განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
190100119002988632
ინსტანცია
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119002988632

№1ბ/1488-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული: მ-–--–-–-- გ---------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------ს, პირადი N1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------–----–----------------–-------–---.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ მახათაძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მ-–--–-–-- გ---------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მითითებულ განაჩენში არ არის მსჯელობა იმის შესახებ რატომ არ წარმოადგენს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ მტკიცებულებას, მაშინ როცა გარდა დაზიანების ხარისხისა, მითითებულია დაზიანების ხანდაზმულობის შესახებ და დაზიანებები არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს. მოცემულ საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა ცალ–ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და არა ერთობლიობაში. სწორედ ერთობლივი შეფასების საფუძველზე, უნდა მოხდეს ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, სწორედ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს უნდა მოხდეს მტკიცებულებათა შეფასება, მათი უტყუარობის თვალსაზრისითაც. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლო პროცესზე მოხდა დაზარალებულის მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენების გამოკვლევაც, რაც მან დაადასტურა, ხოლო ამ ჩვენებით დასტურდება, როგორც დაზიანების განზრახ მიყენების, ისე ტკივილის განცდის ფაქტი, რაც აუცილებელი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედებისა, საქართველოს სსკ–ის 1261 მუხლით კვალიფიკაციისათვის. მოცემულ საქმეზე უტყუარად არის დადგენილი, რომ დაზარალებულისა და მ-–--–-–-- გ---------ის შორის არის კონფლიქტი და ამ დღესაც კონფლიქტი მოხდა, რაც დაზარალებულმაც დაადასტურა. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ და გამოკვლეული იქნა დაზარალებულად ცნობის დადგენილება და შემაკავებელი ორდერი, სადაც აღწერილია ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ტკივილის განცდა და რაც არ უარყვია დაზარალებულს, თუმცა სასამართლოს მიერ არც ეს გარემოებები ყოფილა გათვალისწინებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მ-–--–-–-- გ---------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, რითაც მ-–--–-–-- გ---------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით:

მ-–--–-–-- გ---------ს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 აპრილს დაახლოებით 18:00 საათზე გარდაბნის მ----–-----–-------- სოფელ ბირლიკში, საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს, მ-–--–-–-- გ---------მა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ყოფილ მეუღლეს, ს----ა გ----------ს, კერძოდ ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის მუხლის არეში, რის შედეგადაც ს----ა გ----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-–--–-–-- გ---------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულმა ს----ა გ----------მ განმარტა, რომ ოჯახური პრობლემები აქვს მ-–--–-–-- გ---------თან, მასთან განქორწინდა იმის გამო, რომ ჰყავთ ინვალიდი შვილი და საბუთებისთვის სჭირდებოდა განქორწინება. მ-–--–-–-- გ---------ი ცხოვრობს სხვა სახლში. 2019 წლის 04 მარტს მ-–--–-–-- გ---------ი საცხოვრებლად დაბრუნდა სახლში, რაც ს----ა გ----------ს არ მოეწონა და მ-–--–-–-- გ---------ს უთხრა, რომ მასთან სახლში აღარ მისულიყო. 2019 წლის 26 აპრილს, მ-–--–-–-- გ---------ი მასთან სახლში ისევ მივიდა ინსტრუმენტების წასაღებად, რაზეც ს----ა გ----------მ დაუწყო ჩხუბი, ყვირილი და უნდოდა, გაეგდო სახლიდან, ეუბნებოდა, რომ წასულიყო მისი სახლიდან და ხელით მიუთითა, რომ გასულიყო, რა დროსაც შემთხვევით მოხვდა მ-–--–-–-- გ---------ის ფეხი. ამის შემდეგ, მ-–--–-–-- გ---------ი გავიდა სახლის გარეთ. ზუსტად არ ახსოვს, როგორ მოხვდა მ-–--–-–--ის ფეხი, რადგან იყო გაბრაზებული და არ ახსოვს კარგად. მოწმის განმარტებით ის გაბრაზდა მ-–--–-–--ის დანახვაზე, ვინაიდან ეჭვიანობს მასზე, იმის გამო, რომ მ-–--–-–--ი ცხოვრობს სხვა ქალთან. 2019 წლის 28 მარტს წავიდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე, ფეხი ჩალურჯებული არ ჰქონია, სილურჯეები, რომლებიც აღენიშნებოდა ექსპერტიზაზე, ჰქონდა მანამდე და არ მიუყენებია მ-–--–-–-- გ---------ს. აღნიშნული ჩალურჯება აქვს ახლაც, რადგან აქვს ვენების პრობლემა.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც მივიდა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე, მ-–--–-–-- გ---------ზე იყო გაბრაზებული, იყო სტრესში, სწორედ ამიტომ უთხრა, რომ მ-–--–-–-- გ---------მა დაარტყა ფეხი, სინამდვილეში კი მ-–--–-–--მა ფეხი შემთხვევით მოარტყა. პოლიციელებს განყოფილებაში უთხრა, რომ ფეხი სტკიოდა, სინამდვილეში კი არ სტკიოდა. მოწმის განმარტებით სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება წარმოადგენს სინამდვილეს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა, ა-–---ი ბ-------–---–მა - დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 11 ივნისს, გაცემული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: მოქ. ს----ა გ----------ს 27.04.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა ქვედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანების მაპროვოცირებელი შესაძლოა ყოფილიყო ვარიკოზული ვენებიც, თუმცა მკვრივი ბლაგვი საგანის მოქმედებით მიყენებულ დაზიანებას ვერ გამორიცხავს.

 

ბრალდებულმა მ-–--–-–-- გ---------მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მ-–--–-–-- გ---------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მ-–--–-–-- გ---------მა, 2019 წლის 26 აპრილს, გ----------------------------–------–--ში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ყოფილ მეუღლეს, ს----ა გ----------ს, რის შედეგადაც ს----ა გ----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველს. დაზარალებულმა ს----ა გუსეიონოვამ არ დაადასტურა მ-–--–-–-- გ---------ის მხრიდან, მასზე ძალადობის განზრახ განხორციელების ფაქტი და განმარტა, რომ ცდილობდა მ-–--–-–-- გ---------ი გაეგდო სახლიდან, რა დროსაც შემთხვევით მოხვდა მ-–--–-–-- გ---------ის ფეხი. საგამოძიებო ორგანოში მისვლისას, მ-–--–-–-- გ---------ზე იყო გაბრაზებული, იყო სტრესში, სწორედ ამიტომ უთხრა პოლიციაში, რომ მ-–--–-–-- გ---------მა განზრახ დაარტყა ფეხი და ეტკინა, სინამდვილეში კი შემთხვევით მოხვდა ფეხი და არც ტკივილი განუცდია. მანვე განმარტა, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება წარმოადგენს სინამდვილეს. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად კი, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. სუბიექტური მხრივ კი ძალადობა განზრახი დანაშაულია.

 

მოწმეების, ჯ------- ბ----–---–ის და თ----------------ის გამოკითხვის ოქმებში არსებული ინფორმაცია კი ირიბი ჩვენებებია, ისინი არ შესწრებიან ფაქტს და ინფორმაცია მიიღეს ს----ა გ----------სგან, ანალოგიურად შემაკავებელ ორდერში არსებული ინფორმაციის წყარო არის დაზარალებული, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა მის მიმართ ძალადობის არსებობის ფაქტი და სრულად ახსნა მოწმეებზე მიწოდებული არასწორი ინფორმაციის მიზეზი. კერძოდ, მ-–--–-–-- გ---------ზე იყო გაბრაზებული და ეჭვიანობდა სხვა ქალთან ცხოვრების გამო. ამასთან, ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კი ცალკე აღებული ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობის ფაქტს, ხანდაზმულობას და არ ადასტურებს, რომ აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მ-–--–-–-- გ---------ის მიერ. ექსპერტიზის დასკვნის სანდოობის შეფასების თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია ბრალდების მოწმის - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის სადავო განმარტება, რომ ს----ა გ----------ს ქვედა კიდურზე არსებული დაზიანების მაპროვოცირებელი, შესაძლოა ყოფილიყო ვარიკოზული ვენებიც, თუმცა მკვრივი ბლაგვი საგანის მოქმედებით მიყენებულ დაზიანებას ვერ გამორიცხავს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით), არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე, მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ-–--–-–-- გ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ-–--–-–-- გ---------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-–--–-–-- გ---------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი მ-–--–-–-- გ---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუგზარ მახათაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუგზარ მახათაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი მ-–--–-–-- გ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ-–--–-–-- გ---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ-–--–-–-- გ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ-–--–-–-- გ---------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე