განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001161745
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმეN2ბ/1786-18 1 ოქტომბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი _ შ--------------------;
წარმომადგენელი _ თ------------------- (დირექტორი);
მოწინააღმდეგე მხარე _ ი-----------------;
წარმომადგენელი _ ვ-------------–--ე (თავმჯდომარე);
დავის საგანი _ თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ა--- ჯ--------ს“ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. შპს „ა--- ჯ--------ს“ ი------------------სათვის 2011 წელს ლითონ-კონსტრუქცია არ მიუწოდებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს
იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სასამართლოს შეხედულებით მოპასუხე მხარისთვის სარჩელში დასახელებული ლითონ-კონსტრუქციის მიწოდების მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, აწევს მოსარჩელე მხარეს.
შ-------------------- მოპასუხე მხარისთვის ლითონკონსტრუქციის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს 2011 წლის 29 აპრილს შედგენილ სასაქონლო ზედნადებსა და ანგარიშის ბარათიდან ამონაწერზე. დასახელებული მტკიცებულებების შინაარსი კი მთლიანად შესრულებულია მოსარჩელის წარმო- მადგენლების მიერ და სასაქონლო ზედნადებებში აღნიშნული საქონლის მოპასუხე- ებისთვის გადაცემას ვერ ადასტურებს, მით უფრო იმ პირობებში, რომ სასაქონლო ზედნადებზე არ არის დართული მოპასუხე მხარის ხელმოწერა, ან/და ორგანიზაციის ბეჭედი. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ სასაქონლო ზედნადებში მყიდველის ხელმოწერისთვის განკუთვნილ გრაფაში მიუთითებელი ხელმოწერის მიუხედავად, პროდუქცია მიიღო ამხანაგობის თავმჯდომარემ ან ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენაზე უფლებამოსილ სხვა პირმა. სასამართლოს აზრით, მოპასუხეების მიერ სარჩელში დასახელებული საგნის მიღება არ დასტურდება შპს „ა--- ჯ--------ს“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ბარათის ამონაწერითაც.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა იბა ,,დ------- 2-“-სთვის პროდუქციის მიწოდების ფაქტი. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამორიცხავს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სასამართლოს შეხედულებით, კრედიტორის სასარგებლოდ მოვალისთვის ვალდებულების შესრულების დაკისრების თაობაზე აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრესი პირობაა საკუთრივ ვალდებულების არსებობის დადგენა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ა--- ჯ--------სა“ და მოპასუხეებს შორის წერილობითი ან ზეპირი ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და ი------------------ის თავმჯდომარეს, ო---- ა----–---ს სარჩელში დასახელებული პროდუქცია არ მიუღია.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დაკვნამდე, რომ შპს „ა--- ჯ--------სა“ და მოპასუხეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერ- თობა არ წარმოშობილა, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა იმის შესახებ, რომ თითქოს მოსარჩელეს მოთხოვნის განხილვისთვის მნიშვნელობის მქონე უდაო ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებია.
სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები შეაფასა მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის გარეშე, არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ შპს-ს შემთხვევაში საქმიანობა, კერძოდ, მასალის რეალიზება ხდება, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ხელშეკრულებით, ხოლო საანგარიშსწორებო დოკუმენტად, რეალიზებას
აფიქსირებს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებით.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ მოხდა მტკიცების ტვირთის არასამართლიანად განაწილება, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს. სსსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპი. (სსსკ-ის მე-4 მუხლი)
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2 ნაწილში აღნიშნა, რომ 2011 წლის 29 აპრილს შედგენილ სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშის ბარათების ამონაწერების შინაარსი მთლიანად შესრულებულია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, რასაც სასამართლო ხსნის სასაქონლო ზედნადებზე მოპასუხე მხარის ხელმოწერისა და ორგანიზაციის ბეჭედის არარსებობით, რაც აბსულუტურად უსაფუძვლოა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან სასაქონლო ზედნადებების ფორმისთვის აღნიშნული რეკვიზიტები სრულიად არ არის სავალდებულო და საჭირო.
3.4. აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება, რადგან ისეთ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში, რაც მხარეებს აკავშირებთ ერთმანეთთან მტკიცებულების სახით შესაძლოა ზედნადებების წარდგენა, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება სავალდებულო არ არის.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლს, სადაც მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისთვის სავალდებულოდ ჩათვალა მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულება და არა კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, როგორიც არის, მაგალითად, ზეპირი ხელშეკრულება, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება მოძრავი ნივთის ნასყიდობას.
აპელანტის მოსაზრებით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს სამართლებრივი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველი სარჩელით, შპს „ა--- ჯ--------ს“ მოთხოვნას წარმოადგენს მის სასარგებლოდ, ი------------------სათვის თანხის - 4599.33 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახისა და პარამეტრის ლითონ-კონსტრუქციის ნაკეთობების შეძენა-რეალიზაციას და აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში 2011 წელის 29 აპრილს იბა ,,დ------- 2-“-ს მიაწოდა 9 631.23 ლარის ღირებულების ლითონ-კონსტრუქცია (არმატურა). მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების მხოლოდ ნაწილი 5031.9 ლარი აუნაზღაურა 2012 წლის 24 მაისს და ასანაზღაურებელი დარჩა - 4 599.33 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს იბა ,,დ------- 2-“-ს.
მოპასუხემ, როგორც წერილობით შესაგებელში, ასევე საქმის ზეპირი განხილვისას სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ლითონ-კონსტრუქციის (არმატურა) ნაკეთობის მიღებას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად არც მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია. მოპასუხემ სადავოდ გახადა ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. სარჩელი და შესაგებელი, ტ.1.).
კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადები და ამონაწერი საბუღალტრო პროგრამიდან (ანგარიშის ბარათი) (იხ. ტ.1, ს.ფ. 15;22)
4.2. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს სადავო ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მოაწოდა და ამ უკანასკნელმა მიიღო სარჩელში მითითებული ლითონ-კონსტრუქციის ნაკეთობა (არმატურა).
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 29.04.2011წ. შედგენილი N169 სასაქონლო ზედნადები. პალატა მიუთითებს, რომ მართალია სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, მაგრამ სადავოობის შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნამდვილად მოხდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის არსებითი პირობების შეთანხმება და ამ პირობების საფუძველზე გამყიდველმა გადასცა ნასყიდობის საგანი მყიდველს, რაც მყიდველს თავის მხრივ წარმოუშობს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადები არ არის დადასტურებული მიმღების მიერ, მასზე არ არის აღნიშნული მყიდველის (მიმღების) ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა, ან ორგანიზაცის ბეჭედი (შტამპი), შესაბამისად, აღნიშნული ზედნადებით ვერ იქნება დადასტურებული მყიდველისათვის საქონლის მიწოდებისა და მისი მიღების ფაქტი. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კი, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება, ამონაწერს საბუღალტრო პროგრამიდან (ანგარიშის ბარათი), პალატის შეფასებით იგი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას სადავო გარემოების დასადასტურებლად, ვინაიდან ცალმხრივადაა შედგენილი მოსარჩელის მიერ და მის ახსნა-განმარტებად უნდა შეფასდეს, რომელიც შედავებულ იქნა მოპასუხის მხრიდან. პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის კონტექსტში აფასებს ხსენებულ მტკიცებულებას და მიიჩნევს, რომ იგი სადავო გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ გამოდგება.
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
4.4. ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე - ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების დაკისრებას, თუმცა სათანადო მტკიცებულებით ვერ ადასტურებს ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტს, რაც ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ა--- ჯ--------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაქუმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.5. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა--- ჯ--------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან გვარამია