განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002605652 3/ბ-234-19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი-ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი- მ------ნ ვ-–-----ე
მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი შეგებებული სააპელაციო საჩივრით) – გ---–---- ღ-–-----ი
წარმომადგენელი- დ----- ა-----ე
დავის საგანი – სახელმწიფო მოხელის უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიუღებელი განაცდური ხელფასის, პრემიისა და აღნიშნულთა მიუღებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2018 წლის 27 აგვისტოს გ---–---- ღ-–-----მა სარჩელით, რაც შემდგომ დაზუსტებულ იქნა, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიმართა გ---–---- ღ-–-----მა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიუღებელი განაცდური ხელფასის, პრემიისა და აღნიშნულთა მიუღებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება, საელდობრ მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2015 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე პერიოდში განაცდური ხელფასის სახით 22 910 (ოცდაორი ათას ცრაასათი) ლარის, მიუღებელი პრემიის 12 640 (თორმეტი ათას ექვსასორმოცი) ლარის, ხელფასის დაყოვნებისთვის მისაღები კუთვნილი საპროცენტო თანხის - 7 272.65 (შვიდი ათას ორასსამოცდათორმეტი ლარი და 65 თეთრი) ლარის, პრემიის დაყოვნებისათვის მისაღები კუთვნილი საპროცენტო თანხის -4264.70 (ოთხი ათას ორასსამოცდაოთხი ლარი და 70 თეთრი) ლარის, ანაზღაურებადი შვებულებისათვის მიუღებელი თანხის- 1869.66 ლარის, სულ ჯამურად 47 087.35 (ორმოცდაშვიდი ათას 87 ლარი და 35 თეთრი) ლარის ანაზღაურება. ასევე მოთხოვნილ იქნა საადვოკატო მომსახურების თანხის-300 ლარისა და აუდიტის მომსახურების თანხის - 375 ლარის ანაზღაურება
2.1. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ დამყარებულ იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2.1.1.2013 წლის 15 თებერვლიდან იგი მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლად სოფ. გ--------ში. 2015 წლის 05 იანვრის №0------- ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უკანონოდ იქნა განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან.
2.1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვალს №010310015729926 გადაწყვეტილებით იგი აღდგენილი იქნა პირვანდელ თანამდებობაზე. ზემოხსენებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა.
2.1.3.სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მაისის №5-- ბრძანებით იგი აღდგენილ იქნა იმავე თანამდებობაზე, სადაც დღესაც მუშაობს.
2.1.4. უკანონო გათავისუფლების გამო სამუშაო პერიოდის წყვეტამ შეადგინა 2 წელი, 4 თვე და 11 დღე. ამ პერიოდში მას არავითარი ანაზღაურება არ მიუღია, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი მიუღებელი ხელფასის, პრემია- დანამატების და ორი გამოუყენებელი 30-30 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების სახით, რომელთა დროულად მიუღებლობის გამო მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ შპს ,,ე---------------------------“ გამოთვლით მას სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების გამო არ მიუღია 2015 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე პერიოდში - ხელფასის სახით 22 910 ლარი, პრემია 12 640 ლარი, რომელიც გაცემულია მის ჩამანაცვლებელ პირზე და რომ არა უკანონოდ განთავისუფლება, მიიღებდა იგი. ამასთან ხელფასის მიუღებლობით მან იზარალა კანონით დადგენილი კუთვნილი საპროცენტო თანხა 7 272.65 ლარი, ხოლო პრემიის სახით მისაღები თანხის დაყოვნების გამო კი -4246.70 ლარი. სულ მიუღებელი თანხებით მიყენებული ზიანი შეადგენს (22910+12640+7272.60+4246.70)=47087.35 (ორმოცდაშვიდი ათა ოთხმოცდაშვიდი ლარი და 35 თეთრი)ლარს.
2.1.5.მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის მერიაში წარდგენილია მისი მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებაზე, მერია თანხას ნებაყოფლობით არ იხდის.
2.2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ იქნა ცნობილი და განიმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რის დასადასტურებლდაც მიეთითა შემდეგ გარემოებებზე:
2.2.1.პრემია არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული დამატებითი თანხა, რომელიც გაცემულ იქნა მოხელეებზე დაკისრებული უფლებამისილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის. მოთხოვნილ პერიოდში გ---–---- ღ-–-----ი არ ასრულებდა რა სამსახურებრივ საქმიანობას, შესაბამისად დაუდგენელია მის შესრულების ხარისხი და არ უნდა გაიცეს პრემიაც.
2.2.2.ხელფასისა და პრემიის თანხის დაყოვნებისათვის ზიანის დაკისრება დაუსაბუთებელია,რადგან განაცდურის მოთხოვნა წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებას და დამატებითი სარგებლის მოთხოვნა მოკლებულია კანონიერ საფუძვლებს.
2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ---–---- ღ-–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სახელდობრ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გ---–---- ღ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელო) 22 910 (ოცდაორი ათას ცხრაასათი) ლარისა და ამ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების თანხის -1869.66 (ერთი ათას რვაასსამოცდაცხრა ლარი და 66 თეთრი) ლარის, სულ 24 779.66 (ოცდაოთხი ათას შვიდასამოცდაცხრამეტი ლარი და 66 თეთრი) ლარის გადახდა. ზემოხსენებულთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გ---–---- ღ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის -300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
2.4.გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.4.1.მოსარჩელე გ---–---- ღ-–-----ი 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლად სოფ. გ--------ში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 იანვრის №0------- ბრძანებით გ---–---- ღ-–-----ი გათავისუფლდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ გ--------ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან 2015 წლის 05 იანვრიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 იანვრის №0------- ბრძანება.(იხ.ს.ფ.12.)
2.4.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ---–---- ღ-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 07 ნოებრის ოქმი №- იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალის №2- გრაფაში, სოფელ გ--------ში გამგებლის წარმომადგენლის ერთი შტატის შეტანასა და ამ შტატზე კონკურსის გამოცხადებას; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის №- სხდომის ოქმი და კონკურსის შედეგები გ---–---- ღ-–-----ის ნაწილში, ბათილად იქნას ცნობილი ,,გ---–---- ღ-–-----ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გ--------ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 იანვრის №0------- ბრძანება, მოპასუხეს დაევალა „ჯ--–--- ბ-----ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შ----------------ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გ--------ში დანიშვნის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 იანვრის №0------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.
გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ და შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.13-31);
–ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 06 ივნისის განჩინება (იხ.ს.ფ 32-43);
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის განჩინება(იხ.ს.ფ. 44-45).
2.4.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მაისის №506 ბრძანებით, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 07 ნოემბრის №- ოქმი ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალის N2- გრაფაში სოფელ გ--------ში გამგებლის წარმომადგენლის ერთი შტატისა და ამ შტატზე კონკურსის გამოცხადების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის №- სხდომის ოქმი და კონკურსის შედეგები, გ---–---- ღ-–-----ის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი „გ---–----ი ღ-–-----ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გ--------ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 იანვრის №0------- ბრძანება, ძალადაკარგულად გამოაცხადდა ჯ--–--- ბ-----ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შ----------------ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გ--------ში დანიშვნის შესახებ“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 იანვრის №0------- ბრძანება. ბრძანების გამოცემის დღიდან გ---–---- ღ-–-----ი აღდგენილი იქნა სამუშაოზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მაისის №5-- ბრძანება.
2.4.4. გ---–---- ღ-–-----ი 2015 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე პერიოდში უკანონოდ იყო გათავისუფლებული სამსახურიდან და მას ამ პერიოდისათვის უკანონოდ გათავისუფლებისათვის განაცდური ხელფასი არ აქვს მიღებული.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასამართლოს გადაწყვეტილებები(იხ.ს.ფ.13-45);
-გ---–---- ღ-–-----ის განცხადებები(იხ.ს.ფ.54; 55-56);
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ივნისის წერილი.
2.4.5.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელზე სოფელ გ--------ში 2015 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე პერიოდში გაცემულია ხელფასი 22 010 ლარი, ხოლო პრემიის სახით გაცემულია 12 640 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 სექტემბრის წერილი (იხ.ს.ფ.67-68).
2.5.დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით საქალაქო სასამართლომ აპელირება გააკეთა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 37-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 112-ე მუხლზე, რომელთა თანახმადაც საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პირი უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე კი უფლებამოსილია, მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.ამასთან განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების საფუძველს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოხელის შრომითი უფლების დაცვისა და განაცდურის ანაზღაურების საკითხი დარეგულირებულია ამჟამად მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით, რომლის თანახმად, ,,მოხელეს უფლება აქვს სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით“. აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, ,,ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე....ხოლო მეოთხე პუნქტის თანახმად კი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
ზემოთ მოხმობილი ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია რა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, ამდენად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაზე გ---–---- ღ-–-----ის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის (შრომითი გასამრჯელო) ანაზღაურების საფუძველი და რომ შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაკისრებოდა 2015 წლის 05 იანვრიდან - 2017 წლის 17 მაისამდე ყოველთვიურად განსაზღვრული შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) 790 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რაც მოთხოვნილი პერიოდისათვის შეადგენს 22 910 ლარს და რომ ასევე გ---–---- ღ-–-----ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა აღნიშნულ პერიოდში მიუღებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის 1869.66 ლარის გადახდა.
ზემოხსენებულის გარდა სარჩელით წარმოდგენილი სხვა მოთხოვნები სასამართლომ მიიჩნია უსაფუძლოდ. სახელდობრ პრემიის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ პრემია არის დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, იგი წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას და თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ ექვემდებარება ანაზღაურებას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ხელფასისა და პრემიის თანხის მიუღებლობის გამო დაანგარიშებული საპროცენტო სარგებელიც. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის დაანგარიშება საპროცენტო სარგებელსა და მიყენებულ ზიანზე, რომლის საფუძვლად მითითებულია ,,შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულის გამო განაცდური ხელფასისა და სხვა სახის სარგოს ანაზღაურების საკითხი რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და რომ შესაბამისად საქრთველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი, მოცემულ დავაში ვერ იქნება გამოყენებული.
3.ხელვაჩაურის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
3.1.ხელვაჩაურის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის და მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებული შინაარსის მქონე საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი ფინანსური რესურსი და შესაბამისად სათანადო საფუძველი არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
3.1.2.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია სასამართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება იმ ნაწილშიც, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება, მიაჩნია რა, რომ ანაზღაურების მოთხოვნა იმისა, რაც მხარემ განახორციელა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, არ წარმოუშობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას.
3.1.3.აპელანტის წარმომადგენლის თვალსაზრისით სასამართლომ არ იმსჯელა სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რადგან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა მოსარჩელეს უნდა დაეყენა სამსახურში აღდგენის საჩივართან ერთად, რაც არ განხორციელებულა, რითაც დარღვეულ იქნა ხანდაზმულობის ვადები.
4. გ---–---- ღ-–-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
ნაწილობრივ გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს დაუკმაყოფილებელ ნაწილშიც, ანუ სრულად.
4.1.გ---–---- ღ-–-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1.1. გ---–---- ღ-–-----ის წარმომადგენლის თვალსაზრისით სასამართლომ მის მარწმუნებლთან მიმართებაში დავის გადაწყვეტისას სრულყოფილად არ გამოიყენა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი,ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი, ასევე არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ასეთით დადგენილი განმარტებები იმის თაობაზე, რომ ხელფასი შედგება დანამატების, პრემიისა და სხვა კომპონეტებისაგან.
4.1.1.1.სასამართლომ არასწორად განმარტა მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ცნება, რომელიც 2015 წლის რედაქციით მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად მოიცავს როგორც თანამდებობრივ სარგოს, ასევე პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 04 ივლისი განმარტება საქმეზე №ბს-144-1427(კ-11), სადაც განიმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37.1 მუხლის თანახმად საჯარო სამსახურის მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით პრემია განიხილება ხელფასის შემადგენელ ნაწილად. ამასთან საკასაციო სასამართლოს განმარტებითვე მიუღებელი ხელფასის და დანამატის მოთხოვნილი თანხის ზიანის სახით ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს არამართლზომიერი ქმედება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანაზღაურებას კი ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი შედეგი, ასევე მიუღებელი შემოსავალი (იხ. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განმარტება საქმეზე №ბს-11-11(კ15).
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გ---–---- ღ-–-----მა შრომითი გასამრჯელო ვერ მიიღო სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების გამო. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით (მისი სამუშაოზე აღდგენა) კი უტყუარად დადგენილია და ამდენად, სახეზეა ადმინისტრაციის არამართლზომიერი ქმედება. უკანონოდ გათავისუფლების შედეგად განთავისუფლების პერიოდში გ---–---- ღ-–-----მა ვერ მიიღო სახელფასო სარგო დანამატის ჩათვლით სულ 35 550 (ოცდათხუთმეტი ათას ხუთასორმოცდაათი) ლარი, საიდანაც სასამართლომ მხოლოდ ნაწილი - 22910 ლარი დააკმაყოფილა, ხოლო 12 640 ლარის ანაზღაურებაზე უკანონოდ უთხრა უარი.
4.1.1.2.აპელანტის წარმომადგენლის თვალსაზრისით, მართალია, სპეციალური კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ არ აწესრიგებს მუშაკისათვის ხელფასის დაყოვნებით გაცემისათვის კომპესაციას, თუმცა მითითებული საკითხის რეგულაცია დადგენილია საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც ,,დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. შესაბამისად სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას გარდა სპეციალური კანონისა, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ორგანული კანონი-საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც იერარქიულად მაღლა დგას სპეციალურ კანონზე. ამდენად, სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებით გ---–---- ღ-–-----ის სასარგებლოდ ხელვაჩაურის მერიისათვის უნდა დაეკისრებინა ხელფასის დაყოვნებისთვის-7272.65 (შვიდი ათას ორასსამოცდათორმეტი ლარი და 65 თეთრი) ლარისა, ხოლო პრემია-დანამატის დაყოვნებისთვის - 4264.65 (ოთხი ათას ორასსამოცდაოთხი) ლარის გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ---–---- ღ-–-----ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ---–---- ღ-–-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე გადაწყვეტილებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას (იხ. გადაწყვეტილების 2.4.1.-2.4.5 პუნქტები) და რომელთაც არსებითად არც სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ, ამასთან დამატებით ადგენს:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილი და საქმეზე ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სახელდობრ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომლებზე 2015-2017 წლებში გაცემული პრემიის შესახებ წერილობითი ინფორმაციით(ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საპრემიო კომისიის სხდომის ოქმები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები) დგინდება, რომ ასეთი გაიცემოდა ყოველ კვარტალურად, ასევე რელიგიურ დღესასწაულებთან (უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე, ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე-მარიამობა) დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე და საჯარო მოსამსახურეებზე, მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალ აბსოლუტურად ყველა სოფლის გამგებლის წარმომადგენელზე და არა მხოლოდ თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების პერიოდში გ---–---- ღ-–-----ის ჩამნაცვლებელ - სოფელ გ--------ში გამგებლის წარმომადგენელ ჯ--–--- ბ-----ეზე ხელფასის ტოლფასი 790 (შვიდასოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 4-201).
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს დავებთან დაკავშირებით 2013 წლის 19 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-301-292(2კ-13) და აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი. ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე მისი გათავისუფლების საკითხიც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გ---–---- ღ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე იძულებით განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) 22 910 (ოცდაორათას ცხრაასათი) ლარისა და ამ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების თანხის 1869,66 ლარის, სულ 24 779.66 (ოცდაოთხი ათას შვიდასამოცდაცხრამეტი ლარი, 66 თეთრი) ლარის გადახდა შესაბამისობაშია 1948 წლის 10 დეკემბრის ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) მე-8 მუხლის ნორმასთან, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება - ეფექტიანად იქნეს აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალიაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მერიამ უკანონოდ გაათავისუფლა რა სამსახურიდან გ---–---- ღ-–-----ი, დაარღვია მისი შრომის უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ადგენდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი.
ამდენად,იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს, ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით.
მოხმობილი კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, შესაბამისად დადასტურებულია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა და ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საფუძველი, რაც მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს.
პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებში გადმოცემული ნორმებითაც მათ შორის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლით, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი კი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
ამდენად, ხელვაჩაურის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოკლებულია რა სამართლებრივ დასაბუთებას.
გ---–---- ღ-–-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივრით დაყენებული მოთხოვნა, რომელიც შეეხება პრემიის სახით გაცემული თანხის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრებას, პალატას მიაჩნია დასაბუთებულად და აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ გ---–---- ღ-–-----ის გათავისუფლების დღიდან ხელფასის გარდა ყველა მოქმედ თანამშრომლებზე ხელფასის ტოლი ოდენობით გაცემული იქნა თანხები პრემიის სახით, რასაც თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში მოსარჩელეც მიიღებდა. შესაბამისად, მართალია, თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პრემიის სახით თანამშრომლებზე ხელფასთან ერთად თანხის გაცემა არ იყო დაკავშირებული პირის შრომით შედეგებზე და არ წარმოადგენდა თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას (ყოველკვარტალური, სადღესასწაულო პრემია), ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები ხელფასის დანამატს წარმოადგენდა და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად არ იქნა დაკმაყოფილებული და შეგებებული სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილი მოთხოვნის ეს ნაწილი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება შეგებებული საპელაციო საჩივრით დაყენებულ სხვა მოთხოვნებს, სახელდობრ ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობას, აღნიშნულს საპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური ყოველი დღისათვის ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რადგან საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რა არ არის გათვალისწინებული.ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დასაქმებული ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი, ხოლო თავისათავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს. ამდენად, გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. პალატა იზიარებს მოცემულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს განმარტებებს, რომლის თანამადაც ნებისმიერ ანაზღაურებაში, თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმებას, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს (იხ.სუსგ საქმე № ას 285-271-2013, 30 სექტემბერი, 2013 წელი; საქმე№ ას 82-82-2018, 09 მარტი, 2018 წელი).
განსახილველ შემთხვევაში ზიანი, რომელიც გ---–---- ღ-–-----მა, როგორც მოხელემ, განიცადა უკანონო გათავისუფლების შედეგად, არის ის შემოსავალი, რომელიც მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით უნდა მიეღო, რაც მოიცავს მიუღებელ ხელფასსა და ასეთზე დანამატს (ე.წ. პრემია).
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
6.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ სწორი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სადავო სამართლურთიერთობას, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას ხელვაჩაურის მერიის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, ხოლო გ---–---- ღ-–-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და შესაბამისად ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გ---–---- ღ-–-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დანამატის (პრემია) მიუღებელი თანხის 12640 (თორმეტი ათას ექვსასორმოცი) ლარის გადახდა.დანარჩენ ნაწილში კი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად;
7. სასამართლო ხარჯები:
მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გ---–---- ღ-–-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გ---–---- ღ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დანამატის (პრემია) მიუღებელი თანხის 12640 (თორმეტი ათას ექვსასორმოცი) ლარის გადახდა.
4.დანარჩენ ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე ნანა კალანდაძე