განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.07.2019
საქმის ნომერი
330210118002558765
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002558765

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4068-19 29 ივლისი, 2019 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი – რ----- გ-----

 

მოწინააღმდეგე მხარე – ო----- კ----------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: რ----- გ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ, 2----–-–-----------ს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელ - ნ--- ე-–--–---–ის მიერ დაწყებული NA-------- სააღსრულებო საქმის წარმოება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გასაჩივრდა მოსარჩელე რ----- გ-----ს წარმომადგენლის მიერ, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სასამართლომ დაარღვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, ვინდიან სასამართლოსთვის ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო პროცესზე, მოსარჩელის წარმომადგენელს პროცესის გადადების თაობაზე კანცელარიის მეშვეობით წარდგენილი ჰქონდა შუამდგომლობა, შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უხეშად იქნა ხელყოფილი საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გარანტიებული მხარის ფუნდამენტური პრინციპები: თანასწორობის, შეჯიბრებითობის და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის შესახებ.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით რ----- გ-----ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 02 ნოემბრის წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ----- გ----მა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით, რის თაობაზედაც სასამართლოს დროულად შეატყობინა. მოგვიანებით კი წარმოადგინა სამედიცინო ცნობა, რომელიც სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაზიარა.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და უბრუნებს საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

10. სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10.1. სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხე რ----- გ----- 2----–-–--------------ს დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდნენ. გამოცხადებულმა მოპასუხე მხარემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც დაკმაყოფილდა.

 

10.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

10.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

10.4. ამდენად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულატიურად არსებობს შემდეგი პირობები: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სწორად; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.

 

10.5. საპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები.

 

10.6. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ დასჯას წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

 

10.7. პალატა ყურადღებას მიაქცევს სტრასბურგის სასამართლოს განმარტებებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებთან მიმართებით. საქმეში ბართაია საქართველოს წინააღმდეგ (26 ივლისი, 2018 წელი, საჩივარი №10978/06) სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების საკითხი და იურიდიული წარმომადგენლობა ურთიერთდაკავშირებულია და უნდა გაანალიზდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ფართო კონტექსტში. სასამართლომ უნდა დაადგინოს მომჩივანს - სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეს, მიეცა თუ არა გონივრული შესაძლებლობა გაცნობოდა და კომენტარები გაეკეთებინა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე; აგრეთვე წარმოედგინა თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე, შედგება მხარეთა უფლებისგან, წარადგინონ დასკვნები, რომლებსაც ისინი საქმესთან მიმართებით სათანადოდ მიიჩნევენ. ვინაიდან კონვენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს არა თეორიული და ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებები. აღნიშნული უფლება ეფექტიანად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომჩივანს ფაქტობრივად „მოუსმენენ“, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოები მის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს სათანადოდ განიხილავენ. კონვენციის მე-6 მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, სამართლებრივი სისტემები იმგვარად მოაწყონ, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, რაც აგრეთვე მოიცავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, თუმცა, აღნიშნული ვერ განხორციელდება სხვა პროცედურული გარანტიების ხარჯზე. ფაქტობრივად, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი, პირველ ყოვლისა, მიზნად ისახავს მხარეთა ინტერესებისა და მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირების უზრუნველყოფას. შესაბამისად, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით მოცემული სტანდარტების, კერძოდ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის, დაცვა. სამოქალაქო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების დროს სასამართლომ უნდა განსაზღვროს: (I) ხელისუფლების ორგანოებმა გამოიჩინა თუ არა გულმოდგინება, როდესაც მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია; აგრეთვე, შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს, რომ მომჩივნებმა უარი თქვეს მათ უფლებაზე-წარმდგარიყვნენ სასამართლოს წინაშე და დაეცვათ საკუთარი თავი; (II) ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა სათანადო საშუალებებს, რომლებიც მომჩივნებს უზრუნველყოფდა ახალი შეჯიბრებითი სამართალწარმოებით, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდებოდა მათ წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე.

 

10.8. მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის (წარმომადგენლის) გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია ავადმყოფობა.

 

10.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

10.10. ამდენად, საპროცესო ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რითაც შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ავადმყოფობა, როგორც პროცესზე წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება. კერძოდ, როგორც 215-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

10.11. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარმოდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა და პაციენტის ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი, ხ----- ხ------–---–ი, 2----–-–---------------ს იმყოფებოდა სტომატოლოგიურ კლინ---ში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი - ს--–---------------------–--- და დაენიშნა მკურნალობა 10 დღის განმავლობაში ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ; აპელანტის განმარტებით, აღნიშნულმა მდგომარეობამ შეუძლებელი გახადა მისი 2----–-–--------------ს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

 

10.12. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება - მოპასუხის ავადმყოფობა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის თანახმად, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

საპროცესო ხარჯები

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ----- გ-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის მთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

3. სახელმწიფო ბაჟი განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე