განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001513452
საქმე №3ბ/1767-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ---------------–-ძე;
წარმომადგენლები - მ-------–---ძე, რ---------------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - ეკა----------–---–ი;
მესამე პირი - ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
წარმომადგენელი - ან-------------–---–ი;
მესამე პირი - ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო;
წარმომადგენელი - მ---------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. ნ---------------–-ძე ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს. ასევე ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინება, საქმიდან მტკიცებულებათა ამორიცხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ---------------–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დევნილთა საკითხების დეპარტამენტში, 2014 წლის 3 აპრილს გასაუბრება ჩაუტარდა ნ---------------–-ძეს, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ დაამთავრა ქ. თბილისის №189 საშ. სკოლა. 2007 წელს დაოჯახდა (მეუღლე - მ-------–---ძე, დევნილი). 2002 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ბერძნულ პოლიკლინიკა - „ჰი----------ში“. კვირაში 3 დღე, 2-დან 5 საათამდე. გასაუბრებისას ვერ გაიხსენა მეუღლის სამუშაო ადგილი და ასევე ვერც მეზობლების გვარები. ასევე მიუთითა, რომ იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს წეროვანში რიგი №5, თუმცა არ ახსოვს კოტეჯის ნომერი.
აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე გაიცა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო კომისიის მიერ, 2013 წლის 30 სექტემბრის №05/01-14/46661 წერილით, ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ნ---------------–-ძის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, ხოლო 2013 წლის 10 დეკემბრის №81965/01 პასუხით მათთვის ცნობილი გახდა, რომ ნ---------------–-ძე, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახ--–-----ში, ს----–---ს ქუჩა №39-ში.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
- დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ნანა აღდგომელაძისათვის (პ/ნ:
0----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა (შეწყვეტა).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა (ს.ფ. 60-61).
- დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2014 წლის 3 აპრილის გასაუბრების კითხვარი, დანართი №5 (ს.ფ. 62-66).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 18 მარტის №05/01-11-2894 მოხსენებითი ბარათით, მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ნ---------------–-ძისათვის (პ/ნ: 0----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე. ამასთან ეთხოვა, რომ შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს დავალებოდა ბრძანების პროექტის მომზადება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 18 მარტის №05/01-11-2894 მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 59).
2014 წლის 16 აპრილს, ნ---------------–-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა, რომელიც შეუჩერდა 2013 წლის დეკემბერში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 აპრილის №768 ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „იძულებით გადაადგილებულ პირად-დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 18 მარტის №05/01-11-2894 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ნ---------------–-ძეს (პ/ნ: 0----------).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 16 აპრილის განცხადება (ს.ფ. 23);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 აპრილის №768 ბრძანება (ს.ფ. 27).
ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 15 ოქტომბრის №82 წერილით დგინდება, რომ მოქალაქე - ნ---------------–-ძე (პ/ნ: 0----------) 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა დაბა ახ--–-----ში, ს----–---ს ქ. №39-ში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 15 ოქტომბრის №82 წერილი (ს.ფ. 67).
ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 19 ნოემბრის №2-1062 წერილით დგინდება, რომ ნ---------------–-ძე (პ/ნ: 0----------, დაბ. 01.07.1979 წ.) 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად არ ცხოვრობდა დაბა ახ--–-----ში, ს----–---ს ქუჩა №39-ში. წერილში მითითებულია, რომ ნ---------------–-ძის (პ/ნ: 0----------) გარდა მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა მ-------–---ძე (პ/ნ: 0----------) და თინათინ ჟივიძე (დაბ. 2008 წლის 3 მაისს). ოჯახი დაკმაყოფილებულია ფართით წეროვანის დევნილთა დასახლებაში, რიგი V, კ---------------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 19 ნოემბრის №2-1062 წერილი (ს.ფ. 68).
საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 17 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ ა---------–------–---–მა (პ/ნ: 0----------), გ-------------------ემ (პ/ნ: 0----------), ზ-----------------მ (პ/ნ: 0----------), ზ-----------–--ემ (პ/ნ: 0----------) და ზ---------------–---–მა (პ/ნ: 0----------) დაადასტურეს, რომ მ-------–---ძე (დაბ. 1--------- წ. პ/ნ: 0----------) 2008 წლამდე აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე, ოჯახთან ერთად ნამდვილად ცხოვრობდა მუდმივად დაბა ახ--–-----ში, მისამართზე: ახ--–-----ი, ს----–---ს ქ. №39, რაც დაადასტურეს ხელმოწერით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 17 ივნისის სანოტარო აქტი (ს.ფ. 36).
2015 წლის 16 ივნისს, ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის დაბა ახ--–-----ის ტერიტორიულ ორგანოს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წერილით, რომელშიც დასმული იყო შეკითხვა - მ-------–---ძის (პ/ნ: 0----------) 2008 წლამდე დაბა ახ--–-----ში, ს----–---ს ქ. №39-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით.
ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის დაბა ახ--–-----ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, 2017 წლის 21 ნოემბრის №123 წერილში მოკვლევის შედეგად განმარტა, რომ 2008 წლამდე ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი იყო დაბა ახ--–-----ში, ს----–---ს ქ. №39-ში მდებარე სახლი, მაგრამ მათ სამსახურებრივი ვალდებულებების გამო პერიოდულად უხდებოდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის დაბა ახ--–-----ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 21 ნოემბრის №123 წერილი (ს.ფ. 142).
2016 წლის 2 აგვისტოს, ნ---------------–-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე მიღებული აქტის გადაცემა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 23 აგვისტოს №01-01/07/22090 წერილით, ნ---------------–-ძეს ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად გაეგზავნა მინისტრის 2014 წლის 16 აპრილის №768 ბრძანების ასლი. დამატებით ეცნობა, რომ აღნიშნული ბრძანება მხარეს გაეგზავნა 2014 წლის 29 აპრილს №05/01-14/9739 წერილით.
სასამართო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 2 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 24-25);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 23 აგვისტოს №01-01/07/22090 წერილი (ს.ფ. 26).
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ახ--–-----ის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა კვლავ არ დაადასტურა ნ---------------–-ძის ახ--–-----ის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტომდე მუდმივი ცხოვრების ფაქტი და განმარტა, რომ მართალია მოსარჩელის მეუღლეს - მ-------–---ძეს გააჩნდა საცხოვრებელი სახლი დაბა ახ--–-----ში, მაგრამ მოსარჩელის სამსახურის და იმ გარემოების გამო, რომ ყავდათ მცირეწლოვანი შვილი, მუდმივად არ ცხოვრობდნენ ზემოთ მითითებულ ტერიტორიაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--–-----ის ტერიოტორიული ორგანოს წარმომადგენელის ახსნა - განმარტება
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 აპრილის №768 ბრძანებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ნ---------------–-ძეს (პ/ნ: 0----------). გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 18 მარტის №05/01-11-2894 მოხსენებითი ბარათი, რომლითაც მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ნ---------------–-ძისათვის (პ/ნ: 0----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე. დასკვნაში მითითებული იქნა მოსარჩელე მხარესთან გასაუბრების შედეგები. ამასთან, კომისიის მიერ, 2013 წლის 30 სექტემბრის №05/01-14/46661 წერილით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ნ---------------–-ძის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით და 2013 წლის 10 დეკემბრის №81965/01 პასუხით ცნობილი გახდა, რომ ნ---------------–-ძე, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახ--–-----ში, ს----–---ს ქუჩა №39-ში.
სასამართლო ვერ დაეყრდნო საქმეში წარდგენილ ა---------–------–---–ის, გ-------------------ის, ზ----------------ის, ზ-----------–--ის და ზ--------------–---–ის განცხადებას, სადაც ისინი ადასტურებდნენ რომ მ-------–---ძე, 2008 წლის ცნობილ მოვლენებამდე, ოჯახთან ერთად ნამდვილად ცხოვრობდა მუდმივად დაბა ახ--–-----ში, მისამართზე - ახ--–-----ი, ს----–---ს ქუჩა №39-ში, რადგან სასამართლოს განმარტებით, მათი განცხადების საპირწონედ, საქმეში წარმოდგენილია ახ--–-----ის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული არაერთი ცნობა, რომლების ძალაშია და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია, რომლითაც არ ადასტურებენ მუდმივად ცხოვრების ფაქტს და რასაც საფუძვლად უდევს მათ მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ახ--–-----ში, ს----–---ს ქ. №39-ში მდებარე სახლი მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. ნანა აღდგომელიძის სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, გადაწყვეტილებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად, ასევე არ ეთანხმება 2017 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებას საქმიდან მტკიცებულებათა ამორიცხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფიულებაზე უარის თქმის შესახებ, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრვ გარემობებეზე და განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ახ--–-----ის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლისათვის არასწორი ინტერპრეტაციით დასმულმა შეკითხვამ და პასუხმა ასევე არასაწორად ჰპოვა ასახვა გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო საჩივრის ავტორს, საქმის მასალებითა და სასამართლო სხომაზე მიღებული განმარტებებით დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს და მესამე პირებს არ ჩაუტარებიათ ადმინისტრაციულ წარმოება. მათ მიერ გაცემულ წერილებში ასახული გარემოება, ემყარება მხოლოდ ერთადერთ და ისიც ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს ამჟამინდელი რწმუნებულის 2013 წლის 15 ოქტომბრის N82 წერილს, რომლის მომზადებისა და გამოცემის საფუძველი, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი.
აპელანტის განმარტებით, დაბა ახლგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2008 წლის 12 დეკემბერს გაცემული N20 ცნობა ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებას, კერძოდ მითითებულია, რომ მ-------–---ძის ოჯახი 2008 წლის დეკემბრისთვისაც ცხოვრობს დაბა ახ--–-----ში. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერი კი, განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ამ პერიოდისათვის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესასვლელად ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული საშვთა სისტემა და დაუბრკოლებლად სარგებლობდნენ მუდმივი საცხოვრებელი ადგილით. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ N82 წერილი და მის საფუძველზე შედგენილი ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-1062 წერილი, უსაფუძვლობისა და ერთიდაიგივე პირისაგან, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოების ამსახველი დოკუმენტის შედგენის გამო, ექვემდებარებოდა მტკიცებულებათა სიიდან ამორიცხვას, რაც აპელანტის განმარტებით, არ იქნა გაზიარებული პირველი ისნტანციის სასამართლოს მიერ.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტი 2014 წლის 16 აპრილის №768 ბრძანება გამოცემულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ. საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო პალატის 2019 წლის 6 ივნისის საოქმო განჩინებით, ზემოაღნიშნულ საქმეზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს აპელანტის მიერ დაზუსტდა მოთხოვნები, კერძოდ წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად მოითხოვა ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და მოთხოვნა საოქმო განჩინების ნაწილში ჩამოაყალიბა შემდეგნაირად. კერძოდ, საოქმო განჩინებას ასაჩივრებს ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 19 ნოემბრის N2-1062 წერილის და ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 15 ოქტომბრის N82 წერილის მტკიცებულებათა სიიდან ამორიცხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
განსახილველ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 აპრილის №768 ბრძანებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ნ---------------–-ძეს (პ/ნ: 0----------). გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 18 მარტის №05/01-11-2894 მოხსენებითი ბარათი, რომლითაც მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ნ---------------–-ძისათვის (პ/ნ: 0----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე. დასკვნაში მითითებული იქნა მოსარჩელე მხარესთან გასაუბრების შედეგები. ამასთან, კომისიის მიერ, 2013 წლის 30 სექტემბრის №05/01-14/46661 წერილით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ნ---------------–-ძის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით და 2013 წლის 10 დეკემბრის №81965/01 პასუხით ცნობილი გახდა, რომ ნ---------------–-ძე, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახ--–-----ში, ს----–---ს ქუჩა №39-ში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება - მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ასევე მართებულად განმარტა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად, საცხოვრებელი ადგილი პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა - განმარტების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს და ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ პირადობის მოწმობის ასლზე, რომლითაც დგინდება, რომ პირადობის მომწობა აპელანტის ნ---------------–-ძის სახელზე გაცემულია 2007 წლის 1 მაისს და მისი რეგისტრაციის მისამართია დედის სახლი ქ. თბილისში, ახალციხის ქN4-ში.
საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე - ჩუღურეთის სამსახურის მიერ 2008 წლის 3 ივნისს გაცემული N773192 დაბადების მოწმობით დგინდება, რომ 2008 წლის 3 ივნისს დაბადებული აპელანტის შვილის თინათინ ჟივიძის დაბადების ადგილი არის თბილისი.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 15 ოქტომბრის №82 წერილით და ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 19 ნოემბრის №2- 1062 წერილით დგინდება, რომ მოქალაქე - ნ---------------–-ძე (პ/ნ: 0----------) 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა დაბა ახ--–-----ში, ს----–---ს ქ. №39- ში.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ახ--–-----ის მუნიციპალიტეტის დაბა ახ--–-----ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 21 ნოემბრის №123 მოკვლევის შედეგებზე, სადაც აღნიშნულია, რომ 2008 წლამდე, ნ---------------–-ძის ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი იყო დაბა ახ--–-----ში, ს----–---ს ქ. №39-ში მდებარე სახლი, მაგრამ ოჯახს სამსახურებრივი ვალდებულებების გამო პერიოდულად უხდებოდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ახ--–-----ის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის პოზიციაზე, რაც დაფიქსირებული იქნა მის მიერ სასამართლო სხდომაზე, კერძოდ მან არ დაადასტურა ნ---------------–-ძის ახ--–-----ის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რადგან მისივე განმარტებით ამის საშუალებას ამ უკანასკნელს არ აძლევდა სამსახური ქ. თბილისში და მცირეწლოვანი შვილი.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული საქმეში წარდგენილი ა---------–------–---–ის, გ-------------------ის, ზ----------------ის, ზ-----------–--ის და ზ--------------–---–ის განცხადება, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ მ-------–---ძე, 2008 წლის ცნობილ მოვლენებამდე, ოჯახთან ერთად ნამდვილად ცხოვრობდა მუდმივად დაბა ახ--–-----ში, მისამართზე - ახ--–-----ი, ს----–---ს ქუჩა №39-ში, რადგან მათი განცხადების საპირწონედ, საქმეში წარმოდგენილია ახ--–-----ის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული არაერთი ცნობა, რომლების ძალაშია და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია, რომლითაც არ ადასტურებენ მუდმივად ცხოვრების ფაქტს და რასაც საფუძვლად უდევს მათ მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ახ--–-----ში, ს----–---ს ქ. №39-ში მდებარე სახლი აპელანტის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ამდენად პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 აპრილის №768 ბრძანება კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 აპრილის №768 ბრძანება) რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო პალატის მიერ, ამ მოცემულობაში ცალსახად უსაფუძვლოა მოთხოვნა აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
რაც შეეხება აპელანტის მიერ გასაჩივრებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებას, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შუამდგომლობებს და მისი მხრიდან საჩივრის განხილვის ეტაპზე არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა შუამდგომლობებზე მიღებული განჩინების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მათი გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. პროცესის ხარჯები:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---------------–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი