განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002100768
საქმე №1ბ/1457-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
გიორგი სვანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: რ--------------ის
გამართლებულის: ი-----–----------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ რ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ი-----–----------ს, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------–-------------–----------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–----------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-------–--–------------------------------------------ში, საცხოვრებელ მისამართზე მყოფმა დ----------------მ და დედამისმა - ლ--------------–---მ საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების გამო იკამათეს დ----------------სთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი-----–----------სთან. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ი-----–----------მ, მათი არასრულწლოვანი შვილის - ა----------------ს თანდასწრებით, სახის არეში ხელი გაარტყა ლ--------------–---ს, ხოლო შემდეგ ყელის მიდამოში ხელი წაუჭირა დ----------------ს და გაარტყა მუშტი, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენით:
ი-----–---------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ--------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ი-----–----------ს მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ი-----–----------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ რ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ი-----–----------ს მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-----–----------ს მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, კერძოდ, დაზარალებულების - დ----------------ს, ლ--------------–---ს ჩვენებებს და ა----------------ს გამოკითხვის ოქმს - პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ი-----–----------ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. ბრალდებულმა ი-----–----------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში თავი არ ცნო დამნაშავედ და უარყო ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მიმართ რაიმე ძალადობრივი ქმედება. კერძოდ, აჩვენა, რომ 2016 წლის 23 ნოემბრის წინა დღეებში დაურეკა ყოფილმა მეუღლემ დ----------------მ და უთხრა, რომ ჩამოსული იყო თბილისში, აპირებდა მათი საერთო შვილის ა----------------ს მონათვლას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სთხოვა დასალაპარაკებლად მასთან მისვლა. 2016 წლის 23 ნოემბერს, იგი (ი-----–----------) ნათლიასთან - ო------------–---სთან ერთად მივიდა დ----------------ს საცხოვრებელ სახლში, – ქ-------–--–------------------------------------------ში, სადაც კარი გაუღო შვილმა - ა----------------მ. როგორც კი სახლში შევიდნენ, ლ--------------–---მ მას (ი-----–----------ს) მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ლ------მ ბავშვის მიმართაც გამოხატა უხეში დამოკიდებულება, რამაც იგი (ი-----–----------) გააღიზიანა და მანაც სიტყვიერი და არა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ--------------–---ს, შემდეგ კი ონისესთან ერთად დატოვა ყოფილი მეუღლის ბინა. დ----------------სთვის მას (ი-----–----------ს) არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან მის წინააღმდეგ განცხადების შეტანის ინტერესი იყო მათი საერთო შვილის საზღვარგარეთ გაყვანა, რისი წინააღმდეგიც იყო თავად, თუმცა დიანამ მაინც მიაღწია ამას და 2018 წლის აგვისტოში მათი საერთო შვილი ისე გაიყვანა საქართველოდან, რომ მან (ი-----–----------მ) ამის შესახებ არაფერი იცოდა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ო------------–---მ და ბ-----------------მ (დაზარალებულების მეზობელი). კერძოდ, ო------------–---მ აჩვენა, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს, ი-----–----------სთან ერთად მივიდა ამ უკანასკნელის შვილის - ა----------------ს სანახავად. კარები გააღო ბავშვმა. სახლში შესვლისთანავე, მათ მიმართ ლ--------------–---მ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, შემდეგ კი ბავშვის მიმართაც გამოხატა უხეში დამოკიდებულება, რამაც ი-----–---------- ძალიან გააღიზიანა და მანაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ--------------–---ს, რის გამოც მან (მოწმემ) ი-----–---------- განარიდა შექმნილ სიტუაციას. არც მისი (ო------------–---ს) და არც ი-----–----------ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ლ--------------–---ს ან დ----------------ს მიმართ ადგილი არ ჰქონია. ასევე, არც ერთს არ ჰქონია დანა. მოწმე ბ-----------------მ განაცხადა, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს, იმყოფებოდა მეზობლის - დ----------------ს საცხოვრებელ სახლში და მის შვილს - ა----------------ს ეხმარებოდა სათამაშოს აწყობაში, რა დროსაც სახლში მოვიდა ანდრიას მამა, რომელმაც დაიწყო ბავშვთან თამაში. ამასობაში დ----------------ს დედამ დაიწყო ხმამაღალი საუბარი, რაც სიდედრსა და სიძეს შორის გადაიზარდა დაძაბულ საუბარში, რის გამოც მან (მოწმემ) ი-----–---------- გაიყვანა გარეთ და შეძლო კონფლიქტის განმუხტვა. ი-----–----------მ სიდედრს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ი-----–----------ს მხრიდან ლ--------------–---ს ან დ----------------ს მიმართ ხელის დარტყმის ფაქტი მას (მოწმეს) არ დაუნახავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა 2016 წლის 24 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ მოძალადე ი-----–----------ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი (დ----------------სა და ლ--------------–---ს მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო) და მას ერთი თვით აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით დ----------------ს განცხადება ი-----–----------ს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. საქმეზე დართული მასალებით და სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-----–----------ს მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ჩადენას, რომელიც დადასტურებული იქნებოდა შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობით, ადგილი არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის (დ----------------ს) მიერ სასამართლოსთვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტება, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ ძალადობის ფაქტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ----------------ს სარჩელი, კერძოდ: მოპასუხე ი-----–----------ს არასრულწლოვანი შვილის – ა----------------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ასევე, ი-----–----------ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი ბავშვის – ა----------------ს მიმართ პასპორტის აღების და მისი საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, რაც უკავშირდება არასრულწლოვანის მკურნალობას, ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრას, განათლებას, დასვენებას და არ იქნება დაკავშირებული არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ დარჩენასთან. ამავე გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი-----–----------ს შეგებებული სარჩელი და სასამართლო წესით განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის კონკრეტული დღეები და საათები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ი-----–----------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა სამი მტკიცებულება - დაზარალებულების - დ----------------სა და ლ--------------–---ს სასამართლოში მიცემული ჩვენებები და ა----------------ს გამოკითხვის ოქმი, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს ი-----–----------მ არასრულწლოვანი შვილის ა----------------ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ხელი დაარტყა) ყოფილ მეუღლე დ----------------სა და სიდედრ ლ--------------–---ს, ხოლო ამ უკანასკნელს ასევე ხელი დაარტყა ი-----–----------ს თანმხლებმა პირმა ო------------–---მ, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულების ჩვენებების უტყუარობის, დამაჯერებლობისა და გასაზიარებლობის კუთხით შეფასებისას სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას, კერძოდ, მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ დ----------------მ მასზე და დედამისზე ი-----–----------ს მხრიდან შესაძლო ძალადობის ჩადენის ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით მიმართა 2017 წლის 25 ივლისს, შემთხვევიდან რვა თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც დ----------------მ სასამართლოს მიმართა და ი-----–----------ს წინააღმდეგ სამოქალაქო წესით დავა წამოიწყო ალიმენტის დანიშვნასა და ი-----–----------სთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, ხოლო ამ უკანასკნელმა თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის კონკრეტული თარიღების განსაზღვრა. მანამდე, 2017 წლის იანვარში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო (არ იყო წარმოდგენილი ი-----–----------ს მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ჩადენის დამადასტურებელი შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა) არ დაკმაყოფილდა დ----------------ს განცხადება ი-----–----------ს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს და ობიექტურ დამკვირვებელს უჩენს საფუძვლიან ეჭვს დაზარალებულთა ჩვენებების უტყუარობაში, რაც მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას. სააპელაციო პალატის აზრით, ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეფასდეს დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებები, რათა მიკერძოებული, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო და სხვა მტკიცებულებების საწინააღმდეგო ჩვენებების გაზიარებით საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების განხორციელებას და არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა დაზარალებულების დ----------------სა და ლ--------------–---ს სასამართლოში მიცემული ჩვენებები და ა----------------ს გამოკითხვის ოქმი. აქვე პალატა ყურადღებას მიაქცევს ნეიტრალური მოწმის, სასამართლოში დაკითხული ბ-----------------ს ჩვენებას, რომელიც შეესწრო 2016 წლის 23 ნოემბერს ერთის მხრივ დ----------------სა და ლ--------------–---ს, ხოლო მეორეს მხრივ ი-----–----------ს შორის სიტყვიერ კონფლიქტს, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან დ----------------სა და ლ--------------–---ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა მოწმის ჩვენებით დადასტურებული არ არის. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი-----–----------მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი-----–----------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ი-----–----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი გამართლებულ ი-----–----------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ რ--------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი ი-----–----------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ი-----–---------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
გამართლებულ ი-----–----------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე