განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210019002823674
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019002823674

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.თბილისი

საქმე №2ბ/3771-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - ლე-–----------ი

წარმომადგენელი - გი------------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თი---------ი”

 

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2016 წლის 22 ივნისს სს "თი---------სა" და ლე-–----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის (სწრაფი სამომხმარებლო სესხის) ხელშეკრულება (№1--------------). მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა - 1464 დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 19.5%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 24.34%. კრედიტი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად 67.91 ლარის ოდენობით. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისად.

 

2. 2015 წლის 1 მაისს სს "თი---------სა" და ლე-–----------ს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (№C--------------) და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2000 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ლიმიტის გაზრდა. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2052 წლის 5 აგვისტომდე, 13611 კალენდარული დღე. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს; დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი; ყოველთვიურად შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 51.40%. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,5%-ს.

 

3. 2016 წლის 22 ივნისს სს "თი---------სა" და ლე-–----------ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის (სწრაფი სამომხმარებლო სესხის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის სახით 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 1442,76 ლარს.

 

4. 2015 წლის 1 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის სახით 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით შეადგენს - 1965.64 ლარს.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სარჩელით მიმართა სს „თი---------მა“ და მოითხოვა ლე-–----------ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5598.64 ლარის გადახდა, კერძოდ: 2016 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2248.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 1442.76 ლარი, პროცენტი- 224.80 ლარი, პირგასამტეხლო -577.70 ლარი, დაზღვევის თანხა- 3.42 ლარი; 2015 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3349.96 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1965.64 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 348.23 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1036.09 ლარი.

 

6. სარჩელის საფუძვლები:

 

6.1. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 22 ივნისს მოსარჩელე სს "თი---------სა" და ლე-–----------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის (სწრაფი სამომხმარებლო სესხის) ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1464 დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 19.5%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 24.34%. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად 67.91 ლარის ოდენობით. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისად. მოპასუხის დავალიანება 2019 წლის 14 იანვარს გაცემული ცნობის საფუძველზე შეადგენს 2248.68 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 1442.76 ლარი, პროცენტი- 224.80 ლარი, პირგასამტეხლო -577.70 ლარი, დაზღვევის თანხა-3.42 ლარი. 2015 წლის 1 მაისს მოსარჩელე სს "თი---------სა" და ლე-–----------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის (პრაიმ ქარდის) ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2000 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ლიმიტის გაზრდა. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2052 წლის 5 აგვისტომდე, 13611 კალენდარული დღე. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს; დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი; ყოველთვიურად შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 51.40%. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,5%-ს. მოპასუხის დავალინება 2015 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 14 იანვარს გაცემული ცნობის საფუძველზე, შეადგენს 3349.96 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1965.64 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 348.23 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო -1036.09 ლარი.

 

7. მოპასუხის შესაგებელი:

 

7.1. მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხების ნაწილში (იხ. 2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:29:08).

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სს ”თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

მოპასუხე ლე-–----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 22 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2020,98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1442,76 ლარი, პროცენტი - 224,80 ლარი, პირგასამტეხლო - 350 ლარი, დაზღვევა - 3,42 ლარი; 2015 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს - 2713,87 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 1965,64 ლარი, სარგებელი - 348,23 ლარი და პირგასამტეხლო - 400 ლარი. (იხ. გადაწყვეტილება)

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლე-–----------მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

10. აპელანტის განმარტებით, როგორც საკრედიტო ხელშეკრულებების პირობებიდან დგინდება სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი იყო წლიური საპროცენტო განაკვეთი 19.5%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 23,34%, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 20 ლარს და ასევე 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. მის მიერ გადახდილია 1463.49 ლარი აღნიშნული კრედიტის დასაფარად და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტის ოდენობა შეადგენდა 2200 ლარს, ხოლო მოსარჩელე ედავება 2248.68 ლარს აშკარაა ის კაბალური დამოკიდებულება, რაც გამოიხატება შეუსაბამო თანხის მოთხოვნაში. მეორე ხელშეკრულებით მოპასუხეზე გაცემული იქნა 2000 ლარის ოდენობის ბარათი შემდეგი პირობებით: კრედიტის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს. დაანგარიშების თარიღად განისაზრვრა ყოველი თვის 27 რიცხვი. ყოველთვიურ შესატანს შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო, საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18% კრედიტის სავაჭრო/მომსახურეობის ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 51.40%, ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენს 20 ლარს, პირგასამტელო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0.5%-ს. შესაბამისად თვალნათელია კაბალური მიდგომა პროცენტისა თუ საურავის მოცულობიდან გამომდინარე და მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობა წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ზემოთ უნდა ჩაითვალოს ბათილად, მისი ამორალური ხასიათის გამო.

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ არ იქნა მითითებული პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა მოპასუხის მიერ ყოველთვიურად შესატან თანხაზე მზარდი თანმიმდევრობით, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გადასახდელ მთლიან თანხაზე, ასევე არ იქნა განმარტებული ვადა საიდანაც მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს. შესაბამისად მის მიერ სადავოდ ხდება თანხის მოცულობა როგორც ძირითად ნაწილში, ასევე პროცენტის, პირგასამტეხლოსა თუ საურავის მოცულობებში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

13. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/, 873-ე მუხლი /კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა./ 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/

 

14. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

- 2016 წლის 22 ივნისს სს "თი---------სა" და ლე-–----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის (სწრაფი სამომხმარებლო სესხის) ხელშეკრულება (№1--------------). მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა - 1464 დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 19.5%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 24.34%. კრედიტი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად 67.91 ლარის ოდენობით. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისად.

 

- 2015 წლის 1 მაისს სს "თი---------სა" და ლე-–----------ს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (№C--------------) და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2000 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ლიმიტის გაზრდა. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2052 წლის 5 აგვისტომდე, 13611 კალენდარული დღე. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს; დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი; ყოველთვიურად შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 51.40%. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,5%-ს.

 

15. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხე ლე-–----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 22 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2020,98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1442,76 ლარი, პროცენტი - 224,80 ლარი, პირგასამტეხლო - 350 ლარი, დაზღვევა - 3,42 ლარი; 2015 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს - 2713,87 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 1965,64 ლარი, სარგებელი - 348,23 ლარი და პირგასამტეხლო - 400 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 90,91 ლარის ანაზღაურება.

 

პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული სააკრედიტო ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით არ არის ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)

 

აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო ოდენობის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

16. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა მითითებული პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა მოპასუხის მიერ ყოველთვიურად შესატან თანხაზე მზარდი თანმიმდევრობით, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გადასახდელ მთლიან თანხაზე, ასევე არ იქნა განმარტებული ვადა საიდანაც მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხე ლე-–----------ს დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლო ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა 577,70 ლარი და 1036,09 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 2016 წლის 22 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 350 ლარისა და 2015 წლის პირველი მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 400 ლარით.

 

გარდა აღნიშნულისა პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი არის ხანგრძლივი და მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 მარტიდან ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის, პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო სესხის ძირ თანხაზე არ არის შეუსაბამოდ მაღალი და პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ის დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსიერებლ ფუნქციას. აქედან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

17. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ლე-–----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი