განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
160100119002951023
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002951023

№1ბ/1566-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული: ი------ ხ--------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–--------–------------------.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულ ი------ ხ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ-------------–--მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, ბოლნისი რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი------ ხ--------ის უდანაშაულოდ ცნობა. აპელანტს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში, წარმოდგენილი იყვნენ დაინტერესებული მოწმეები, რომლებიც მსჯავრდებულის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები და მისცეს მათთვის სასურველი ჩვენებები. 2019 წლის 12 აპრილს სახლში იმყოფებოდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გაბრაზებულნი იყვნენ ი------ ხ--------ზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულთან ჰქონდათ ხმამაღალი საუბარი, თუმცა ფაქტს, რომელსაც ყვებიან დაზარალებული ე-–----- ს---------ა და ა----- ხ--------ა ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი, ი------ ხ--------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ დადგენილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი------ ხ--------მა ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, ბ---–-----------------------–------–აში მდებარე ი------ ხ--------ის საცხოვრებელ სახლში ი------ ხ--------მა, ეჭვიანობის გამო მომხდარი შელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-–----- ს---------ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვანი შვილიშვილების - 02 თვის ი------ ხ--------ის, 02 წლის ქ----- ხ--------ისა და 01 წლის ა----– ხ--------ას თანდასწრებით, ჯერ მუშტი ჩაარტყა ზურგში, მარჯვენა მხარეს, ხოლო შემდეგ სკამი ჩაარტყა მუცელში, რის გამოც ე-–----- ს---------ამ ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით, ი------ ხ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ი------ ხ--------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2019 წლის 12 აპრილიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ე-–----- ს---------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში. 2019 წლის 12 აპრილს დაახლოებით საღამოს 7-დან 8 საათამდე, მისი მეუღლე ი------ ხ--------ი სახლში დაბრუნდა და იგინებოდა მისი მისამართით. როდესაც მან მეუღლეს ჰკითხა, თუ რატომ აგინებდა, ი------მა დაარტყა მუშტი და შემდეგ ესროლა სკამი, რომელიც მოხვდა მუცელში. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მისი რძალი და შვილიშვილები, რომლებიც ტიროდნენ და ყვიროდნენ. დაზარალებულმა განმარტა, რომ დარტყმისას განიცადა ტკივილი.

 

მოწმე ა----- ხ--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ, 2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით საღამოს 7-დან 8 საათამდე პერიოდი იქნებოდა, როდესაც მისი მამამთილი - ი------ ხ--------ი სახლში დაბრუნდა და იგინებოდა. ი------ ხ--------მა მეუღლეს, ე-–----- ს---------ას დაარტყა მუშტი და სკამი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ სახლში ამ დროს იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში სხვა მტკიცებულებები არ ყოფილა გამოკვლეული, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი------ ხ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, რ-------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ი------ ხ--------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეზე დაშვებული, უდავო და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულ ე-–----- ს---------ას და მოწმე ა----- ხ--------ას ჩვენებები, არასრულწლოვნების: ი------ ხ--------ის, ქ----- ხ--------ისა და ა----– ხ--------ას დაბადების მოწმობები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები და ხის სკამი, წარმოადგენს ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი------ ხ--------მა ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება, არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ დაცვის მხარის პოზიციას, რომ ი------ ხ--------ს დანაშაული არ ჩაუდენია, მოწმე და დაზარალებული არიან დაინტერესებული პირები და საქმეში არ არსებობს ი------ ხამდეოვის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა, პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ე-–----- ს---------ას მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას და მის შეთანხმებულობას სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულის ჩვენებით, 2019 წლის 2 აპრილს, დაახლოებით საღამოს 7-დან 8 საათამდე, მისი მეუღლე ი------ ხ--------ი სახლში დაბრუნდა და იგინებოდა მისი მისამართით. შეკითხვაზე, თუ რატომ აგინებდა, ი------მა დაარტყა მუშტი და შემდეგ ესროლა სკამი, რომელიც მოხვდა მუცელში, დარტყმების შედეგად კი განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მისი რძალი და შვილიშვილები, რომლებიც ტიროდნენ და ყვიროდნენ. დაზარალებულ ე-–----- ს---------ას ჩვენებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შეეხება 2019 წლის 12 აპრილს მის მიმართ, მსჯავრდებულ ი------ ხ--------ის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, არ ეწინააღმდეგება და თანხვედრაშია 2019 წლის 13 აპრილის შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ გარემოებებთან. დაზარალებულის ჩვენება დასტურდება ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რა დროსაც ამოღებული იქნა კონფლიქტის დროს ჩამსხვრეული ფანჯრის მინის ნამსხვრევები და ძირს დაგდებული სკამი, რომელიც ესროლა დაზარალებულს ი------ ხ--------მა. დაზარალებულის ჩვენება, ასევე დადგენილი და დადასტურებულია მოწმე ა----- ხ--------ას ჩვენებით, რომ, 2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით საღამოს 7-დან 8 საათამდე ი------ ხ--------მა მეუღლეს ე-–----- ს---------ას დაარტყა ჯერ მუშტი და მერე სკამი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ძალადობის მომენტში იქვე იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ი------ ხ--------ის, ქ----- ხ--------ისა და ა----– ხ--------ას დაბადების მოწმობებით დასტურდება, რომ აღნიშნული პირები არიან არასრულწლოვნები. სააპელაციო პალატა, ი------ ხ--------ის ბრალეულობის დამადასტურებელ, ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ი------ ხ--------ის მიერ, ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

აპელანტის პოზიციას, რომ მოწმე ა----- ხ--------ა და დაზარალებული ე-–----- ს---------ა, არიან ი------ ხ--------ზე გაბრაზებული და შესაბამისად დაინტერესებული პირები, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, ამასთან, ამ გარემოების შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დანაშაულის თაობაზე შეტყობინება განხორციელებულია, არა ე-–----- ს---------ას ან ა----- ხ--------ას მიერ, არამედ მსჯავრდებულის შვილის ი------------ის მიერ, რომელმაც სასამართლოში არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია და დამნაშავე პირის მიერ განხორციელებულ ქმედებას (ქმედებებს) - ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას - შედეგად უნდა მოჰყვეს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც შეფასებით კატეგორიებს განეკუთვნება. ტკივილის განცდა ძირითადად სუბიექტური შეფასების საგანია, იგი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. ამრიგად, დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განხორციელებულმა ქმედებამ (ძალადობამ, სისტემატურმა შეურაცხყოფამ, შანტაჟმა ან დამცირებამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი ან ტანჯვა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ე-–----- ს---------ამ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში ნათლად გადმოსცა, რომ ი------ ხ--------ის მხრიდან 2019 წლის 12 აპრილს, განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს და იგი შესაბამისობაშია სხვა მტკიცებულებებთან.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი------ ხ--------ის მიერ ჩადენილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი------ ხ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ ი------ ხ--------ი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ნასამართლევი იყო, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ი------ ხ--------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, დანაშაულის ჩადენის მომენტში არსებული ნასამართლობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი------ ხ--------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი, მსჯავრდებულ ი------ ხ--------ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ი------ ხ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ-------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი------ ხ--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი------ ხ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ-------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი ი------ ხ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ი------ ხ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ი------ ხ--------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 აპრილიდან.

 

ი------ ხ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის სკამი და მინის ნამსხვრევები – განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე