკაში ეს უკანასკნელი ხშირად მოიცავს როგორც თავდებობის ხელშეკრულებას, ისე თავდების განცხადებას თავდებობის კისრების შესახებ.
შესაბამისად, აპელანტის შეფასებით, წარდგენილი თავდების განაცხადი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მასში ზუსტად არის განცხადებული (გამოვლენილი) თავდები პირის ნება თავდებად დაუდგეს ძირითად მოვალეს მოსარჩელის წინაშე იმ შემთხვევისთვის თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ და არ დააკმაყოფილა სოლიდარულად თავდები პირის მიმართ იმ მოტივით, რომ მოსარჩელესა და თავდებს შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება და მხოლოდ თავდების განცხადება ვერ ჩაითვლება თავდები პირის სოლიდარული პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ფაქტობრივ უსწორობას და სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდაოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კანონი თავდებობის ნამდვილობისათვის მხოლოდ თავდების წერილობით განცხადებას ასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდებობა ცალმხრივი მიღება სავალდებულო გარიგებაა, რომლის ნამდვილობისთვისაც კანონი მარტივ წერილობით ფორმას ითხოვს. კრედიტორის მიერ აღნიშნული ნების მიღების წერილობით (ხელმოწერით) დადასტურების ვალდებულებას კანონი არ აწესებს. საკმარისია თავდების წერილობით გამოხატული ნების კრედიტორამდე მისვლა. ასევე არანაკლებ მნიშნელოვანია თავდების განცხადების დადებისას თავდები პირის ნების გამოვლენის განმარტების საკითხი. ნების გამოვლენის განმარტებაში „სიტყვასიტყვითი“ მნიშვნელობის მიღმა რეალური მნიშვნელობის დანახვა იგულისხმება. გონივრულ განსჯას და არამარტო სიტყვასიტყვით აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერი გარიგების განმარტებისას. ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუძემდებლური კომპონენტია. სამოქალაქო სამართალში კი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირდება სამართლებრივ ურთიერთობათა უმრავლესობა. ნების გამოვლენის მეშვეობით გარიგების მხარეები მიზნად ისანავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
3.2. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიუთითებს, რომ გარიგების მხარეები არა მხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. სწორედ ამიტომაცაა, რომ გარიგებას მხარეებისათვის კანონის ძალა აქვს და მისი დარღვევა იწვევს მხარეთა სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ნების გამოვლენა არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდრე თავდები ხელს მოაწერდა თავდების განცხადებას, იგი გაეცნო მის შინაარს, წარმოდგენილი ქონდა თავდებობის განმსაზღვრელი პასუხისმგებლობის ფარგლები და ყველანაირი განსჯის შედეგად გამოავლინა ნება, ხელი მოაწერა თავდების განაცხადს და იკისრა სრული სოლიდარული პასუხისმგებლობა. გააზრებული ქონდა, რომ ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი თანხის ოდენობაზე, მათ შორის პირგასამტეხლოზეც.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორად მიუთითა გამოსაყენებელი სამართლის ნორმები, თუმცა არასწორად განმარტა ის და დასაბუთებაში აღნიშნა, რომ თავდების განცხადება ვერ იქნება მიჩნეული თავდები პირის პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ გაფორმებულა თავდებობის წერილობითი ხელშეკრულება. მოსარჩელე მხარემ სარჩელშიც და შემდგომ განმარტებებშიც ნათლად წარმოადგინა და შესაბამისი მტკიცებულებებითაც (თავდების განცხადება) დაასაბუთა, რომ თავდების განცხადება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა გაფორმებული, მასში სრულად იქნა განსაზღვრული თავდები პირის სოლიდარული პასუხისმგებლობა (ფარგლები და ამასთანავე თავდები პირის მიერ ნათლად და მკაფიოდ იქნა გამოვლენილი ნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით აეღო სალიდარული პასუხისმგებლობა ვალდებულების შესრულებისათვის. სსკ-ის 892-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. შესაბამისად, კანონი თავდებობის ნამდვილობისათვის მხოლოდ თავდების წერილობით განცხადებას ასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდებობა ცალმხრივი მიღებასავალდებულო გარიგებაა, რომლის ნამდვილობისთვისაც კანონი მარტივ წერილობით ფორმას ითხოვს. კრედიტორის მიერ აღნიშნული ნების მიღების წერილობით (ხელმოწერით) დადასტურების ვალდებულებას კანონი არ აწესებს. აპელანტის მოსაზრებით, საკმარისია თავდების წერილობით გამოხატული ნების კრედიტორამდე მისვლა. საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს უზენასი სასამართლოს 07/06/2002 გადაწყვეტილებაზე #პკ-432-02 სადაც მსჯელობს, რომ თავდებობის დადგენისათვის (განცხადება და თავდებობის დოკუმენტის კანონი არ კრძალავს ერთი დოკუმენტით გაფორმდეს როგორც თავდების განცხადება, ასევე ხელშეკრულების არსებითი პირობები).
სასამართლოში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, როგორც აღინიშნა, არის გამოხატული, როგორც თავდების ნება (განცხადება), ასევე ხელშეკრულების არსებითი პირობები, კერძოდ დადგენილია, რომ მითითებული დუკუმენტი მიიღო კრედიტორმა, მასში მითითებულ პირობებზე არ გამოუთქვამს პრეტენზია, რაც უნდა ჩაითვალოს მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებად დოკუმენტში მითითებელი პირობებით. სსკის 895-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე: თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. აღნიშნული დანაწესიდან მნიშნვნელოვანია ხაზი გაესვას ნორმაში ჩადებულ და მოხსენიებულ ჩანაწერს თვდების სოლიდარულ პასუხისმგებლობას. სოლიდარული პასუხისმგებლობის დეფინიციასა და განმარტებას იძლევა სსკ-ის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლი კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. შესაბამისად, თითოეული სოლიდარული მოვალე პასუხისმგებელია კრედიტორის წინაშე მთლიანი ვალდებულების შესრულების განხორციელებაზე. თავდების განაცხადშიც ხაზგასმით წერია, რომ თავდები კისრულობს სოლიდარული პასუხისმგებლობას ვალდებულების შესრულებისათვის, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობა როგორც ზემოთ აღინიშნა ნიშნავს, რომ პირი კისრულობს პასუხისმგებლობას შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც გააჩნია ძირითად მოვალეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდების განაცხადი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, სასამართლოში წარმოდგენილ და განმარტებულ იქნა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძლები სოლიდარულად პასუხისმგებელი პირების მიმართ. აპელანტის შეფასებით, სასამართლოს მსჯელობა საფუძელს მოკლებულია, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე სოლიდარული მოპასუხის (თავდების) მიმართ სრულიად კანონიერია. შესაბამისად გადაწყვეტილების 6.3 პუნქტი წარმოადგენს სამართლებრივ უსწორობას.
3.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითოხვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ამ ნაწილში და თავდებ პირს, ბ---- მ----ას, სოლიდარულად, ძირითად მოვალესთან ერთად არ დააკისრა ვალდებულების შესრულება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება ამ ნაწილში და სარჩელით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულება სოლიდარულად დაეკისროს ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულად თავდებ პირს ბ---- მ----ას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.1.1. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 12 ივლისს შპს „თ--–---- თ---------სა“ (გამყიდველი) და შპს „ქ--------–ი რ------–ს“ (მყიდველი) შორის გაფორმდა „ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება“, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად მყიდველი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობდა გამყიდველის მიერ მიწოდებულ ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ პროდუქციას.
4.1.2. შპს „თ--–---- თ---------მა“ 2018 წლის 20 ივლისიდან შეიცვალა სახელწოდება და ეწოდება შპს „საქართველოს დ----------–-- და ლ---------ა“.
4.1.3. უდავოა, რომ შპს „ქ--------–ი რ------–ის“ დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6837,51 ლარს.
4.1.4. 2017 წლის 12 ივლისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ქ--------–ი რ------–ისათვის“ დარიცხული პირგასამტეხლო 2017 წლის 21 აგვისტოდან 2017 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 1568 ლარს.
4.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივლისის მხარეთა შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის შესახებ მითითებას არ შეიცავს.
4.3. სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას, რომ წარდგენილი თავდების განაცხადი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
თავდებობის ხელშეკრულება იდება ორ მხარეს (ორმხრივი გარიგება) - თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა, თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის („მესამე პირი“) მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა (სსკ-ის 891-ე მუხლი). სააპელაციო პალატას ბ---- მ----ას განცხადების ანალიზის შედეგად მიაჩნია, თავდებობის ხელშეკრულება დადებულად არ უნდა იქნას მიჩნეული, რაც საფუძველს აცლის აპელანტის მოთხოვნას.
სააპელაციო პაალტის ამგვარი დასკვნა ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 892-ე, 898-ე და 327-ე მუხლების დანაწესებს; კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება; სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე; სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით;
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების ნამდვილობის პირობების ( არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმება და მოთხოვნილი ფორმა ) დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი სახის, მათ შორის თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვისაც; ამასთან, არსებით პირობათა წრე მხარეთა მიერ ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად უნდა განისაზღვროს; განსახილველ შემთხვევაში სადაოა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობა მის არსებით პირობაზე შეთანხმების თვალსაზრისით; სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელმა თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობად დაადგინა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება; ამასთან, ხელშეკრულების დადების ავტონომიურობის პრიციპიდან გამომდინარე თავდებობისას მხარეებმა უნდა განსაზღვრონ და თავდებობის დოკუმენტში უნდა მიუთითონ მოვალის ვალდებულებიდან თავდების პასუხისმგებლობის ზუსტი რაოდენობა;
პალატის შეფასებით, ასეთ მითითებად ვერ ჩაითვლება ხელშეკრულებაში არსებული დათქმა, იმის შესახებ, რომ „სოლიდარული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით.
2017 წლის 12 ივლისის თავდების განცხადებაში 2017 წლის 12 ივლისის შპს "საქართველოს დ----------–-- და ლ---------ა"-ს და შპს "ქ--------–ი რ------–ს" შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მითითების თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობის განსაზღვრად მიჩნევა არის მხოლოდ აბსტრაქცია , არ იძლევა ვალდებულების მოცულობის ობიექტურად განსაზღვრის შესაძლებლობას, შესაბამისად ის არ არის შესაბამისობაში სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის მოთხოვნასთან თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული რაოდენობით განსაზღვრის შესახებ , რის გამოც მისი დაუცველობა სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით ერთის მხრივ გამორიცხავს კრედიტორის უფლებას თავდებ პირს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მეორე მხრივ თავდების მოთხოვნას ხდის საფუძვლიანს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და დამატებით აღნიშნავს, რომ თავდებობის ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,საქართველოს დ----------–-- და ლ---------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი