განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
020210118002309177
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210118002309177

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2\ბ- 442-2019

26 სექტემბერი 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი: შპს ,,ე-----------–ი“

წარმომადგენელი: დ----- კ-------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე: სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--“

წარმომადგენელი: გ------- ს-------–---–ი

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--“-ის წარმომადგენელმა მოპასუხე შპს ,,ე-----------–ი“-ს მიმართ და ფულადი ვალდებულების შესრულება მოითხოვა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით: სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--“-ი წარმოადგენს პ-----ში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც 2016 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ქართულ კომპანია შპს ,,ე-----------–ში“ ეტაპობრივად რიცხავდა თანხებს იმისათვის, რომ იმავე კომპანიას მესამე პირებისგან შეეძინა თხილი და შემდგომ მოეხდინა მისი რეალიზაცია. შპს ,,ე-----------–ის“ საქმიანობის წინასწარი დაფინანსების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჩარიცხული თანხები და ამ თანხების გამოყენებით შპს ,,ე-----------–ის“ მიერ მიღებული მოგების ნაწილი უნდა დაებრუნებინა მათი კომპანიისათვის. თუმცა მოპასუხეს მათთვის არ გადაუხდია არა მხოლოდ მოგების ნაწილი, არამედ არ დაუბრუნებია მოსარჩელის მიერ გადმორიცხული თანხის დიდი ნაწილიც.

გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი დაფინანსებისა და გასანაწილებელი მოგების დაბრუნება მოსარჩელისათვის არ მომხდარა, 2017 წლის 12 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება ე.წ. ,,დავალიანების დეკლარაცია“, რომლითაც მოპასუხემ აღიარა, რომ მისმა დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე შეადგინა 295,781 აშშ დოლარი.

ამავე დოკუმენტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ე-----------–ი“ აღიარებულ დავალიანებაზე მოსარჩელეს გადაუხდიდა სარგებელს წლიური 6%-ის ოდენობით (რაც დღეზე შეადგენს 48,62 აშშ დოლარს), ხოლო სარგებლის დათვლა უნდა მომხდარიყო 2017 წლის 1 იანვრიდან.

სარჩელის შემოტანის დღისათვის დავალიანებაზე დარიცხული სარგებელი შეადგენს 19 983,45 აშშ დოლარს (48,62x411 დღეზე). საბოლოოდ დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 315 764,45 აშშ დოლარს.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მხარეს არა აქვს წარმოდგენილი ის უტყუარი მტკიცებულებები, რაც ცალსახად ადასტურებს მოთხოვნილი ოდენობით ზიანის არსებობის ფაქტს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შეთანხმება არ მოიცავდა მსგავსი სარგებლის მიღების ვალდებულების შესრულებას სრულ პერიოდზე. შესაბამისად, მხარეთა მიერ წინასწარ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,ე-----------–ს" სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--"-ის სასარგებლოდ დაეკისრა 315764,45 აშშ დოლარის გადახდა; შპს ,,ე-----------–ს" სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--"-ის სასარგებლოდ დაეკისრა 297781 აშშ დოლარის წლიური 6 % - დღეში 48,62 აშშ დოლარი სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; შპს ,,ე-----------–ს" სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--"-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახ. ბაჟი 5050 ლარი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილი იქნა, რომ სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--“ 2016-2017წწ. შპს ,,ე-----------–ს" ეტაპობრივად ურიცხავდა თანხებს მესამე პირებისგან თხილის შესაძენად.

შპს ,,ე-----------–ის" დაფინანსება (სესხის გაცემა) მიზნად ისახავდა მოგების ნაწილის მიღებას, რაც არ განხორციელებულა.

მხარეთა შორის 12.07.2017წ. მიღწეული წერილობითი შეთანხმებით შპს ,,ე-----------–ს" აღიარებული აქვს მოსარჩელის დავალიანება 295781 აშშ დოლარის ოდენობით. იმავე შეთანხმებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება იპოთეკით დაეტვირთა სულ ცოტა 300000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ნივთი, რაც არ შეუსრულებია.

ამავე შეთანხმებით შპს ,,ე-----------–მა" იკისრა ვალდებულება, რომ აღიარებულ დავალიანებაზე სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი---ს" 2017 წლის 1 იანვრიდან გადაუხდიდა სარგებელს წლიურ 6 %-ს, რაც თითოეულ დღეზე შეადგენს 48,62 ლარს.

ჩარიცხული თანხის დაბრუნება არ მომხდარა. მიღებული თანხის სანაცვლოდ სხვა შესრულება არ განხორციელებულა.

შეთანხმებით განსაზღვრულმა სარგებლის გადაუხდელმა ოდენობამ 2017 წლის 1 იანვრიდან სარჩელის შეტანის დღისთვის შეადგინა 19983,45 აშშ დოლარი.

მოპასუხეს მოსარჩელემ 06.11.2017წ. გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მისი მიღებიდან 20 დღის ვადაში 295781 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით, რაც მოპასუხეს ჩაბარდა 19.11.2017 წ., თუმცა ამ შეტყობინებას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს ,,ე-----------–ს" საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება.

სასამართლომ განმარტა:

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გადაეცა თანხა, რაც მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია.

სასამართლოს მითითებით პროცენტის შესახებ შეთანხმებას ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი დავალიანების დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებდა აღიარებული დავალიანების თანხაზე პროცენტის დარიცხვას 2017 წლის 1 იანვრიდან.

მოცემული შემთხვევისთვის დადგენილი იქნა, რომ მისთვის ჩაბარებული შეტყობინებით დამატებით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებები, კერძოდ, არ გადაიხადა ვადამოსული დავალიანება 295781 აშშ დოლარი, მასზე 2017 წლის 1 იანვრიდან სარჩელის შეტანის დღემდე დარიცხულ პროცენტი 19983,45 აშშ დოლარი, რომლის დარიცხვაც უნდა გაგრძელდეს ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

შესაბამისად, სარჩელის შეტანის დღემდე მოპასუხისგან ამოსაღებმა თანხამ შეადგინა დავალიანების და პროცენტის ჯამი ანუ 315764,45 აშშ დოლარი.

სარჩელის შემოტანის შემდეგ პერიოდზე მოპასუხისგან ამოსაღები თანხა შეადგენდა დღეში 48,62 აშშ დოლარს 16.02.2018 წ-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 365-ე, მე-400, 623-ე, 624-ე მუხლებზე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ე-----------–მა“.

აპელანტის მითითებით:

სასამართლოს მიერ არასწორად არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მათ მოწინააღმდეგე მხარისგან სესხის სახით არ მიუღიათ 295 781 აშშ დოლარი. ამ მოცემულობით დავალიანების არსებობის ფაქტი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--"-ის სარჩელის დაკმაყოფილებას.

სასამართლოს მიერ ასევე დაკმაყოფილებული იქნა მათი მოწინააღმდეგე მხარის სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის შეტანის მომენტამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 297 781 აშშ დოლარის 6%-ის დღეში 48.62 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რაც სრულიად დაუსაბუთებელია. გაუგებარია როგორ მოახდინა მოსარჩელე მხარემ სარჩელის შეტანის დრომდე მათთვის დასაკისრებელი საპროცენტო სარგებლის ოდენობის დაანგარიშება.

ამასთანავე, მოსარჩელე მხარის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გათვალისწინებული იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის გაფორმდებოდა იპოთეკის ხელშეკრულება 300 000 აშშ დოლარის ღირებულების მქონე უძრავ ქონებაზეც, რაც არ განხორციელებულა.

უსაფუძვლოა მათთვის 297 781 აშშ დოლარის 6%-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარის დაუსაბუთებელი პოზიციის გაზიარების პირობებშიც კი სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრებოდა 295 781 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლოს მიერ თითოეულ დღეზე დასაკისრებელი სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 48.62 ლარის ოდენობით, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ მათ მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დააკისრა 48,62 აშშ დოლარი სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც დაუშვებელია.

გარდა იმ გარემოებისა, რომ არ არსებობდა ყოველდღიურად სარგებლის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს მიერ დაკისრებული სარგებლის ოდენობა ყოველდღიურად 48.62 აშშ დოლარი გახლავთ შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და საჭიროებს შემცირებას.

სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული არ გახლდათ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წამოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თუნდაც მათ მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს, რაც სასამართლოს მიერ შეფასების გარეშე იქნა დატოვებული. მოსარჩელე მხარეს მათი ბრალეული მოქმედებით არ მიდგომია არანაირი ზიანი და არ დაუკარგავს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ფორმალურად და უსაფუძვლოდ მიუთითებს, რომ მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ, არ იხდის ვადამოსულ დავალიანებას 295781 აშშ დოლარს, მასზე 2017 წლის 1 იანვრიდან სარჩელის შეტანის დღემდე დარიცხულ პროცენტს 19983,45 აშშ დოლარს, რომლის დარიცხვაც უნდა გაგრძელდეს ვალდებულების სრულად შესრულებამდე, თუმცა კონკრეტულად ვერ უთითებს რით იხელმძღვანელა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას და რა გახდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-----------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს შემდეგს:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

განსახილველ შემთხვევაში ძირითადი მტკიცებულება, რასაც მხარეები თავიანთ მოთხოვნებსა და პოზიციებს ამყარებენ არის საქმეში განთავსებული ე.წ.,,დავალიანების დეკლარაცია“(ს.ფ. 24), რომლის თანახმადაც, შპს ,,ეუროჰაზელს“ დადასტურებული აქვს, რომ გააჩნია დავალიანება სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--“-ის წინაშე 295 781 აშშ დოლარის ოდნეობით. ამავე ე.წ. ,,დავალიანების დეკლარაციაში“ ნათლად მითითებულია, რომ შპს ,,ე-----------–ი“ არსებულ დავალიანებაზე სვისდელიტრეიდს გადაუხდიდა სარგებელს წლიურ 6%-ს, საპროცენტო განაკვეთის სახით წელიწადში. ამ საპროცენტო გადახდის საწყისი თარიღი იქნებოდა 2017 წლის პირველი იანვარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის 365-ე მუხლით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

ამავე კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

ამავე კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ე.წ. ,,დავალიანების დეკლარაციით“ ძირ თანხაზე - 295 781 აშშ დოლარზე, გათვალისწინებული იქნა პროცენტიც. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე სწორედ მათ მიერ შეთანხმებული წლიური 6%-ის დაკისრებას, 2017 წლის პირველი იანვრიდან სარჩელის შემოტანამდე (16.02.2018წ.), რაც შეადგენს 315764,45 აშშ დოლარს, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შპს ,,ე-----------–ს" სს ,,ს-------–--------- (პ-----) ი--"-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე წლიური 6 % - დღეში 48,62 აშშ დოლარი სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ზემოხსენებული მსჯელობების გათვალისწინებით ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია, მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი წლიური 6%-ის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის გარდა, განხილული უნდა იქნას როგორც მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე.

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ,,დავალიანების დეკლარაციიდან“ გამომდინარე ვალდებულება, რაც თავის მხრივ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველია.

სააპელაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მოპასუხეს.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყოველწლიური 6% გონივრული ოდენობაა, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-----------–ის“ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 7 000 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1. შპს ,,ე-----------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. დაეკისროს შპს ,,ე-----------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 7 000 ლარის ოდენობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე