განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.10.2019
საქმის ნომერი
330210018002688550
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002688550

საქმე №2ბ/4713-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

7 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ლ--- დ-------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,დ--–---“

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს "დ--–---ს" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 2000 ლარის ოდენობით. ხოლო, 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი პირგასამტეხლოს 16 844.2 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. პირგასამტეხლო 16 844.2 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირგასამტეხლოს დარჩენილ ნაწილში სასამართლომ მოთხოვნა არ ჩათვალა იურიდიულად გამართლებულად და იმსჯელა არსებითად. ამასთან, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.2. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსაზღვრა 2 000 ლარი და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, დარჩენილ ნაწილში არ დააკმაყოფილა სარჩელი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, არსებობს სადავო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები და აღნიშნული უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, 05.02.2019წ.-ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს დ--–---ს შორის გაფორმდა №03.01/30/57 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა - ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი „კედარი ჰიმალაის“, თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა- პატრონობის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა.

 

აპელანტის განმარტებით, №03.01/30/57 ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან დაგვიანებით შესრულებისათვის, კერძოდ, 8.3 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,3 %-ის ოდენობით“.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 23.03.2017წ.-ის №18-01170822282 წერილით შპს „დ--–---ს“ ეცნობა, რომ №03.01/30/57 ხელშეკრულების თანახმად, 10.04.2017წ.-მდე უნდა უზრუნველეყო გამხმარი ნერგების იგივე სახეობის და რაოდენობის ნერგებით ჩანაცვლება, ასევე, დანართი №1-ის შესაბამისად, დარგული ნერგების ჯამების მოწყობა და გაფხვიერება, მორწყვა, სერთიფიცირებული თხევადი ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს და ნერგის სამაგრი ჭიგოს გამართულ მდგომარეობაში მოყვანა. აღნიშნული დავალება შპს „დ--–---მ“ ნაცვლად 09.04.2017წ.-ისა შეასრულა 05.06.2017წ.-ს, რაც დასტურდება 09.06.2017წ.-ის მიღება-ჩაბარების აქტით. აპელანტის წარმოამდგენლის განმარტებით, ვადაგადაცილებამ შეადგინა 57 დღე, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდზე დაკისრებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 18 844,2 ლარი (110 200*0,3/100)*57= 18844,2).

 

შპს „დ--–---ს“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 22.09.2017წ.-ის №12-01172653312 წერილით ეცნობა აღნიშნული საჯარიმო თანხის თაობაზე, თუმცა მოპასუხეს არ გადაუხდია იგი.

 

3.2. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულების მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სზაკის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

 

აპელანტის წარმომადგენელი უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ასევე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, რაც, მოცემულ შემთვევაში, გათვალისწინებული იყო მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებისას. რაც შეეხება პირგასამტეხლოს თანხას, სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხოლო, ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ამასთან, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას. აპელანტის წარმოამდგენლის განმარტებით, სასამართლომ არ განმარტა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რატომ ჩათვალა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასმტეხლოდ და ამასთან, თუ რა დაუდო საუძვლად პირგასამტეხლოს ამგვარ შემცირებას.

 

აპელანტის წარმოამდგენლის განმარტებით, პირგასამტეხლოზე მსჯელობისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ასევე, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება შეუსრულებლობით დამდგარ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

აპელანტის წარმოამდგენლის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა. ამასტან, არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი სსკ-ს 420-ე მუხლის დანაწესით. ვინაიდან, აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას უპირობოდ შეამციროს პირგასამტეხლო. ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე.

 

აპელანტის წარმოამდგენლის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე შეთანხმებული. ხელშემკვრელ მხარეს ჰქონდა რეალური შესაძლებობა განესაზღვა პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოა და მის სახელშეკრულებო მხარეს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ორგანოსთან ხელშეკრულების დადებას და მერე მის შეუსრულებლობას.

 

ამდენად, აპელანტის მოთხოვნაა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 07.05.2019 წლის გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიერ, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ, 8.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი

კონკრეტული დავალიანების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.03%-ის ოდენობით. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზედმეტად და არაპროპორციულად შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

სააპელაციო პალატა თვლის რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით ფაქტობრივი გარემოებების და მათი იურიდიულად გამართლებულობის შეფასება პირგასამტეხლოს განსაზღვრის მიზნით არასწორია. ისინი უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ ის აპელირება არ გამოდგება, რომ მოსარჩლისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებების პირობები რომელზეც ის ხელს აწერდა, შესაბამისად, აპელანტის ხსენებული მსჯელობა გაზიარებული ვერ იქნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 5 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N03.01/30/57, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ.თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი "კედარი ჰიმალაი" და თანმდევი მომსახურება (დარგვა, მოვლა-პატრონობის მომსახურება). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 წერილითა და 2017 წლის 09 ივნისის N7 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ შპს "დ--–---ს" მიერ დაირღვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩლემ მოითხოვა შპს ,,დ--–---ს“ დაეკისროს პირგასამტეხლო 18 844,2 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, დადგენილია, რომ შპს „დ--–---მ“ დაგვიანებით შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. თუმცა, „დამდგარი ზიანი“ ხელშეკრულების საგნიდან გამომდინარე, სახეზე არ ყოფილა. შესაბამისად, კომპენსირებული უნდა იქნას მხარის მოლოდინი, რომ ხელშეკრულება დათქმულ ვადაში შესრულდებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსების მიზნით სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხეს შესასრულებელი ჰქონდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტი, რომელთანაც დაკავშირებული იყო დედაქალაქის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ინტერსები და თითოეული დღე ვადის გადაცილებისა შესაძლოა აღნიშნული ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მომტანი ყოფილიყო. გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა საკითხებზე. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ის პერიოდი, რაც შეუსრულებლობით იქნა მოცდენილი, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობა იქნებოდა. ხელშეკრულებების შეუსრულებლობა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირედით მაინც აკომპენსირებს განუხორციელებლობით მიყენებულ ზიანს.

 

ამავე დროს პალატა ითვალისწინებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გრძელდებოდა სულ რამდენიმე თვე.

 

რაიმე ფორმულა თუ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ გამოითვალოს სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა დადგენილი არ არის. ფაქტობრივი გარემოება, არის ის, რომ შპს „დ--–---მ“ არაჯეროვნად შესარულა ხელშეკრულების პირობები, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს დაკისრება. ხოლო, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ის რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მიუხედავად ვადის გადაცილებისა მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ზიანი კონკრეტული მატერილური სახით სახეზე არ არის და, ვინაიდან, კონტრაჰენტი არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საჯარო ფუნქციებს ახორციელებს და ამ ფუნქციის განხორციელების მიზნით დადო სადავო ხელშეკრულება - გადაკვეთა ხდება საზოგადოებრივ ინტერესებზე, სასამართლოს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია შპს „დ--–---სათვის“ პირგასამტეხლოს სახით 5000 ლარის დაკისრება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება და შპს „დ--–---ს“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 5000 ლარის გადახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუმცა, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოწინააღმდეგე მხარეს გადასახდელად დაეკისრა 5000 ლარი. შესაბამისად, შპს „დ--–---ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 350 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. შპს „დ--–---ს“ დაეკისროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ პირგასმტეხლოს გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

 

5. შპს „დ--–---ს“ დაეკისროს სახლმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, 350 ლარის ოდენობით.

 

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი