განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020142219700093765
საქმე №1/აგ-70-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ბ----------ის (დაბადებული: 1----–-–-------------ს, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ხ---------------------------–---ში,) შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს, 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით, ბ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით; მსჯავრდებულ ბ----------ის მიმართ, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბ----------ეს 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს, 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ა-–-------------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ა-–-------------------სა და ბრალდებულ ბ----------ეს შორის ზემდგომი პროკურორის ფ--–--------–--------ს თანხმობით, 2017 წლის 26 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება. ბ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის) განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----------ეს დაენიშნა ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბ----------ეს 03 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის 5 უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ა-–-------------------ს შუამდგომლობა, ბ----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ, დარჩა განუხილველი.
მსჯავრდებულმა ბ----------ემ შუამდგომლობით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაისინჯოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისთვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს როგორც 2017 წლის 15 თებერვლის, ასევე, 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით, ბ----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება.
ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა თანახმად, მსჯავრდებულ ბ----------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და იგი უნდა გათავისუფლდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილისა და 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. ასევე, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბ----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.ბ----------ე გათავისუფლდეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილისა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან;
3.ბ----------ეს აღუდგეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
4.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ.გორგოძე/
/თ.სვანიძე/