განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/3188-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ა-–---–ა ა-----ი
წარმომადგენელი - გ--–- გ--–----ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - მ------ ნ------ე
მესამე პირები - ს-------------–--------–----–----------------–-----------------ის საჯარო სკოლა (დირექტორი - ფ------ გ--------ი, წარმომადგენელი - მ--- ბ--------–---–ი), ო------ მ------ი, შ---–- მ------ა, პ------- მ------ა, ტ------ ა-----ა (წარმომადგენელი - ზ------ ჩ--------)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, ა-–---–ა ა-----ის სარჩელი სსიპ ,,ს----–-–-------------------------–----------ოს" მიმართ აუცილებელი გზის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-------------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 8-----------) წარმოადგენს ა-–---–ა ა-----ის საკუთრებას.
2.2. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-------------ში მის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 8----------- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8----------- - წარმოადგენს ო------ მ------ის, პ------- მ------ას, ტ------ მ------ას და შ---–- მ------ას თანასაკუთრებას, ხოლო მიწის ნაკვეთი ს/კ 8----------- - ო------ მ------ის საკუთრებას.
2.3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) რეგისტირებულია სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------------ის საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება. იქ ამჟამად ფუნქციონირებს სკოლა, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-------------ში მდებარე ა-–---–ა ა-----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ 8-----------) ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. მას ოთხივე მხრიდან ესაზღვრება სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არაა, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობით შეღობილია და სხვის მფლობელობაშია. მასთან უმოკლესი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან - 1. ვარიანტი: N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულიო მიწის ნაკვეთების გავლით, 2. ვარიანტი - N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის გავლით. ორივე შემთხვევაში, მისასვლელი საავტომობილო გზის მოსაწყობად საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტდება მხარეთა შეთანხმებით და ადგილზე დაზუსტების საფუძველზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მავთულბადის ღობის ნაწილის დემონტაჟი და გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება), რომელიც უნდა განახორციელდეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო პირობების მოთხოვნების შესაბამისად.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას არარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც ექსპერტის დასკვნით ირკვევა, ის შემოღობილია, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იმყოფება კონკრეტული პირის მფლობელობაში. მართალია, რომელიმე ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრების უფლება მასზე ექსპერტმა ვერ დაადგინა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა და სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მიწის რეფორმა, ეს არ გამორიცხავს მასზე საკუთრების უფლების არსებობას. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიიჩნევა სახელმწიფოს საკუთრებად. ამასთან, არც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გადის გზა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის კავშირს საჯარო გზასთან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 23 თებერვალის განჩინებაში, საქმეზე #ას-889-829-2017, განმარტა, რომ დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი).
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება დაცულია მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დადგენილია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს საკუთრებით მშვიდობიან სარგებლობას, თუმცა, როგორც კონვენციით, ისე - ეროვნული სამართლით (სკ-ის 170-ე მუხლი) საკუთრების უფლებაში ჩარევა დასაშვებია, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია პროპორციულობის ტესტი, რომლის თანახმადაც, ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური, ემსახურებოდეს ნათელი მიზნის მიღწევას და იყოს თანაზომიერი (უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება). საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და მტკიცების თვალსაზრისით, ეს ნორმა მოსარჩელეს ავალდებულებს იმის სარწმუნოდ დადასტურებას, რომ სახეზეა მისი პირველი ნაწილის ყველა ელემენტი (საქმე #ას-127-127-2018, 2018 წლის 20 აპრილის განჩინება).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენას, რაც ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების ბოჭვას იწვევს და დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობაა მოცემული, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს არ უნდა ჰქონდეს კავშირი საჯარო გზასთან, ამ კავშირს უნდა უზრუნველჰყოფდეს მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და კავშირი უნდა იყოს ობიექტურად უალტერნატივო. ამასთან, ობიექტური მიზანშეწონილობა გულისხმობს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (მესაკუთრეების) საკუთრების უფლება უნდა შეიზღუდოს შეძლებისდაგვარად მინიმალურად და ალტერნატიული ვარიანტების არსებობის შემთხვევაში, იმ ვარიანტს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელიც ნაკლებად ლახავს სხვა პირის საკუთრების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ნამდვილად არ აქვს კავშირი საჯარო გზასთან. ექსპერტის დასკვნაში შემოთავაზებულია ორი ვარიანტი, რომელთაგან მოსარჩელე უპირატესობას ანიჭებს მე-2 ვარიანტს იმ საფუძვლით, რომ ეს გზა უფრო მოკლეა, უნდა მოეწყოს მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთის გავლით, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე, და ფაქტობრივადაც ამგვარად არის მოწყობილი გზა. სავარაუდო გზების სიგრძესთან დაკავშირებით ექსპერტის დასკვნაში მონაცემები არ არის და მასზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ დასკვნაში მოცემულ ნახაზზე ვიზუალური დაკვირვებით. ექსპერტის განმარტების თანახმად კი, გზის სიგრძე დაახლოებით ერთი და იგივე იქნება. შესაბამისად, ეს არგუმენტი გადამწყვეტი ვერ იქნება დავისთვის.
სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სკოლას, რომელიც დღეისათვის იქ ფუნქციონირებს. სასამართლომ შენიშნა, რომ ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალ საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით. გზის უსაფრთხოების საკითხი მით უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, როდესაც საკითხი ბავშვებს - არასრულწლოვნებს შეეხებათ. ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და ამ სფეროში სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ხაზს უსვამს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ასევე გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მონაკვეთი, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, უნდა გაიაროს საავტომობილო გზამ, მოეწყობა მიწის ნაკვეთის განაპირა ადგილას, რომელიც ფაქტობრივად არც გამოიყენება. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტი არ მეტყველებდა იმაზე, რომ სრულად იქნებოდა დაცული ბავშვების უსაფრთხოება. სასამართლოს შეფასებით, ბავშვები დღის განმავლობაში, სკოლაში ყოფნისას, დროის გარკვეულ მონაკვეთს მის ეზოში ატარებენ, დარბიან, თამაშობენ. დასვენებასა და გაკვეთილების დაწყებამდე/დასრულების შემდეგ ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან სკოლის ტერიტორიაზე. ასეთ ვითარებაში, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ისინი უსაფრთხო გარემოთი როგორც სასწავლო დაწესებულების შენობის შიგნით, ისე მის ეზოში. სკოლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ეზოში საავტომობილო გზის მოწყობა ერთმნიშვნელოვნად საფრთხის შემცველი იქნება ბავშვებისთვის. აკრძალვა, რომ არ მიუახლოვდნენ კონკრეტულ ადგილს, მოკლებული იქნება სამართლებრივ საფუძველს და ფაქტობრივადაც შეუსრულებელი დარჩება. მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ აუცილებელი გზის გამიჯვნით მიწის ნაკვეთის დანარჩენი ნაწილისგან.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე მოსარჩელის იმ განცხადებაზე, რომ იგი უზრუნველყოფდა კაპიტალური კედლის აშენებას. სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვთა უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, თუმცა იქვე ყურადღება მიაქცია უცილებელი გზის სამართლებრივ ბუნებაზე. სასამართლოს შეფასებით, იგი წარმოადგენს საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვის კანონისმიერ საფუძველს სხვა პირისათვის სარგებლობის უფლების მინიჭებით. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ინარჩუნებს მასზე საკუთრების უფლებას, რაც თავის თავში მოიაზრებს ფლობას, სარგებლობას და განკარგვას, თუმცა ამ მიწის ნაკვეთის ნაწილით სარგებლობის უფლებას ასევე ანიჭებს მესამე პირს - მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სქემით აუცილებელი გზის მოწყობით კი მისი ამჟამინდელი მესაკუთრის საკუთრების უფლება ფიქციად გარდაიქმნება - ის ნაწილი, რომელზეც მოეწყობა აუცილებელი გზა, გაემიჯნება მიწის ნაკვეთის დანარჩენ ნაწილს კედლით და მისით ფაქტობრივად მხოლოდ მოსარჩელე ისარგებლებს საკუთარი მიზნებისთვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში შემოთავაზებული იყო მეორე ალტერნატივაც. სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა, რომ მეორე შემთხვევაში უფლება ეზღუდება ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, თუმცა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N 8----------- წარმოადგენს კომლის - ო------ მ------ის, პ------- მ------ას, ტ------ მ------ას და შ---–- მ------ას თანასაკუთრებას, ხოლო მიწის ნაკვეთი ს/კ N8----------- - ამ კომლის ერთ-ერთი წევრის - ო------ მ------ის საკუთრებას. ამასთან, როგორც ექსპერტმა განმარტა, ო. მ------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (ს/კ N 8-----------) საჯარო გზიდან შედის გრუნტის გზა, რომლითაც, როგორც მოსარჩელემ და მესამე პირმა დაადასტურეს, უკვე ისარგებლა ა. ა-----მა. ამ გზით სარგებლობენ თავად მესამე პირებიც. მართალია, აღნიშნული გზა სრულად არ უზრუნველყოფს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის კავშირს საჯარო გზასთან - არ მივყავართ მასთან, მაგრამ როგორც დასკვნაშია ასახული, ორივე შემთხვევაში გზის მოსაწყობად სამუშაოებია ჩასატარებელი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში, ვინაიდან არჩევანი უნდა გაკეთდეს სხვადასხვა პირთა საკუთრების უფლების შეზღუდვას შორის, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ამ პირთა ინტერესებით, კერძოდ, თუ რომელი ვარიანტის არჩევა შეზღუდავს ნაკლებად დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც ერთმნიშვნელოვნად იკვეთებოდა, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ს/კ 8----------- მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლების შეზღუდვის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, სასამართლომ ა-–---–ა ა-----ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა მასზედ, რომ სკოლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ეზოში საავტომობილო გზის მოწყობა ერთმნიშვნელოვნად საფრთხის შემცველი იქნება ბავშვებისთვის, მოცემული არგუმენტი არ შეესაბამება რეალურად არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, რამდენადაც ღობის აშენების პროექტი დაცული იქნება მაქსიმალურად ყველა უსაფრთხოების ზომით, ღობის აშენებით სკოლის ეზო იმგვარად გამოეყოფა გზას, რომ ბავშვების გზაზე მოხვედრა შეუძლებელი იქნება იზოლირებულობის გამო, მით უფრო, რომ გამოსაყენებელი ტერიტორია მდებარეობს სკოლის ეზოს კუთხეში და ამ ტერიტორიით სკოლა ისედაც არ სარგებლობს. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სრულად მოუსპო ა-–---–ა ა-----ს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისვლის შესაძლებლობა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მარნეულის მაგისტრატმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ:
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-------------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 8-----------) წარმოადგენს ა-–---–ა ა-----ის საკუთრებას. მის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 8----------- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8----------- - წარმოადგენს ო------ მ------ის, პ------- მ------ას, ტ------ მ------ას და შ---–- მ------ას თანასაკუთრებას, ხოლო მიწის ნაკვეთი ს/კ 8----------- - ო------ მ------ის საკუთრებას. დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) რეგისტირებულია სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------------ის საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება. იქ ამჟამად ფუნქციონირებს სკოლა, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად.
დადგენილია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-------------ში მდებარე ა-–---–ა ა-----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ 8-----------) ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. მას ოთხივე მხრიდან ესაზღვრება სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არაა, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობით შეღობილია და სხვის მფლობელობაშია.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 05 ივნისის N5--------- დასკვნის თანახმად, ა-–---–ა ა-----ის მიწის ნაკვეთიდან უმოკლესი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან - 1. ვარიანტი: N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულიო მიწის ნაკვეთების გავლით, 2. ვარიანტი - N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის გავლით. ორივე შემთხვევაში, მისასვლელი საავტომობილო გზის მოსაწყობად საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტდება მხარეთა შეთანხმებით და ადგილზე დაზუსტების საფუძველზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მავთულბადის ღობის ნაწილის დემონტაჟი და გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება), რომელიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო პირობების მოთხოვნების შესაბამისად.
ამავე ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ა-–---–ა ა-----ის საკუთრების მომიჯნავედ მდებარე კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, შემოღობილია, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იგი იმყოფება კონკრეტული პირის მფლობელობაში.
4.2. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
პალატა შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 05 ივნისის N5--------- დასკვნის თანახმად, ა-–---–ა ა-----ის მიწის ნაკვეთიდან უმოკლესი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან - 1. ვარიანტი: N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულიო მიწის ნაკვეთების გავლით, 2. ვარიანტი - N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის გავლით. ორივე შემთხვევაში, მისასვლელი საავტომობილო გზის მოსაწყობად საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტდება მხარეთა შეთანხმებით და ადგილზე დაზუსტების საფუძველზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მავთულბადის ღობის ნაწილის დემონტაჟი და გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება), რომელიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო პირობების მოთხოვნების შესაბამისად.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ N 8----------- საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სოფელ დ--------------ის საჯარო სკოლის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საჯარო სკოლის კუთვნილი ეზოს გამოყენება და მასზე აუცილებელი გზის მოწყობა გამოიწვევს მისი ამჟამინდელი მესაკუთრის საკუთრების უფლების იმგვარ შეზღუდვას, რომ იგი ფიქციად გარდაიქმნება - ის ნაწილი, რომელზეც მოეწყობა აუცილებელი გზა, გაემიჯნება მიწის ნაკვეთის დანარჩენ ნაწილს კედლით და მისით ფაქტობრივად მხოლოდ ა-–---–ა ა-----ი ისარგებლებს საკუთარი მიზნებისთვის. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აუცილებელი გზის მოწყობა მოითხოვს გარკვეული სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას, რა დროსაც შესაძლოა შეფერხდეს სასწავლო პროცესი, რითაც შეილახება არასრულწლოვანთა ინტერესები და გარკვეულწილად - რისკის ქვეშ დადგეს მათი უსაფრთხოებაც.
4.3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არ გამორიცხავს, რის საილუსტრაციო მაგალითსაც სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით რეგლამენტირებული აუცილებელი გზის უფლება წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული მუხლის ანალიზი იძლევა არაერთი დასკვნის გაკეთების საფუძველს. კერძოდ, აუცილებელი გზა არ შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში დადგინდეს, ასეთ დროს სახეზე უნდა მიწის ნაკვეთის არაჯეროვანი კავშირი სხვადასხვა კომუნიკაციებთან. მაგრამ იგი არ გულისხმობს ნებისმიერი სახის ტერიტორიასთან ან კომუნიკაცასთან კავშირს, არამედ გარკვეულ, კანონით განსაზღვრულ კომუნიკაციებთან და რაც მთავარია, ეს დაკავშირება უნდა გამომდინარეობდეს აუცილებლობიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთისათვის, გარდა მითითებული გზისა, ნაკლებად უნდა არსებობდეს სხვა ალტერნატივა. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი გამოკვეთილი უნდა იყოს ამ გზის გამოყენების უპირატესობა სხვებთან შედარებით. კერძოდ, აუცილებელი გზის დადგენით, რაც შესაძლებელია ნაკლებად უნდა შეიზღუდოს სხვა მიწის მესაკუთრის უფლებები. მოთხოვნილი გზა ყველაზე მოხერხებულ უნდა იყოს და ყველაზე მეტად უნდა შეესაბამებოდეს სწორედ ამ კონკრეტული მიზნით გზის გამოყენებას. მიწის ნაკვეთის უკეთ გამოყენების მიზნით მხარეებმა შეიძლება დაადგინონ სერვიტუტიც, მაგრამ განსხვავებით სერვიტუტისაგან, აუცილებელი გზის მოთხოვნა გამომდინარეობს არა მხარეთა შეთანხმებიდან, არამედ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებიდან, რომ იმ მიწის მესაკუთრემ, რომელზეც გადის აუცილებელი გზა უნდა ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე განხორციელებული აუცილებელი გზის მოსაწყობად აუცილებელი ღონისძიებები და გზის ექსპლოატაციის შედეგები. ასევე, აუცილებელი გზის დადგენა ხდება მაშინ, როდესაც ერთ მიწის ნაკვეთს სხვადასხვა კომუნიკაციებთან კავშირი არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სამეზობლო თმენის ვალდებულებაა განმტკიცებული, რაც საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნის ურთიერთშეჯერებით იკვეთება ისეთი გარემოება, როდესაც მიწის ნაკვეთი, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის დადგენას, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებასა და საჯარო სკოლის მფლობელობაში არსებულ ქონებას, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-------------ში მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი - საკადასტრო კოდით 8----------- - წარმოადგენს კომლის - ო------ მ------ის, პ------- მ------ას, ტ------ მ------ას და შ---–- მ------ას თანასაკუთრებას, ხოლო მიწის ნაკვეთი, ს/კ 8----------- - ო------ მ------ის საკუთრებას და ორივე მიწის ნაკვეთი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ ო------ მ------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე (ს/კ 8-----------) მიდის გრუნტიანი გზა და მართალია, აღნიშნული გზა სრულად არ უზრუნველყოფს ა-–---–ა ა-----ის მიწის ნაკვეთის კავშირს საჯარო გზასთან - არ მივყავართ მასთან, თუმცა მისით სარგებლობს როგორც აპელანტი, აგრეთვე სხვა მესამე პირებიც.
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და თვლის, რომ მოპასუხის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელის ნაკვეთით ჯეროვანი სარგებლობის ერთადერთი შესაძლებლობა არ არის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობს სხვა ალტერნატიული გზა, რომლის მეშვეობითაც შეუძლია ა-–---–ა ა-----ს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მათ შორისაა საქმეში მესამე პირად ჩაბმული ო------ მ------ის, პ------- მ------ას, ტ------ მ------ას და შ---–- მ------ას თანასაკუთრება, ო------ მ------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და ასევე საჯარო რეესტრში მოცემული მდგომარეობით დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია და იგულისხმება, რომ ჰყავს მფლობელი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ სასამართლომ სრულად მოუსპო ა-–---–ა ა-----ს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისვლის შესაძლებლობა, რამდენადაც, როგორც სასარჩელო მოთხოვნიდან და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაჟღერებული პოზიციით დგინდება, ა-–---–ა ა-----ის მოთხოვნა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებასა და საჯარო სკოლის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობისკენ, რაც ერთგვარად მის სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე მეტყველებს და აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ვერ გახდება სახელმწიფოს საკუთრების ბოჭვის კანონიერი საფუძველი, მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი არ იკვეთება საქმის მასალებით. პალატა განმარტავს, რომ, მართალია სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, თუმცა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ. Nას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; N ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საჯარო გზასთან დასაკავშირებლად უალტერნატივოდ ესაჭიროებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენება. აღნიშნულის სამტკიცებლად მხარემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სადავო ნაკვეთში მოხვედრა, მოპასუხის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე, შესაძლებელია კიდევ ორი რეგისტრირებული და ერთი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მეშვეობით. შესაბამისად, დგინდება რა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის დადგენა ა-–---–ა ა-----ის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ჯეროვანი სარგებლობისთვის ერთადერთი ობიექტური შესაძლებლობა არ არის, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია იმგვარი სააპელაციო საჩივარი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა-–---–ა ა-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი