განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/2808-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
აპელანტი - შპს ,,კ--–----------–---ების ს-–----–-----თ მ----------ა“
წარმომადგენელი - ხ------- გ------–-–---–ი, დირექტორი - დ------ ი-----
მოწინააღმდეგე მხარე _ ბმა ,,3--“ (თავმჯდომარე - გ------- ქ--------–ი), მ--- გ--–-–---–ი
წარმომადგენელი - პ----- კ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ექსპერტიზის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს "კ--–----------–---ის ს-–----–--ით მ----------ას" მოპასუხე მ--- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ექსპერტიზის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,კ--–----------–---ის ს-–----–--ით მ----------ის" სარჩელი მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,3--"-ის და მ--- გ--–-–---–ის მიმართ სერვიტუტის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ გადაუწყვეტია საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების საკითხი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.2. გასაჩივრებულ დამატებით გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ითხოვდა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების მოსარჩელესათვის დაკისრებას. მტკიცებულების სახით კი წარმოდგენილია მ--- გ--–-–---–ის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის, 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - მიღება ჩაბარების აქტი №3---------, თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტომი 1, ს.ფ. 161).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ვინაიდან, შპს ,,კ--–----------–---ის ს-–----–--ით მ----------ის“ სარჩელი მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,3--"-ის და მ--- გ--–-–---–ის მიმართ სერვიტუტის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მ--- გ--–-–---–ის მიერ გაწეულ იქნა სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი, ხოლო სასამართლოს არ გადაუწყვეტია საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი, აღნიშნულის თაობაზე მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება და მოსარჩელე შპს ,,კ--–----------–---ის ს-–----–--ით მ----------ას" მოპასუხე მ--- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ექსპერტიზის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, 2016 წლის 07 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2019 წლის 15 მარტს, რაც წარმოადგენს შპს ,,კ--–----------–---ის ს-–----–-----თ მ----------ის“ ინტერესების უხეშ დარღვევას და მსგავსი მოთხოვნა მოპასუხეს არც კი ჰქონია დაყენებული მსგავსი მოთხოვნა სასამართლოს არცერთ ინსტანციაში. აპელანტი მიუთითებს, რომ მ--- გ--–-–---–მა თავისი ინიციატივით ჩაატარა ექსპერტიზა, ასევე იგი თავისი ინიციატივით ჩაერთო საქმეში მოპასუხედ მაშინ, როდესაც მოსარჩელეს მის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნდა, სასამართლომ ამ მხრივაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და მით უფრო არ არსებობდა მ--- გ--–-–---–ის მიერ გაღებული საექსპერტო ხარჯების თავდაპირველი მოსარჩელისთვის ასანაზღაურებლად დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
4. გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ნაწილში საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საექსპერტო ხარჯების აპელანტისთვის ასანაზღაურებლად დაკისრების თაობაზე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,კ--–----------–---ის ს-–----–--ათა მ----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით შპს ,,კ--–----------–---ების ს-–----–-----თ მ----------ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა. დადგენილია აგრეთვე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ გადაუწყვეტია საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების საკითხი და აღნიშნულის თაობაზე, კანონით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 07 მარტს სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით იქნა გამოტანილი დამატებითი გადაწყვეტილება, რომელის ფარგლებშიც მოპასუხე მ--- გ--–-–---–ის მოთხოვნა მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ გაწეული საექსპერტო ხარჯის სახით 500 ლარის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯების ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.).
პალატის განმარტებით, მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, ანუ - სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებთან მიმართებით (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებულია ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმები, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც შპს ,,კ--–----------–---ების ს-–----–-----თ მ----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება გამოვიდა მოპასუხე მხარის სასარგებლოდ, ხოლო მ--- გ--–-–---–ის მიერ დაყენებული იყო შუამდგომლობა მის მიერ გადახდილი იყო ექსპერტიზის დასკვნის მომზადების საფასური 500 ლარის მოწინააღმდეგე მხარისთვის ასანაზღაურებლად დაკისრების შესახებ, რომლის თაობაზეც საქმის განმხილველ სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 07 მარტს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მართებული, კანონიერი და სამართლებრივად სწორი საპროცესო მოქმედება იყო.
4.3. ამასთან, სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ ვერ შევა აპელანტის მიერ მითითებულ იმ პოზიციის სიღრმისეულ კვლევაში, რომ მ--- გ--–-–---–ი მის მიერ არ ყოფილა მოპასუხედ დასახელებული, იგი თავისი ინიციატივით ჩაერთო სასამართლო დავაში და მის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება ამ თვალსაზრისით გაუმართლებელია, ვინაიდან აღნიშნული გარემოების გარშემო იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლომ 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებაში და მიუთითა, რომ ,,აუცილებელი გზის გამოყოფის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების წანამძღვრების არარსებობის პირობებში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ ქმნის კასატორის არგუმენტები, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია საქალაქო სასამართლოს მიერ მხარედ მოპასუხის არასწორად ჩართვის კანონიერებაზე“, თავის მხრივ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებაში კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მითითებულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30), ხოლო სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
შესაბამისად, პალატა წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დამატებით არ გამოიკვლევს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას მ--- გ--–-–---–ის მოპასუხედ ჩართვის მართებულობის თაობაზე, ვინაიდან, აღნიშნული საკითხის კვლევას არ აქვს არსებითი სამართლებრივი მნიშვნელობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერებასთან მიმართებით, მით უფრო იმ შემთხვევაში, რომ ხსენებულ გარემოებას აპელანტი სადავოდ ხდიდა ჯერ კიდევ წინა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და მასზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საკასაციო სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვთ.
4.4. პალატა განმარტავს, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს დამატებით გადაწყვეტილებაში მოყვანილ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,კ--–----------–---ების ს-–----–-----თ მ----------ის“ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,კ--–----------–---ების ს-–----–-----თ მ----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი