განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2019
საქმის ნომერი
330310018002564123
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1986-19

№330310018002564123

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ლეილა მამულაშვილი

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე): ჩ-------- რ------ ვ---–-------- (C-------- R---- W--------, დაბ. 21.06.1---წ. პასპორტის ნოემრი: P----------------; ინდონეზიის რესპუბლიკა);

წარმომადგენელი: ა---------–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) :საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

წარმომადგენელი: თ---------------–-;

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სარჩელი სრულად.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს. ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, ჩ-------- რ------ ვ---–--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.2. ჩ-------- რ------ ვ---–-------- (დაბადებული 1--- წლის 2-------ს) არის ინდონეზიის მოქალაქე.

 

3.3. 2018 წლის 8 ივნისს ჩ-------- რ------ ვ---–-------- დაქორწინდა საქართველოს მოქალაქეზე - რ----- ჯ-------–---–ზე.

 

3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის 1000613132/7 წერილით ჩ-------- რ------ ვ---–-------ს დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი: კერძოდ, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 20 ივნისამდე.

 

3.5. ჩ-------- რ------ ვ---–-------მა 2018 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებას თან ერთვოდა მინდობილობა, ქორწინების მოწმობა, მოქალაქის პასპორტი. ამავე თარიღის განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

 

3.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №1000613132/7/1 გადაწყვეტილებით ჩ-------- რ------ ვ---–-------ს ხარვეზის შევსების მიზნით დოკუმენტების წარდგენის ვადა განესაზღვრა დამატებით, 2018 წლის 27 ივნისამდე.

 

3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 7 ივნისის №100061242 გადაწყვეტილებით ჩ-------- რ------ ვ---–-------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისამდე.

 

3.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის №100061334 გადაწყვეტილებით ჩ-------- რ------ ვ---–-------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე.

 

3.9. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №1000613132 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ჩ-------- რ------ ვ---–--------ს 2018 წლის 8 ივნისის განცხადება №1000613132 მუდმივი ბინადრობის გაცემის თაობაზე განუხილველად დარჩა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.10. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა, გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. ამავე ნორმის მე-9 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

 

საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 12 ივნისის №1000613132/7 წერილით ჩ-------- რ------ ვ---–-------ს დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი: კერძოდ, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 20 ივნისამდე.

 

დადგენილ იქნა, რომ ჩ-------- რ------ ვ---–-------მა 2018 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებას თან ერთვოდა მინდობილობა, ქორწინების მოწმობა, მოქალაქის პასპორტი. ამავე თარიღის განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №1000613132/7/1 გადაწყვეტილებით ჩ-------- რ------ ვ---–-------ს ხარვეზის შევსების მიზნით დოკუმენტების წარდგენის ვადა განესაზღვრა დამატებით, 2018 წლის 27 ივნისამდე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

აღინიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 7 ივნისის №100061242 გადაწყვეტილებით ჩ-------- რ------ ვ---–-------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისამდე. ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის №100061334 გადაწყვეტილებით ჩ-------- რ------ ვ---–-------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა თუ არა ვალდებულება გაეთვალისწინებინა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების პერიოდი (2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე) ჩაითვლებოდა თუ არა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის საკმარის დოკუმენტად. ამისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, თუ რა პერიოდს მოიაზრებს კანონი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადად და შრომითი ბინადრობის მოთხოვნისათვის დადგენილი საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღიანი ვადა შეიძლება თუ არა გახანგრძლივდეს ბინადრობის მოთხოვნის თაობაზე განცხადების განხილვამდე საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.

 

აღინიშნა, რომ უცხოელი ვალდებულია შრომითი ბინადრობის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

 

ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. ამავე მუხლის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება თუ მას სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად; ამავე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების თანახმად: 3. უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით.

 

ამდენად, კანონმდებელი აძლევს რა შესაძლებლობას უცხოელს ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადების განხილვის მიზეზით მოითხოვოს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება და ამისათვის განსაზღვრავს პროცედურულ ვადას (საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე სააგენტოსათვის მიმართვის აუცილებლობას); ამასთან, ბინადრობის მოთხოვნის განცხადების საფუძვლით საქართველოდან გასვლის გადავადება დასაშვებია ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული პროცედურა არ უგულვებელყოფს უცხოელის ვალდებულებას შრომითი ბინადრობის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოში კანონიერ ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე და ასევე არ ემსახურება ბინადრობის მოთხოვნის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, 40 დღიანი ვადის შევსებას. არამედ, აღნიშნული შესაძლებლობა გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც უცხოელს არ აქვს დაგეგმილი ბინადრობის მოთხოვნის წარდგენა სააგენტოსათვის და ეს აუცილებლობა წარმოიშვება ბინადრობის უფლების მომთხოვნის პირისაგან დამოუკიდებლად, რაიმე ობიექტური გარემოებებით, რომლის დადასტურების ვალდებულებაც უცხოელს ეკისრება. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებას, კერძოდ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომ უცხოელი ვერ ასრულებს საქართველოდან გასვლის ვალდებულებას, რაც არ გულისხმობს ამ ვალდებულების საკუთარი შეხედულებისამებრ შეუსრულებლობას. აღნიშნული ნორმის იმგვარად განმარტება, რომ ბინადროების ნებართვის მოთხოვნის წარდგენა ამართლებდეს ნორმატიული აქტით განსაზღვრული განცხადების წარდგენის ვადის დარღვევას და იძლეოდეს გაცდენილი ვადის შევსების შესაძლებლობას საქართველოდან გასვლის გადავადების უფლების გამოყენებით, ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს, რომ საქართველოში ბინადრობის მსურველი უცხოელი, რომელიც საქართველოში იმყოფება შესაბამისი საფუძვლით, ვალდებულია დაიცვას ნორმატიული აქტით დადგენილი სააგენტოსათვის მიმართვის ვადა და წესი.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხოელს ბინადრობის ნებართვის მიღების განაცხადის წარდგენის მომენტისათვის უნდა ჰქონდეს დარჩენილი საქართველოში ყოფნის ვადა არანაკლებ 40 დღისა და გაცდენილ ვადაში არ ჩაითვლება საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა. ამასთან, უდავოდ იქნა მიჩნეული, რომ ხარვეზის შესავსებად დამატებით რაიმე დოკუმენტი, რაც დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას ხელს შეუწყობდა, განსაზღვრულ ვადაში ჩ-------- რ------ ვ---–-------ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო განცხადება განუხილველად დაეტოვებია.

 

3.11. სასამართლო განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩ-------- რ------ ვ---–--------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №1000613132 გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

აპელანტის მითითებით, "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე - 18 მუხლის შესაბამისად ქორწინების მოწმობის საფუძველზე აპელანტმა მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, მუდმივი ბინადრობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც დაუსაბუთებლად ეთქვა უარი და განცხადება სააგენტოს მხრიდან განუხილველი დარჩა. სააგენტოს მითითებით აპელანტს უარი ეთქვა, რადგან კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. მაშინ, როდესაც შეიტანა განაცხადი ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ დაჩქარებული 20 დღიანი ტარიფით, სააგენტომ ნებართვის განცხადებასთან ერთად მიიღო მისი შემდეგი განაცხადი, რაც ეხებოდა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებას, რაც დაუკმაყოფილდა, მაგრამ ბინადრობის საკითხზე მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე პასუხის გაცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 28 ივნისი, ხოლო სააგენტომ თავისი ინიციატივით საქართველოდან გასვლის ვალდებულება მხოლოდ ამ პერიოდამდე 2018 წლის 28 ივნისამდე გადაუვადა, რაც წარმოადგენდა 40 კალენდარულ დღეზე ნაკლებ ვადას, რის შედეგადაც აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა სულ 19 დღიანი ვადა, სააგენტომ იცოდა, რომ ამ ხნის განმავლობაში აპელანტი და მისი წარმომადგენელი მოკლებული იყო შესაძლებლობას ამ მცირე ვადაში მოეგვარებინა ზემოხსენებული პრობლემა, საბოლოოდ კი გადაწყვეტილებით მან აბსოლუტურად უგულებელყო აპელანტის უფლებები და ოჯახური ღირებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეშვიდე გვერდზე სასამართლო აღნიშნავს: "აღნიშნული პროცედურა არ უგულებელყოფს უცხოელის ვალდებულებას შრომითი ბინადრობის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე და ასევე არ ემსახურება ბინადრობის მოთხოვნის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, 40 დღიანი ვადის შევსებას". ამასთან, სასამართლო ამოდის კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან: კერძოდ, "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის დანაწესიდან და განმარტავს, რომ თუ უცხოელი ვერ ასრულებს საქართველოდან გასვლის ვალდებულებას, ეს არ გულისხმობს ამ ვალდებულების საკუთარი შეხედულებისამებრ შეუსრულებლობას. სასამართლო უთითებს: "აღნიშნული ნორმის იმგვარად განმარტება, რომ ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის წარდგენა ამართლებდეს ნორმატიული აქტით განსაზღვრული განცხადების წარდგენის ვადის დარღვევას და იძლეოდეს აცდენილი ვადის შევსების შესაძლებლობას საქართველოდან გასვლის გადავადების უფლების გამოყენებით, ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს, რომ საქართველოში ბინადრობის მსურველი უცხოელი, რომელიც საქართველოში იმყოფება შესაბამისი საფუძვლით, ვალდებულია დაიცვას ნორმატიული აქტით დადგენილი სააგენტოსათვის მიმართვის ვადა და წესი". აპელანტი ხსენებულ განმარტებას ვერ დაეთანხმება, რადგან თვილის, რომ სასამართლოს მიერ კანონის სიტყვასტყვითი განმარტება ეწინააღმდეგება კანონის ტელეოლოგიურ განმარტებას და სასამართლო, ნაცვლად იმისა, რომ ამოვიდეს ნორმის მიზნიდან, იყენებს კანონის სიტყვასიტყვით განმარტებას. ამასთან, ნორმის მიზნის საფუძველზე კანონის განმარტება არის უპირატესი და ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ განმარტების მიხედვით უნდა ეხელმძღვანელა სასამართლოს.

 

აპელანტის განმარტებით, კანონის მიზანს წარმოადგენს, როგორც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ისე უცხოელის უფლებას მიიღოს ბინადრობის მოწმობა. ამასთან, მართალია, რომ თუ უცხოელი ვერ ასრულებს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებას, ეს არ გულისხმობს ვალდებულების საკუთარი შეხედულებისამებრ შეუსრულებას. აღინიშნა, რომ სასამართლოს მართლმსაჯულება არ განუხორციელებია მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე, რაც კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობასთან ერთად, გულისხმობს ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შემთხვევის მსგავსად გადაწყვეტას, ხოლო განსხვავებული საქმეების ერთმანეთისაგან განსხვავებულად მოწესრიგებას.

 

მიაჩნია, რომ სასამართლომ მხოლოდ სიტყვასიტყვით განმარტა კანონი და "ფაქტობრივ გარემოებებზე არ გაუმახვილებია ყურადღება, რადგან წინამდებარე საქმე გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რაც განასხვავებს მას სხვა საქმეებისაგან, რადგან იგი უშუალო კავშირშია ოჯახის ერთიანობის პრინციპთან, რომელიც დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მერვე გვერდზე სასამართლო მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებზე, კერძოდ, 22-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამასთან, აღნიშნულით ირღვევა როგორც, უცხოელის უფლება მიიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა ისე, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი ოჯახური თანაცხოვრების პრინციპი. აპელანტს სურს სასამართლოს ყურადღება გაამახვილოს, იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლთან მიმართებით, როგორც ჩანს სასამართლოს არ გამოურკვევია ადგება თუ არა მხარეს ზიანი. თუ ადგება რა მოცულობისაა იგი და ა.შ. აგრეთვე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო არ ახდენს ზემოთთქმული ნორმისა და ფაქტების - სუბსუმციას და არ იძლევა განმარტებას მხარისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით.

 

გარდა ზემოხსენებული გარემოებებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ერთვის რომელიმე კომპეტენტური ორგანოს დასკვნა/ბრძანება და სხვა., რითაც დადასტურდებოდა, რომ მხარის საქართველოში ყოფნა არის საფრთხის შემცველი სახელმწიფოსათვის, საზოგადოებისათვის ან სხვა პირთათვის და რომ არ შეიძლება ჩ-------- რ------ ვ---–--------შზე გაიცეს მუდმივი ბინადრობის მოწმობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 33 - ე მუხლის 1 - ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, შესაბამისად, მათ აქვთ უფლება ცხოვრობდნენ საქართველოში, შექმნან ოჯახი და ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას, სარგებლობდნენ იმ უფლებებით, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აპელანტი კი არ განეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც უნდა აეკრძალოთ, ან უნდა შეეზღუდოთ აღნიშნული უფლებებით სარგებლობის საშუალება. ამდენად, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებით იზღუდება უცხოელის უფლებები, ასევე საფრთხე ექმნება ოჯახის ერთიანობას.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

ამ კოდექსის 382.2. მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

ამ კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

6.1. საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიჩნია, რომ აპელნტი (მოსარჩელე) ჩ-------- რ------ ვ---–-------- (C-------- R---- W-------- დაბ. 21.06.1---წ.) არის ინდონეზიის რესპუბლიკის მოქალაქე (ეროვნული პასპორტის ნოემერი) P----------------. მის სახელზე 30.03.2016 წელს გაიცა საქართველოს ელ-ვიზა e-Visa For Georgia. (ძალაშია - 30.03.2016 წ.; მოქმედების ვადა 27.07.2016 წ). 08.12.2017 წლიდან მუშაობას შპს ,,მულტი ტასკი-ში". 2018 წლის 08 ივნისს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე რ----- ჯ-------–---–თან. 08.06.2018 წელს განცხადებით, ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

 

მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:

 

- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (იხ.ს.ფ. 59-64; ტ-I);

- ქორწინების აქტის ჩანაწერი და ქორწინების მოწმობა. (იხ.ს.ფ. 65-67; 24; ტ-I);

- ეროვნული პასპორტი. (იხ.ს.ფ. 14-15; ტ-I);

- 08.12.2017 წლის შრომითი ხელშეკრულება. (იხ.ს.ფ. 17-21; ტ-I);

- საქართველოს ელ-ვიზა. (იხ.ს.ფ. 16; ტ-I).

 

6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 07 ივნისის N1000612642 გადაწყვეტილების (ჩ-------- რ------ ვ---–--------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ) თანახმად, 1) დაკმაყოფილდა 2018 წლის 6 ივნისის N1000612642 განცხადება ინდონეზიის რესპუბლიკის მოქალაქის ჩ-------- რ------ ვ---–--------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 07 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისამდე. 2) გადაწყვეტილება განთავსდა ინტერნეტყგვერდზე sda.gov.ge. 3) განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

 

6.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის N1000613134 გადაწყვეტილების (ჩ-------- რ------ ვ---–--------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ) თანახმად, 1) დაკმაყოფილდა 2018 წლის 8 ივნისის N10000613134 განცხადება ინდონეზიის რესპუბლიკის მოქალაქის ჩ-------- რ------ ვ---–--------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე. 2) გადაწყვეტილება განთავსდა ინტერნეტგვერდზე sda.gov.ge. 3) განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

 

6.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 12.06.2018 წლის N1000613132/7 წერილით. ჩ-------- რ------ ვ---–--------ს ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმოებაშია ჩ-------- რ------ ვ---–--------ს 2018 წლის N10000613134 განცხადება საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული წესის 3.4. მუხლის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე, შესაბამისად, ჩ-------- რ------ ვ---–-------- ვერ აკამყოფილებს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებს. „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, ჩ-------- რ------ ვ---–--------მ უნდა უზრუნველყოს ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოშო 2018 წლის 20 ივნისამდე. განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 83.5 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ინფორმაცია განთავსდა ინტერნეტგვერდზე sda.gov.ge.

 

6.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20.06.2018 წლის N1000613132/7/1 გადაწყვეტილების (ჩ-------- რ------ ვ---–--------ს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვა/გადაწყვეტისათვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტის

/ინფორმაციის წარმოსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ) თანახმად, 1) ჩ-------- რ------ ვ---–--------ს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე 2018 წლის 8 ივნისის N10000613132 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად ხარვეზის ვადა გაგრძელდა 2018 წლის 27 ივნისამდე. 2) ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 83.5 მუხლის შესაბამისად, მიიღებს გადაწყვეტილებაა განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. 2) გადაწყვეტილება განთავსდა ინტერნეტგვერდზე sda.gov.ge. 3) განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

 

6.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 27.06.2018 წლის N1000613132 გადაწყვეტილების (ჩ-------- რ------ ვ---–--------ს მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე) თანახმად, 1) განუხილველად იქნა დატოვებული 2018 წლის 8 ივნისის N10000613132 განცხადება ჩ-------- რ------ ვ---–--------ს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. 2) გადაწყვეტილება განთავსდა ინტერნეტგვერდზე sda.gov.ge. 3) განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

 

სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 ქვეპუნქტი. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტი. (განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო)

 

მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:

 

- 07.06.2018 წლის გადაწყვეტილება. (იხ.ს.ფ. 98-99; ტ-I)

- 11.06.2018 წლის გადაწყვეტილება. (იხ.ს.ფ. 96-97; ტ-I)

- 12.06.2018 წლის გადაწყვეტილება. (იხ.ს.ფ. 95; ტ-I)

- 20.06.2018 წლის გადაწყვეტილება. (იხ.ს.ფ. 102; ტ-I)

- 27.06.2018 წლის N1000613132 გადაწყვეტილება. (იხ.ს.ფ. 1050106; ტ-I)

 

7. სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ჩ-------- რ------ ვ---–--------ს მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის N1000613132 გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

7.2. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; გ) ვიზა – დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია; დ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის უფლება; ჟ) საქართველოში ყოფნის ვადა – საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან;

 

ამ კანონის 14.1 მუხლით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15.1.,,ზ“ მუხლის თანახმად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები: ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

 

ამავე კანონის 18.1.,,ი“ მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ი) არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 17.10. მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

7.3. სააპელაციო სასმართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე’’, სახელდობრ:

 

მითითებული ,,წესის" პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

 

ამ ,,წესის" 3.1. მუხლის თანახმად, . საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). ამავე ნორმის მე-4 ნაწილით (27.06.2018 წლისთვის მოქმედი რედაქცია) უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე. (2019 წლის 05 ივლისიდან ამოქმედებული რედაქციის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება უვადო ბინადრობის ნებართვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე, აგრეთვე სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელზე, რომელსაც სურს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს მიმართოს ელექტრონული ფორმით.)

 

მითითებული ,,წესის" მე-10 მუხლის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე ან შვილზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გასაცემად: ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ა.გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ა.დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა; ა.ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ა.ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ბ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად: ბ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ.გ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი); ბ.დ) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა; ბ.ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ბ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

ამ ,,წესის" 13.1. მუხლით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.

 

მითითებული ,,წესის" 18.1. მუხლით, უცხოელებზე, რომელთა საქართველოში ბინადრობის ნებართვის/ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა კანონის ძალაში შესვლის დღიდან 40 დღეზე ნაკლებია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელებისას არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83.1. მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

7.5. საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასმართლოს დაადსტურებულად მიაჩნია, რომ ინდონეზიის რესპუბლიკის მოქალაქე ჩ-------- რ------ ვ---–--------ს (C-------- R---- W--------) 08.06.2018 წლის ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულ ადმინსტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი განმცხადებელის, ჩ-------- რ------ ვ---–--------ს (C-------- R---- W--------) მიერ არ იქნა შევსებული და განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი. ამასთან, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 27.06.2018 წლის N1000613132 გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული 2018 წლის 8 ივნისის N10000613132 განცხადება ჩ-------- რ------ ვ---–--------ს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 27.06.2018 წლის N1000613132 გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი.

 

ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტისა და მისი წარმომადგენლის მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გაწყვეტილება.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38.1.,,ვ“ მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ვ) სააპელაციო საჩივარზე.

 

ამ კოდექსის 55.2. მუხლით,სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (იხ.ს.ფ. 15; ტ-II), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე, 386-ე, 390-ე-391-ე; 397-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აპელანტ ჩ-------- რ------ ვ---–--------ს (C-------- R---- W--------, დაბ. 21.06.1---წ. პასპ. P----------------; ინდონეზიის რესპუბლიკა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა)მეშვეობით;

 

4. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.

 

თავმჯდომარე ლეილა მამულაშვილი

 

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

 

გიორგი ტყავაძე