განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
330210118002419874
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002419874

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/1438-19 1 ოქტომბერი, 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - თამთა ოთარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) – ვ-–----------------

წარმომადგენლები – თ------------, ლ--–-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ბ------“

წარმომადგენლები –რ---------------–----, ლ--------------

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, ვ-–----------------- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ბ-------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 680 ლარის ანაზღაურება.

ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს „ბ-------“-ს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდა 4040 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ვ-–----------------სა და შპს „ბ------“-ს შორის არსებობდა კომპიუტერული ტექნიკისა და მისი ნაწილების ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4). მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 57-59).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 680 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებები №ელ-0---------, 2---------, 745 ლარის ღირებულების; №ელ-0---------------------, 3743 ლარის ღირებულების; №ელ-0------------------------, 680 ლარის ღირებულების, №ელ- 0---------------------, 650 ლარის ღირებულების, №ელ-0---------------------, 1275 ლარის ღირებულების.

 

მოპასუხემ თავის მხრივ წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები, რომლითაც დგინდება, რომ 2--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 745 ლარი მოპასუხეს გადახდილი აქვს 2015 წლის 25 მაისს 745 ლარის ოდენობით, საგადახდო დავალება #5--, დანიშნულებაში მითითებულია შესაბამისი ზედნადების ნომერი (იხ. ს.ფ. 112).

 

ასევე, 11/05/2015 წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 650 ლარი მოპასუხეს გადახდილი აქვს 2015 წლის 15 მაისს საგადახდო დავალება #5--- დანიშნულებაში მითითებულია შესაბამისი ზედნადების ნომერი (იხ. ს.ფ. 112).

 

ასევე, 28/05/2015 წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 1275 ლარი მოპასუხეს გადახდილი აქვს ორ ტრანშად 600 ლარი გადახდილია 2015 წლის 29 მაისს საგადახდო დავალება #1---------, დანიშნულებაში მითითებულია საქონლის ღირებულების ნაწილი (იხ. ს.ფ. 109), ხოლო 04/06/2015 წელს გადახდილია 675 ლარი საგადახდო დავალება #5--, დანიშნულებაში მითითებულია შესაბამისი ზედნადების ნომერი.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2--------- წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0---------, 11/05/2015 წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- და 28/05/2015 წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოპასუხეს აღნიშნული თანხები გადახდილი აქვს.

 

რაც შეეხება 12/05/2015 წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0--------- მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 680 ლარის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებას მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ აღნიშნული თანხის გადახდა ვერ დაადასტურა და ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.

 

ამასთან, მოპასუხემ სადავოდ გახადა 29/12/2015 წლის სასაქონლო ზედნადებით №ელ-0---------, 3743 ლარის ღირებულების პროდუქციის მიღების ფაქტი. მოპასუხემ წარმოადგინა 2018 წლის 5 ნოემბრის განცხადება, რომლითაც მან მიმართა შემოსავლების სამსახურს და მიუთითა, რომ 29/12/2015 წელს გამოწერილია სასაქონლო ზედნადები №ელ-0--------- და 2016 წლის 13 იანვარს გამოწერილია ანგარიშფაქტურა, რაც არ არის დადასტურებული მის მიერ და არც ზედნადებში აღნიშნული საქონელი არ მიუღია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, მაგრამ სადავოობის შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ნამდვილად მოხდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის არსებითი პირობების შეთანხმება და ამ პირობების საფუძველზე გამყიდველმა გადასცა ნასყიდობის საგანი მყიდველს, რაც მყიდველს თავის მხრივ წარმოუშობს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ არ უარყო 2015 წლის მაისის თვეში გარკვეული პროდუქციის მიღების ფაქტი და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარმოადგინა, თუმცა სადავოდ გახადა 2015 წლის დეკემბერში რაიმე შეთანხმების არსებობა მოსარჩელესთან და რაიმე პროდუქციის მიღება.

 

მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა სასაქონლო ზედნადები და ანგარიშის ამონაწერი, რაც ნაწარმოებია მის მიერ. მართალია ანგარიშის ამონაწერი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, ვინაიდან ცალმხრივადაა შედგენილი მოსარჩელის მიერ და იგი მოსარჩელის ახსნა-განმარტებად უნდა შეფასდეს, მაგრამ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მასზედ, რომ აღნიშნული ამონაწერის 2015 წლის დეკემბრის თვის მონაცემები არ ემთხვევა 2015 წლის 29 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, ანგარიშის ამონაწერში დაფიქსირებულია 2015 წლის 29 დეკემბერს რვა გასავლის ზედდებული სხავადასხვა თანხაზე, ხოლო 29/12/2015 წლის სასაქონლო ზედნადებში №ელ-0--------- ასახულია ოთხი საქონლის დასახელება - Apple imac 17,52011, თანხით - 1750 ლარი, kompiuteris klaviatura - 50 ლარი, mouse - 15 ლარი, Apple Macbook 1928 ლარი. არც ერთი ეს მონაცემი არ არის თანხვედრაში ანგარიშის ამონაწერთან. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასა და ნასყიდობის საგანსა და ფასს დაადასტურებდა წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ვერ დაადასტურა მოპასუხისათვის 2015 წლის 29 დეკემბერს 3743 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მუხლის აღნიშნული ნაწილი ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა, მაგრამ სსკ-ის 477-ე მუხლი არ ადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის სავალდებულოდ წერილობით ფორმას.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების არსებით პირობებს, უპირველესად უნდა შეფასდეს, რა ითვლება ასეთად. კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას. საკითხთა წრე, რომელზედაც მხარეთა შეთანხმება აუცილებლადაა მიჩნეული შეიძლება იყოს ხელშეკრულების საგანი, ფასი და ხელშეკრულების ვადა. თუმცა, აღნიშნული ვერ იქნება გამოყენებული ყველა ტიპის ხელშეკრულების მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ნასყიდობის ფასის გადახდას. მოსარჩელის განმარტებით ნასყიდობის საგანს შეადგენდა კომპიუტერული ტექნიკა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ 2015 წლის მაისის თვეში და წარმოადგინა შესაბამისი საგადახდო დავალებები, რაც ადასტურებს მისი მხრიდან ანგარიშსწორების ფაქტს, გარდა 680 ლარისა, რომლის გადახდაც მოპასუხემ ვერ დაადასტურა.

 

რაც შეეხება 2015 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის ნასყიდობის არსებით პირობებზე შეთანხმებას მოპასუხემ სადავოდ გახადა, ხოლო მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით თუ რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები და რა პროდუქცია მიაწოდა მოპასუხეს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებულია მხოლოდ 680 ლარის ნაწილში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძლად დაუდო ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი და არ გადასცემია კნონით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს მოსარჩელემ ვვერ დაადასტურა 3743 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტი.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გადახდები არ არის ასახული მოსარჩელის საბუღალტრო მონაცემებში, შესაბამისად საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის შეესახებ, რომ თითქოს მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იყო. აღნიშნულს სასამართლომ საფუძლად დაუდო მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი არ ყოფილა და საქმის განხილვის დროს არ გამოკვლეულა.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე მხარემ იმის გამო, რომ თავი აერიდებინა ვალდებულების შესრულებისთვის უარყო საქონლის მიწოდების ფაქტი. თუმცა, აღნიშნული გარემოება და მხარის პრეტენზია ან საგადასახაო ოდრგანოსთვის განცხადებით მიმართვა არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხე მხარეს საქონელი არ მიუღია. მოპასუხემ 3743 ლარიანი სასაქონლო ზედნადების და მასში მითითებული საქონლის მიუღებლობის საკითხი მხოლოდ სასამართლოში სარჩელი აღძრვრის შემდგომ დააყენა, რათა ვალდებულების შესრულებისათვის თავი აერიდებინა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სადავოდ არ ხდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა კომპიუტერული ტექნიკისა და მისი ნაწილების ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ურთიერთობის ფარგლებში წარმოდგენილი სარჩელით ვ-–----------------- მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე შპს „ბ------“-სათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება 4720 ლარის ოდენობით; გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 680 ლარის დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. მოსარჩელემ ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში სადავოდ ხდის მხოლოდ 3 743 ლარის ანაზღაურებაზე უარს; აღნიშნული მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებად ანუ იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 3 743 ლარის ღირებულების საქონელი მოსარჩელის მიერ წარმოადგენილია სასაქონლო ზედნადები - 29.12.2015წ. Nელ-0---------; ს.ფ.17; მოპასუხე სადაოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მის ელექტრონულ პორტალზე აისახა აღნიშნული ზედნადები , მაგრამ უარყოფს მასში დაფიქსირებული საქონლის რეალურად მიწოდების ფაქტს; კერძოდ, მოპასუხე უთითებს, რომ აღნიშნული ზედნადები მის მიერ დადასტურებული არ ყოფილა, ვინაიდან რეალურად არ მომხდარა ამ ზედნადებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, ასევე უთთებს, რომ სადაო ზედნადებში დაფიქსირებული საქონელი არ არის იდენტიფიცირებადი, ვინაიდან არ არის მოცემული კონკრეტული დასახელების საქონლის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებელი ნიშნები, რაც მიუთითებს ზედნადებში ასახული ოპერაციის მიწოდების ფაქტის არარეალურობაზე; მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მის მიერ სადაო 29.12.2015წ. Nელ-0--------- სასაქონლო ზედნადების შესატყვისი 13.01.2016 წ, ანგარიშფაქტურა #ეა-0-------- დადასტურეებული არ ყოფილა და არც ჩათვლაზე წარდგენუილა საგადასახადო ორგანოში, რის შესახებაც აცნობა შემოსავლების სამსახურს;

 

სააპელაციო პალატა მიუთთებს, რომ საქმის ზეპირი მოსმენისას მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათ შორის საქონლის მიწოდების ფაქტის შესახებ რაიმე წერილობითი დოკუმენტი , გარდა სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურისა არ ფორმდებოდა; პალატა ასევე, ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სადავო სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის აღწერილობა არ არის დაკონკრეტებული და არ მოიცავს საქონლის ინდივიდუალური მახასიათებლების შესახებ მონაცემებს (მაგ: მასში საქონელი დასახელებულია შემდეგნაირად : მაუსი, კომპიუტერის კლავიატურა..) შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება არ არის შესაძლებელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 17)

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში , როდესაც მოპასუხის მიერ არ არის დადასტურებული და აღიარებული 3743 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების შესახებ მოსარჩელის მიერ შედგენილი 29.12.2015წ. Nელ-0--------- სასაქონლო ზედნადები და 13.01.2016 წ, #ეა-0-------- ანგარიშფაქტურა, ხოლო სხვა მტკიცებულება სადაო მიწოდების ფაქტის შესახებ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, მიჩნეული უნდა იქნას, რომ მოსარჩელემ ვწერ დასძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა სადაო მიწოდების ფაქტის რეალურობა, რამაც საფუძველი გამოაცალა სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას;

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა და ამ უკანასკნელმა მიიღო სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებული ნივთები, ეკისრებოდა მოსარჩელეს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მისი მხრიდან სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ვერ დაადასტურა, მოპასუხისათვის 2015 წლის 29 დეკემბერს 3743 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტი.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

4.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

 

ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე - ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება.

 

განსახილველ სასარჩელო მოთხოვნას შემძენის მიერ ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება წარმოადგენს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს გადასცა 29.12.2015წ. Nელ-0--------- სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებული საქონელი, რომლის ღირებულების - 3 743 ლარის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს. წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხემ მართალია დაადასტურა მხარეთა შორის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების არსბეობა, თუმცა სადავოდ გახადა კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის მიღების და შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების შესახებ ვალდებულების არსებობა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, გამყიდველის მხრიდან მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, რაიმე მტკიცებულება, გარდა სადავოდ გამხდარი 29.12.2015წ. Nელ-0--------- სასაქონლო ზედნადებისა, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის საგნის მიღების და შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების არსებობას, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, რაც საბოლოოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

4.6. საბოლოოდ პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს, არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვ-–----------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან დუგლაძე