განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2019
საქმის ნომერი
330100119002928916
ინსტანცია
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002928916

№1ბ/1543-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული: ე--------- შ------ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–----------------------–--–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------–---------------ში.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 26 იანვრის ეპიზოდი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ა--------- ჩ--–--–ის ეპიზოდი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ა--------- ბ-–-----------ას ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლეილა ქეშელაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენის გაუქმება და გამართლებულ ე--------- შ------ის დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და მასში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რამაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, ე--------- შ------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

 

დაზარალებულები ა--------- ჩ--–--–ი და ა--------- ბ-–-----------ა დაიკითხნენ მაგისტრ მოსამართლესთან, ვინაიდან ისინი დიდი ხნით ტოვებდნენ ქვეყანას. დაკითხვა დროის მხრივ იყო შეზღუდული, ამასთან ჩანს, არაკვალიფიციურად მიმდინარეობდა თარგმნა, რაც იწვევდა სიტყვების შეცვლას და სხვა აზრის დაფიქსირებას. ა--------- ჩ--–--–მა განმარტა სასამართლოში, რომ 2019 წლის 26 იანვარს ე--------- შ------მა ავტომანქანაში მუშტი დაარტყა მხარზე და დაემუქრა, რომ დაამახინჯებდა და ბორდელში ჩააბარებდა. ასევე ე---------მა ცემა მისი მეგობარი ა--------- ბ-–-----------აც და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც იცის ა--------- ბ-–-----------ას მონაყოლით. დაზარალებულმა ა--------- ბ-–-----------ამ კი სასამართლოს განუმარტა, რომ ე--------- შ------ი ეძებდა ა--------- ჩ--–--–ს, ითხოვდა მისგან, რომ დაერეკა ა---------სთან, ემუქრებოდა, ასევე ხელი მოუჭირა ჯერ ხელზე, შემდეგ კი ყელზე. აპელანტის პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, არ შეაფასა მოძალადის პიროვნება, მისი აგრესიულობა, რომ დაზარალებულებმა ბინა ორჯერ გამოიცვალეს მუქარის გამო და მიმართეს პოლიციას დახმარებისათვის. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, ე--------- შ------ი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოს ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე--------- შ------ს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 26 იანვრის და 2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდები), ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ა--------- ჩ--–--–ის და ა--------- ბ-–-----------ას ეპიზოდები), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 იანვარს, თ---–--–----------–---–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე--------- შ------მა ყოფილ მეგობარს, ა--------- ჩ--–--–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად დაარტყა ხელი მარცხენა მხრის არეში, აღნიშნული ქმედების შედეგად ა--------- ჩ--–--–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 15 თებერვალს, დილის საათებში, თ---–--–--------------------ში ყოფნისას, ე--------- შ------მა ა--------- ბ-–-----------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად მოუჭირა ხელი ყელზე, აღნიშნული ქმედების შედეგად, ა--------- ბ-–-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 1500 საათზე, თ---–--–--------------------ში ყოფნისას ე--------- შ------მა ა--------- ბ-–-----------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი ყელზე, ხელი დაარტყა რამდენჯერმე მარჯვენა ხელში და ძლიერად მოქაჩა თმა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ა--------- ბ-–-----------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ე--------- შ------ი, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაემუქრა ყოფილ მეგობარ - ა--------- ჩ--–--–ს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოში განაცხადებდა, რომ ავიწროვებდა, მოკლავდა მას და არ აცოცხლებდა, ა--------- ჩ--–--–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.

 

2019 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 1500 საათზე, თ---–--–--------------------ში ყოფნისას ე--------- შ------ი, ა--------- ბ-–-----------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. ა--------- ბ-–-----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე--------- შ------ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა--------- ჩ--–--–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა--------- ბ-–-----------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე გ------- მ--–---–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2019 წლის იანვარში, გამოძიება დაიწყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა--------- ჩ--–--–ის და ა--------- ბ-–-----------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კონფლიქტის საფუძველზე შესაძლო დანაშაულის - ფიზიკური ძალადობისა და მუქარის სახით, ჩამდენი იყო მათი მეგობარი ე--------- შ------ი, რომელიც როგორც ახსოვს თავად დააკავა. შემაკავებელი ორდერები მსხვერპლების - ა--------- ჩ--–--–ის და ა--------- ბ-–-----------ას მიმართ, ასევე მისი გაცემულია. დაზარალებულები ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. საქმისათვის საინტერესო დამატებითი მტკიცებულება გამოძიების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული. რაიმე სახის დოკუმენტი დამატებითი მტკიცებულების მოძიების წარუმატებელი მცდელობის შესახებ არ შეუდგენიათ. რამდენადაც ახსოვს ვიზუალურად დაზარალებულ ა--------- ჩ--–--–ს სახეზე ეტყობოდა სიწითლე.

 

ე--------- შ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება მხარეებმა, საქმის არსებითად განხილვის დროს, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, გამოკვლევის გარეშე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ე--------- შ------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126 მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა - დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ცემასა და ძალადობაში. ცემა და ძალადობა (სსკ-ს 126 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის განზრახი ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზხიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარისი - უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ე--------- შ------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ა--------- ჩ--–--–ის და ა--------- ბ-–-----------ას ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც მათთვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რამაც ა--------- ჩ--–--–ს და ა--------- ბ-–-----------ას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 26 იანვრის ეპიზოდი). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ა--------- ჩ--–--–ის მიმართ)

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ 2019 წლის 26 იანვარს, ა--------- ჩ--–--–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდთან მიმართებაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ა--------- ჩ--–--–ის ჩვენება, რომელმაც მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვისას, მართალია დაადასტურა, რომ ე--------- შ------მა ავტომანქანაში ყოფნისას ჩაარტყა მუშტი, ტანის ზედა ნაწილზე, მხართან, თუმცა არ დაუდასტურებია, რომ დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის, კი აუცილებელია დასტურდებოდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ ძალადობას შედეგად მოყვეს ფიზიკური ტკივილი. ასევე ვერ იქნებოდა სასამართლოს მიერ, უტყუარ მტკიცებულებად მიღებული 2019 წლის 18 თებერვლის ა--------- ჩ--–--–ის განცხადება, რომ ე--------- შ------მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ტკივილი და და 2019 წლის 18 თებერვლის შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან განცხადებაში და შემაკავებელ ორდერში არსებული ინფორმაციის წყარო არის ა--------- ჩ--–--–ი, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ე--------- შ------ის მხრიდან ძალადობას ა--------- ჩ--–--–ის მიმართ, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. რაც შეეხება მოწმე ა--------- ბ-–-----------ას ჩვენებას, რომ ერთხელ ე--------- შ------მა ა--------- ჩ--–--–ი სადღაც წაიყვანა და ეს უკანასკნელი სახლში დაბრუნებისას ტიროდა, არ ადასტურებს 2019 წლის 26 იანვარს, ა--------- ჩ--–--–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, მოწმეს არ გააჩნია ირიბი ინფორმაციაც კი, რომ ტირილის მიზეზი იყო ძალადობა ან ე--------- შ------ი, ამასთან, მისი ჩვენებით ვერ დგინდება კავშირი აღნიშნული დღესა და 2019 წლის 26 იანვარს შორის. სააპელაციო პალატა, ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან დაზარალებულების დაკითხვისას შეზღუდული იყო დროის ფაქტორით, ვინაიდან წარმოდგენილი დაზარალებულთა დაკითხვის ოქმებით, მხარეებს არ შეზღუდვიათ შესაძლებლობა ,დაესვათ კითხვები საქმის მნიშვნელოვან გარემოებებზე, მათ შორის დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშნებზე.

 

სააპელაციო პალატა, ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - გ------- მ--–---–---–ის ჩვენებასთან მიმართებაში, რომ ა--------- ჩ--–--–ს 2019 წლის 18 თებერვალს, რომც ჰქონოდა ლოყაზე შეწითლება, მას კავშირი არ გააჩნია ე--------- შ------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან. ვინაიდან, ე--------- შ------ს წარდგენილი აქვს ბრალდება, რომ ა--------- ჩ--–--–ს ხელი დაარტყა მხარზე, ამასთან, დიდი ხნით ადრე 2019 წლის 26 იანვარს. შესაბამისად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, აშკარა, ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა რომ ე--------- შ------მა ა--------- ჩ--–--–ის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, მართალია დაზარალებულ ა--------- ჩ--–--–ის განმარტება, რომ ე--------- შ------ი დაშორების შემდეგ ეჭვიანობის ნიადაგზე ემუქრებოდა, დაამახინჯებდა და საროსკიპოში ჩააბარებდა. სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათზე, თუ დღის განმავლობაში არ ეტყოდა ვისი ფეხი ჩანდა მოკლავდა, რა თქმა უნდა წარმოადგენს მუქარას, თუმცა მხოლოდ მუქარის შემცველი სიტყვები არ წარმოადგენს დანაშაულს. დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა დანაშაულის შემადგენლობას, რადგან აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით. ა--------- ჩ--–--–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ეპიზოდთან მიმართებაშიც, ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა სხვა მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია თავად დაზარალებულის განმარტება, რომ მუქარის თაობაზე მან არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, რადგან ბევრი ეუბნებოდა, რომ ე--------- შ------ი არ იყო მუქარის შემსრულებელი. შესაბამისად, მას არ ჰქონია ბრალდებულის სიტყვების შესრულების მოლოდინი და არ გასჩენია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, აშკარა, ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ე--------- შ------მა ა--------- ჩ--–--–ის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის გამოც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ა--------- ბ-–-----------ას მიმართ)

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ 2019 წლის 15-16 თებერვალს, ა--------- ბ-–-----------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებთან და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა, ასევე მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ა--------- ბ-–-----------ას ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 თებერვალს მის ნაქირავებ ბინაში მივიდა ე--------- შ------ი, ეკითხებოდა სად იყო ა--------- ჩ--–--–ი და სთხოვდა დაერეკა მისთვის, იმავდროულად მკლავზე მოკიდა ხელი და მოუჭირა. შემდეგ ე--------- შ------მა დატოვა ბინა, თუმცა მალევე მიბრუნდა, დაიწყო კარზე ბრახუნი და ითხოვდა გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეამტვრევდა. მიუხედავად შიშისა მან გააღო კარები, რა დროსაც ე--------- შ------მა უთხრა ა--------- ჩ--–--–ისათვის დაერეკა და წავიდა. მეორე დღეს, მაღაზიიდან დაბრუნებულს ე--------- შ------ი კვლავ კარებთან დახვდა, ეკითხებოდა სად იყო ა--------- ჩ--–--–ი, ყვიროდა და ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა. შემდეგ კი თმებზე მოქაჩა, კისერზე წაავლო ხელი და მის მცდელობაზე გაეშვა, კრავდა ხელს. ა--------- ბ-–-----------ა ადასტურებს 2019 წლის 15 და 16 თებერვალს ე--------- შამოიანის მხრიდან ძალადობის და მუქარის არსებობას, თუმცა მისი ჩვენებით არ დასტურდება, რომ ძალადობამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარამ გაუჩინა საფუძვლიანი შიში, მისი იმ განმარტების გათვალისწინებითაც, რომ ე--------- შ------ის გინება, ცუდი სიტყვები და შეურაცხყოფა აღიქვა მუქარად. პალატა განმარტავს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არსებობს ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა, რომ ა--------- ბ-–-----------ა განიცდიდა ტკივილს ან გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, აშკარა, ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა რომ ე--------- შ------მა ა--------- ბ-–-----------ას მიმართ ჩაიდინა ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის გამოც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ა--------- ბ-–-----------ა ირიბ ჩვენებას იძლევა ა--------- ჩ--–--–ზე განხორციელებულ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე და პირიქით. შემაკავებელი ორდერები კი, გაცემულია დაზარალებულების ინფორმაციის საფუძველზე და მათი განხილვა, როგორც დამოუკიდებელი ინფორმაციის წყარო შეუძლებელია. საქმეზე არსებული ყველა სხვა მტკიცებულება კი არაფერს ადასტურებს და არარელევანტურია, შესაბამისად სასამართლო მათ ვერ დაეყრდნობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და განმარტავს, ბრალდების მხარეს, ე--------- შ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არცერთ ნაწილში, არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდება აგებულია მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებზე, გამამტყუნებელი განაჩენი თითოეულ ეპიზოდთან მიმართებაში ვერ დაემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე, მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ე--------- შ------ის ბრალეულობას. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ე--------- შ------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე--------- შ------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა--------- ჩ--–--–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა--------- ბ-–-----------ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი ე--------- შ------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, თბილისის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლეილა ქეშელაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ლეილა ქეშელაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი, ე--------- შ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ე--------- შ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე--------- შ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე--------- შ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე--------- შ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა--------- ჩ--–--–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე--------- შ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა--------- ბ-–-----------ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე--------- შ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, ე--------- შ------ის (პ/ნ 0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ხ------ა შ------ას (პირადი N0----------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თ---–----------------------–--–--------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. დადებული ყადაღა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ე--------- შ------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ა--------- ბ-–-----------ას და ა--------- ჩ--–--–ის, მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის ამსახველი, აუდიო ჩანაწერი - 2 ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე